‍გიორგი უთურგაული (1851-1897)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

uturgauli gi43გიორგი გრიგოლის ძე უთურგაული დაიბადა 1851 წელს სოფელ ახიელში, ხევსურეთში. მშობლებს გადაუწყვეტიათ პატარა გიორგისათვის სწავლა-განათლება მიეცათ და ამ მიზნით მიუბარებიათ თიანეთის პირველდაწყებით სკოლაში, რომელიც დაუმთავრებია 1863 წელს.

1864 წელს გიორგის სწავლა გაუგრძელებია თბილისის სასულიერო სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებელი გიორგი უთურგაულმა დაასრულა 1867 წელს. იმ ხანებში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად იყო დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი. უეჭველია, გიორგიმ განიცადა „დედა ენის” ავტორის კეთილისმყოფელი გავლენა. იმავე წელს გიორგი უთურგაული შევიდა სასულიერო სემინარიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ თომა ტურიაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე და სხვები, რომლებმაც მოსწავლეებს ქართული ლიტერატურა შეაყვარეს და საქართველოსა და ხალხის სამსახურის კეთილშობილური გრძნობა გულში ჩაუნერგეს.

გიორგი უთურგაული ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, კითხულობდა ძალიან ბევრს, დაახლოებული იყო მოწინავე მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან და მუდამ მათ წრეში ტრიალებდა. იაკობ გოგებაშვილის ბინაზე ის სხვა მოსწავლეებთან ერთად გაეცნო ჩვენი ქვეყნის ბევრ შესანიშნავ მოღვაწეს, რომლებმაც, ეჭვი არაა, სეიმნარიელი ახალგაზრდები სალიტერატურო ასპარეზზე მუშაობისათვის წააქეზეს.

მათი გავლენით ახალგაზრდებმა დაიწყეს ხელნაწერი ჟურნალის „შრომის” გამოცემა. გიორგი უთურგაული ამ ჟურნალის რედაქტორი იყო. მასში თანამშრომლობდნენ აგრეთვე შემდეგში ცნობილი მოღვაწეები: სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური, ი. ბაქრაძე და სხვ.

სასულიერო სემინარია გიორგი უთურგაულს არ დაუმთავრებია. მეოთხე კლასში მას ერთ-ერთ მასწავლებელთან წერითი ნამუშევრის (თხზულების) ირგვლივ მოსვლია მწვავე შეტაკება, რასაც მისი სემინარიიდან გარიცხვა მოჰყვა (1871).

ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდა სასოწარკვეთილებას არ მიეცა და იმავე წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო სკოლაში.

ამ სკოლაში მაშინ მასწავლებლად იყო ნიკოლოზ ისაკის ძე ცისკარიშვილი, რომლის დახმარებით გიორგი უთურგაული შევიდა სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1875 წელს.

სამასწავლებლო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დაიწყო მასწავლებლობა მოზდოკის (ჩრდილო კავკასია) საქალაქო სასწავლებელში და მალევე დაიმსახურა გამოცდილი პედაგოგის სახელი. ამავე დროს აქტიურ საზოგადოებრივ და რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა მუშაობას ეწეოდა. საქართველოში მყოფ ხალხოსნებს მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და მისი მეშვეობით უკავშირდებოდნენ ჩრდილო კავკასიაში მომუშავე რევოლუციონერესბ. 1878 წელს ხალხოსანთა მეორე დაპატიმრების დროს, გიორგი უთურგაული მოზდოკში გაჩხრიკეს და დაატუსაღეს, როგორც ჩანს, ცოტა ხნით, მაგრამ მასწავლებლობიდან მაინც მოხსნეს.

1878 წელს გიორგი უთურგაული თბილისში დაბრუნდა. 1878-79 წლებში ის აქტიურად თანამშრომლობდა ნიკო ნიკოლაძის „ობზორში” და გაზეთ „დროებაში”. უმთავრესად აშუქებდა სწავლა-განათლების საკითხებს, ამავე დროს არ შეუწყვეტია რევოლუციურ-ხალხოსნური მუშაობა.

1879 წელს გიორგი უთურგაული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს, ხოლო 1880 წლის 20 იანვარს გამგეობის წევრად.

1881 წელს დანიშნეს ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1884 წლის სექტემბრიდან გადავიდა ხონის საოსტატო სემინარიაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, მაგრამ გულით დაავადებული გიორგი უთურგაული 1897 წელს იძულებული შეიქნა ხონში მასწავლებლობისათვის თავი დაენებებინა და თელავში გადასული საცხოვრებლად. მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლია და იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სიღნაღში.

გიორგი უთურგაული, როგორც ზევით აღვნიშნეთ, თავის წერილებში სწავლა-აღზრდის საკითხებს ეხებოდა და მათ პროგრესული თვალსაზრისით აშუქებდა.

1878 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩატარდა მასწავლებელთა ყრილობა. ყრილობაზე წამოჭრილ და განხილულ საკითხებს გიორგი უთურგაული მახვილ ანალიზს უკეთებდა და ფრიად მნიშვნელოვან მოსაზრებებს გამოთქვამდა. ამავე დროს, ყრილობის მთელი საქმიანობის (გაკვეთილები, გეგმები, პროგრამები) ვრცელ ანგარიშებს ნიკო ნიკოლაძის გაზეთ „ობზორში” აქვეყნებდა. ის მკაცრად აკრიტიკებდა მასწავლებელთა შაბლონურ მუშაობას და მოითხოვდა ყოველი გაკვეთილი შემოქმედებითი ყოფილიყო. ამას გარდა, სასტიკად ილაშქრებდა უაზრო ზეპირობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინდელ სკოლებში. იგი წერს: „არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ერთი ძლიერი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება, რომელსაც ადგილი აქვს სხვა საგნების სწავლების დროსაც ჩვენს სოფლის სკოლებში. სახელდობრ: გაკვეთილების ზეპირად დასწავლა – არა ლექსებისა ან სხვა რამ ნაწყვეტებისა, არამედ მთელი ისტორიისა. დაგვეთანხმებით, რომ სიტყვასიტყვით გამეორება ყოველგვარი თვალსაჩინოების გარეშე მოცემული ისტორიისა მშრალია და საზიანო გავლენას ახდენს ბავშვებზე. მთელი საათი დაჰკარგა მასწავლებელმა იმაში, რათა ბავშვებს ზეპირად ესწავლათ ექვსი წინადადება”.

დასასრულ, გიორგი უთურგაულის მისწრაფებათა და შეხედულებათა დასახასიათებლად საინტერესო მასალას წარმოადგენს მისი წერილი «К вопросу о семинарских историях». წერილი მიმართულია შავრაზმელ კერსკის წინააღმდეგ, რომელმაც 1873-74 წლებში ჩაატარა სასულიერო სემინარიის რევიზია, არსაც მოჰყვა სემინარიიდან იაკობ გოგებაშვილის დათხოვნა. კერსკი, სხვათა შორის, სარევიზიო ანგარიშში, რომელიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოვიდა, აბუჩად იგდებდა ქართველ მასწავლებლებს და უდიდეს დანაშაულად თვლიდა, რომ სემინარიელები კითხულობდნენ პისარეის, ბელინსკის, დარვინის, ბოკლის, დრეპერის თხზულებებს.

გიორგი უთურგაულს დადებით მოვლენად მიაჩნდა, რომ სემინარიელები პროგრესულად მოაზროვნე ავტორების წიგნებს კითხულობდნენ და აკრიტიკებდა სემინარიის ზოგიერთი მასწავლებლის სქოლასტიკურ გაკვეთილებს.

აი, რას წერს იგი ამ საკითხთან დაკავშირებით: „სერიოზული წიგნების კითხვის გაძლიერებას, მათ გავლენას სემინარისტების ჭკუა-გონებაზე და უარყოფითი დამოკიდებულების გამომუშავებას სკოლური სქოლასტიკისადმი, მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მაშინდელი რუსული ჟურნალისტიკის ერთი ფრთა, განსაკუთრებით ორი ჟურნალი.

კრიტიკული, პუბლიცისტური და ეკონომიკური სტატიები, რომელთაც მიზნად ჰქონდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საკითხების პოპულარიზაცია, ხარბად იკითხებოდა, რაც მხოლოდ იმათთვისაა გასაგები, ვინც თავის თავზე აგმოსცადა სემინარისი ზოგიერთი მასწავლებლის „ლექციების” ზემოქმედება. სემინარიელები „სოვრემენიკის” ნიჭიერ თანამშრომლებს თავისიანებს უწოდებდნენ, გატაცებული იყვნენ მათი აზრებით, ცხოვრობდნენ მათი ტრადიციებით. ამ მწერალთა ზეგავლენით მათ დააარსეს თავისი ორგანო სასკოლო ჟურნალი „ხმა უდაბნოდან” («Глас из пустыни»), რომელშიც ათავსებდნენ თავიანთ წერილებს და შექმნეს საკუთარი ბიბლიოთეკა. მე აქამდე არ შემიძლია დავივიწყო ერთი საინტერესო შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პისარეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მოსწავლე შეიკრიბა ერთ დიდ ოთახში. ერთი მათგანი შეხტა მაგიდაზე და დაიწყო ხმამაღალი კითხვა, მგონი „დელოდან” პისარევის დასაფლავების აღწერისა. მან ვერ შეძლო დამთავრება – ცრემლები მოადგა თვალებზე და შემდეგ, როცა მეორე მოსწავლემ დაამთავრა კითხვა, ყველა მსმენელი უმოძრაოდ და გაყუჩებულ მდგომარეობაში იდგა დაახლოებით მეოთხედი საათის განმავლობაში”.

გიორგი უთურგაულის აზრით, სემნარიელების მიდრეკილება და საქციელი სავსებით გამართლებულად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც „გაბრუებული მასწავლებლის ლექციებით, რომლებიც შეეხება ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფილოსოფიის ყველაზე უფრო მაღალ საგნებს, მოთავსებული ყველაზე უფრო ღარიბულ და ბინძურ გარემოში, სემინარიის მოსწავლე მისდევს სერიოზლუი, შინაარსიანი წიგნების კითხვას და ამაში პოულობს სასიამოვნო მოსვენებას, უმაღლეს გონებრივ და ზნეობრივ დაკმაყოფილებას”.

გიორგი უთურგაულს, როგორც უაღრესად ობიექტურ და კეთილსინდისიერ პედაგოგს, საუკეთესოდ ახასიათებს ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც გადმოგვცემს მისი ყოფილი მოსწავლე ხონის სამასწავლებლო სემინარიიდან, შედეგში ცნობილი პოლიტკატორღელი მასწავლებელი ალექსანდრე (სანდრო) ჩხეტია.

ალექსანდრე ჩხეტიას ძალიან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონია თავის მასწავლებელთან. მის საცდელ გაკვთილს სხვებთან ერთად გიორგი უთურგაულიც დასწრებია, მაგრამ ავადმყოფობის გამო გაკვეთილის გარჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. ალექსანდრე ჩხეტიას გაკვეთილი სხვა დამსწრე მასწავლებლებმა და მოსწავლეთა უმრავლესობამ სუსტად შეაფასეს. ალექსანდრე ჩხეტიას განუცხადებია, რომ ქართული ენის მასწავლებლის გიორგი უთურგაულის დასკვნის გარეშე მათ შეფასებას დამაჯერებელი ძალა არა აქვსო და მოუთხოვია მოესმინათ მასწავლებლის აზრი. „თუმცა, – წერს სანდრო ჩხეტია, – არც მე და არც სხვა დამსწრეები არ ვვარაუდობდით, რომ გიორგი უთურგაული დადებით შეფაებას გამოგზავნიდა”.

გიორგი უთურგაულისაგან გამოგზავილმა შვეიცარმა კომისიის თავმჯდომარეს გადასცა შემდეგი წერილი: „აზრი გ. უთურგაულისა ა. ჩხეტიას გაკვეთილზე”.

„ჩხეტიამ დაუშვა ორი მეთოდური და ერთი დიდაქტიკური შეცდომა. დანარჩენში გაკვეთილი იყო საინტერესო. მოწაფეები გაკვეთილით ძლიერ დაინტეესებულნი იყვნენ, გადასვლები ხდებოდა თავის დროზე, არც ერთ განყოფილებაში არ ყოფილა ცოტა ხნითაც კი უყურადღებოდ დატოვებული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ I განყოფილებაში წერა ტაქტის ქვეშ პირველად იყო წარმოებული ამ გაკვეთილზე, რაც კარგად იქნა შესრულებული.

ჩემი აზრით, ჩხეტიას გაკვეთილი ღირსია შეფასდეს ნიშნით „4”.

„შემდეგში ეს ნაწერი, – აღნიშნავს მოგონების ავტორი, – მე ჩავიგდე ხელში და დღესაც ვინახავ, როგორც საბუთს გამოჩენილი პიროვნებისა და მასწავლებლის მიუდგომლობისა”.

ასეთი შესანიშნავი თვისებებითა და პროგრესული შეხედულებებით იყო აღჭურვილი ნიჭიერი მასწავლებელი გიორგი უთურგაული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის სამსახურს შესწირა.