‍ნიკო მარი (1865-1934)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

mari nikoნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე მარი დაიბადა 1864 წლის 25 დეკემბერს ქუთაისში. მამამისი, შოტლანდიელი იაკობ მარი, 84 წლის იყო, როდესაც ცოლად შეირთო ნიკოს დედა – ახალგაზრდა გურული ქალი აღათი მაღულარია. ბავშვობის პირველი წლები ნიკომ ოზურგეთში გაატარა.

ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლისას ნ. მარმა რამდენიმე ენა შეისწავლა. თარგმნიდა ქართველი მწერლების ნიმუშებს. მისი რედაქტორობით 1880-1881 წწ. გამოდიოდა მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალი ,,იმედი”, რომელშიც დაბეჭდილია ნიკოს სტატიები და ლექსები.

1884 წ. ნ. მარმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1890 წ. – პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი და მომდევნო წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. მისი სადიპლომო შრომის თემა იყო ,,ისტორიულ-ლიტერატურული მიმოხილვა ქართული მოთხრობებისა, რომლებიც დაწეერილია მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში”.

1892 წ. ნ. მარმა ანისში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები. 1894-96 წწ. მუშაობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად. 1898 წ. გაემგზავრა ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში ათონის მთაზე.

ნ. მარმა ათონის სამონასტრო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პირველხარისხოვანი ლიტერატურული ძეგლები, ბევრი მათგანი გადმოწერა და მოგვცა ხელნაწერთა ზუსტი აღწერილობანი.

1899 წ. ნ. მარმა მიიღო მაგისტრის სამეცნიერო წოდება; ამავე წლიდან კითხულობს ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1900 წ. დაინიშნა ექსტრაორდინალური პროფესორის მოვალეობის აღმსრულებლად; 1901 წ. მიიღო მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1902 წ. ივ. ჯავახიშვილთან და ა. ვასილიევთან ერთად მოაწყო ექსპედიცია სინას მთაზე ქართული ხელნაწერების შესასწავლად; შემდეგ ამავე მიზნით გაემგზავრა იერუსალიმში.

1903 წ. ნ. მარმა გამოაქვეყნა სინას მთაზე ივ. ჯავახიშვილთან ერთად შესრულებული მუშაობის ანგარიში. ამ ნაშრომმა სენსაცია გამოიწვია დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში, რადგან კარგად გამოჩნდა , რა ღირებულების ლიტერატურული ძეგლები ჰქონიათ ძველ საქართველოში მათ შორის – პირველხარისხოვანი ნაწარმოებების თარგმნები, რომელთა დედნები დაკარგულად ითვლება ბერძნულ-ბიზანტიურ მწერლობაში. ნ. მარის ნაშრომის გამოცემამ ,,ყუმბარასავით იფეთქა დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში, რადგანაც ბერძნული ლიტერატურის ისტორიაში ეს იყო მოულოდნელი აღმოჩენა ამას შედეგად მოჰყვა დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში ქართული ენის მნიშვნელობისა და მისი შესწავლის საჭიროების შეგნება ” (კ. კეკელიძე)

1909 წ. ნ. მარი აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ადიუტანტად, 1912 წელს კი – ნამდვილ წევრად. 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, 1924-30 წლებში – ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ნ. მარი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა საქართველოში სამეცნიერო ცენტრის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარს 1905 წ. შეუდგენია პროექტი-წესდება. დოკუმენტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ ,,ქართველთა სამეცნიერო აკადემიას მიზნად აქვს განავითაროს ქართველ ერში” ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლის, პოლიტიკური ეკონომიის, არქეოლოგიის, ფილოლოგიის და ბუნებისმეტყველობის დარგებიო. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებას დიდი დაბრკოლებები შეხვდა რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების მიერ, რის გამოც აკდემიის დაფუძნება შეუძლებელი გახდა.

1918 წ. ნ. მარის პროექტის საფუძველზე პეტროგრადის უნივერსიტეტში გაერთიანდა აღმოსავლურ ენათა და ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტები. მარი ინიშნება ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკნად. მისივე ინიციატივით მოსკოვის ლაზარევის სახელობის ინსტიტუტი გადაკეთდა წინა აზიის ინსტიტუტად. მისივე პროექტით არქეოლოგიურ კომისიის ბაზაზე იქმნება ახალი საკვლევასაძიებო ცენტრი, რომელიც მარის წინადადებით დაერქვა ,,სახელმწიფო მატერიალურიკულტურის ისტორიის აკადემია”.

ნ. მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ,,ძველი ქართული ენის გრამატიკის ,,ძირითადი ტაბულები” (1908), ,,ჭანურის გრამატიკა” (1910), ,,ძველი ქართული სალიტერატურო ენა” (1925) – სამივე რუსულ ენაზე, ,,ქართული ენა” (ფრანგულად, მ. ბრიერთან ერთად, 1931), რიგი წერილებისა სვანური ენის შესახებ. მან მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა აფხაზურს. მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს მის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ (1911). 1921 წ. პეტროგრადში მარმა დააარსა ,,იაფეტიდოლოგიური (1922 წ.-დან ,,იაფეტური”) ინსტიტუტი”, რომელიც 1931 წ. შეცვალა ,,ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა”. მარის ინიციატივით აქ შეიქმნა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო სერიები.

ნ. მარმა ქართული სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხების შესწავლას დიდი ამაგი დასდო ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. მან ძველი ხელნაწერების მიხედვით, სათანადო მეცნიერული კომენტარებით, ლექსიკონითა და რუსული თარგმანითურთ გამოსცა ,,პეტრე იბერის ცხოვრება” (1896), ,,იპოლიტე რომაელის ,,თარგმანებაი ქება-ქებათაი” (1901), ბასილი კესარიელის ,,ფიზიოლოგი” (1904), ანტიოქე სტრატიგის ,,იერუსალიმის წარტყვევნის” არაბული ტექსტის ქართული თარგმანი (1909). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” (1911). იოანე პატრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევებით (1909) მარმა საფუძველი ჩაუყარა ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიის შესწავლას.

ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ ,,აბდულმესიანი” და ,,თამარიანი” (,,ძველი ქართველი მეხოტბენი”, რუსულ ენაზე, 1902). გააშუქა ,,ამირანდარეჯანიანთან”, ,,ვისრამიანთან”, ,,შაჰნამესთან”, ,,რუსუდანიანთან” დაკავშირებული ქართულ-სპარსულ და ქართულ-არაბულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხები. მან საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ,,ვეფხისტყაოსნის” ტექსტების საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები (,,შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” შესავალი და დასკვნითი სტროფები”, რუსულ ენაზე, 1910) სათანადო გამოკველევითა და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ ,,ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა” (1917).

დიდია მარის დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. ფეოდალური ხანის ცალკეულ გაურკვეველ პრობლემათა გაშუქების გარდა (ტაო-კლარჯეთის ისტორიის საკითხები, ანისში აღმოჩენილი ეპიფანე ქართლის კათალიკოსის წარწერის ანალიზი და სხვ.), მას ეკუთვნის ,,საქართველოს ისტორია” (პეტერბურგი, 1926), რუსულ ენაზე, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ხალხის ისტორია ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულიდან; განხილულია ქართული კულტურის ისტორიის საკითხები (დამწერლობის, ქრისტიანობის წარმოშობა, ლიტერატურის ისტორია და სხვ.); ყურადღება ექცევა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემასაც. საქართველო-კავკასიის უძველესი ხანის ისტორია ერთ მთლიანობაშია გადაწყვეტილი (ქართველ-კავკასიელ ტომთა მცირე აზიიდან მიგრაციის, ქართველ-ურარტუელ ტომთა ნათესაობის, ქართულ-ბასკური პარალელების საკითხები და სხვ.).

მის მეცნიერულ მოღვაწეობაში გარკვეული ადგილი უჭირავს არქეოლოგიასაც. მის მიერ ანისში ჩატარებულ გათხრებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების სომხური ქალაქებისა და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ვანის ტბის (თურქეთი) სამხრეთ სანაპიროზე 1916 წ. აქ მარმა გაშიფრა ი. ორბელიანის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდურ II-ის (760-730) ცნობილი ლურსმული წარწერა და მისი ლაშქრობა კულხას (კოლხას) ქვეყანის სამეფო ქალაქ ილდამუსას წინააღმდეგ. მისი ეს აღმოჩენა საყოველთაოდაა გაზიარებული და ყველა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოსია შეტანილი.

ნიკო მარი გარდაიცვალა 1934 წლის 20 დეკემბერს ლენინგრადში (პეტერბურგში). იგი განსაკუთრებული მოვლენა იყო მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში, ორმოცდაათზე მეტი ენის მცოდნე, მსოფლიო მნიშვნელობის ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურისა და ფილოსოფიის ისტორიკოსი, კავკასიოლოგი, მხარეთმცოდნე, ძველი ტექსტების დამდგენ-გამომცემელი, რელიგიათა ისტორიის ბრწყინვალე მცოდნე და ა. შ.