‍სიმონ მჭედლიძე (1886-1924)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0109 mcheსასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე დაიბადა 1856 წ., სოფ. სვირში (ზესტაფონის რ). თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წ. გადავიდა ქუთაისში, სადაც გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. დაოჯახების შემდეგ (მისი მეუღლე იყო გენერალ ბესარიონ დგებუაძის ასული ეკატერინე და ჰყავდათ ცამეტი შვილი) 1894 წ. 7 მაისს გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წლის 23 მაისს – მღვდლად სოფელ სვირის წმინდა თომას სახელობის ეკლესიაში. 1902 წლიდან იგი სვირის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაშია წინამძღვრად. 1901 წ. დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად, ხოლო 1902 წ. იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად. 1905 წლიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და, ამავე დროს, დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში, საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარეა. მღვდელი სიმონ მჭედლიძე იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული, ეროვნული სულისკვეთების, სასულიერო-ზნეობრივი და საზოგადოებრივი გაზეთისა ,,შინაური საქმეები” (1908-1916 წწ.), დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა ,,განთიადი” (1913-1915 წწ.), რომელიც თეოლოგიური სტატიების გარდა, მოთავსებული იყო მასალა საქართველოს ისტორიიდან, სამეცნიერო წერილები, მხატვრული ნაწარმოებები. 1915 წლიდან ,,განთიადი” გამოდიოდა, როგორც ორკვირეული სამეცნიერო-ლიტერატურული და საპოლიტიკო ჟურნალი (რომანოზ ფანცხავას, ,,ხომლელის” რედაქტორობით, ოცდათორმეტგვერდიანი).

ს. მჭედლიძემ თავის თანამდგომებთან ერთად დააარსა სტამბა იმერეთის ,,სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა”, რომლის მიზანს შეადგენდა სასულიერო წიგნების გამოცემა. სტამბასაც, რომელშიც იბეჭდებოდა ,,შინაური საქმეები”, ,,ძმობა” ეწოდა. იგი მდებარეობდა ქუთაისში, საბურთალო-კაზაკოვის შესახვევში, №17 სახლში, სადაც ცხოვრობდა ს. მჭედლიძე თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ ენაზე საღვთო სჯულისა და საღვთო ისტორიების, ღვთისმსახურების შესახებ ქართული სახელმძღვანელოების შექმნას. მას ეკუთვნის სასკოლო სახელმძღვანელო ,,საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა”, ,,ღმრთისმსახურების შესახებ”, სერია საღვთისმეტყველო პოლემიკური სტატიებისა (რომლებშიც პირველი ნაბიჯებია გადადგმული კრეაციონისტულ მიმართულებაში), ,,ქრისტიანობა ბებელის ლაბორატორიაში” და სხვ.

ს. მჭედლიძე, მიტროპოლიტ ნაზარისთან (ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ბოლშევიკებმა დახვრიტეს ქუთაისში 1924 წლის 1 სექტემბერს. (საფიჩხიაზე, მდ. წყალწითელას ზემოთ, ებრაელების სასაფლაოს მახლობლად).

მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად 1995 წ. 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი.