‍იაკობ ნიკოლაძე (1976-1951)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0130 nikoთანამედროვე რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში 1876 წლის 16 (28) მაისს. იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი. საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი. სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში, ოდესის სამხატვრო სკოლაში, პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. მისი პირველი ნამუშევარი იყო ,,იმერელი გლეხი” (1895 წ., თიხა. დაკარგულია), რომელშიც უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამინის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ, დაახლოებით ამ პერიოდში შექმნა მან ლადო-ალექსი მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის საუკეთესო პორტრეტებიც. 1902-1903 წწ. იაკობ ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია (შიო არაგვისპირელი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ტასო აბაშიძე და სხვ.). ამ ნამუშევრებში იგი უკვე გამოჩნდა, როგორც დასრულებული, პროფესიულად მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე. 1904-1910 წწ. პარიზში ცხოვრობდა. ერთი წელი იმუშავა როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს მისი მოგონებათა წიგნი ,,ერთი წელი როდენთან”). აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ,,ქარი” (ქვა), ,,ჩრდილოეთის ასული” (მარმარილო), ,,მოცეკვავე” (ბრინჯაო), ,,სალომე” (მარმარილო) – ყველა მათგანი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. როდენთან მუშაობამ გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ნამუშევრებს (მასალის ზედაპირის ზედმიწევნით დამუშავება, კრიალა და მქრქალი ზედაპირის ერთმანეთთან დაპირისპირება, ფორმების დანაწევრება...). იაკობ ნიკოლაძის პლასტიკა მატერიალურია, კომპოზიცია – ლაკონიური. მის შემოქმედებას ახასიათებს სტატიკურობა, კამერულობა, პოეტურობა, მოგვიანებით – შეკრული ფორმა და ჩაკეტილი კომპოზიცია. ამავე დროს მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით, პორტრეტები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმით.

ი. ნიკოლაძის პირველი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი ,,მწუხარე საქართველო” (შეუკვეთეს 1908 წ. პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 წ. მთაწმინდის პანთეონში). ამის შემდეგ ი. ნიკოლაძემ რამდენიმე საფლავის ძეგლი და მთლიანი ფიგურა კიდევ შექმნა, მაგრამ იგი მაინც, ძირითადად, პორტრეტისტი იყო.

მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი (მრგვალი ბარელიეფი (ქვა), ოვალური (ტერაკოტა) და ბიუსტი. 1937-1938 წწ.), ეგნატე ნინოშვილის (1908-10, ბრინჯაო, თბილისი), აკაკი წერეთლის (1915, ქვა), ილია ჭავჭავაძის (1938, ქვა), აკად. შ. ამირანაშვილის (1940), ი. ბერიტაშვილის (1943, ბრინჯაო), ი. ჯავახიშვილის (1946, ბრინჯაო) და სხვათა პორტრეტები.

შედევრად ითვლება XII ს. ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი. 1944 წ. მან ეს ნაწარმოები თაბაშირში შეასრულა (სსრკ სახელმწიფო პრემია. დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში). 1948 წ. პორტრეტი მარმარილოში გადაიტანა და რამდენადმე შეცვალა პირველი ვარიანტი (ნაწარმოები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). რბილი, ფერწერული შუქჩრდილი, ძირს დახრილი თვალები პორტრეტს განსაკუთრებულ და თავისებურ პოეტურობას ანიჭებს.

იაკობ ნიკოლაძე გარდაიცვალა თბილისში 1951 წ. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.