‍ნესტორ ყუბანეიშვილი (1853-1938)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0125 nestდაიბადა 1853 წ. 5 სექტემბერს, სოფ. მუხაყრუაში, (ქუთაისის მაზრა), – VI. 1938, ქუთაისი), სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ასწავლიდა სამეგრელოს და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში (ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობისას შეადგინა თავისი ცნობილი ,,სახელმძღვანელო საღრმთო სჯულის სასწავლებლად” საეკლესიო სამრევლო სკოლებისათვის), რომელიც დიდი ტირაჟით, 15-ჯერ გამოიცა 1885-1916 წწ. 1883 წ. ივნისში იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, რამდენიმე დღეში კი – მღვდლად სოფ. ბარსაჯაოხოს ღვთისმშობლის ეკლესიაში. იმავდროულად დაინიშნა გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქის ბლაღოჩინად. 1887 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად, ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად (ამ ეკლესიასთან არსებული სანიმუშო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელიც იყო), ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის მღვდლად (აქ დეკანოზობა მიიღო). 1910 წ. 5 იანვარს გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა და დაინიშნა მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად. იმავე წლის თებერვალში ებოძა არქიმანდრიტის ხარისხი. 1912-15 წწ. მოღვაწეობდა კახეთში – შუამთის, ალავერდის, თეთრი გიორგის ეკლესია-მონასტრების წინამძღვრად. 1915 წ., მისივე თხოვნით, გადაიყვანეს კვლავ მოწამეთის მონასტრის, აქედან კი (1919 წ.) – გელათის მონასტრის წინამძღვრად, სადაც მსახურობდა 1923 წ. ივნისამდე – მონასტრის ,,გაუქმებამდე”. 1924-30 წწ. იყო ბათუმ-შემოქმედის, ჭყონდიდისა და წილკნის ეპარქიების მმართველი.

ნ. ყუბანეიშვილი იყო აქტიური წევრი სხვადასხვა საზოგადოებისა, კერძოდ: საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების, უპატრონო ბავშვთა დამხმარე საზოგადოების, დავით აღმაშენებლის სახელობის ,,ძმობის” და სხვათა წევრი, როგორც ავტორ-შემდგენელს და მთარგმნელს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. გამოსცა 15 დასახელების წიგნი, დასაბეჭდად დატოვა 17 წიგნი, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ,,ივერია”, ,,იმედი”, ,,მწყემსი”, ,,შინაური საქმეები”, ,,ცნობის ფურცელი” და სხვ., სადაც იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და კორესპონდენციები.

ნესტორ ყუბანეიშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოზე, იქ, სადაც მისი ცოლ-შვილი ემარხა, საკუთარი სახსრებით ააგო ქვის მშვენიერი პატარა ეკლესია წმინდა თეკლეს სახელზე. ეს ეკლესია შემდგომ სამრევლო ეკლესიად იქცა. ამავე დანიშნულებით იქნა განახლებული და ხელახლა ნაკურთხი 1991 წ. 24 ნოემბერს.