‍გიორგი წერეთელი (1842-1900)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0179 gior gდაიბადა 1842 წ. 14 (26 მაისს), შორაპნის მაზრის ახლანდელი(საჩხერის რაიონი) სოფ. გორისაში, აზნაურ ექვთიმე წერეთლის ოჯახში. მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1860 წ.. 1861 წ. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. მონაწილეობას იღებდა იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში, რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო. 1863 წ. დაბრუნდა ქუთაისში. 1864 წ. თბილისში გადავიდა და ნ. ჯაბადარის კერძო პანსიონში ქართული ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1866 წ. იგი ინიშნება თბილისის რეალური გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად შეუდგა. იმავე წელს გ. წერეთელი მოიწვიეს გაზეთ ,,დროების რედაქტორად. 1867 წ. სტ. მელიქიშვილის სტამბაში გ. წერეთელის რედაქტორობით გამოიცა ვეფხისტყაოსანი და გ. ერისთავის თხზულებები ორ წიგნად.

1868 წლიდან გ. წერეთელის რედაქტორობით მეორე გაზეთი – ,,სასოფლო გაზეთი” იწყებს მუშაობას.

1869 წ. გ. წერეთელი პეტერბურგში მიემგზავრება და ,,დროების” რედაქტორად ს. მესხს დატოვებს. იმავე წელს წარჩინებით აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას ქართულ ენაში პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რის საფუძველზე ინიშნება თბილისის რეალური გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად. ამავე საგანს ასწავლიდა პარალელურად ქალთა ინსტიტუტშიც.

1871 წლიდან გ. წერეთელის რედაქტორობით გამოდის ჟურნალი ,,კრებული”. ჟურნალისტური მოღვაწეობის შემდეგ 1873 წ. იგი ქართველი ახალგაზრდობის ერთ ჯგუფთან ერთად შვეიცარიაში მიემგზვრება. გ. წერეთელის მხარდაჭერით ციურიხში შექმილი საზოგადოება ,,უღელის” საქმიანობა უფრო გამოცოცხლდა.

კ. ლორთქიფანიძისადმი გაგზავნილი ბარათიდან ვგებულობთ, თუ რა სამუშაო შეასრულა გ. წერეთელის ხელმძღვანელობით ,,უღელმა”. მათ უთარგმნიათ შვეიცარიის სასკოლო სახელმძღვანელოები, რათა შემდგომში ისინი გამოეყენებინათ ქართული სკოლის სახელმძღვანელოთა შექმნისათვის. გარდა ამისა, შეიქმნა ისტორიული ხასიათის ნაშრომები წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის და სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ,,ამ სახით, – წერდა გ. წერეთელი – ორი კვირის განმავლობაში მოვამზადეთ რვა მონოგრაფია ქართულ ენაზე”. როგორც ჩანს, გ. წერეთელი ციურიხშიც ჩვენი ახალგაზრდობის განათლებაზე, ქართული მწერლობის ევროპულ ცხოვრებასთან დაახლოებაზე ზრუნავდა. ამით იგი საქართველოს მომავლ კეთილდღეობას ემსახურებოდა. მან ,,უღელის” წევრებთან ერთად დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო ამიერკავკასიელთა კონგრესის ორგანიზება ჟენევაში, სადაც წევრთა უმრავლესობა გაემიჯნა ხალხოსან-რევოლუციონერთა საერო რევოლუციური ბრძოლის იდეას და მხარი დაუჭირა საქართველოს სრულ განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან.

,,უღელის” მუშაობის პრინციპი მხოლოდ ევროპულ ცივილიზაციის შესწავლას არ ითვალისწინებდა. გ. წერეთელი ცდილობდა ქართულ-კავკასიურ ისტორიულ-კულტურული წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ დასავლეთ ევროპის ხალხების ინფორმირებას. იგი უცხოეთში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისტორიას, არქეოლოგიას და საქართველოს ისტორიაზე წერილებს აქვეყნებდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში.

გ. წერეთლი ქართველი ახალგაზრდობის დასავლეთისკენ მისწრაფებას აღიქვამდა, როგორც სამშობლოს თავისუფლებისაკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯს. ევროპისაკენ გზის გაკვლევა მას ქვეყნისთვის პროგრესულ მოვლებად მიაჩნდა. მისი აზრით, ქვეყნის თავისუფლების აღდგენას ხელს შეუწყობდა არა ჩინოვნკობისაკენ ლტოლვა, ,,ძლიერი ხალხის” ერთგულ სამსახურში ყოფნა, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოება და მჭიდრო ურთიერთობა. გ. წერეთელს იგი წერდა: ,,ეს პერიოდი იმ ხალხის ცხოვრებაში, რომელიც გარემოებით უფრო ძლიერი ხალხის ხელში ჩავარდნილა ნამდვილად აღდგინების პერიოდია. ეს პერიოდი აღინიშნა იმით რომ ახალგაზრდობამ განათლების ძიებაში გზა შესცვალა, ჩრდილოეთისაკენ მიმავალი გზა დააგდო და დასავლეთისაკენ გაიკვეთა, ამით განათლებისა და მოქალქეობის წარმატება ერთი-ორად იმაებს ჩვენს საზოგადოებაში”.

1875 წ. გ. წერეთელი სწავლის გაგრძელების სურვილით შვეიცარიიდან გერმანიაში მიემგზავრება და სწავლობს მიუნხენის პოლიტექნიკური სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტზე. გერმანიაში გ. წერეთელმა ცოლად შეირთო ნ. ნიკოლაძის და ოლიმპიადა და 1876 წლის ბოლომდე მიუნხენსა და ფრანკფურტში ცხოვრობდა.

გ. წერეთელის საზღვარგარეთ მოღვაწეობაზე ,,კვალი” წერდა: ,,გიორგის იდეალი დასავლეთ ევროპა იყო. ის დარწმუნდა, რომ ჩვენი ცხოვრება ევროპული ცხოვრების გზაზე მიდიოდა და ღონეს და ნიჭს არ ზოგავდა, რომ ხალხი გამოეფხიზლებინა და საზოგადოებისათვის ახალი დროის მოთხოვნილებები და მიდრეკილება დაენახვებინა”.

1877 წლის დამდეგს გ. წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთ–თურქეთის (1877-1878) ომის პერიოდში პეტერბურგის გაზეთ ,,გოლოსის“ სამხედრო კორესპოდენტი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებას აშუქებდა, ეწეოდა აჭარის საქართველოსთან შეერთების პროპაგანდას.

1879–1883 წლებში გ. წერეთელი ლიტერატურულ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა გაზეთ ,,ტიფლისკის ვესტნიკში“, ამასთან იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა V არქეოლოგიურ ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც თბილისში ჩატარდა 1881 წ. გ. წერეთელმა ყრილობას წარუდგინა გამოკვლევა გელათის მონასტრის სიძველეთა შესახებ. იმავდროულად მას მონასტრის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები უწარმოებია. აღმოუჩენია შენობის კაპიტელის ნაწილები, სამარხები და ასევე მიწისქვეშა ნაგებობის ნაშთი, რომლის გაწმენდისას უპოვნია რამდენიმე ვერცხლის მონეტა, მათ შორის ერთი რომაული, იმპერატორის გამოსახულებით და ლათინური წარწერით. გ. წერეთლმა პირველმა შეისწავლა გელათის მონასტრის წარწერები ფრესკებსა და ქვებზე და 1891 წ. ცალკე წიგნად გამოსცა მოსკოვში. ამავე წელს იგი აირჩიეს მოსკოვის საიმპერიო არქეოლოგიური საზოგადოების წევრად, რის შედეგად მან ყვირილის ხეობის საეკლესიო სიძველენიც აღწერა.

80-იანი წლებიდან გ. წერეთლი ნ. ნიკოლაძის მხარდამხარ აქტიურად ჩაება ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების და სარკინიგზო მშენებლობის პროცესში. 1881 წ. იგი გახდა ივანე ბაგრატიონის კომპანიონი თელეთის ნავთობის დამუშავებაში. 1883 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის აგენტი და რკინიგზის ხაზბის გაყვანისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა ხონის და შორაპნის მაზრაში. 1887 წლიდან გ. წერეთელმა ჭალის მთაში იჯარით აიღო სხვადასხვა წიაღისეულის შემცველი მიწის ნაკვეთები და მოლაპარაკებები დაიწყო ცალკეულ კომპანიონებთან მათ მოპოვებასა და დამუშავების თაობაზე.

1890 წ. გ. წერეთელი მცირე ხნით, ბათუმში ქართველ მუშათა არტელს ხელმძღვანელობდა. 1891 წ. იგი დაქორწინდა ჟურნალ ,,ჯეჯილის” რედაქტორზე ანასტასია თუმანიშვილზე. 1892 წ. გ. წერეთელი არჩეული იქნა თბილისის გამგეობის წევრად. 1893 წლიდან მან დაიწყო ყოველდღიური გაზეთის ,,კვალის” გამოცემა. ამ მომენტიდან გ. წერეთელი დაუბრუნდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას და სიცოცხის ბოლომდე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

განსაკუთრებით აღსანისნავია გ. წერეთელის სერიოზული დაინტერესება საქართველოში ქალთა მდგომარეობით. ჩვენი წარსულის საფუძვლიანად მცოდნე იგი აღიარებდა, რომ საქართველოში ქალისადმი მუდამ საყოველთაო პატივისცემისა და მოკრძალების გრძნობა დომინირებდა, ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურ როლს ასრულებდა წინა საუკუნეებში, ვიდრე თანამედროვე ეტაპზე.

გ. წერეთელის თვალსაზრისით, მე-19 ს-ის შუა ხანებიდან საქართველოში მზდდებოდა ნიადაგი ევროპულ-სწავლა მისაღებად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ევროპული ცივილიზაციის მხოლოდ გარეგანი მიბაძვით კმაყოფილდებოდა. ,,განათლების გარეგანი სამოსელით გატაცებული, მოდას აყოლილი ქალები, განგებ თმას რომ იხუჭუჭებდნენ, ვარანცოვის ბრწყინვალე ბალებსა და რიუტებზე დაჰქროდნენ, ეძებდნენ შენთხვევას, ლანკეხტი ეთამაშათ, დიდჩინიანებთან თავი გამოეჩინათ, უცხო ენაზე მათთან ლაპარაკით თავიანთი ევროპელობა დაემტკიცებინათ”.

გ. წერეთელი ქალთა განათლებისთვის მეტი ყურადღების მიქცევას მოითხოვდა. მას არასაკმარისად მიაჩნდა იმერეთში მხოლოდ ერთი საქალებო სასწავლებელი და აუცილებლად თვლიდა ახლის დაარესბას. სადაც ღარიბ მოქალაქეებსაც მიუწვდებოდათ ხელი განათლების მიღებაზე: ,,იმერეთში , – წერდა იგი, – ვაჟებისათვის 4-5 სასწავლებელი მაინც არის, ქალებისთვის კი ნაკლები არიან საზოგადო სასწავლებლები. მთელ დასავლეთ საქართველოს ერთადერთი ქალებისა სასწავლებელი აქვს ქუთაისში, – წმინდა ნინოს სასწავლებელი”.

გ. წერეთელის შეხედულებით, ქალის საზოგადოებრივად აქტიურ ფიგურად ქცევა მის სწავლა-განათლებასა და კულტურის დონეზე იქნებოდა დამოკიდებული და ამიტომაც ქალთა პრობლემებზე მსჯელობისას მათი განათლების დონის ამაღლებაზე აკეთებდა აქცენტს.

გ. წერეთელი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ეკონომიკის ისეთი ძირეული საკითხისადმი, როგორიც იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღმავლობა. სხვადასხვა ტიპის ასოციაცია – ამხანაგობათა ფართო ქსელის ჩამოყალიბება, ვაჭრობისა და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა განვითარება. ქვეყნის სატრანსპორტო-სამრეწველო მშენებლობის განვითარება. იგი არა მარტო კალმით ემსახურებოდა ამ წამოწყებებს, არამედ საკუთარი ეკონომიკური პროგრამის, ეროვნული კაპიტალის შექმნიდან გამომდინარე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის აღმშენებლობაში.

გ. წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებებში აისახა ბატონყმური წყობილების რღვევისა და კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. მისი შემოქმედება ჰუმანიზმის მაღალ იდეალებს ქადაგებს. მას სწამს სიკეთის, თავისუფლების გამარჯვების. გიორგი წერეთლის ცნობილი ნაწარმოებებია: ,,მგზავრის წიგნი” ანუ ,,კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა” (1866), მოთხრობები: ,,გულქანი” (1868-97), ,,რუხი მგელი” (1892), ,,თოფის სროლა” (1898), ,,ღვთისწყალობა” (1891), შესანიშნავი რომანი ,,პირველი ნაბიჯი” (1890-91).

ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი მსჭვალავდა მწერლის დრამებს (,,ჯიბრი”, ,,ოჯახის ასული”, ,,დარია”), პოემებს (,,ლომ-კაცი”, ,,არინკა”, ,,მწუხარი დედა”), ვრცელ ავტობიოგრაფიულ მოთხრობას ,,ჩვენი ცხოვრების ყვავილი” (1872), მრავალრიცხოვან პუბლიცისტურ, ლიტერატურულ-კრიტიკულ და თეატრალურ წერილებს.

გიორგი წერეთელი გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, 1900 წ. 12 იანვარს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.