‍ტრიფონ ჯაფარიძე (1876-1937)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0080 japaტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძე დაიბადა 1876 წლის 7 ნოემბერს სოფ. ხრეითში (შორაპნის მაზრა) ღარიბი აზნაურის მიხეილ ჯაფარიძის ოჯახში. 1884 წ. იგი შიეყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, 1891 წ., როგორც ღარიბი და ამასთანავე კარგი წარმატების მოსწავლე, სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1898 წ. დაამთავრა სემინარია და ისევ სახელმწიფო ხარჯით გაგზავნეს კიევის სასულიერო აკადემიაში, რომლის სრული კურსი – ისტორია-არქეოლოგიის განხრით 1902 წ. დაასრულა. კიევში დაებადა პირველად აზრი, ქუთაისში დაეარსებინა საისტორიო საზოგადოება და მუზეუმი, რაც 1911 წ. განახორციელა კიდეც.

1903 წ. ტრიფონ ჯაფარიძემ ქუთაისში ეპისკოპოსის ნესტორ ყუბანეიშვილის ქალზე – ოლღაზე იქორწინა. ოლღას წმ. ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, შესანიშნავად იცოდა უცხო ენები. ტრიფონსა და ოლღას რვა შვილი გაუჩნდათ.

ტრ. ჯაფარიძემ მუშაობა 1902 წლიდან დაიწყო (ცნობები ტრიფონ ჯაფარიძის საქმიანობის შესახებ დაცულია ქუთაისის მუზეუმის არქივში) თავდაპირველად რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწაბლებელში. 1903 წ. იგი დაინიშნა სტავროპოლის სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად. 1904 წ. გადაიყვანეს ჩერნიგოვიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, საიდანაც ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული შეიქმნა ქუთაისში გადმოსვლა მოეთხოვა და 1905 წ. დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად.

რეაქციის დროს 1907 წ. ტრ. ჯაფარიძე გადაიყვანეს პინსკში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის თანამდებობაზე. 1908 წ. ბრუნდება ქუთაისში და საეპარქიო ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1910 წ. დაინიშნა ინსპექტორად იმერეთის ეპარქიის გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში, რომელიც 1917 წ. გიმნაზიად გადაკეთდა და ტრ. ჯაფარიძე გახდა მისი დირექტორი. 1921 წ. გიმნაზიები ტექნიკუმად გარდაიქმნა. იგი მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის მეოთხე ტექნიკუმში.

1922 წ. საქართველოს სახალხო კომისარიატის ბრძანებით, ქუთაისში გაიხსნა სახელმწიფო საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმი და ტრ. ჯაფარიძე მის დირექტორად დაინიშნა (1922-1930 წწ.). 1930 წ. იმავე მუზეუმში გადაყვანილ იქნა მეცნიერ მუშაკად, ხოლო 1937 წლის დასაწყისიდან 30 ივნისამდე მუზეუმის დირექტორის იონა კობახიძის ავადმყოფობის გამო ასრულებდა მის მოვალეობას.

გარდა აღნიშნულისა, ტრ. ჯაფარიძე სახვადსახვა წლებში იყო საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზო0გადოების თავჯდომარე (1991 – 1921 წწ.), ქალაქის საბჭოს ხმოსანი (დეპუტატი) (1914-1917 წწ.). 1917 წ. შეიქმნა ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტი. ჯაფარიძე გახლდათ კომიტეტის წევრი (1917-1918 წწ.) და დავალებული ჰქონდა ,,ისტორიული ძეგლებისა და მასალების დაცვა უეცარი შემთხვევებით დაღუპვისაგან”. იყო სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში (1921-1930). კითხულობდა ლექციებს ჯერ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, შემდეგ კი ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ტრ. ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდში. ზემდგომ ორგანოებში გაგზავნილ საჩივრებთან ერთად ადგილობრივ და რესპუბლიკურ პრესაში ქვეყნდებოდა ძირითადად ანონიმური წერილები, რომლებშიც განაქიქებდნენ მის საქმიანობას, აცხადებდნენ ,,ხალხის მტრად” და მავნებლად.

1937 წლის 30 ივნისს ტრ. ჯაფარიძე დააპატიმრეს. ,,ღამის თორმეტი საათი იქნებოდა. კარებზე ისე დააბრახუნეს, რომ იგრძნობოდა, თუ მალე არ შემოვუშვებდით დაუპატიჟებელ სტუმრებს, კარებს სულაც შემოამტვრევდნენ. ნამძინარევი, ხმაურისაგან დამფრთხალი ბავშვები დედას მივცვივდით. მამა სასწრაფოდ გამოვიდა თავის სამუშაო ოთახიდან და კარები გააღო. შემოვიდნენ სამნი. ერთ-ერთი მათგანი იყო მიშა დემუროვი, უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი. მათ მოითხოვეს იარაღი, რომელიც, მათი აზრით, თურმე უნებართვოდ ინახებოდა ოჯახში. მამამ თქვა, რომ იარაღი არა აქვს. მაგას ჩვენ გამომარკვევთო და სამივე შეუდგა სახლის ჩხრეკას. ეს პროცესი დილამდე გაგრძელდა. ვერაფერი იპოვეს. ბოლოს ფოტოსურათები და რაღაც საბუთები ჩატენეს ტომარაში და გინებითა და ხელისკვრით მამაც წაიყვანეს. მას შემდეგ აღარ გვინახავს.” აი, მოკლედ იმ საშინელი ღამის ქრონიკა, რომელიც ბატონ კაკო ჯაფარიძის მეხსიერებას შემოუნახავს.

სახელმწიფო უშიშროების არქივში დაცულ მასალებიდან ირკვევა, რომ ძიება განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ტრ. ჯაფარიძის ურთიერთობით ექვთიმე თაყაიშვილსა და ნიკო ნიკოლაძესთან გამომძიებლის შეკითხვაზე ტრ. პასუხობს: ,,...ექვთიმე თაყაიშვილს ვიცნობდი, როგორც ძველ სწავლულ არქეოლოგს, რომელთანაც მე საქართველოს არქეოლოგიითა და ისტორიით დაინტერესებულ პირს ძეგლების გამოსარკვევად გელათსა და მოწამეთაში მიხდებოდა წასვლა, ვსაუბრობდით სპეციალობის მიხედვით, მქონდა მიმოწერა ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების საკითხებზე. როგორც ადრე აღვნიშნე, თბილისში ის იყო ამ საზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისში – მე”...... ნ. ნიკოლაძეს ვიცნობდი როგორც მწერალს, ფოთის ქალაქის თავს. მან ახლოს გამიცნო მას შემდეგ, რაც მე ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება დავაარსე. გაეცნო ჩემს საქმიანობას მუზეუმში და ამ მიმართებით სასარგებლო რჩევები მომცა. იგი სიკვდილამდე ჩემს მიერ დაარსებული მუზეუმის მფარველად ითვლებოდა.”

ვერავითარმა ბრალდებამ, ცრუ მოწმეთა ჩვენებებმა, რეჟიმმა, რომელიც მაშინ იყო გამეფებული საპატიმროში, ვერ გატეხა მისი ნებისყოფა. იგი კატეგორიულად უარყოფდა ყველა ბრალდებას და უარს ამბობდა დაესახელებინა ის პირები, რომლებიც მასთან ერთად ,,ეწეოდნენ” კონტრრევოლუციურ საქმიანობას. აღნიშნულის მტკიცებად გამოდგება თუნდაც ამონაწერი ქუთაისის შინსახკომის ოპერრწმუნებულის მ. დემუროვის მიერ ტრ. ჯაფარიძის დაკითხვის ოქმიდან:

,,შეკითხვა: გამოძიებას აქვს მასალები, რომლითაც დადგენილია, რომ თქვენ დაპატიმრებამდე იყავით კ/რ ორგანიზაციის წევრი და აქტიურ კ/რ საქმიანობას ეწეოდით, ძიება ითხოვს თქვენგან აღიარებას და გულწრფელი ჩვენების მიცემას ამ საკითხზე.

პასუხი: კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არავითარ კ/რ ორგანიზაციაში არ ვიმყოფებოდი და არავითარ კ/რ საქმიანობას არ ვაწარმოებდი.

შეკითხვა: თქვენ ტყუით, ძიებით დადგენილია, რომ თქვენ იყავით არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრი და აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდით, თავი დაანებეთ სიცრუეს და სწორი ჩვენება მოგვეცით.

პასუხი: გულწრფელად ვაცხადებ, რომ არასდროს არ ვყოფილვარ არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრი და ამ მიმართებით არავითარი საქმიანობა არ ჩამიტარებია”.

ასეთი ჩვენებების მიცემის შემდეგ ცხადია ტრ. ჯაფარიძეზე ზემოქმედების სხვა მეთოდებსაც გამოიყენებდნენ. ბოლოს ჯანმრთელობამ უმტყუნა, ოთხი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ იგი ქუთაისის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ძიება შეწყდა. საქმე არქივს გადაეცა.

1956 წელს, ტრიფონ ჯაფარიძის შვილების ქალბატონ რიმასა და ბატონ კაკო ჯაფარიძეების თხოვნით უმაღლესმა სასამართლომ გადასინჯა მისი საქმე და დაადგინა, რომ ,,Дело о привлечении к ответственности Джапаридзе Трифона Михайловича по ст.ст. 58. 10 и 58. 11 УК ГССР прекратить за отсутсвием в его действиях состава преступления”.

განაჩენი, რომელიც 1937 წელსვე უნდა გამოეტანათ, გამოიტანეს 1956 წლის 26 დეკემბერს – 20 წლის დაგვიანებით, როცა მისი ადრესატი უკვე ცოცხალი აღარ იყო.

განუზომელია მისი დამსახურება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებისა და ფონდებით დაკომპლექტების საქმეში. იგი იყო მუზეუმის პირველი დირექტორი (1922-1930 წწ.). მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმის ფონდები შეივსო მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური და ჭედური ხელოვნების ძეგლებით, ძველი ხელნაწერი წიგნებითა და ისტორიული საბუთებით. სამუზეუმმო მასალების შეგროვება მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის გამგეობას თავმჯდომარეობდა. ,,თუ თვალს გადავავლებთ ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების არსებობის პერიოდს 1912-დან 1921 წლამდე, დავინახავთ, რომ მას ნაყოფიერი და ფრიად სასარგებლო მუშაობა ჩაუტარებია. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზოგადოების ხელმძღვანელს ტრიფონ ჯაფარიძეს,... როცა მეფის მთავრობის მოხელეები ხალხის მიერ შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეს ყურადღებას არ აქცევდნენ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კულტურის გულშემატკივართა და პატრიოტ მოღვაწეთა თაოსნობას. ტრ. ჯაფარიძე ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე იყო. იგი თავის ჩინებულ ცოდნასა და ენერგიას შეგნებულად ახმარდა ქართველი ხალხის მიერ შექმნილი კულტურული სიმდიდრის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეს”, წერს მ. ნიკოლეიშვილი. (მუზეუმის დირექტორი, რომელიც 45 წლის მანძილზე იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე, 95 წლის ასაკში, 2012 წ. გარდაიცვალა)

1907 წლის 3 ოქტომბერს დიდი ქართველი მამულიშვილის, ქართული კულტურის ცნობილი მოამაგისა და მკვლევარის ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით თბილისში დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების გამოვლენის, დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. ცხადია, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება ვერ მოახერხებდა ერთბაშად კურირება გაეწია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისათვის. ამიტომ გამართლებული იყო ქუთაისის პროგრესული ინტელიგენციის გადაწყვეტილება, ლოკალურად ქუთაისშიც შექმნილიყო ასეთი საზოგადოება, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა საქართველოს და განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და შენახვის საქმეს. ,,1911 წელს მასწავლებელთა წრეში აღვძარით საკითხი, – წერს ტრ. ჯაფარიძე, – მთავრობაშიდაც ცვლილება იყო მომხდარი, რეაქციაც შენელებული იყო და უკვე შესაძლებელი გახდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსება” (გამოქვეყნებული აქვს მ. ნიკოლეიშვილს).

1911 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გაიმართა ინტელიგენციის წარმომადგენელთა კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისში ისტორიისა და ეთნოგრაფიის დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების შესახებ. 1912 წ., 17 ივნისს მთავრობამ დაამტკიცა წესდება და ამდენად ქუთაისში დაარსდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის დამფუძნებლად ითვლებიან იოსებ და სიმონ ოცხელები, ტრიფონ ჯაფარიძე, სამსონ ყიფიანი და კონსტანტინე ჯორჯიკია.

ტრ. ჯაფარიძემ გამგეობასთან ერთად თავიდანვე უმთავრესად ერთი განსაზღვრული მიზანი დაისახა – ქართული მუზეუმის დაარსება ქუთაისში. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამოქმედო ზონაში საზოგადოების აგენტებთან, რომელთაც ძველი დროის ნივთებისა და ნაწერების შეგროვება იკისრეს.

ეროვნული მუზეუმის ბაზის შექმნაში ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების დიდი დახმარება გაუწიეს თავადაზნაურთა ოჯახებმა, საიდანაც ძვირფას სამუზეუმო ნივთებს საზოგადოება უფასოდ იღებდა. ნივთების შეგროვებაში განსაკუთრებული ხალისი გამოიჩინეს მოსწავლეებმა, კერძოდ, ქართული გიმნაზიისა და გაბრიელის სახელობის გიმნაზიიდან. კერძო პირებმა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი საზოგადო მოღვაწის კირილე ლორთქიფანიძის დამსახურება. მის ხსოვნასთან დაკავშირებით ტრ. ჯაფარიძე აღნიშნავდა: ,,იშვიათი მაგალითი იყო ძვირფასი მამულიშვილის აწ განსვენებული თავადის კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძის მოქმედება, რომელმაც თავისი შესანიშნავი ბიბლიოთეკა და არქივი ყოველგვარი ნაშთებით მუზეუმს დაუტოვა. განსვენებული იყო საპატიო წევრი საზოგადოებისა და მისი ჭირისუფლობაც საზოგადოებამ იკისრა. განსვენებული დავასაფლავეთ ქართველ მოღვაწეთა პანთეონში – ბაგრატის ტაძართან და დღეს მუზეუმის გახსნის დღეს... მუზეუმის დარბაზში მისი სურათი განსხვავებულათ გვაქვს გამოფენილი და გვსურს ამით მივუთითოთ ყველას და თვალწინ დავუყენოთ მისი ჩუმი, წყნარი, მაგრამ ნაყოფიერი ხანგრძლივი მუშაობა მამულისათვის”.

გარდა სამუზეუმო მასალების შეგროვებისა, ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობა დიდ ყურადღებას უთმობდა ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების დანიშვნისა და ნივთიერი დახმარების საქმეს.

ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების არქივში, რომელიც ამჟამად ქუთაისის მუზეუმში ინახება, დაცულია იმ ქართველ სტუდენტთა განცხადებები, რომლებიც უსახსრობის გამო ტრ. ჯაფარიძეს სტიპენდიების დანიშვნას თხოვენ. ესენი არიან სტუდენტები ძირითადად პეტერბურგისა და კიევის უნივერსიტეტებიდან.

ტრ. ჯაფარიძე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე, უშუალოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოების ძალებით მოწყობილ ეთნოგრაფიულ საღამოებსა და წარმოდგენებს, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის ქართველთა სულში მიძინებული ეროვნული გრძნობების გაღვივებას.

ტრ. ჯაფარიძე დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხისადმი. ამიტომ იგი აღტაცებით შეხვდა 1917 წლის 12 მარტს მცხეთის ტაძარში ჩატერებულ კრებას, რომელზედაც, სამღვდელოებისა და ერის წარმომადგენელთა დადგენილებით, აღდგენილ იქნა საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია.

საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის გამგეობის თავმჯდომარედ ყოფნისას მას ინტენსიური მიმოწერა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, როგორც საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარესთან. ხშირად ღებულობდა მისგან კონსულტაციებს სამსახურებრივ საკითხებზე, ასევე მონდომებით ასრულებდა მისგან მიღებულ ყოველგვარ დავალებას.

1922 წლის დეკემბერში ტრ. ჯაფარიძის ინიციატივით ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ შეგროვილი მასალების ბაზაზე საქართველოს განათლების სახალხო კომისრის ბრძანებით ქუთაისში დაარსდა ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი.

ტრ. ჯაფარიძე ახალი ენერგიით შეუდგა მუზეუმში მუშაობას. მისი უპირველესი მიზანი იყო მოეწყო გამოფენა. 1923 წლის 10 ივნისს, როცა ქუთაისის პირველი შრომის სკოლის დარბაზში (ყოფილი რეალური სასწავლებელი, ყოფილი პედინსტიტუტი, ახლანდელი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა) საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გამოფენა და ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ერთი ნივთიც კი არ დაკარგულა, თუმცა ოთხჯერ ნაჩქარევად მოხდა ფონდსაცავის გამოცვლა.

მუზეუმში მოღვაწეობის მანძილზე ტრ. ჯაფარიძე ძალ-ღონეს არ იშურებდა დაწესებულების წინაშე მდგომი ამოცანების გადასაჭრელად. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 1930 წლისათვის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვნად გამდიდრდა მისი ფონდსაცავი.

ტრ. ჯაფარიძე, როგორც სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიული ძეგლების აღრიცხვისა და დაცვის საქმისადმი გარკვეულწილად მისი დამსახურებაა, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში შემოგვრჩა იმ პერიოდის განუკითხავ ანტირელიგიურ ნგრევას გადარჩენილი ბევრი შესანიშნავი საკულტო დანიშნულების ძეგლი. ქუთაისის მუზეუმის არქივში დაცულია უამრავი მასალა, რომლებიც შეიცავენ ცნობებს ტრ. ჯაფარიძის მიერ დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების, მათში არსებული განძეულის არამარტო გადასარჩენად, არამედ მათი შემდგომი დაცვისა და შენახვისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ.

1923 წლისათვის საქართველოში მასიურად დაიწყეს ეკლესია-მონასტრების დაკეტვა. საშიშროება შეექმნა მათში დაცულ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშებსა და უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს. ტრ. ჯაფარიძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამოქმედო ზონაში არსებულ ეკლესიებში დაცული ეროვნული სიმდიდრე გადაერჩინა. ,,რადგან ქალაქშიდაც და სოფლებშიც დაიწყეს ეკლესიების კეტვა და ნივთების გამოტანა – წერდა იგი ვუკოლ ბერიძეს, – მე ვაცნობე აღმასკომს ჩემი მოვალეობა-დანიშნულება და მოვსთხოვე მთელ მაზრაში ყველა თემისათვის, რომ ნივთები პასუხისმგებელ პირებს ჩაბარებოდა და ჩვენს უნახავად არაფერი დაკარგულიყო. დავუსახელე ეკლესიები, სადაც ნივთებს გარდა თვით შენობებია (მოხატული) ფრესკებიანი დასაცავი და არ წაეხდინათ. გელათის არხიმანდრიტს მივეცით დასაცავი ქაღალდი. მოწამეთის ნივთები ჩამოიტანეს პროფკავშირში. იქ მივედი კონდაკოვის წიგნით ხელში და მოვსთხოვე ყოველივე ჩემთვის გადასარჩევად ეჩვენებინათ, თან მახლდა კოკოჩაშვილიც, მაჩვენეს და გარდა იმისა, რას კონდაკოვში არის აღწერილი (სულ 6 ნივთი აქვს კონდაკოვს), სხვაც ბევრი ვნახე სამუზეუმოთ საჭირო და უარი არ უთქვამთ გადმომცეს... მივწერე გაფრთხილება შორაპნის მაზრის კომისარს და აღუნიშნე მონასტრებიც და ეკლესიებიც, სადაც რა უნდა დაიცვას. შემთხვევით ვინახულე მისი მოადგილე... და მითხრა ყველაფერს თქვენი ჩვენების თანახმად შევინახო, დამამშვიდა, თანაც მითხრა, შორაპნის მაზრაში ცალკე გვინდა მუზეუმიო. მე ვუთხარი, თუ ნივთებს არ გააბნევთ, დაიცავთ, გიახლებით და მოგიწყობთ მუზეუმსთქო. რაჭაში მივსწერე ძვირფასეულის დაცვა მასწავლებელ სხირტლაძეს (სოფ. მრავალძალი) და მაქვს იმედი არა წახდეს რა. გურია სამეგრელოს მაიდან უშველეთ რამე, თუ ზუგდიდის მუზეუმის გამგის იმედი არ კმარა.

ამ დღეებში შევუდგებით საკათედრო ტაძრის ნივთების გადარჩევას და იქაც აღწერის დროს აღვნიშნე სამუზეუმო ნივთები ყველაფერი და იმედი მაქვს უარი არ მითხრან”.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის ტრ. ჯაფარიძე ძალზედ დაკავებული იყო, იგი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის გამოფენას ამზადებდა, თავი არ აურიდებია ზედმეტი დატვირთვისათვის და ეკლესიებს და მონასტრებში არსებული განძეულის დაცვის მიზნით ქუთაისის სამაზრო აღმასკომს ქუთაისში საეკლესიო მუზეუმის მოწყობა შესთავაზა. ,,საეკლესიო მუზეუმის შესახებ გთხოვთ სასწრაფოდ მოიფიქროთ – წერდა ტრ. ჯაფარიძე ქუთაისის სამაზრო აღმასკომს – და გადასწყვიტოთ, რადგან დღეს ეკლესიები იკეტება, იქ კი დიდძალი სიმდიდრე და განძეულობაა, მათ შორის ისეთი ნივთებიც, რომელიც არქეოლოგიურ განძს წარმოადგენს”.

ტრ. ჯაფარიძეს საეკლესიო მუზეუმისათვის შესაფერი შენობაც ჰქონდა შერჩეული – საკათედრო ტაძარი, იგივე ,,სობორო”. ძნელი არ არის მისი ჩანაფიქრის გამოცნობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ახალი ცხოვრების მესვეურნი დიდხანს არ მოითმენდნენ ქალაქის ცენტრში აღმართული საკულტო დანიშნულების ძეგლს და ამდენად მასში მუზეუმის გამართვით ცდილობდა მის გადარჩენას. აღმასკომის ნებართვის შემდეგ იგი თავს არ ზოგავდა ქუთაისში ხელოვნების ტაძრის მოსაწყობად. ,,საეკლესიო მუზეუმისათვის – წერდა ტრ. ჯაფარიძე – საუკეთესო ადგილია და შესაფერი ბინა ქუთაისის ყოფილი საკათედრო ტაძრის შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრშია, განცალკევებული შენობაა გარშემო ბაღით შეზღუდული და შიგნით მხატვრულად მორთული. თუ ამ შენობას ეს დანიშნულება მიეცემა, ქუთაისს ექნება ისეთი რამ, როგორიც თბილისს აქვს ,,ხელოვნების ტაძარი”...

მაგრამ ტრ. ჯაფარიძის ჩანაფიქრსა და სურვილს ასრულება არ ეწერა. საკათედრო ტაძარი დანგრეული იქნა, ხოლო ეკლესია – მონასტრებში დაცულმა სიმდიდრემ მისი დიდი ძალისხმევით თავი მოიყარა თვით ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში, რამაც ქართული ეროვნული მემკვიდრეობის მკვლევართა ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა ამ დაწესებულებისადმი.

ტრ. ჯაფარიძის დამსახურებაა, რომ გელათის მონასტერში არსებული ჭედური ხელოვნების ძეგლები და ძველი ქართული უნიკალური ხელნაწერი წიგნები, სანამ ისინი ქუთაისის მუზეუმს გამოეცემოდა, თვით მონასტერშივე საიმედოდ იყო დაცული.

ტრ. ჯაფარიემ გადაურჩინა შთამომავლობას არგვეთის მთავრების, წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ნეშტი, რომელიც 1923 წელს ,,უღმერთოთა კავშირის” წევრებმა მოწამეთის მონასტრიდან გამოიტანეს და შეურაცხყვეს.

ტრ. ჯაფარიძის მოთხოვნით, ,,უღმერთოთა კავშირის” წევრთა მიერ შეურაცხყოფილი წმინდანთა ნეშტი ქუთაისის მუზეუმში იქნა მოთავსებული. იმ დროისათვის მისი ასეთი გაბედული მოქმედება გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ახალი წყობის მესვეურთ ეს ღალატად შეეძლოთ მიეჩნიათ. ტრ. ჯაფარიძის გამჭრიახობა რომ არა ბოლშევიკური ხელისუფლების თანხმობა წმინდათა ნეშტის მუზეუმში მოთავსებაზე ალბათ ძალიან გაჭირდებოდა. მიმართვაში, რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულთა მთავარმარმმართველობის გამგესთან ვუკოლ ბერიძესთან წმინდანების მაგივრად, მან დავითი და კონსტანტინე საქართველოს ეროვნულ გმირებად მოიხსენია, ,,განსაცდელში არიან საქართველოს ეროვნული გმირები – დავითი და კონსტანტინე”. ვ. ბერიძე დაუკავშირდა მთავრობი წევრებს, მაგრამ მასაც არ უხსენებია, რომ დავითი და კონსტანტინე წმინდანები იყვნენ, არამედ მხოლოდ აღნიშნავდა, რომ ძმები ქართველი ერის სახალხო გმირები იყვნენ და დაუშვებლად მიაჩნდა მათი ნეშტის მოსპობა-განადგურება. თბილისიდან მოვიდა ბრძანება და ტრ. ჯაფარიძემ წმინდანთა ნეშტს ქუთაისის მუზეუმში დაუდო ბინა. 1923 წლიდან 1954 წლამდე დავითის და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები დაცული იყო ქუთაისის მუზეუმში. თუმცა ჯალათებს არ დავიწყნიათ ტრ. ჯაფარიძის მიერ ქართველი ერის წინაშე გაწეული ეს ღვაწლი და რეპრესიების დროს ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ წმინდანთა ნეშტის გადარჩენა წაუყენეს.

სამუზეუმო საქმიანობას ტრ. ჯაფარიძე კარგად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობას. იგი არის ავტორი შრომებისა: ,,ქრისტიანობის გავლენა მონათა მდგომარეობაზე რომის სახელმწიფოში” (გამოიცა 1904 წელს სტავროპოლში), ,,თანამედროვეობა და კულტურული იდეალი” (1904 წ. სტავროპოლი), ,,დეკანოზი ალექსი ჭიჭინაძე” (1903 წ. ქუთაისი), ,,ენის გაჩენა” (1912 წ. ქუთაისი), ,,ბუნება და ადამიანი” (1912 წ. ქუთაისი), ,,ახალი ათონი” (ქუთაისი).

აღსანიშნავია, რომ ტრ. ჯაფარიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრებისა და გამოცემის საქმეს. 1936 წ. ქუთაისის მუზეუმის ეგიდით გამოიცა მის მიერ შეკრებილი გამოცანები. მოგვიანებით, 1965 წ., გამომცემლობა ,,ნაკადულმა” გამოსცა ,,ხალხური სიბრძნის” მე-5 ტომი, რომელშიდაც სხვა ზეპირსიტყვიერ მასალებთან ერთად წარმოდგენილია გამოცანები, რომელსაც პეტრე უმიკაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ჯუანშერ სონღულაშვილის მიერ შეკრებილ ნიმუშებთან ერთად საფუძვლად დაედო ტრ. ჯაფარიძის მიერ შეგროვილი გამოცანები (მასალა გამოსაცემად მოამზადეს მ. ჩიქოვანმა და ჯ. ბარდაველიძემ). გარდა აღნიშნულისა მას მზად ჰქონდა გამოსაცემად ანდაზები, ხალხური ლექსები და შაირები, არაკები, ლექსიკონი და სხვა.

ტრ. ჯაფარიძემ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ასევე შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. 1937 წელს, რუსთაველის საუბილეო დღეებში გამოსცა ,,შოთა რუსთაველის აფორიზმები”. საუბილეო კომიტეტის დავალებით კი მოამზადა წერილი – ,,ადათები მე-12 საუკუნეში ,,ვეფხისტყაოსნის” მიხედვით.

ტრ. ჯაფარიძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეს. ამ მიზნით იგი 1913 წ. ამხანაგად შევიდა თ.ა. მთავრიშვილისა და ამხანაგობის გამომცემლობაში. სწორედ მისი წინასიტყვაობით დაიბეჭდა 1914 წ. ნ. ნიკოლაძეს ,,მამულის სიყვარული და მსახურება”.

ტრ. ჯაფარიძის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივი და სამსახურებრივი მოღვაწეობის პერიოდში მას კავშირი ჰქონდა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან: ნ. ნიკოლაძესთან, კ. ლორთქიფანიძესთან, გ. მაიაშვილთან, ე. თაყაიშვილთან, დავით და იასონ ბაქრაძეებთან, ალ. გარსევანიშვილთან, ი. ოცხელთან, ს. ხუნდაძესთან, ვ. ბერიძესთან, ს. კაკაბაძესთან და სხვებთან.

ამ მიმოწერის და საერთოდ ქუთაისის მუზეუმის არქივში ტრ. ჯაფარიძის შესახებ არსებული მასალების შესწავლა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ჩვენი საუკუნის პირველი მეოთხედის დასავლეთ საქართველოს კულტურული ცხოვრების შესახებ, რდგან, როგორც ივანე პურადაშვილი წერდა: ,,არ ყოფილა ქუთაისში არცერთი რაიმე კულტურული წამოწყება, რომ ტრიფონს მასში არ მიეღოს მხურვალე მოღვაწეობა”.

განუზომელია ტრ. ჯაფარიძის როლი, ისტორიული სიძველეების დაცვის საქმეში. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ სხვადასხვა სახის ისტორიული ნივთი თუ მატერიალური კულტურის არაერთი ძეგლი გადარჩა განადგურებას. მან თავისი მოღვაწეობით დიდი კვალი დატოვა ქალაქის კულტურის ისტორიაში.