‍გიორგი ბოკერია (1868-1947)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

bokeria gi116XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის პირველი ათეულ წლების მოწინავე ქართული პრესის ფურცლებზე ხშირად ჩანს გიორგი ბოკერიას სახელი. ის წერდა კორესპონდენციებს, სტატიებს, მხატვრულ ეტიუდებსა და მოთხრობებს, იგავ-არაკებსა და ლექსებს, ანდაზებსა და გამოცანებს, გასართობებსა და შარადებს.

გიორგი ბოკერიამ მთელი თავისი შეგნებული სიცოხცლე ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლას შეალია, როგორც სახალხო მასწავლებელმა და მწერალმა.

გიორგი ბოკერია დაიბადა 1868 წლის 8 (20) მაისს, სოფელ გეზათში (აბაშის რაიონი).

დედამისი მწერალ გიორგი წერეთლის და იყო და წერა-კითხვა, როგორც დანარჩენ თავის ექვს შვილს, გიორგისაც მან ასწავლა. რვა წლის გიორგი მშობლებმა მოსამზადებლად მისცეს შორეულ ნათესავს ა. გ. იოსელიანს, რომელიც მესხეთში, სოფელ საროში (ხერთვისის მახლობლად, ასპინძის რაიონში) მასწავლებლობდა.

1876 წელს გიორგი და მისი მასწავლებელი ა. იოსელიანი ქუთაისში გადმოვიდნენ.

1877 წელს გიორგი მიაბარეს ახალგაზრდა მასწავლებელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, რომელსაც კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი ქუთაისში. ალქესის ისე ჰქონდა მოწყობილი ეს სკოლა, რომ ამის მსგავსი გიმნაზიაშიც არაფერი მინახავსო, – აღნიშნავს გიორგი ბოკერია თავის მოგონებაში.

1879 წლის პირველ სექტემბერს გიორგი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში ჩარიცხეს, მაგრამ ამ სასწავლებლის კურსი ვერ დაასრულა, რადგან გიმნაზიაში შექმნილი იყო აუტანელი რეჟიმი, სწავლების არაპედაგოგიური მეთოდები და დრაკონული წესები. მიუხედავად ამისა, შიგადაშიგ გამორეული ზოგიერთი ნამდვილი კეთილისმყოფელი მასწავლებლის წყალობით გიორგიმ მეოთხე კლასამდე მიაღწია.

1884 წელს დედის მზრუნველობაში მყოფი 16 წლის ჭაბუკი ხონის საოსტატო სემინარიაში შევიდა.

1889 წელს, საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, 21 წლის გიორგი დანიშნეს ჩოხატაურის სკოლის მასწავლებლად.

ჩოხატაურის სკოლაში გიორგი ბოკერია მარტო ბავშვების საყვარელი მასწავლებელი როდი იყო. იგი მთელი თავისი ძალ-ღონით ჩაება ხალხის განათლებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, მონაწილეობდა ინტელიგენტთა იმ წრეებში, რომლებიც სოფლიდან სოფლად დადიოდნენ და ხალხს არწმუნებდნენ სწავლა-განათლებისა და სკოლების გამრავლების აუცილებლობაში, აქა-იქ კიდეც ახერხებდნენ გაეხსნათ დაწყებითი სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სადაც კვირაობით მართავდნენ საუბრებს გლეხებთან.

გიორგი ასეთივე მოწინავე იყო სკოლაშიც. მან უარყო სახალხო სკოლების დირექტორ ლევიტსკის „მუნჯურ” მეთოდზე აგებული რუსული ენის სახელმძღვანელო. მან ცეცხლს მისცა სკოლაში გადმოგზავნილი მთელი ტომარა ლევიტსკის წიგნები და მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის „დედაენით”, „ბუნების კარითა” და „რუსკოე სლოვოთი” ასწავლიდა ბავშვებს. ლევიტსკის ყველაფერი ეს გაგონილი ჰქონდა. ერთხელ იგი პირადად ეწვია სკოლაში გიორგის. დაუწუნა მასწავლებელს საღვთო სჯულის ქართულ ენაზე სწავლება, რუსული ენის სწავლებაც სუსტად შეუფასა, რაც თავის „მუნჯურ” მეთოდზე შედგენილი სახელმძღვანელოს უქონლობით ახსნა; სასწავლებელს მოთხოვა ამ სახელმძღვანელოთი მუშაობა და აგრეთვე გადმოგზავნილი ეგზემპლარების საფასურიც. გიორგიმ მას კატეგორიულად განუცხადა, რომ მისგან არაფერი „არ მიუღია” და, ცხადია, ვერც ამ „მიუღებელი” წიგნების საფასურს გადაიხდიდა. მაშინ დაშინების სხვა ხრიკს მიმართა დირექტორმა, მაგრამ შეხედა რა ხანჯლის ვადაზე ხელდადებულ და განრისხებულ გიორგის, ლევიტსკიმ მოულოდნელად იცვალა ტონი. ბოდიში მოიხადა და დამშვიდება დაუწყო აღელვებულ ახალგაზრდა მასწავლებელს. ეს ინციდენტი მან იმავე დღეს უამბო გიორგი მეგობრებს – მასწავლებლებს ს. ორჯონიკიძესა და ა. სავინს და თანვე დასძინა, რომ მასწავლებელ ბოკერიას აპატია მისი შეურაცხყოფა. მე მასზე უფრო სულგრძელი ვარ და მოხსნისა და დასჯის ნაცვლად იგი აქედან თავის სოფელში გადამყავსო... და მართლაც, 1893 წლის 1 სექტემბერს ლევიტსკიმ ეს უნებლიე დაპირება შეასრულა. ასეთი იყო გიორგი ბოკერიას პირველი ნაბიჯი სახალხო განათლებისათვის ბრძოლსი ასპარეზზე.

გიორგი ბოკერია სხვადასხვა დროს მუშაობდა სამიქაოს (1893-1896), ძველი სენაკის (1896-1900), ქუთაისისა და ხონის სკოლებში (1900-1911).

ცარიზმის რუსიფიკატორიული პოლიტიკის, ლევიტსკის ე. წ. სწავლების ნატურალური მეთოდის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისათვის 1911 წელს გიორგი ბოკერია გაძევებულ იქნა საქართველოს ფარგლებიდან. სამშობლოდან განდევნილი გიორგი თვითმპყრობელობის დამხობამდე მასწავლებლობდა აზერბაიჯანში, სადაც მოსწავლეთა და მშრომელი ხალხის სიყვარული დაიმსახურა. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ იგი დაბრუნდა სამშობლოში, 1919 წლამდე კვლავ ძველი სენაკის ქართულ სკოლაში მასწავლებლობდა. 1919 წლიდან კი ქ. ფოთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ენერგიულად ჩაება ახალი, საბჭოთა სკოლის მშენებლობაში. 1921 წელს გიორგი გადავიდა მასწავლებლად აბაშის მთლიან შრომის სკოლაში, ხოლო 1924-34 წლებში რკინიგზის სკოლების მასწავლებლად მუშაობდა.

1934 წელს 45 წლის განუწყვეტელი პედაგოგიური შრომით საკმაოდ მოღლილი მხცოვანი და დამსახურებული მოღვაწე ავადმყოფობამ აიძულა მუშაობა შეეწყვიტა და საბჭოთა მთავრობისა და ხალხისაგან ჯეროვნად დაფასებული პენსიაში გასულიყო. გიორგი ბოკერია ტოვებს სკოლას, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ის მაინც განაგრძობდა მშობლიური ხალხისა და ქართული მწერლობისადმი სამსახურს. თავის მდიდარ გამოცდილებას ყოველთვის დიდი მონდომებით უზიარებდა ახალგაზრდა მასწავლებლებს ა ამითაც ერთგვარი წვილილი შეჰქონდა ახალი სკოლის მშენებლობაში.

გიორგი ბოკერია გარდაიცვალა 1947 წლის 24 მარტს, მშობლიურ სოფელ გეზათში.

გიორგი ბოკერიამ, რომელსაც თავისი მოღვაწეობის ნახევარი საუკუნის მანძილზე გლობუსთან და ცარცთან ერთად კალამიც ეჭირა ხელთ, თავისი წვლილი შეიტანა ქართულ მწერლობაში. ამ დარგში მისი ღვაწლი მეტად შესამჩნევია. მისი ნაწერების უმეტესი ნაწილი განუყრელად უკავშირდება მის პედაგოგიურ საქმიანობას. იგი ცდილობდა ყოველი მისი პრაქტიკული საქმიანობა, ბრძოლა, იმდროინდელი ცხოვრების სიდუხჭირე და აღზრდის უკუღმართი წესები მხატვრული სიტყვითა აესახა ან საგაზეთი კორესპონდენციებითა და სტატიებით ემხილებინა, რის გამო მას მრავალი უსიამოვნება და შეურაცხყოფაც მიუღია.

1889 წელს გიორგი ბოკერიას რუსულიდან უთარგმნია მაიკოვის „კლერმონის კრება” და ჟუკოვსკის „ხელთათმანი”. პირველი მისი ზღაპარი „მელას ხრიკები”, რომელიც მას ბიძასთან, გიორგი წერეთელთან, გაუგზავნია, დაუბეჭდავთ ჟურნალ „მნათობში, ხოლო პირველი მისი კორესპონდენცია (“სოფლად ყვავილ-ბატონების გავრცელების მიზეზები და მასთან ბრძოლა”) გაზეთ „დროებაში” დაიბეჭდა 1885 წელს. ამის შემდეგ გიორგი ბოკერიამ გზა გაიკვლია ილია ჭავჭავაძის „ივერიის” ფურცლებზე და შემდეგ გიორგი წერეთლის „კვალში”.

გამოქვეყნდა აგრეთვე გიორგი ბოკერიას მხატვრული ნარკვევი „შემოდგომა გურიაში”, რომელშიც დახატულია ყველასათვის ნაცნობი სოფლის მოხელეებისა და სხვა მუქთახორების პორტრეტები. მისი ესკიზი „შობა ღამე სოფელში” გვიხატავს ძველ ყოფას, დაობლებული ოჯახის გაჭირვებას და ა. შ. იგი წერდა მამხილებელ კორესპონდენციებს, საგაზეთო სტატიებს, საბავშვო მოთხრობებს, იგავ-არაკებსა და აგრეთვე ლექსებს, რომლებიც არ არიან მოკლებული პოეტურ ხედვას, შთაბეჭდავ მხატვრულობას, აზრის სიმახვილეს, იდეასა და გამიზნულობას.

აღსანიშნავია გიორგი ბოკერიას მეგობრული დამოკიდებულება რევოუციონერ ალექსანდრე წულუკიძესთან. მის უდროო გარდაცვალებაზე გიორგიმ დაწერა საუკეთესო ლექსი, რომელშიც მოცემული იყო ამ დიდი რევოლუციონერის სრული პორტრეტი.

გიორგი ბოკერია, როგორც მოწინავე ინტელიგენტი, პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დაახლოებული იყო ქართული მწერლობისა და აზროვნების კორიფეებთან (ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვა). მან მშვენიერი მოგონებები დაწერა ამ ქართველ მოღვაწეებზე. ეს მოგონებები უთუოდ საპატიო ადგილს დაიჭერს ქართულ მემუარულ ლიტერატურაში.

უკანასკნელ ხანებში გიორგი ბოკერია თანამშრომლობდა საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში და საგულისხმო მოგონებები, მონოგრაფიული ხასიათის წერილები და პედაგოგიური სტატიები გამოაქვეყნა.