‍გიორგი ბოჭორიძე (1884-1939)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე დაიბადა 1884 წლის 20 აგვისტოს თუშეთის სოფელ ნაციხვარში (თიანეთის მაზრა, ამჟამად ახმეტის რაიონი) მღვდლის – თადეოზის ოჯახში.

საგვარეულო გადმოცემის მიხედვით გ. ბოჭორიძის მამა თადეოზი ქვემო რაჭის სოფელ ჯვარისას მკვიდრი, გვარად ბოჭორიშვილი ყოფილა. იგი დუშეთის რაიონის სოფელ ნაციხვარში მღვდლად დაინიშნა, სადაც დაოჯახდა და დარჩა კიდეც. გვარი ბოჭორიძე ამ შემთხვევაში ბოჭორიშვილიდანაა ნაწარმოები. თადეოზის ზოგი შთამომავალი ახლაც ბოჭორიშვილის გვარს ატარებს.

გ. ბოჭორიძე 1910 წ. კაჭრეთში მუშაობის დროს დაოჯახდა ჩაილურელ ანა ევგენის ასულ ქევხიშვილზე. შეეძინათ ვაჟი ვახტანგ და ქალი ნათელა.

პირველდაწყებითი განათლება გიორგიმ თელავის სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ოცი წლის ასაკში ქართველი ერის განთავისუფლებისათვის ებმება რევოლუციურ მოძრაობაში. იგი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და არჩილ ჯორჯაძის იდეების მიმდევარია. თბილისის სემინარიის ხელმძღვანელობას არ გამოპარვია გ. ბოჭორიძის მონაწილეობა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი 1905 წელს სემინარიის მეექვსე კლასიდან ,,მგლის ბილეთით” გარიცხეს. ამის შემდეგ ის მასწავლებელ გიორგი ბურჭულაძესთან ერთად კახეთის სოფლებს არალეგალური ლიტერატურით ამარაგებდა, ფარულ კრებებს, მიტინგებს აწყობდა და საქართველოს გათავისუფლების ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

ცხრაკარაზე გამართული მიტინგის გამო გ. ბოჭორიძე თიანეთის მაზრის უფროსთან დააბეზღეს და ახმეტის ბოქაულმა მისი დაპატიმრება მოინდომა, მაგრამ დევნილმა თბილისს შეაფარა თავი, 1906 -1907 წლებში იგი უკვე რუსეთშია ჯარისკაცად გამწესებული.

1908 წ. სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ მატანში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მოიარა საგარეჯო, ყანდაურა... ასე წვალებით მიაღწია 1912 წლამდე. იგი ,,მომთაბარეობამ” და მუდმივმა დევნამ მოქანცა. ბოლოს კვლავ ჯარში გაგზავნა დაუპირეს. ორი ზაფხული სამხედრო სამსახურს თავი აარიდა და გაციმბირებას ისევ ანაფორის ჩაცმა არჩია.

1912 წ. სოფელ კაჭრეთის მრევლს ახალგაზრდა მღვდელი გ. ბოჭორიძე წარუდგა. საზოგადოებრივი საქმიანობა გააჩაღა: სოფლებში – კაჭრეთსა და ნანიანში სკოლები გახსნა. მისი მცდელობით მორწმუნეთა ძალა და ენერგია ყოველ შაბათ-კვირას, ღრეობის ნაცვლად, სოფლის სასიკეთო საქმეებს ხმარდებოდა. მამაკაცები უვლიდნენ გზებს, აშენებდნენ საზოგადოებრივ შენობებს, ეხმარებოდნენ ქვრივ-ობლებს; ქალები საკუთარ სახლს, კედელ-ყურებს, ეზო-მიდამოს როცა მიალაგებდნენ, ორღობეებს, წყაროსთვლებს, მოედნებს დაგვიდნენ და დაასუფთავებდნენ. სულ მალე კაჭრეთში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გიორგის ინიციატივით სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო კოოპერატივი გახსნეს, ხოლო ნანიანში სარაიონო ბაზარი მოაწყეს და საკრედიტო ამხანაგობა ჩამოაყალიბეს. კაჭრეთში გიორგის მცდელობით რკინგზის ბაქანი დაარსდა, იქვე ააგეს ,,სასოფლო სახლი” – კლუბ-სამკითხველოსმაგვარი დაწესებულება, რომელიც მოსახლეობას პრესითა და წიგნებით ამარაგებდა.

მშვიდი ცხოვრების იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, 1917 წლის თებერვლის რევოლუვიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები კახეთშიც მოახდინა.

სოფ. ნანიანის ადგილ ,,კვერცხაზე”, სადაც გ. ბოჭორიძემ მშვიდობიანი ბაზრობა მოაწყო, ამჯერად ახლომახლო სოფლების ხუთი ათასზე მეტი მცხოვრები შეყარა და რევოლუციური მიტინგი გამართა.

ყრილობა ახალ მთავრობას საგანგებო მილოცვით მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა. გ. ბოჭორიძე კაჭრეთის მხარის კომისრად აირჩიეს. მან მღვდლობას თავი დაანება და 1918 წ. ახლად გახსნილ თბილისის უნვერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საისტორიო დარგზე შევიდა.

ივანე ჯავახიშვილის ლექციებზე მოსმენილი შეგონებანი გ. ბოჭორიძის ცხოვრების აზრად იქცა. იგი გატაცებით ეწაფებოდა ცოდნას, ეუფლებოდა ძველ ქართველ მემატიანეთა და მწერალთა მემკვიდრეობას, სწავლობდა ძველსა და ახალ ენებს. სამეცნიერო წვრთნას თვით ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გადიოდა და სტუდენტობიდანვე მეცნიერ-მკვლევრად ყალიბდებოდა. იგი განსაკუთრებით დაოსტატდა ქართულ ეპიგრაფიკას, ეთნოგრაფიასა და ხელოვნებათმცოდნეობაში, საეკლესიო სიძველეების შემეცნებითად ათვისება ძალიან გაუადვილა სასულიერო განათლებამ. გიორგი ბოჭორიძემ თავისი მოღვაწეობის მიზნად სიძველეთა გამოვლენა, შესწავლა და დაცვა-შენარჩუნება დაისახა.

გ. ბოჭორიძე უნივერსიტეტში სწავლას – 1918-1921 წლებში – საქმისმწარმოებლად მუშაობას უთავსებდა. იგი მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრების და ბოლოს, რევკომის კანცელარიებში.

1921 წლის 25 თებერვალის შემდგომ გ. ბოჭორიძემ უარი თქვა პოლიტიკურ მოღვაწეობაზე თავისი შესაძლებლობანი მეცნიერების სამსახურს მოახმარა. სამუშაოც შესაფერი აირჩია, საქართველოს ცენტრალურ არქივში იგი ჯერ ინსპექტორად, არქივარიუსად, უფროს არქივარიუსად, 1927 წლიდან ძველ საბუთთა განყოფილების, იგივე სექციის გამგედ მუშაობდა. იყო საქართველოს ცენტრალური არქივის სამეცნიერო საბჭოს და სამეცნიერო-საგამომცემლო კოლეგიის წევრი.

1934 წ. ის უკვე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, სადაც 1937 წლამდე – დაპატიმრებადე მუშაობდა.

1921 წ., როდესაც გ. ბოჭორიძემ მუშაობა დაიწყო, საქართველოს ცენტრალური არქივი გაპარტახებული იყო. შენობის ნახევარში წითელარმიელები ცხოვრობდნენ. გაბნეული საარქივო ფონდები ზოგჯერ უპატრონოდ, დაუცავად რჩებოდნენ. ოციან წლებში, უქაღალდობისას, ძარცვავდნენ და ძვირფას საისტორიო წყაროებს სახვევად და სხვა დანიშნულებით იყენებდნენ. გიორგი ბოჭორიძე შეუდგა საქმის მოწესრიგებას, მან სხვადასხვა უწყებებში მოუვლელი, დაუცავი წერილობითი დოკუმენტაცია ცენტრალურ არქივში გადმოიტანა და საარქივო მოთხოვნილებათა მიხედვით დააამუშავა. ეს გახლდათ უაღრესად მძიმე, შრომატევადი სამუშაო. ამას ემატებოდა საერთო ხელმოკლეობა, თანამშრომელთა სიმცირე, ტრანსპორტისა და ტექნიკური საშუალებების უქონლობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ცენტრალური არქივის საცავებში თავი მოიყარა ეროვნული ისტორიისათვის სასიცოცხლოდ საჭირო წერილობითმა წყაროებმა. 1922-1923 წლებში ცენტრარქივში გადმოტანილი იქნა 23 არქივი: მეფისნაცვლის კანცელარიისა, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისა, საქართველოს ქალთა კავშირისა, კავკასიის ბანკისა, მენშევიკების დროის არქივი, ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოებისა, სააქციონერო საზოგადოებისა, უბნის სასამართლოებისა და სხვა.

გ. ბოჭორიძის ხელმძღვანელობით, თბილისის რკინიგზის სადგურიდან გადმოტანილი და ცენტრარქივში შენახული იქნა რუსეთიდან დაბრუნებული არქივები: კრასნოდარიდან 4 ვაგონი, სტავროპოლიდან 7 ვაგონი და კავკაზისკიდან ერთი ვაგონი. ამრიგად, ერის საუნჯე დიდ საფრთხეს გადაურჩა, ის საიმედოდ იქნა დაცული. გ. ბოჭორიძემ თბილისის ლომბარდში საგანგებოდ შეისწავლა იქ მოთავსებული ძველი ხელნაწერებისა და ისტორიული ნივთების მდგომარეობა. ამასთანავე, შეამოწმა და აღწერა დედაქალაქის 30-ზე მეტი ეკლესია-სამლოცველოში დაცული არქივები, წიგნსაცავები და ისტორიული ღირებულების მასალები. გ. ბოჭორიძე იყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის და უნივერსიტეტის სიძველეთსაცავებში შემონახული ძველი საბუთებისა და ხელნაწერი წიგნების აღმრიცხველი კომისიის თავმჯდომარე, სადაც მან უზარმაზარი სამუშაო შეასრულა.

გ. ბოჭორიძემ კახეთიდან ჩამოიტანა და თბილისის უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის ჩააბარა სპილენძის მონეტების დიდი კოლექცია.

თბილისში საქმეების მოწესრიგების შემდეგ გ. ბოჭორიძემ გადაწყვიტა ძალა და ენერგის პერიფერიებში გამოეყენებინა. როცა დედაქალაქში სიძველეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყო ადვილი წარმოსადგენია სხვაგან რა იქნებოდა, ქვეყანა ახლის შენების აღტკინებას მოეცვა. ძველის ნგრევა-განადგურება მოზღვავებული რევოლუციური შემართებით მიმდინარეობდა. ანტირელიგიური ლაშქრობები სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს სპობდნენ, აცამტვერებდნენ. საუკუნეებით ნაგროვები ეროვნული ფასეულობები, ისტორიის და ხელოვნების ნიმუშები ნადგურდებოდა და იკარგებოდა.

გ. ბოჭორიძემ 1923-1926 წლებში მოიარა კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი. რევოლუციის იდეებით აღფრთოვანებულ ბოლშევიკებს ,,ველის” მაძიებლობა საეჭვო საქმედ ეჩვენებოდათ, ჩხრეკა, დაპატიმრება, დამცირება-შეურაცყოფა ყოველდღიური განსაცდელი გახდა, მაგრამ მიღწეულმა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მან მოგზაურობისას აღრიცხა 900 ისტორიული მონუმენტური ძეგლი; მოაგროვა 2260 ისტორიული ნივთი, 540 ხელნაწერი და 200 ძველი სტამბური წიგნი, 28 წარწერიან-ქანდაკებიანი ქვა. შეკრიბა: 3550 სიგელ-გუჯარი და ძველი საბუთი, 10 ტილოზე ნახატი საერო სურათი, სამი კოლექცია მონეტებისა, ორი კოლექცია არქეოლოგიური ნივთებისა. ქუთაისის მუზეუმს გადასცა 682 ისტორიული ნივთი, 252 ხელნაწერი წიგნი, 100 სიგელ-გუჯარი, სამი წარწერიანი ქვა და სხვა.

1928 წ. გ. ბოჭორიძემ მოიარა საინგილო – ზაქათალის, ნუხისა და გეოგჩაის მაზრები. 1929 წ. ქართლს ეწვია, კავთურისა და ქსნის ხეობები შეისწავლა. მიუხედავად მოუცლელობისა, იგი მაინც ახერხებდა სამეცნიერ-კვლევით მუშაობას. აღსანიშნავია მისი ,,გურიის საბუთები” (1572-1815)”; ,,ორი ფიქალ-წერილი” (,,საისტორიო მოამბე”, 1925, წიგნი I). ,,ფურცელაანთეული ქრონიკა” (იქვე), საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძეგლთა სიები, თბილისის, ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, საინგილოს ეკლესია-მონასტრების, იქ დაცული ნივთების, ხელნაწერებისა და წიგნების აღწერილობანი და სხვა.

როცა გ. ბოჭორიძის მუშაობას ეცნობი, დაუჯერებლად გეჩვენება, როგორ შეძლო ერთმა კაცმა მოკლე დროში ამდენის გაკეთება. მისი ხელით გადმოღებული ბევრი წარწერის თვით დედანი დაკარგულია. მისი, როგორც მეცნიერის ავტორიტეტზე მიუთითებს ივ. ჯავახიშვილის მიერ დავალებული და მისგანვე მოწონებული ქართული წყაროთმცოდნეობისთვის მეთოდური სახელმძღვანელოოს ,,საბუთების გამოცემის წესის” შედგენა.

სოფ. ჯვარისში გ. ბოჭორიძემ მოიძია ვახტანგ გორგასლის დედის საგდუხტის მიერ შეწირული ჯვარი, რომელიც გასაყიდად გამზადებულ ვერცხლეულში იპოვა. 1013 წლის თაბორის ოთხთავი (ეს ორივე ნივთი სხვა უამრავ მატერიალურ მასალასთან ერთად დაცულია ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში).

გ. ბოჭორიძის მიერ მოძიებული და შესწავლი ,,ჯვარისას ძეგლი” ეროვნული კულტურის საგანძურში ფასდაუდებელი აღმოჩენაა (საქართველოს არქივი, 1927 , წ. III, გვ. 206-208) ეს ძეგლი გ. წერეთელმა თავისი პალეოგეაფიული მნიშვნელობით პალესტინის უძველესი ქართული წარწერების გვერდით დააყენა (გ. წერეთელი, უძველესი ქართულუ წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960)

XX-ის 20-იან წლებში საქართველოს სიძველეთა გადარჩენის საქმეში არავის გაუკეთებია იმდენი, რაც გ. ბოჭორიძემ შეძლო. მან ბევრი ისეთი ეკლესია აღწერა, რომლებიც მის წინამობერდებს საერთოდ არ უნახავთ, შემდგომში გაანადგურეს და ამიტომ მათ შესახებ ცნობებს მისი ჩანაწერებით ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის კოლექცია მის მიერ შეგროვილი ნივთებისაგან არის შედგენილი. უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა, რომ ცაგერის ტაძრის ვაზის კარი დაღუპვისაგან გადაერჩინა და დღეს იგი ქუთაისის მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს. გ. ბოჭორიძეს თავისი მოგზაურობის დროს შეკრებილი და ფიქსირებული აქვს აგრეთვე მოსახლეობაში შემორჩენილი, სოფლის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული გადმოცემები და თქმულებები.

გ. ბოჭორიძე 1937 წ. დააპატიმრეს, ორი წლით ორთაჭალის ციხეში გამოკეტეს და 1939 წ. ჩრდილოეთ კავკასიისკენ წაიყვანეს. სადგურ გუდერმესთან ავაზაკებს – რუსს და ქართველ, გორელ აბრამიშვილს დაუხრჩვიათ და გაუძარცვავთ.

გ. ბოჭორიძე თავისი ნიჭიერებით, პროფესიონალიზმით, უანგარობითა და პატრიოტიზმით ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს დიდი ქართველი მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის გვერდით. საამწუხაროდ, შთამომავლობას საფლავიც არ დარჩა ამ დიდებული მამულიშვილისა.