‍ნიკილოზ ღოღობერიძე (1838-1811)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0063 gogoნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე დაიბადა 1838 წ. ქუთაისში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი მამა ბესარიონი თავის დროისთვის განათლებული პიროვნება ყოფილა. პირველდაწყებითი განათლება ბავშვს ოჯახში მიუღია დედის დახმარებით. ამის შემდეგ იგი მიაბარეს ქუთაისის გიმნაზიაში. 1854 წ. თბილისში გადავიდა და 1857 წ. თბილისის გიმნაზია დაამთავრა.

თბილისში იგი აგრეთვე სწავლობდა დავუს პანსიონში, სადაც აღმზრდელად იყო ისტორიის მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე პოლონელი ლ. ზაგურსკი, რომელმაც ჩაუნერგა ახალგაზრდა ნ. ღოღობერიძეს სამშობლოს სიყვარული და თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილი. ლ. ზაგურსკი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი საქმიანობისათვის პოლონეთიდან იყო საქართველოში გადმოსახლებული და დიდ გავლენას ახდენდა ქართველ ახალგაზრდობაზე თავისი პროგრესული აზრებით.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ნ. ღოღობერიძე პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

ნ. ღოღობერიძე ქართველ სტუდენტთა შორის დიდი ავტორიტეთით სარგებლობდა. იგი ილია ჭავჭავაძის საქართველოში გამომგზავრების შემდეგ ქართველ სტუდენტთა მეთაური გახდა. ამას ადასტურებს ნ. ნიკოლაძის სიტყვები: ,,ჩვენს წრეში, პოეტის ილია ჭავჭავაძის დაბრუნების შემდეგ 1881 წლის ზაფხულს (სწორედ ჩვენი წასვლის წინ), უდავო გავლენა მოიპოვა ნიკო ღოღობერიძემ, რომელიც იმ შემოდგომაზე ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტს ასრულებდა და რომელიც იერონიმე სავანროლაზე საკანდიდატო დისერტაციის მზადებაში იყო.” (ციტირებულია: კ. მეძველია, თეთრგდალეულები და რუსეთის სამოციანი წლების რევოლუციური მოღვაწეები, I. თბ. 1959, გვ. 248)

ნ. ღოღობერიძე პეტერბუურგის უნივერსიტეტში ისეთ ცოდნას და წარჩინებას იჩენდა, რომ მას თხოვეს დარჩენა, რათა მომზადებულიყო პროფესორად, მაგრამ უარყო პირადი ინტერესები და საქართველოში გამოემგზავრა თავისი ქვეყნის სამსახურისთვის.

ნ. ღოღობერიძე პეტერბურგში ყოფნის დროს დაუახლოვდა დობროლუბოვს, ჩერნიშევსკის,, პანტელეევს და სხვებს. იგი აქტიური მონაწილე იყო 1861 წ. პეტერბურგში, სტუდენტთა მღელვარებისა, მისმა მოწოდებამ დარაზმა ქართველი ახალგაზრდობა დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოში დაბრუნებული ნ. ღოღობერიძე დიდი სიყვარულით შეუდაგა ხალხის სამსახურს. პირველად მასწავლებლობას მოჰკიდა ხელი და თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა გეოგრაფიას და ლათაინურ ენას. 1863 წლიდან ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის ჟურნალ ,,საქართველოს მოამბის” ისტორიის განყოფილებას. იყო გაზეთ დროების ერთ-ერთი დამაარსებელი. დავით ბაქრაძესთან ერთად ინიშნება კავკასიის ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად.

ნ. ღოღობერიძე დ. ბაქრაძე და გ. წერეთელი მოგზაურობდნენ საქართველოს მთიან რაიონებში სკოლების დასაარსებლად და ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებების შესასწავლად.

1868 წლიდან ნ. ღოღობერიძე დანიშნული იქნა თბილისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე, აქედან გადაყვანილი იქნა ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ. იყო ნოტარიუსად ქუთაისის საოლქო სასამართლოში. 1879 წ. აირჩიეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორად. 1880 წლიდან ხელი მოჰკიდა ჭიათურის შავი ქვის წარმოების საქმეს. შემდეგ დ. ბაქრაძესთან, გ. ლილუაშვილთან და ს. მელიქიშვილთან ერთად დაარსა ქართული სტამბა. სტამბისთვის შრიფტები ჩამოასხმევინეს ავსტრიის ქალაქ ვენაში.

ნ. ღოღობერიძის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა სტატიები პერიოდულ გამოცემებში, წერდა ევროპის სახელმწიფო კონსტიტუციის შესახებ, ასტრონომიიის საკითხებზე, ბამბის მოშენებასა და მის მნიშვნელობაზე. მან ქართულად თარგმნა და გამოსცა მარი ბროსეს ,,საქართველოს ისტორიის” ორი ტომი.

1911 წლის 27 დეკემბერს ნ. ღოღობერიძე გარდაიცვალა თბილისში სასტუმრო ,,ორიენტში.”

ნ. ღოღობერიძემ თავისი საქმიანობით ერთგვარი წვლილი შეიტანა თეთგდალეულთა საერთო საქმინობაში. მან დიდძალი თანხა მოახმარა საზოგადოებრივ საქმეებს. 66 ათასი მანეთი ანდერძით დაუტოვა ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.