‍სარგის კაკაბაძე (1886-1967)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0084 kakaსარგის ნესტორის ძე კაკაბაძე დაიბადა 1886 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კუხში (ახლანდელი ხონის რაიონი) გლეხის ოჯახში.

ს. კაკაბაძე ქუთაისის ქართული კლასიკური გიმნაზიის აღზრდილია, სადაც ის ისტორიასთან ერთად დაეუფლა კლასიკურ, ევროპულ და აღმოსავლურ ენებს. 1905 წ. მან დაამთავრა გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ავსტრიაში, აქ ის ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე ისტორიის განხრით. 1907 წ. გადავიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე – ქართულ-სომხურ განყოფილებაზე. მისი მასწავლებლები იყვნენ ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი და სხვები, რომლებთანაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში. 1910 წ. ს. კაკაბაძემ წარმატებით დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან იგი აქტიურად ებმება საქართველოს წარსულის კვლევა-ძიების საქმერში, რომელიც მას თითქმის 60 წლის მანძილზე არ შეუწყვეტია.

ს. კაკაბაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის დოკუმენტური წყაროების პუბლიკაციისა და მათი შესწავლის საქმეში. ს. კაკაბაძე სამეცნიერო სარბიელზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც ქართული იტორიოგრაფიის წინაშე, ძირითადად, წყარომცოდნეობითი პრობლემები იდგა და ამიტო მან ამ მიმართულებით ინტესიური მუშაობა გააჩაღა. ს. კაკაბაძე ენერგიულად იღწვოდა ქართული წერილობითი მიკვლევისა და მათი გამომზეურებისათვის. მას ოცი წლის მანძილზე 300-დე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, რომელთა დიდი ნაწილი წყაროთმცოდნეობითი და პუბლიკაციური ხასიათისაა, მათ შორის პორველ რიგში უნდა დავასახელო ,,მცხეთის საკათალიკოსოს მამულების გუჯარი”, ,,დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვისადმი”, გიორგი II-ის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის შიომღვისადმი ბოძებული სიგელები, ქართული დიპლომატიკური ძეგლების ვრცელი კორპუსი 5 წიგნად და სხვ.

ს. კაკაბაძეს გამოქვეყნებული აქვს ფეოდალური ხანის საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი და დემოგრაფიული ვითარების ამსახველი მრავალრიცხოვანი მასალები – საერო და საეკლესიო სენიორების საქონებელთა დავთრები და აღწერები, რომლებსაც როგორც ისტორიულ წყაროს დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს, საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა ისტორიის მეცნიერული შესწავლისათვის. ამ მხრივ ქართული ისტორიოგრაფიის შენაძენად ითვლება დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთების ორტომეული. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესასწავლად. დიდ ინტერესს იჩენდა ს. კაკაბაძე ფეოდალური საქართველოს საკანონმდებლო ძეგლებისადმი: ,,მეფის კურთხევის წესი”, ,,გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება”, ,,კათალიკოსის სამართალი”. ძალზე საინტერესოა ს. კაკაბაძის მეცნიერული კომენტარები ქართველი კანონმდებლების ბექასა და აღბუღას ვინაობის შესახებ.

ს. კაკაბაძე სწავლობდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ისტორიკოსთა ვინაობას. არსენ ბერი /მეფის მოძღვარი/ მიიჩნია მან დავით აღმაშენებლის ისტორიის ავტორად. ხოლო თამარის პირველ ისტორიკოსად /,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”/ მას მანდატურთუხუცესი ჭიაბერი მიაჩნდა. საფუძვლიანად შეეხო ს. კაკაბაძე ,,მოქცევაი ქართლისას” მატიანეს, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას, არსენ საფარულისა და ბასელ ზარზმელის თხზულებებს. მან გამოსცა ,,ევსტატე მცხეთელის მარტვილობა”, ,,ასურელ მამათა ცხოვრება”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. კაკაბაძის ღვაწლი ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიული თხზულების გამოცემისა და მისი გამოკვლევის საქმეში.

ს. კაკაბაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-იდეოლოგიური ისტორიის კვლევა-ძიების დარგში. ეს საკითხები მას გაშუქებული აქვს როგორც სპეციალურ ნაშრომებში, ასევე სხვა საკითხებისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში. 1912 წ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მკვლევარმა გამოსცა ნაშრომები წმ. ნინოსა და თამარ მეფის შესახებ. პირველ ნაშრომში საკმაოდ მკაფიოდ იყო მოხაზული კონცეფცია საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების გზებისა და ქართველთა განმანათებლის ნინოს შესახებ. ქართულ ისტორიოგრაფიაში ს. კაკაბაძემ პირველმა სცადა აეხსნა თამარ მეფის გამეფების პირველ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის გამომწვევი მიზეზები. 20-იან წლებში მან შექმნა გამოკვლევების სერია ძველი და შუა საუკუნეების ისტორიაში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის შესწავლას. ს. კაკაბაძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი, ,,ფეოდალური წყობილების ნიშნებისა და საგლეხო ვალდებულებების შესახებ”, მის ნაშრომებში გაშუქებულია ფეოდალური ურთიერთობის განვითარების საკითხი საქართველოში. მან პირველმა განსაზღვრა საქართველოში სათავადოების არსი. ამ დასკვნას ის აკეთებდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიულ პროცესებთან კავშირში. განსაკუთრებულია ს. კაკაბაძის დამსახურება საქართველოს ახალი საუკუნეების ისტორიის შესწავლის საქმეში. მან საქართველოს ამ პერიოდის ისტორია მსოფლიოს ახალი ისტორიის ფონზე გაიაზრა და განიხილა. საინტერესო გამოკვლევები აქვს მას საქართველოს ისტორიის სპეციალურ დისციპლინებში. ეს არის ნაშრომები ეპიგრაფიკაში, ნუმიზმატიკაში, მეტროლოგიაში, ქრონოლოგიასა და გენეალოგიაში, ისტორიულ გეოგრაფიაში.

ს. კაკაბაძე გულმოდგინეთ სწავლობდა საქართველოს ისტორიულ პიროვნებებს, ბევრ მათგანს მან სპეციალური შრომა უძღვნა: იკვლევდა მათ ვინაობას და საქმიანობას. 1941 წ. რუსულ ენაზე გამოვიდა მისი ,,საქართველოს ისტორიის მიმოხილვა”, რომელშიც საქართველოს ისტორია გადმოცემულია სოცილურ-ეკონომიკური ფორმაციების მიხედვით.

ს. კაკაბაძე იყო ძველი ქართული მხატვრული ლიტერატურული ძეგლების ცნობილი მკვლევარი და ამ ძეგლების პუბლიკატორი. ფართოდაა ცნობილი მისი გამოცემები ისეთი ძეგლებისა, როგორიცაა ,,თამარიანი”/1913, 1937/. ,,აბდულმემესიანი” /1913-1937/, ,,ამირანდარეჯანიანი” /1939/ გამოკვლევებით, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის დარგში. პოემის კაკაბაძისეული გამოცემები /1913, 1927/ და მისი სოლიდური გამოკვლევა ,,რუსთველი და მისი ვეფხისტყაოსანი” საფუძველს იძლევა, რომ ს. კაკაბაძე ღვაწლმოსილი რუსთველოლოგიის გვერდით დავაყენოთ. იგი იყო ,,საისტორიო მოამბის” (1924-1925, 4 წიგნი), ,,საისტორიო კრებულის” (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.

ს. კაკაბაძე პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1911-1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ს. კაკაბაძე ინტესიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. დიდია მისი დამსახურება საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, ქართული სიძველეების გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ს. კაკაბაძემ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეს. მისი მოღვაწეობა ამ დარგშიც მრავლმხრივი იყო. ს. კაკაბაძის ინტერესთა სფეროში შედიოდა, როგორც წერილობითი, ასევე ნივთიერი კულტურის – ყოფაცხოვრებითი და ხელოვნების ძეგლების გადარჩენისა და მოვლა- პატრონობის პატრიოტული საქმე.

ს. კაკაბაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ცენტრალური საისტორიო არქივი, რომელსაც ის 1921 წლიდან 1926 წლაქმდე განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მან დიდი მუშაობა გასწია საარქივო ფონდების გამოვლენის, გადარჩენისა და დაკომპლექტებისათვის. ბევრს მოგზაურობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. კონკრეტულად სწავლობდა ადგილებზე არქივების მდგომარეობას და ღებულობდა ენერგიულ ზომებს მათი აღნუსხვისა და მოვლა-პატრონობაში.

1924-1934 ს. კაკაბაძე ხელმძღვანელობს სიძველეთა დაცვის კომიტეტს. მისი ხელმძღვანელობით აღრიცხული იქნა ისტორიული, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური ძრგლები. ის არ უშინდებოდა საფრთხეს და სიძნელეებს და ანტირელიგიური მოძრაობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ადგილებზე ისტორიული ძეგლების გადარჩენის და სიძველეთსაცავებში მათი მოთავსების საქმეს. ს. კაკაბაძის დიდი მონდომების შედეგად შეკეთდა მცხეთის ჯვრის ტაძარი და ბეთანიის ეკლესია.

ს. კაკაბაძე გარდაიცალა 1967 წლის 2 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.