‍ნაზარი (ნესტორ ლეჟავა) (1872-1924)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0099 lejaერისკაცობაში – ნესტორ ლეჟავა დაიბადა 1872 წ., სოფ. დიდი ჯიხაიში, – 1924, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, ახალმოწამე.

ეწეოდა ხანგრძლივ და ნაყოფიერ სასულიერო მოღვაწეობას. 1918 წლის 14 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად, 1919 წ. – მიტროპოლიტის ხარისხში აყვანილი.

მას მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში მოუხდა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მრავალწლიანი ბრძოლის ეპიცენტრში ტრიალებდა და ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად იზეიმა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში 1917 წლის 12 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადება.

ბოლშევიკურმა რეჟიმმა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი მალე რეპრესიების ახალი ნაკადით შეცვალა. 1923 წ. გაზაფხულზე გელათის მონასტერმა, რომელიც მიტროპოლიტ ნაზარის ეპარქიაში შედიოდა, ფუნქციონირება შეწყვიტა. 1922-1923 წლებში, ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით, დაინგრა 1200 ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეული, მათ შორის – უამრავი უნიკალური ხელნაწერი; რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის ადამიანი. ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს ბაგრატის ტაძრის ძირას მდებარე, ნეუფე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დამარხულ საეკლესიო განძეულით სავსე ოთხ ყუთსაც. ეს იყო 1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო, მენშევიკური მთავრობის წინადადებითა და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად, ქუთაისში გადმოტანილი განძეულობა სიონისა და სვეტიცხოვლისა. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა იგი, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა ნაზარიმ უპასუხა: ,,ეკლესიისთვის და ქართული ერისთვის”. სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა, შემდგომ კი ეს განაჩენი პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეუცვალა. ორი წლის შემდეგ ნაზარი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა თავის სარეზინდეციო სახლში აღარ შეუშვეს (იგი უკვე საწყობად იყო გადაქცეული). დარბეული ეპარქიის მღვდელმთავარი ძმის ოჯახში თავშეფარებული ატარებდა თავის მძიმე ჯვარს.

1924 წლის 27 აგვისტოს მიტროპოლიტს სოფ. როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს იგი, რამდენიმე მღვდელთან ერთად, როდინოულში მივიდა და ეკლესია აკურთხა. ღამით კი სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფთ მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კონდახებით სცემეს, ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს. მეორე დღეს ისინი ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს სხვა პატიმრებთან ერთად. დატყვევებულებს სასტიკ ფიზიკურ და სულიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შემდეგ ..განსაკუთრებულმა სამეულმა”, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ქუთაისის გარეუბანში, საფიჩხიის ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე (ჯაჯანიძე), მღვდელი სიმონი (მჭედლიძე), მღვდელი იეროთეოსი (ნიკოლაძე) და დიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე).

1994 წელს საეკლესიო კრებამ დაადგინა: ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარისთან ერთად მოკლულთა სახით, კანონიზებულ იქნას საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ეკლესიისა და ერისთვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად – ახალმოწამენი.