‍სილოვან ხუნდაძე (1860-1928)

ავტორი: დავით ბერძენიშვილი,
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების კურატორი

0175 xundსილოვნან თომას ძე ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 3 (15) აპრილს, ოზურგეთის მაზრის სოფ. კალანგოში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, საიდანაც მალე ოზურგეთში გადაიყვანეს ,,სამხედრო მოსწავლეთა პანსიონში”, ხოლო 1871 წ. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალ "სამშობლოს" ოთხი ნომერი.

1880 წ., გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, იგი ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ რაკი განზრახული ჰქონდა ფილოლოგიური განათლება მიეღო, პეტერბურგში გაემგზავრა და საიმპერატორო უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების: პეტრე ერშტენდტის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვების ლექციებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ჟურნალ "ივერიას" 1882 წლის მე-12 ნომერში, გამოაქვეყნა თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი,,ისტორიული კილო გრიგოლ ორბელიანის ლექსებში".

1884 წ. უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხის დიპლომით დაამთავრა და დაბრუნდა საქართველოში. იმავე წლის პირველ სექტემბერს დაინიშნა მასწავლებლად ძველი სენაკის ქართულ სკოლაში. მაგრამ მალე სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1888 წ. ს. ხუნდაძე დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 80-იანი წლების დამლევს ხუნდაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.

1900 წ. ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის და ს. ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია.

თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე, მათ შორის: ნიკო ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, არნოლდ ჩიქობავა, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ვიქტორ ნოზაძე და სხვ.

1907 წ. სილოვან ხუნდაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. იმავე წელს იგი უდიდესი მწუხარებით გამოეთხოვა, ილია ჭავჭავაძეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი ურთიერთობა. ,,საქართველოს მტერნო ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში!.......... ილია ჭავჭავაძე თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, კიდევ უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა, მხოლოდ შინაური მტრები შეიქმნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველობო ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: ,,მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერიაო!”

ილიას ხოვნას მიეძღვნა ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები "ილია ჭავჭავაძის სახსოვრად" და "მკვლელები და მცველები".

1913 წ. ს. ხუნდაძემ დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. 1916 წ. იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 წ. იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო.

1914 წ. კავკასიის სასწავლო ოლქმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და ,,ატესტატების სიმცირის" საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის შემცირება. გიმნაზიის პედაგოგები, პირველ ყოვლისა – იოსებ ოცხელი და ს. ხუნდაძე, აღაშფოთა მისმა თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში ს. ხუნდაძე შეხვდა და ხელი არ ჩამოართვა. ეს უთანხმოება გახდა გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. ხუნდაძე გიმნაზიას 1916 წლის დამლევს დაუბრუნდა.

1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბლისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო ს. ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა "თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება".

1919 წ. გარდაიცვალა იოსებ ოცხელი. გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა ს. ხუნდაძე და ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1923 წლამდე.

ს. ხუნდაძე პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა კვლევით მუშაობას ენათმეცნიერულ და ლიტერატურულ საკითხებზე. ის სამართლიანად ითვლება ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ პირველ დამდგენელად. ს. ხუნდაძეს გამოცემული აქვს, სახელმძღვანელოები: "ქართული გრამატიკა" (ორნაწილად, 1904, მეორე გამოცემა - 1921), "სალიტერატურო ქართული" (1901), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1914), "რაფიელ ერისთავი" (1918), "გრიგოლ ორბელიანი" (1917), "ვახტანგ ორბელიანი" (1918), "აკაკი წერეთელი" (1918), "ილიაჭავჭავაძე" (1919), "შოთა რუსთაველი" (1921). საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები: "ქართული ზმნები" (ქუთაისი, 1891), "სალიტერატურო ქართული" (ქუთაისი, 1901) და "ქართული მართლწერა” (1913 წ) გამოცემული აქვს ასევე ნარკვევების, ლექსების, პოემებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. მისი წიგნები თუ სტატიები იბეჭდებოდა მხოლოდ სახელის ,,სილოვანის” ხელმოწერით.

ს. ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას და თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ,,დროებაში”, ,,ივერიაში”, ,,კვალში”, ,,ცნობის ფურცელში”, ,,შრომაში”, ,,განათლებაში”, ,,სამშობლოში” და ა. შ. იყო კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი. 1914 და 1926 წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. 1901-1902 წლებში ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა ხუნდაძის "ჩემი აზრი და ფიქრები".

აღსანიშნავია, რომ ს. ხუნდაძე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. 1892-1893 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ,,საქართველოს თავისუფლების ლიგას,” ხოლო 1900 წლიდან (დღიდან დაარსებისა) შედიოდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში და იყო ამ პარტიის ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ის მხარს უჭერდა საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობას.

ს. ხუნდაძე გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, 1928 წლის 12 მაისს. ანდერძის თანახმად იგი დაკრძალეს საფიჩხიის სასაფლაოზე. 1956 წ. მწვანეყვავილის პანთეონში გადაასვენეს.