‍პარმენ თვალჭრელიძე (1866-1919)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

tvalchrelidze pa39ნიჭიერი პოეტი და მასწავლებელი პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძე, რომელიც ცახელის ფსევდონიმითაა ცნობილი, დაიბადა 1866 წლის 14 მაისს სოფელ ცახში, რაჭაში. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა. 9 წლისა იყო, როცა ქუთაისის სასულეირო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო.

1876 წელს პარმენი მისმა უფროსმა ძმამ ანტონ თვალჭრელიძემ, რომელიც სტავროპოლის გუბერნიაში ქ. მოზდოკის ექვსკლასიან სამოქალაქო სკოლაში მასსწავლებლობდა, თავისთან წაიყვანა და აღნიშნული სკოლის კურსი დაასრულებინა. 1881-1882 წლებში პარმენი რაჭაში დაბრუნდა.

1883 წელს ჟურნალ „მნათობში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი.

ლიტერატურული დებიუტი წარმატებით ჩატარდა. „დედა ენის” დაუვიწყარმა ავტორმა, დიდმა ქართველმა პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილმა, საფუძვლიანად გაარჩია „ნობათის” პირველი და მეორე ნომერი და ცახელის ლექსს მაღალი შეფასება მისცა.

მალე ახალგაზრდა მგოსანი, რომელსაც აკაკი წერეთელი დიდ მზრუნველობას უწევდა, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და სისტემატურად თანამშრომლობდა „ნობათთან”, „დროებასთან”, „თეატრთან”, „კვალთან” და სხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

თბილისში ყოფნის პერიოდში პარმენს განუზრახავს მასწავლებლობის უფლების მისაღები გამოცდების ჩაბარება, მაგრამ რაღაც მიზეზებით ეს მიზანი ვერ განუხორციელებია. შემდეგში, როდესაც მისი ძმა ანტონი სტავროპოლის სახალხო სკოლების ინსპექტორად დანიშნეს, პარმენი ძმასთან გაემგზავრა და მისი დახმარებითა და მზრუნველობით ჩააბარა სათანადო გამოცდები, რითაც მასწავლებლობის უფლება მოიპოვა. პედაგოგიური მოღვაწეობა პარმენ თვალჭრელიძემ დაიწყო სტავროპოლის გუბერნიის სოფელ ბეშბაგირის სკოლაში, სადაც ერთი წელი მასწავლებლობდა. ერთი წლის შემდეგ იგი გაემგზავრა ქ. მოსკოვს და პეტროვ-რაზუმოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში შევიდა უმაღლესი აგრონომიული ცოდნის მისაღებად. ოჯახური პირობების გამო კურსი არ დაუსრულებია და სამშობლოში დაბრუნდა. პირველ ხანებში ის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. 1903 წლიდან კი მასწავლებლობდა ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას.

პარმენ თვალჭრელიძეს 1919 წლის 21 აგვისტოს, ქუთაისის მახლობლად, თავს დაესხნენ ბოროტმოქმედნი და ჯერ კიდევ ენერგიით სავსე პოეტი და მასწავლებელი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ცახელი თავის დროზე პროგრესულ იდეებს ქადაგებდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. კერძოდ, 1905 წლის რევოლუციის დროს თავის ბინაში მალავდა რევოლუციონერებს, ავრცელებდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ პროკლამაცვიებსა და წიგნებს, ინახავდა იარაღს და სხვა.

რეაქციის დროს, როდესაც გაბოროტებული მეფის მთავრობა თავისუფლებისათვის მებრძოლთა წინააღმდეგ საშინელ რეპრესიებს მიმართავდა, არც ცახელი დაუტოვებიათ დაუსჯელი. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სისხლისმსმელმა რაზმებმა გადაწვეს სოფელი ცახი და ფერფლად აქციეს, მათ შორის პოეტის სახლი. მაგრამ პარმენ თვალჭრელიძეს არასოდეს უღალატია თავისი შეხედულებებისათვის და სიკვდილამდე სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეო სამსახურს ეწეოდა.

მას, როგორც მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებში უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოპოვებული.

1915 წელს პოეტის ერთი ნამოწაფარი გაზეთ „სამშობლოში” იგონებდა: „ერთხანს, როცა კლასიკურ გიმნაზიაში გამეფებული იყო რეაქცია და მთელი მოწაფეები განვიცდიდით ტანჯვასა და სულიერ წამებას, აი, ამ დროს მოგვევლინა ქართული ენის მასწავლებელი ცახელი, რომელმაც მალე მოხიბლა ქართველი მოსწავლეების გული. იმ დროს იშვიათი იყო ისეთი მასწავლებელი, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე საუბარი გაემართა მოწაფეებთან, რადგან დიდი შიში ჰქონდათ გიმნაზიის მთავრობისა. თვით ქართული ენის მასწავლებელნი გიმნაზიის მმართველის დანახვაზე გაკვეთილების დროს კანკალებდნენ და შიშისაგან ნერვები ეშლებოდათ (აქ მხედველობაში არ მყავს განსვენებული მელიტონ ჩოგოვაძე). აბა, მითხარით, ამგვარ მასწავლებელს მაშინ, კუსტინოვიჩის ხანაში, როგორ შეეძლო ხმა ამოეღო და სხვა კერძო რამეზე დაეწყო საუბარი მოსწავლეებთან.

თუმცა ცახელს კუსტინოვიჩის ხანაში მოუხდა მოღვაწეობა, მაგრამ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ის მაინც უშიშრად ასრულებდა თავის მოვალეობას.

კვირა-უქმეებში ქართველ მოსწავლეებს უყრიდა თავს გიმნაზიის დარბაზში, ხან თავის სახლში და წყნარად, ქართულ ტკბილ ენაზე ესაუბრებოდა ქართველი ერის წარსულზე, ამწყოსა და მომავალზე მისმა ასეთმა ქცევამ მთელი მოსწავლეები აამოქმედა, აამოძრავა და ყველამ სამშობლოს ენისა და ლიტერატურის შესწავლას მოჰკიდა ხელი”.

იმავე გაზეთმა (1915, №206) გამოაქვეყნა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა ერთი ჯგუფის წერილი. სხვათა შორის მოსწავლეები წერდნენ: „განა მარტო იმსიათვის გვიყვარს პეოტი, რომ გრძნობით სავსე ლექს-პოემებს გვაწვდის? არა, მარტო ამისათვის არ გვიყვარს იგი. უნდა ნახოთ ცახელი, როდესაც ბავშვები სიყვარულით გარს ეხვევიან მას და ისიც ნელის ღიმილით, წყნარი, სასიამოვნო ხმით ებაასება მათ.

უნდა ნახოთ, რა სულგანაბულად უგდებენ მას ყურს მოსწავლეები, როდესაც იგი ხსნის ახალ გაკვეთილს, რა ცეცხლი ბრწყინავს მის თვალებში, როდესაც ის გრძნობს, რომ აფართოებს ბავშვების შეგნებას.

ყველაფერი ეს უნდა ნახოთ და, მაშინ შეგიყვარდებათ პოეტი, მაშინ დააფასებთ მას, როგორც პედაგოგსა და ადამიანს”.

პარმენ თვალჭრელიძეს სპეციალურად პედაგოგიურ საკითხებზე არ უწერია. ის იყო პრაქტიკულად მომუშავე მასწავლებელი, დახელოვნებული და თავისი საგნისა და საქმის გულწრფელად მოყვარული. მაგრამ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას შეეხებოდა, მას ყოველთვის გამოუთქვამს თავისი აზრი და პროგრესულად მოაზროვნე და მოწინავე საზოგადო მოღვაწეებს გვერდში ამოსდგომია ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი მტკივნეული საკითხი თვითმპყრობელობის დროს იყო ქართული ენის ღირსების დაცვა, სკოლებში მისი განმტკიცება და ქართულ ენაზე სწავლების უფლების მოპოვება. ცახელს, როგორც მასწავლებელსა და საზოგადო მოღვაწეს, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა.

1912 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის „მასწავლებელმა”, შავრაზმელმა კუსტინოვიჩმა გაკვეთილზე ქართულ ენას „ძაღლის ენა” უწოდა. გიმნაზიის მოსწავლეები, აგრეთვე ქართული და პროგრესულად მოაზროვნე რუსი მასწავლებლებიც აღაშფოთა ამ გახრწნილი პიროვნების ასეთმა საზიზღარმა გამოსვლამ. ცახელის მეთაურობით მთელი გიმნაზია ისე აუმხედრდა კუსტინოვიჩს, რომ იგი იძულებული შეიქნა სკოლა მიეტოვებინა და ქუთაისიდან გაქცევით ეშველა თავისათვის.

შემდეგში მოხდა უფრო სამწუხარო ამბავი, რომლის ირგვლივ ქუთაისის ქართულ-რუსულ გაზეთებში 1916-1917 წლებში დიდხანს წარმოებდა პოლემიკა. ამ პოლემიკის ერთი მონაწილეთაგანი შემდეგს გადმოგვცემს:

“1916 წელია. ამავე სასწავლებელში (კლასიკურ გიმნაზიაში) სწავლობდნენ ერთ-ერთი გადაგვარებული ქართველი ექიმის შვილები. აღნიშნულმა პირმა ოფიციალურად შეიტანა განცხადება გიმნაზიაში და სთხოვა პედაგოგიურ რჩევას გაენთავისუფლებინათ მისი შვილები (ორი ჰყავდა) „მეტი დატვირთვიდან” – ქართული ენის სწავლისაგან.

ამის წინააღმდეგ გაილაშქრა განსვენებულმა პარმენ ცახელმა. ეს ამბავი გამოქვეყნდა ქუთაისის გაზეთებში. ადგილობრივმა ექიმებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ გადაგვარებულ ქართველს და ქუჩაში სალამს აღარ აძლევდნენ”.

“დაზარალებულმა” თავის მართლება სცადა და ცახელსი წინააღმდეგ ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა რუსულ გაზეთში (“კუტაისკიე ვესტი”).

პოეტის არქივში შენახულია წერილი, რომელშიც ნათქვამია: „მე მზათა ვარ, მას ყველგან შესაფერისი პასუხი გავცე. იცოდეს მან (ე. ი. ხსენებულმა ექიმმა), რომ ის იმ საგანს, რომელსაც მე სიყმაწვილიდან სიბერემდე ვემსახურები, არავის მურტალ ფეხს არ გავათელვინებ”. ხოლო რუსულად დაბეჭდილ თავის სტატიაში ამ ამბებთან დაკავშირებით ცახელი წერს: „ჩემი ბუნებით მე არ შემიძლია შური ვიძიო მტერზე, მაგრამ როცა ჩემი მტერი ამავე დროს მტერია ჩემი სამშობლოსი, როცა ჩემი მტერი ჩირქს ცხებს მოსწავლე-ახალგაზრდობასაც, ჩემი სამშობლოს მომავლის ამ მტკიცე დასაყრდენს, მაშინ მე ძალა არ მყოფნის თავი შევიკავო... ჩვენი მსაჯული ქართველი ხალხია და ის – დღეს თუ არა – ხვალ მაინც გაგვასამართლებს ჩვენ. მე ვდგავარ მის წინაშე როგორც ცახელი, მის შვილებს კი ვიცავ როგორც თვალჭრელიძე”.

ასე უმწიკვლოდ და თავდადებით ემსახურებოდა ის ქართველ ახალგაზრდობას. ცახელი მკითხველებისათვის ცნობილია აგრეთვე როგორც ნაყოფიერი პოეტი, რომელმაც განსაკუთრებული ამაგი დასდო კერძოდ საბავშვო ლიტერატურას.

ბავშვთა სულიერი სამყაროს საუკეთესო მცოდნე, დიდი პატრიოტი ქართველი იაკობ გოგებაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა: „საყმაწვილო ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, მის წარმატებაში. ეს არის საუკეთესო საძირკველი, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა. გონებითი მოძრაობა ერისა ქვიშაზეა აშენებული, თუ იგი ღარიბია საყრმო ნაწარმოებით, საყმაწვილო ლიტერატურით. იგი მაგრა ადგამს ნაბიჯებს წინ, მკვიდრს წარმატებაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც მის მოზარდ თაობას უხვად ეძლევა გონებითი საზრდო, როდეასც მისი ყრმანი გარემოცულნი არიან მრავალი ნიჭიერი ნაწარმოებითა”.

ქართულ ენაზე არსებობს მდიდარი საბავშვო ლიტერატურა. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შიო მღვიმელის, იროდიონ ევდოშვილისა და სხვათა კალამმა შექმნა მრავალი ბრწყინვალე ნაწარმოები, რომლებიც ჩვენი საბავშვო ლიტერატურის ოქროს ფონდში სამუდამოდ დარჩება.

ცახელი უდავოდ თვალსაჩინო საბავშვო მწერალია. ზოგ თავის ნაწარმოებს პოეტი საგანგებოდ წერდა ბავშვებისათვის. ზოგიც არ იყო ამ მიზნით დაწერილი, მაგრამ ბავშვებისათვის და მორდილებისათვისაც ერთნაირად საინტერსო გამოდგა.

კერძოდ, ჩვენ ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ცახელსი პოემა „საბრალო ბაბუა”.

პოეტის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ლექსები და პოემები: „მარინე”, „ზაალი”, „გურგე რაინდი”, „ოცნება”, „შალვას თავგადასავალი” და სხვა.

თავის ნაწარმოებებში ცახელი ნორჩ მკითხველებს გულში უნერგავს სამშობლოს სიყვარულის კეთილშობილურ გრძნობასა და შრომისა და სწავლისადმი პატივისცემას.