‍ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

lortkipanidze nikoდიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ., 29 სექტემბერს სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი. წერა-კითხვა მომავალმა მწერალმა საკუთარ ოჯახში შეისწავლა ქართული კლასიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშებზე. ნიკოს მშობლების ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები – ა. წერეთელი, ალ. ყაზბეგი, კირილე ლორთქიფამიძე და სხვ. ნიკოს ბაბუა – გიორგი ლორთქიფანიძე „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა და დაახლოებული იყო იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან.

ნ. ლორთქიფანიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იგი ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1901 წ. ქუთაისს ესტუმრა რუსეთის მოხეტიალე დასი, რომელთაც წარმოადგინეს პიესა „შვილი ისრაელისა“. რუსმა შოვინისტებმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და სცადეს, წარმოდგენა ქართველთა და ებრაელთა შორის შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ. ამ მცდელობას წინ აღუდგნენ ნ. ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები, რის გამოც პასუხისგებაში მისცეს და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძე ვლადიკავკაზში გაემგზავრა. ნიკომ გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა და ხარკოვის უნივერსტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. მოკლე ხანში კი იურიდიულზე გადავიდა. თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილების გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.

1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. სწავლობდა ლობენის (ავსტრია) სამთო აკადემიაში. 1907 წ., ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-1908 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორიბდა გაზეთს „ერი“, რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-19255 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო. აქვე დაოჯახდა. ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს. მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად ქუთაისის სკოლებში.

ნ. ლორთქიფანიძე საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. 1910-1911 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“.

1928-1940 წწ. საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში ასწავლიდა გერმანულ ენას, შემდეგ უცხო ენათა კათედრის გამგე იყო. 1921-1924 წწ. მუშაობდა ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარედ. ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წ. დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: ,,ნიშადური”, ,,საქართველო”, ,,ივერია”, ,,თეატრი და ცხოვრება”, ,,დროება”, ,,თემი” და სხვ. 1910-1911 წწ. რედაქტორობდა ჟურნალს ,,ცხოვრება და შემოქმედება”. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა XX ს-ის ქართული პროზის განვითარება. მისი შემოქმედება თემატური და ჟანრული მრავალფეროვნებითაა გამორჩეული (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, ერთი რომანი ,,ბილიკებიდან ლიანდაგზე”, ორი პიესა).

ნ. ლორთქიფანიძის მხატვრული ოსტატობა განსაკუთრებული სრულყოფით გამოვლინდა მცირე ჟანრის ნაწარმოებებში. მწერალმა განსახიერების საგნად ცხოვრების ემოციური ასპექტი დასახა. მისი უფაბულო მინიატურები, რომლებშიც გრძნობაა წამყვანი, ლექსისებურად არის ამეტყველებული. პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია პატრიოტულ თემაზე შექმნილი მინიატურები: ,,მოლოდინში”, ,,მრცხვენია”, ,,საქართველო იყიდება” და სხვ.

დიდი ჰუმანისტი მწერლის ყურადღების ცენტრშია ე.წ. ,,პატარა ადამიანი”, დიდბუნებოვანი, მაგრამ ცხოვრების ბედუკუღმართობით დაჩაგრული პიროვნება (,,პატარა კაცი”, ,,მარად და მარად”, ,,ცხოვრება სალომიკასი”, ,,სენტიმენტალური ნახატები”, ,,ტრაგედია უგმიროდ”, ,,თავსაფრიანი დედაკაცი” და სხვ.) მწერლის თანაგრძნობა ამ დიდებულ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ,,უძეგლოდ იკარგებიან”, გარკვევით ჩანს თხზულებების მეტყველ ქვეტექსტებსა და მკაფიოდ გამოხატულ ინტონაციურ ნიუანსებში.

შესანიშნავია ,,დანგრეული ბუდეები”, რომელიც რამდენიმე ნოველისაგან შედგება და რომლებშიც თავადაზნაურთა წარსული და აწმყო ავტორის მსოფლმხედველობრივ ფოკუსშია გატარებული. მწერლის ფხიზელ მზერას თან გასდევს სევდიანი განცდაც, რაც თხზულებას თავისებურ ლირიზმს ანიჭებს.

ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედებაში თითქმის თანაბარი ძალითაა წარმოჩენილი ლირიზმი და იუმორი, რაც მწერლის ტალანტის მრავალმხრივობაზე მეტყველებს. შესანიშნავია მისი წმინდა სატირული მოთხრობები: ,,რუმბი”, ,,ქაღალდის კაცი”, იუმორისტული – ,,ბუმბერაზი”, ,,ოდელია, დელია”, ,,სოფლის აშიკი”, ,,ეპისკოპოსი ნადირობაზე”, და სხვ. მინიატურაში მსუბუქ იუმორს ლირიზმი ერწყმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 64 წლის ასაკში, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

მწერლის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში 1969 წ. გაიხსნა.