‍დიმიტრი უზნაძე (1886-1950)

ავტორი: ა. ფრანგიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

დიდი ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო მუშაობა და საზოგადო მოღვაწეობა განუყრელადაა დაკავშირებული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პედაგოგიური მენციერების განვითარებასა და სახალხო განათლების აყვავებასთან.

დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს სოფელ საქარაში (ზესტაფონის რაიონი). იგი 1898 წელს შევიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, ქუთაისის მოსწავლეთა საქალაქო კრებაზე გამოსვლისათვის გიმნაზიებში დანერგილი რეაქციული რეჟიმის წინააღმდეგ, იგი გარიცხეს გიმნაზიიდან. მხლოდ 1907 წელს მისცეს უფლება ექსტერნად ჩაებარებინა გამოცდები სიმწიფის ატესტატის მისაღებად.

დიმიტრი უზნაძემ სწავლა გააგრძელა საზღვარგარეთ, ლაიფციგის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვტილი სადისერტაციო შრომა დაეწერა რუსული ფილოსოფიის ისტორიიდან, მისი ასეთი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის პროფესორთა სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ დისერტაცია ფილოსოფოს ვლ. სოლოვიოვს ეხებოდა. დიმიტრი უზნაძემ მხოლოდ ჰალეს უნივერსიტეტში მოახერხა დაეცვა დისერტაცია 1909 წელს და მიეღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1909 წელს დიმიტრი უზნაძე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მსოფლიო ისტორიისა და ფილოსოფიის პროპედევტიკის (ლოგიკისა და ფსიქოლოგიის) მასწავლებლად. 1910 წელს იგი შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტში და ექსტერნის წესით 1913 წელს დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ქუთაისში 1909-1917 წლებში დიმიტრი უზნაძე, ქართული გიმნაზიის გარდა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიას ასწავლიდა ქალთა გიმნაზიებშიც. მისი მოღვაწეობა ქუთაისში განუყრელადაა დაკავშირებული იმ დიდ პროგრესულ მოძრაობასთან სახალხო განათლების დარგში, რაც ამ პერიოდში იყო გაშლილი საქართველოში. დიმიტრი უზნაძე იმ მოწინავე ქართველ მასწავლებელთა პლეადას ეკუთვნის (იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდძე, ალექსი ჭიჭინაძე და სხვანი), რომელთა მოღვაწეობის შედეგად ძვირფასი ფურცლები ჩაიწერა ჩვენი სკოლისა და სახალხო განათლების ისტორიაში. დიმიტრი უზნაძე იყო საქართველოს მასწავლებელთა დელეგატი სახალხო განათლების მუშაკთა სრულიად რუსეთის პირველ ყრილობაზე 913 წელს. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყრილობის მუშაობაში.

ამავე პერიოდში დიმიტრი უზნაძე აწარმოებდა ღრმა სამეცნიერო მუშაობას პედაგოგიკის თეორიის საკითხებზე. ეს მუშაობა მიმართული იყო რევოლუციამდელი სკოლის, როგორც წვრთნისა და დრესურის სკოლის წინააღმდეგ, რომელშიც მოსწავლის პიროვნების აღზრდა, მისი ინდივიდუალური თავისებურებები სრულაიდ უგულებელყოფილი იყო.

დიმიტრი უზნაძე 1911-12 წლებში გაზეთ „კოლხიდაში”, „დროებაში”, ჟურნალ „განათლებაში” აქვეყნებდა წერილებს პედაგოგიკის თეორიის საკითხებზე.

1912 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა დიმიტრი უზნაძის „ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი”, რომელშიც იგი ამტკიცედა, რომ სკოლა წვრთნის, დრესურის ბავშვის პიროვნების სრული ნიველირების კი არა, მისი პიროვნების ყოველმხრივი განვითარების კერა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, დიმიტრი უზნაძე პედაგოგიკური თეორიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ბავშვის ფსიქიკის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებებისა და მათ პედაგოგიკურ პროცესში ფორმირების შესწავლას სახავს.

როგორც თვითონ ავტორი შესავალში აღნიშნავს, ეს წიგნი ბავშვის ფსიქოლოგიის რომ მეცნიერების „პირველი ნერგია” „ჩვენი მეცნიერების ბაღში”. ჩვენში ბავშვის ფსიქოლოგიის ისტორია, ბავშვის ფსიქოლოგიის საკითხების შესწავლა პედაგოგიკის ამოცანების შუქზე დიმიტრი უზნაძის აღნიშნული გამოკვლევებით იწყება. ეს გამოკვლევები იმ ხაზზე ძევს, რომლის სათავე დიდი რუსი პედაგოგიდან კ. ა. უშინსკიდან იღებს საწყისს. კონსტანტინე უშინსკიმ დანერგა ის მიმართულბა, რომელიც პედაგოგიიკური აზრის ცენტრში აქცევდა ადამიანს, როგორც აღზრდის საგანს. როგორც ცნობილია, კონსტანტინე უშინსკის ტრადიციებზე აღზრდილი მოწინავე პედაგოგიკური აზრი რუსეთში მნიშვნელოვნად იყო წინ წასული ბაშვისა და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის საკითხების მეცნიერული დამუშავების მიმართულებით. მე-19 საუკუნის მესამე მეოთხედში პირველი მეცნიერული გამოკვლევები ბავშვის ფსიქოლოგიის საკითხებზე რუსეთში იყო შესრულებული. 1910 წელს რუსეთში შედგა პირველი კონგრესი ექსპერიმენტული პედაგოგიკის საკითხებზე. ამ კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი დიმიტრი უზნაძე იყო.

მის შრომას ექსპერიმენტული პედაგოგიკის (პედაგოგიკური ფსიქოლოგიის) საკითხებზე მაღალი შეფასება მისცა ქართულმა მეწინავე პედაგოგიურმა პრესამ, კერძოდ, ჟურნალმა „განათლებამ”. დიმიტრი უზნაძე იბრძოდა იმისათვის, რომ სკოლის პრაქტიკაში დაენერგა მოწინავე პედაგოგიკის თეორიის მიღწევები. მისი ხელმძღვანელობით ქ. ქუთაისში, 1915 წელს, დაარსდა ქალთა სკოლა „სინათლის” სახელწოდებით. ეს იყო ქალთა პირველი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა. სწავლა-აღზრდის ის პრინციპები, რომელსაც საფუძვლად უდებდა ამ სკოლის მუშაობას ისი ხელმძღვანელი – დიმიტრი უზნაძე, მოცემულია მის შრომაში „საშუალო სკოლის ორგანიზაციის საფუძვლები”, რომელიც „სინათლის” სკოლის 1916 წლის ანგარიშში გამოქვეყნდა.

ასეთი იყო ზოგადად დიმიტრი უზნაძის ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი.

1917 წლის მარტიდან დიმიტრი უზნაძე გადავიდა თბილისში, სადაც მისი მოღვაწეობა სახალხო განათლების საკითხებზე ენერგიული მუშაობით დაიწყო. იგი შეუდგა სასკოლო რეფორმის საკითხების დამუშავებას (1917 წელს გამოქვეყნდა მის „სკოლის რეფორმა ამიერკავკასიაში”). მენშევიკური მთავრობის (შავბნელი რეჟიმის) პირობებში ვერავითარი ცხოველი მეცნიერული აზრი სახალხო განათლების საკითხების შესახებ ვერ ნახავდა ვერავითარ ნიადაგს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით იწყება ჭეშმარიტად მეწინავე მეცნიერულ პრინციპებზე – კომუნისტური აღზრდის პრინიცპებზე აგებული სახალხო განათლების საქმის ისტორია. 1921 წელს საქართველოს სსრ განათლების კომისარიატის კოლეგიის დავალებით დიმიტრი უზნაძემ დაამუშავა მოხსენება სასკოლო რეფორმის საკითხებზე, რამაც გარკვეული როლი ითამაშა ქართული ნაციონალური სკოლის განვითარების საქმეში.

დიმიტრი უზნაძე ავტორია საშუალო სკოლების პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა მსოფლიო ისტორიაში. ამრიგად, წლების განმავლობაში (1917-22) ქართულ სკოლებში მსოფლიო ისტორია დიმიტრი უზნაძის სახელმძღვანელოებით ისწავლებოდა. 1920 წელს სასწავლო კომიტეტში (ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით) დიმიტრი უზნაძის „ძველი ისტორაი” წარდგენილ იქნა პრემიაზე.

1918 წლიდან დიმიტრი უზნაძემ მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მუშაობა განუყრელადაა დაკავშირებული საქართველოში უმაღლესი სკოლის ისტორიასთან. დიმიტრი უზნაძე თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, 1938 წელს, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავზე დიმიტრი უზნაძე, როგორც ამ უნივერსიტეტის დამაარსებელ მეცნიერებათა ჯგუფის წევრი დაჯილდოებულ იქნა „საპატიო სიგელით”. იგი თბილისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიის სხვადასხვა დარგის პირველი პროფესორი და ფსიქოლოგიის კათედრისა და ლაბორატორიის პირველი გამგეა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად, დიმიტრი უზნაძე ფაღტო საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა სახალხო განათლების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და პედაგოგიკის დარგში სამეცნიერო მუშაობის განვითარების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით თბილისის უნივერსიტეტთან შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტი. დიმიტრი უზნაძე მისი დირექტორი და პროფესორი იყო 1918-დან 1925 წლამდე. სხვადასხვა დროს იგი უშაობდა კონსულტანტად და ხელმძღვანელად პედაგოგიკის დარგის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში (საქართველოს სსრ განსახკოის პედაგოგიკის სამენციერო ინსტიტუტში 1932-1950 წლებში; ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტში 1930-1932 წლებში და სხვ.). დიმიტრი უზნაძე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგეა (1932-940). იგი განაგებდა ფსიქოლოგიის კათედრას და კითხულობდა პედაგოგიკის ისტორიის კურსს აგრეთვე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1938-1939).

დიმიტრი უზნაძემ თბილისის უნივერსიტეტში შექმნა ფსიქოლოგიის დარგში სამეცნიერო მუშაობისა და ფსიქოლოგიური კადრების მომზადების ძლიერი კერა, რომელიც დღეს, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთაც ფართოდაა ცნობილი.

ფსიქოლოგიისადმი ინტერესი დიმიტრი უზნაძეს ადრევე აღეძრა. იგი ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ფილოსოფიის ფაკულტეტის საბჭომ (1908) მიანიჭა პრემია შრომისათვის „ლაიბნიცის ფილოსოფიის შესახებ”. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძემ იმთავითვე აიღო გეზი ტრადიციული ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის (ვუნდტი და სხვ.) მეთოდოლოგიური პოზიციების კრიტიკისა. ძირითადი მიმარტულება ამ კრიტიკისა იყო „უშუალო განცდის” ცნება, როგორც ფსიქოლოგიის ამოსავალი ცნება. დიმიტრი უზნაძე ცნობიერებას იმთავითვე მოცემულ, ერთადერთ უშუალო სინამდვილედ არ მიიჩნევდა. მეცნიერების ფარგლებში დგება ცნობიერების წარმოშობისა და მისი განვითარების პრობლემა. ცნობიერების მეორადობის მტკიცება იზიდავდა ახალგაზრდა მკვლევარს.

დიმიტრი უზნაძის ნაყოფიერი მუშაობა ფსიქოლოგიის დარგში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაიშალა. 1922 წლიდან თბილისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში მის მიერ შესრულებულ შრომბს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეჭირა ცნობილ ფსიქოლოგიურ ჟურნალებში, საკავშირო და მსოფლიო კონგრესებსა და კონფერენციებზე.

დიმიტრი უზნაძის განსაკუთრებული მზრუნველობის საგანს შეადგნდა ფსიქოლოგიური განატლების სათანადო სიმაღლეზე დაყენება და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება ფსიქოლოგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და აღიზარდა მრავალი მეცნიერებათა კანდიდატი და დიქტორი. დიმიტრი უზნაძემ შეადგინა ორიგინალური სახელმძღვანელოები ფსიქოლოგიური ცოდნის სხვადასხვა დარგებისათვის: „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები”, „ზოგადი ფსიქოლოგია”, „ბავშვის ფსიქოლოგია” და სხვა, რომელზედაც აღიზარდა პედაგოგიური დარგის მუშაკთა არა ერთი თაობა. მეცნიერების დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 20 წლისთავზე დიმიტრი უზნაძეს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოებულ იქნა შრომის წითელი დროშის ორდენით.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 20 წლისთავი (1941) ფსიქოლოგიური მეცნიერების ახალი აღმავლობით აღინიშნა. ამ დროისათვის ჩვენში ფსიქოლოგიას მეცნიერ-მუშაკთა ისეთი თვალსაჩინო კადრები მოეპოვებოდა და საბჭოთა ფსიქოლოგიის სისტემის აგებისაკენ მიმართული მუშაობა იმდენად მაღალ დონეზე იყო აყვანილი, რომ პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში პირველად საქართველოში სეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ფსიქოლოგიური სამეცნიერო ცენტრი – ფსიქოლოგიის სექტორი, მის ხელმძღვანელად დაინიშნა დიმიტრი უზნაძე. ამავე დროს იგი არჩეულ იქნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

ფსიქოლოგიის სექტორმა მუშაობა დაიწყო გერმანელი ფაშისტების წინაღმდეგ საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომის ვითარებაში. ამიტომ სამეცნიერო მუშაობაში დიდი ადგილი დაეთმო სამხედრო ფსიქოლოგიას. ამ პრობლემებს მიეძღვნა სპეციალური ტომი („ფსიქოლოგია”, ტ. II) დიმიტრი უზნაძის რედაქციით. დიმიტრი უზნაძისა და სხვა მეცნიერთა ინიციატივით თბილისში ჩამოყალიბდა ფსიქონერვოლოგიური ევაკო-ჰოსპიტალი („ფსიქონერვოლოგიური ცენტრი”). აქ მისი ხელმძღვანელობით ფსიქოლოგები ატარებდნენ მუშაობას დეფექტის კორექციისა და აღდგენის მიმართულებით. სამამულო ომის წლებში დიმიტრი უზნაძემ გამოაქვეყნა შრომები, რომლებიც ამჟღავნებდნენ ფაშიზმის რეაქციულ და კაცთმოძულეობით ბუნებას: „ფაშიზმის რასიული თეორია”, „ზოგი რამ ფაშიზმის რასიული თეორიებიდან”.

სამამულო ომის წლებში თავდადებული შრომისა და კავკასიის დაცვაში მონაწილეობის მიღებისათვის 1943 წელს დიმიტრი უზნაძე დაჯილდოებულ იქნა მედლით „კავკასიის დაცვისათვის”. ამავე წელს, სამამულო ომის ვითარებაში ნაყოფიერი მუშაობისათვის, საქართველოს სსრ მთავრობის დადგეილებით ფსიქოლოგიის სექტორი რეორგანიზებულ იქნა ფსიქოლოგიის&ნბსპ; ინსტიტუტად.

ფსიქოლოგიის ინსტიტუტს კვლავ დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ინსტიტუტის შრომების შვიდი ტომი, რომელშიც გაშუქება ჰპოვა საბჭოთა ფსიქოლოგიის მრავალმა აქტუალურმა საკითხმა. 1944 წელს დიმიტრი უზნაძეს სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეობის 35 წელი შეუსრულდა. საბჭოთა ფსიქოლოგია საზოგადოებრიობამ დიდი ყურადღებით აღნიშნა ეს თაიღი, გამოიცა სპეციალური კრებული („ფსიქოლოგია”, ტომი III), მიძღვნილი დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის 35 წლისთავისადმი, ამ კრებულში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ყველა გამოჩენილმა ფსიქოლოგმა.

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 12 ოქტომბერს.

დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო მუშაობა მეტად მრავალმხრივი იყო. მისი მოკლედ დახასიათებისათვის შევჩეერდებით ზოგიერთ მხარეზე.

ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბჭოთა ფსიქოლოგიას, რომლითაც იწყება ნამდვილად მეცნიერული ფსიქოლოგიის ისტორია, ხოლო ის, რაც გაკეთებულა მანამდე ფსიქოლოგიაში, არსებითად წინაისტორიაა მხოლოდ. ბუჟუაზიულ მეცნიერებაში ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების აგება იდეალისტური ფილოსოფიის ყალბი მეთოდოლოგიის საფუძველზე იყო ნაცადი. ამიტომ დამთავრდა სრული კრახით ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის ისტორია.

მეცნიერული ფსიქოლოგიის განვითარებისათვის აუცილებელი წინამძღვრები უდიდესი რევოლუციური გადატრიალებით – მარქსიზმის აღმოცენებით შეიქმნა. გასაგებია, რომ ამ წინამძღვრებს გვერდი აუარა ბურჟუაზიულ მეცნიერებაში ფსიქოლოგიის განვითარებამ. ამიტომაც განიცდის დღეს ბურჟუაზიული ფსიქოლოგია კრიზისს. ბურჟუაზული ფსიქოლოგიის განვითარების გზები საბოლოოდ ჩამოსცილდა მეცნიერების განვითარების გზებს. ბურჟუაზიული ფსიქოლოგია დღეს ფიდეიზმს, რეაქციასა და ხუცობას ემსახურება. მხოლოდ ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებამ, სოციალისტური საზოგადოების მშენებლობამ, რომლის ძირითადი ამოცანა სწორედ ადამიანი და მისი მზარდი მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა, შექმნა ნამდვილი პირობები ადამიანისა და მისი შეგნების შესახებ მეცნიერების, ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის მარქს-ენგელს-ლენინის ფილოსოფიური მატერიალიზმის საფუძველზე.

აი, ამ ახალი მოწინავე საბჭოური ფსიქოლოგიის სისტემის შექმნაში გარკვეული ადგილი უჭირავს დიმიტრი უზნაძეს. მის პირველ ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს (1922-1925) ნათლად ემჩნევა ავტორის ძირითადი ტენდენცია – გადალახულ იქნას კარჩაკეტილობა „წმინდა განცდის” ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის სუბიექტივიზმში. ეს გამოკვლევები ეხება „ბავშვის სასწავლო საგნებისადმი ინტერესს” (1924) „სასწავლო საგნებისადმი ინტერესის მოტივებს” (19124), „ლიტერატურას როგორც ფსიქოლოგიურ დოკუმენტს” (1924), „სახელდების ფსიქოლოგიურ საფუძვლბს” (1923) და ა. შ. მათ ერთი ძირითადი ტენდენცია ახასიათებთ: ფსიქიკური პროცესები წარმოდგენილია რარა როგორც განმცდელი ინდივიდის შინაგანი სამყაროს სუბიექტური პროცესები, არამედ როგორც კონკრეტული მოქმედების განუყრელი მხარეები, ამ გამოკვლევებში შესწავლილია ფსიქიკურ პროცესთა ფორმები მოქმედების სხვადასხვა სახეებში (სწავლაში, მხატვრულ მოქმედებაში, მეტყველებაში და ა. შ.).

ცნობიერებისა და მოქმედების ერთიანობის პრინციპი, პრინციპი ფსიქიკურის შესწავლისა იმ მოქმედებასთან კავშირში, რომელშიც ის მოცემულია და ყალიბდება, საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპად იქცა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნული გამოკვლევები უთუოდ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს საბჭოთა ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის.

დიმიტრი უზნაძის გამოკვლევაში „მნიშვნელობის წვდომის პრობლემებისათვის” (1927) ექსპერიმენტულად დასაბუთებულია ძირითადი მნიშვნელობის დებულება – აღქმაში საგნის ცნობიერების წამყვანი მნიშვნელობის შესახებ. ამ გამოკვლევის შედეგები მოსმენილი იყო მე-8 ინტერნაციონალურ კონგრესზე 1927 წელს. ამ გამოკვლევამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში.

განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი დიმიტრი უზნაძის გამოკვლევებში სწავლისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები. აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიაში პირველად ექსპერიმენტულად მან იკვლია სისტემატურად ბავშვის ცნებით აზროვნების განვითარება. ფართოდაა ცნობილი მისი შრომები: „დაჯგუფების ცდები სკოლისწინარე ასაკის ბავშვებზე” (1929) და „ცნების შემუშავება სკოლისწინარე ასაკში”. მან პირველად გადალახა ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში გავრცელებული ყალბი გზა ბავშვის აზროვნების კვლევისა და სახელმძღვანელო პრინციპად ის შეხედულება მიიღო, რომ სიტყვა ადამიანთა ურთიერთგაგებინებსი საშუალებაა და რომ „ცნების შემუშავებისას ეს გარემოება გადამწყვეტ როლს თამაშობს”. „ეს ფუნქციონალური მომენტი რომ არ ყოფილიყო, – წერდა დიმიტრი უზნაძე, – ვერც ერთი ბგერათა კომპლექტი ვერ გახდებოდა მნიშვნელობის მატარებლად და ვერც ცნება გაჩნდებოდა”. დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნის ორიგინალური მეთოდი ბავშვის ცნებითი აზროვნების კვლევისა, აზროვნების ფსიქოლოგიის შესახებ მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელობის მქონე თითქმის ყველა შრომაში, რომელიც გამოქვეყნებული იყო როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დიმიტრი უზნაძის ცნებითი აზროვნების კვლევის მეთოდი იმითაა ორიგინალური, რომ იყენებს „დახმარების” გზას, რისი მეშვეობითაც ხდება ცნებითი აზროვნების შესწალა მის დინამიკაში, პედაგოგიური შემოქმედების პირობებში.

ეს პრინციპი შემდგომში საბჭოთა ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან პრინციპად იქნა აღიარებული. მასში ჩანს, თუ როგორ არის წარმოდგენილი საბჭოთა მეცნიერებაში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობა. ფსიქოლოგიურ გამოკვლევას მაშინ ექნება მნიშვნელობა პედაგოგიკისათვის, როდესაც პირველის შედეგები ორგანულად დაუკავშირდება პედაგოგიური პროცეისს კანონზომიერებებს, როდესაც ფსიქოლოგია ფსიქიკურ პროცესს შეისწავლის პედაგოგიური ზემოქმედების პირობებში, ე. ი. გამოიკვლევს დინამიკას ფსიქიკური პროცესისა, იმას, თუ რა კანონზომიერებები ახასიათებს ფსიქიკური მოქმედების განვითარებას. დიმიტრი უზნაძემ სწორედ ასეთი ხასიათი გამოკვლევა ჩაატარა ბავშვის აზროვნებისა და ამიტომაც ჰქონდა ამს გარკვეული მნიშვნელობა სკოლამდელი პედაგოგიკისათვის. ამ გამოკვლევებით დადატურდა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს არა აქვს ნამდვილი ცნება, არამედ აქვს ცნების „ფუნქცოინალური ეკვივალენტი”. სკოლამდელ ასაკში ყალიბდება ცნებითი აზროვნების მთავარი პრინციპები: აბსტრაქციის გზით ანალიზი და ცნობიერი სინთეზი. მართალია, ცნებითი აზროვნება ამ პერიოდში წამყვან როლს არ თამაშობს, მაგრამ განვითარების ამ საფეხურზე იმყოფება, რომ პედაგოგიური ზემოქმედების პირობებში იგი ასეთ როლს შეასრულებს. ამ და სხვათა გამოკვლევების საფუძველზე დიმიტრი უზნაძემ ნათელი ფსიქოლოგიური ანალიზი წარმოადგინა ბავშვის სასკოლო სწავლებისათვის მზადყოფნის შესახებ 7 წლის ასაკში, ამავე საკითხზე იგი მოხსენებით გამოვიდა პედაგოგიკის საკითხებზე ჩატარებულ ამიერკავკასიის თათბირზე 1947 წელს.

დიმიტრი უზნაძე თავის გამოკვლევებში სწავლის ფსიქოლოგიური ბუნების განხილვისას იმ დებულებას ავითარებს, რომ სწავლის შემთხვევაში აქტივობის ამოცანა თვით აქტივობის დაუფლება და არა რომელიმე სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საგულისხმოა დიმიტრი უზნაძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სწავლა სწავლის საგნის „ობიექტივაციას” გულისხმობს, ე. ი. საგნის მისი სუბიექტური მიმართულებისაგან დამოუკიდებელ თვისებებში არსებობის გაცნობიერებას, იმის გაცნობიერებას, რომ ცოდნის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლისა და სკოლის მეშვეობით საზოგადოებრივი გამოცდილების დაუფლებით.

დიმიტრი უზნაძემ სპეციალურ გამოკვლევაში („მოსწავლის ტექნიკურუი აზროვნება”, 1942) დაადასტურა, რომ მთელი სასკოლო პერიოდი სმანძილზე ტექნიკური აზროვნება განუხრელად იზრდება და ამასთანავე გადი სთვისობრივად განსხვავებულ საფეხურებს. მასვე ეკუთვნის მრავალი წერილი პედაგოგიური ფსიქოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე (დისციპლინის აღზრდის, ყურადღების აღზრდისა და სხვ.). ეს წერილები იბეჭდებოდა ჟურნალში „კომუნისტური აღზრდისათვის”. სწავლის გარდა დიმიტრი უზნაძის გამოკვლევის საგანს მოქმედების სხვა სახეების ფსიქოლოგიური საკითხებიც შეადგენს. რიგი მისი გამოკვლევებისა ეხებოდა საწარმოო შრომის, მეტყველების, თამაშის, ესთეტიკური ტკბობის ფსიქოლოგიის საკითხებს. დიმიტრი უზნაძემ წამოაყენა თამაშის ორიგინალური თეორია, რომლის მიხედვით თამაშის ფსიქოლოგიური ბუნება ფუნქციობის ტენდენციაში მდგომარეობს. 7 წლის ასაკამდე ბავშვის თამაშის სახეების სისტემატური კვლევა წარმოდგენილია დიმიტრი უზნაძის „ბავშვის ფსიქოლოგიაში”.

მის გამოკვლევებში არა მაროტ ახლებური გაშუქება ჰპოვა ფსიქოლოგიის ცნობილმა პრობლემებმა, არამედ წამოყენებულ იქნა სრულიად ახალი პრობლემები. დიმიტრი უზნაძისათვის, რომელმაც თავიდანვე მიზნად დაისახა ფსიქიკური პროცესები განუყრელ ერთიანობაში შეესწავლა მოქმედების კონკრეტულ სახეებთან, მალე გახდა ნათელი, რომ მეცნიერული ფსიქოლოგიის აგება ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის სუბიექტივისტურ-იდეალისტური მეთოდოლოგიის საფუძველზე სრულიად შეუძლებელია.

მარქსიზმ-ლენინიზმის ფუძემდებელთა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მემკვიდრეობის შემოქმედებითი ათვისების შედეგად, დიმიტრი უზნაძე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო საბჭოთა ფსიქოლოგებს შორის, რომელმაც თავისი კრიტიკის მახვილი მიმართა ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის იმ ყალბი ამოსავალი პოსტულატის წინააღმდეგ, რომელიც შეუძლებელ სხდიდა ფსიქოლოგია გამხდარიყო, როგორც მარქსი ამბობდა, „ნამდვილად შინაარსიანი და რეალური მეცნიერება”. ფსიქიკურის რომელიც თითქოს „თავის თავში დასაბუთებული”, „წმინდა სუბიექტურის სფეროა”, „თითქოს ფსიქიკის განვითარების ერთადერთ წარმმართველ ძალას თვით ფსიქიკა წარმოადგენს” (დ. უზნაძე). ამ იდეალისტურ პოსტულატს დიმიტრი უზნაძემ „უშუალობის პოსტულატი” უწოდა. იგი იმოწმებს მარქსისა და ენგელსის იმ ცნობილ დებულებას, რომ იდეალისტური ფსიქოლოგია გამოდის „ცნობიერებიდან, როგორც ცოცხალი ინდივიდიდან”, იმის ნაცვლად, რომ გამოდიოდეს ნამდვილი ცოცხალი ინდივიდიდან და ცნობიერება განიხილოს, როგორც მათი ცნობიერება და ამის საფუძველზე დაასკვნის, რომ ფსიქიკური „თავის თავში დასაბუთებული” სინამდვილე კი არ არის, არამედ მეორადია. ფრიდრიხ ენგელსის იმ ცნობილი დებულების საფუძველზე, რომ მარქსიზმის ამოსავალია „ბუნების შეცვლა ადამიანის მიერ და არა ბუნება, როგორც ასეთი”. დიმიტრი უზნაძე წერდა: „ფსიქიკური განვითარების ძირითად წყაროს სწორედ ცოცხალის, რეალურის, ისტორიული ადამიანის პრაქტიკა, ანუ სინამდვილესთან ურთიერთობა წარმოადგენს”.

როგორც აღვნიშნეთ, დიმიტრი უზნაძის გამოკვლევები თავიდანვე იქით იყო მიმართული, რომ ფსიქიკური პროცესები მოქმედების კონკრეტული სახეების მიხედვით შეესწავლა. მოქმედების ცნება საბჭოთა ფსიქოლოგიის ამოსავალ ცნებებს ეკუთვნის. დიმიტრი უზნაძემ თავის გამოკვლევაში „განწყობა, როგორც კონკრეტული ფსიქოლოგიის ამოსავალი ცნება” ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედების ცნება არ შეიძლება გავიგოთ, როგორც ფსიქიკურ ფუნქციათა უბრალო ჯამი. მოქმედება თავისი საკუთარი მხარეების შემცველია და ამდენად საკუთარ ცნებებშიაც უნდა გამოიხატოს. მაგრამ მოქმედება არც პიროვნებისაგან შეიძლება იყოს მოწყვეტილი, მოქმედება ადამიანის პიროვნების მოქმედებაა. მოქმედების ცნება პიროვნების ცნებასთან განუყრელ ერთიანობაში უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთანავე მოქმედების ეს მხარეები არ უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ისეთი სტრუქტურული მომენტები, რომლებიც თავისთავად განსაზღვრავენ ფსიქიკურის კანონზომიერებას; ისინი ფსიქოლოგიური „ფომებია” ფსიქიკური აქტივობის განსაზღვრულობისა მოქმედების მატერიალური პირობებით. მოქმედების მატერიალური პირობები, დიმიტრი უზნაძის მიხედვით, მოთხოვნილება და გარემოა. იგი აყენებს საკითხს მოქმედების მატერიალური პირობების ურთიერთზემოქმეების ფსიქოლოგიური შინაარსის შესახებ, რის საფუძველზედაც აღმოცენდება ფსიქიკური აქტივობის ესა თუ ის ფორმა. აი, ამ ფსიქოლოგიური შინაარსის გამომსახველ ცნებად იყო წარმოდგენილი დიმიტრი უზნაძის მიერ განწყობის ცნება – ყოველი მოქმედება, ფსიქიკური აქტივობა მიმართულია გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ გაკვეულ გარემოში. აი, მოქმედების, აქტივობის ამ მატერიალური პირობებით (მოთხოვნილებით და გარემოთი) განსაზღვრულ მიმართულებას, როგორც მთლიანი პიროვნული ხასიათის მქონე რაობას – მიმართულებას გარკვეული მოქმედებისაკენ, დიმიტრი უზნაძე უწოდებს განწყობას. განწყობა მოქმედების ძირითადი თავისებურებაა. განწყობა ფსიქოლოგიური ფორმაა ფსიქიკური აქტივობის განსაზღვრულობისა მოქმედების მატერიალური პირობებით. განწყობის ეს ცნება ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში შემოიტანა დიმიტრი უზნაძემ. განწყობის ცნება ნამდვილად კონკრეტული ფსიქოლოგიის ცნებაა, ფსიქოლოგიის, რომელიც ცნობიერებიდან კი არ აოდის, როგორც ცოცხალი ინდივიდიდან, არამედ გამოდის ნამდვილი რეალური, ცოცხალი ინდივიდიდან და ცნობიერებას მხოლოდ როგორც მათ ცნობიერებას განიხილავს. განწყობის სახით დიმიტრი უზნაძემ ადამიანის პიროვნების მოქმედების დამახასიათებელი სრულიად ახალი ცნება შემოიტანა ფსიქოლოგიაში.

განწყობის ცნება ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში დიმიტრი უზნაძის სპეციფიკურ პრობლემად ითვლება. ეს ასე არის ცნობილი, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე ის ფარგლებგარეთაც.

მეცნიერების სფეროში ის შედის, რისი კვლევის მეცნიერული მეთოდიც არსებობს. დიმიტრი უზნაძემ განწყობის კვლევის ექსპერიმენტული მეთოდიც აღმოაჩინა და ამით განწყობა ფსიქოლოგიური მეცნიერების ძიების სფეროში მოაქცია.

დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით მრავალი წლის განმავლობაში წარმოებდა განწყობის ექსპერიმენტული შესწავლა, რის შედეგადაც შეიქმნა სრულიად ახალი თავი ფსიქოლოგიაში – განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომლის მონაცემები განზოგადებულია დიმიტრი უზნაძის მონოგრაფიაში „განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1949). ეს იყო დიმიტრი უზნაძის უკანასკნელი წიგნი. ხანგრძლივი ექსპერიმენტული შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა მთელი რიგი თავისებურებისა და კანონზომიერებისა, რომლებიც ახასიათებს განწყობის აღმოცენების, მიმდინარეობისა და ჩაქრობის პროცესს. დიმიტრი უზნაძის მონოგრაფიაში განწყობის ექსპეირმენტული ფსიქოლოგიის შესახებ წარმოდგენილია განწყობის ზოგადი, დიფერენციალური და პათოლოგიური ფსიქოლოგია. ეს მონაცემები აშკარად მოწმობენ, რომ განწყობა სრულიად თავისებური სფეროა ფსიქიურისა, რომელიც დიმიტრი უზნაძის გამოკვლევებამდე არ ყოფილა შესწავლილი ფსიქოლოგიაში. პირველი გამოკვლევა განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ დ. უზნაძემ გამოაქვეყნა რუსულად ჟურნალ«Психология»-ში. განწყობის ფსიქოლოგიის მიმარტულებით მის მეირ ჩატარებული მუშაობის შედეგზე პირველად მოხსენებით გამოვიდა დიმიტრი უზნაძე პედაგოგიკური მეცნიერების საკავშირო კონფერენციაზე მოსკოვში 1941 წელს. ამ მოხსენებამ მონაწილეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

განწყობის ფსიქოლოგიასაც ჰქონდა თავისი განვითარების ისტორია. როგორც ყოველი რთული პრობლემის შესწავლისას, ამ შემთხვევაშიც ექსპერიმენტული მონაცემების განზოგადება არ მიმდინარეობდა გადახვევების, შეცდომებისა და დაუზუსტებელ პოზიციებზე დგომის გარეშე. მაგრამ ის, რაც ჩამოყალიბდა როგორც განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის დადბითი მონაცემები, საბჭოთა ფსიქოლოგიის უთუოდ მნიშვნელოვან მონაპოვართა რიგს მიეკუთვნება.

დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო მუშაობა იმაზე შეწყდა, რომ იგი მიზნად ისხავდა განწყობის ფსიქოლოგიის მონაცემების შესწავლას უმაღლესი ნერვული მოქემდების შესაებ ი. პ. პავლოვის მოძღვრების შუქზე.

მეცნიერული ფსიქოლოგიის ისტორია საქართველოში დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის სახელთან არის დაკავშირებული. დიმიტრი უზნაძის დიდ დამსახურებას საბჭოთა ფსიქოლოგიური მეცნიერების წინაშე ნათლად მოწმობს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისათვის დიმიტრი უზნაძის სახელის მინიჭების შესახებ.