‍გიორგი წერეთელი (1905-1973)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0031 cereცნობილი ქართველი სემიტოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი საქართველოს მეცნიერბათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ამ აკადემიის აღმოსავლემცოდნეობის ინსტიტუტის დამაარსებელი დაიბადა 1905 წ. ქუთაისში გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) ოჯახში. იგი იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა ცნობილი საგვარეულო) და იმერეთის მეფის მეფის დავით II-ის (1784-1789) ასულის ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი. უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის განვითარებაში. 1927 წ. დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება.

1919-1924 წლებში გ. წერეთელი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს იქნა დაპატიმრებული. ხელმეორედ დააპატიმრეს 1936 წ. (გაათავისუფლეს 1938 წ.). 1941-1942 წლებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან (ნ. კეცხოველი, მ. ზანდუკელი, პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია და სხვანი) ერთად თანაუგრძნობდა "სამანელთა" ეროვნულ-პოლიტიკურ დაჯგუფებას.

1925-1927 წლებში გ. წერეთელმა მოიარა ხევსურეთი, ახალქალაქის რაიონი, ზემო იმერეთი, რამდენიმე ხანი დაყო სომხეთშიც, სწორედ ამ დროს შეიძინა გ. წერეთელმა ლინგვისტიკის სფეროში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები. 1928 წ. ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში (პეტერბურგში), სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად (1931 წ.) 1933 წ. დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936 წწ. ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). 1942 წ. დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის "არმაზის ბილინგვა". იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

1944 წ. გ. წერეთელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად. მისი თაოსნობით გაიხსნა 1945 წ. თბილისის სახელ. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც ათეული წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სემიტოლოგიის კათედრას. 1946 წ. გ. წერეთელს ირჩევენ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი უცვლელი დირექტორი. ეს ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი სამეცნიერო ცენტრი გახდა მსოფლიოს მასშტაბით და დღეს მის სახელს ატარებს.

1960 წ. იერუსალიმში გაემგზავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია გ. წერთლის, ა. შანიძის და ირ. აბაშიძის შემადგენლობით. მათ ჯვრის მონასტერში ბათქაშის გაწმენდის შემდეგ აღმოაჩინეს შოთა რუსთაველის პორტრეტი.

გ. წერეთლის სამეცნირო-კვლევითი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო კლასიკური არაბული ენა და მისი დიალექტები. დიალექტების შესასწავლად მან იმოგზაურა სირიასა და ლიბანში, დამასკოს მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენება არაბულ ენაზე წაიკითხა. მისმა ნაშრომებმა ,,შუა აზიის არაბული დიალექტები I. ბუხარული დიალექტი", თბილისი, (1956 წ., რუსულ ენაზე), "მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა" (თბ, 1958). აგრეთვე გამოკვლევამ ,,პალესტინის უძველესი ქართული წარწერები” (1960 წ.) უდიდესი შეფასება დაიმსახურა. ამ ნაშრომში გ. წერეთელმა დაასკვნა, რომ ,,ქართული წარწერები პეტრე იბერის მიერ პალესტინაში აშენებულ ტაძრებში განეკუთვნება 430-435 წლებს და არა VI-ს-ის დასაწყისს, როგორც მ. თარხნიშვილი ვარაუდობდა. ,,სწორედ ეს წარწერები შეიძლება მივიჩნიოთ ქართული დამწერლობის დოკუმენტალურად ფიქსირებულ უძველეს ნიმუშად. ამასთან ორთოგრაფიული და ენობრივი ნორმები, წარწერების ხასიათი, ეჭვს არ იწვევს იმაში, რომ მეხუთე საუკუნის ქართული დამწერლობის არა დასაწყისი, არამედ მისი დასაწყისის ერთ-ერთი ეტაპია”. დიდი მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომებია ,,არმაზის ბილინგვა” (ნაშრომში მოცემულია არმაზის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ორენოვანი წარწერის დეტალური ანალიზი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით "არმაზის ბილინგვა" გამოდის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე) და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა" (მოსკოვი, 1962 წ.). რომელმაც ქართული ენის ისტორიაში მრავალი ბუნდოვანი საკითხი ახსნა და დიდი წვლილი შეიტანა კავკასიურ ენათმეცნიერებაში. ფართოდ ცნობილია ასევე მისი ნაშრომი ,,საქართველოს მუზეუმის ურარტუს ძეგლები”. გ. წერეთელს დიდი დამსახურება მიუძღვის რუსთველოლოგიის დარგში. იგი ,,ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი და მთავარი რედაქტორი იყო. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია გ. წერეთლის მონოგრაფია" მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" (1973).

გ. წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ "საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების შემსწავლელ კომისიას", რომელსაც გარდაცვალებამდე ედგა სათავეში.

გ. წერეთელი გარდაიცვალა 1973 წ. დაკრძალულია თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში. ჭიათურის რ-ნის სოფ. ცხრუკვეთში გახსნილია მისი სახელობის მუზეუმი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.