‍გიორგი ნიკოლაძე (1888-1931)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

nikoladze giorgiგიორგი ნიკოლზის ძე ნიკოლაძე დაიბადა 1888 წლის 29 ივლისს, დიდ ჯიხაიში. იგი იყო მათემატიკოსი, მეტალურგი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი (ტანმოვარჯიშე, მთასვლელი), საქართველოში სპორტული მოძრაობის ფუძემდებელი, ერთად კარგად იცოდა ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენები, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ვაჟი.

პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში; გამოჩენილ მეტალურგებთან – მ. კურაკოსა და ი. ბარდინთან ერთად მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.

1918 წ. გ. ნიკოლაძე დაბრუნდა საქართველოში. იგი მიიწვიეს მრეწველებისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად. 1929-30 წლებში თბილისში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, სადაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მათემატიკაშიც, კერძოდ, ალგებრულ გეომეტრიაში. 1927 წ. შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო მის დისერტაციას ,,გეომეტრიულ ნაკვთთა უწყვეტი სისტემების შესახებ”. სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა პარიზში, გიორგი ნიკოლაძემ სორბონში დაიცვა 1928 წ. მან შექმნა დიფერენციალური გეომეტრიის პირველი ქართული სახელმძღვანელო, ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტი. ხელმძღვანელობდა ტექნიკური ტერმინოლოგიის სიტყვათა გამოცემის მომზადებას, მონაწილეობდა სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში.

გ. ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. 1908 წ. წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. . 1912 წ. პეტერბურგის გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე-6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში. ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის დაიკავა XV ადგილი, მძლეოსნურ მრავალჭიდში – XIX ადგილი (მთელ მსოფლიოში გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც გიორგი ნიკოლაძე აღბეჭდილია პრაღაში ბადროს ტყორცნისას). 1913 წ. დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, ხოლო 1918 წ. კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება, ,,შევარდენი” თბილისში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში. 1918 წ. გ. ნიკოლაძის თაოსნობით დაარსდა სპორტული საზოგადოება ,,შევარდენი”, რომელიც მასობრივ სპორტულ მოძრაობად გადაიქცა. 1923 წ. 28 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით მოეწყო პირველი მასობრივი ასვლა მყინვარწვერზე. 1925 წ. მან ცხრამეტკაციანინი ჯგუფი აიყვანა იალბუზზე. 1929 წ. მისივე თაოსნობით შეიქმნა კავკასიის უღელტეხილთა შემსწავლელი კომპლექსური ექსპედიცია. 1929 წ. აგვისტოში ავიდა თეთნულდზე.

გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გ. ნიკოლაძე გარდაიცვალა 43 წლის ასაკში 1931 წლის 5 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

გ. ნიკოლიძის სახელს ატარებს ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა, უმაღლესი მწვერვალი პამირში. 1973 წ. საქართველოში დაარსდა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია ტექნიკის დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის.