‍ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი (1849-1932)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

tumanishvilii anastasiaანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ეკუთვნის ქართველ მოღაწე ქალთა იმ მოწინავე ჯგუფს, რომელსაც ამშვენებდნენ ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ნინო ორბელიანი, კატო და ანიკო ნიკოლაძეები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძისა, ანასტასია ერისთავ-ხოშტარია და მომდევნო თაობის სხვა მოღვაწენი, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქალთა სასარგებლო შრომასა და მონაწილეობას კულტურულ-საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა თბილისში 1849 წლის 25 აგვისტოს (6 სექტემბერს) ქართულ მწერლობაში კარგად ცნობილი მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის (1818-1875) ოჯახში. მრავალი წყაროებით და პერიოდული პრესის ფურცლებზე გაფანტული მასალებით ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობრის – პოეტისა და პუბლიცისტის მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ზ. ფალავანდიშვილი, ლევან მელიქიშვილი, ი. ანდრონიკაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე და სხვანი. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, მათი შეკრებისა და მსჯელობის უმთავრესი საგანი იყო „ქართლის ბედი”, ქართველი ხალხის ცხოვრება და ქართული ლიტერატურა.

ამგვარს ატმოსფეროსა და წრეში იზზრდებოდა ანასტასია. 1858 წლის 16 (28) თებერვალს შვიდნახევარი წლის ანასტასია მშობლებმა მადამ ფავრის პანსიონში მიაბარეს. მაშინდელ თბილისში მადამ ფავრის პანსიონი ერთადერთი იყო, სადაც ქართულ ენას ასწავლიდნენ. თვით ეს „მადამ ფავრი” უფროსი ქალი იყო გურიაში ცნობილი მებაღის იაკობ მარისა, რომელიც საბოლოდ სოფელ დაბლა-ციხეში (ამჟამად ჩოხატაურის რაიონი) დასახლდა და შვილებიც ქართულად აღზარდა. მადამ ფავრის პანსიონში გარდა რუსი პედაგოგებისა, ასწავლიდნენ ცნობილი ქართველი პედაგოგებიც, მაგალითად ალექსანდრე ცაგარელი, ნ. დედაბრიშვილი, ნ. ინაშვილი და სხვ. ამავე პანსიონში მიიღო აგრეთვე განათლება მეორე ჩვენმა სახელოვანმა მწერალმა ქალმა ეკატერინე გაბაშვილმა.

პანსიონის დასრულების შემდეგ ანასტასია მიაბარეს კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, რომლის კურსი დაასრულა 1865 წლის 13 ივნისს.

მთელ რუსეთში სახელგანთქმული მეცნიერის ივ. რ. თარხნიშვილის თბილისში წაკითხულმა ლექციებმა ანასტასია თუმანიშვილს ახალი ჰორიზონტი და პერსპექტივა გადაუშალა. ამას დაერთო ისიც, რომ ამ ლექციებსი გავლენით გატაცებული ახალგაზრდა ქართველი ქალები ოლღა გურამიშვილი, კეკე მელიქიშვილი და სხვ. საზღვარგარეთ, შვეიცარიაში გაემგზავრნენ უმაღლესი განათლების მისაღებად და მოკალათდნენ ქ. ციურიხში, რომელიც იმ ხანებში რუსეთისა და ევროპის ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და ტრადიციული თავშესაფარი იყო.

1876 წელს ანასტასია თუმანიშვილიც ესტუმრა თავის საყვარელი მწერლისა და მოაზროვნის ჟან-ჟაკ რუსოს სამშობლოს. ის იქ გაეცნო იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის მეთოდებზე დამყარებულ ბავშვთა აღზრდას, ახალ პედაგოგიურ იდეებს, სკოლების მუშაობას როგორც შვეიცარიაში, ისე საფრანგეთში, აითვისა ის, რაც იმ დროისათვის მოწინავე, ახალი და სასარგებლო იყო, მოინახულა პარიზი, ჟენევა, ციურიხი, იქ მყოფი ქართველები და სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისში დაბრუნებისთანავე ანასტასია მთელი თავისი შესაძლებლობით ჩაება კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში. ჯერ კიდევ 1876 წელს ჰქონდა „დროების” (№76) ფურცლებზე გამოქვეყნებული თარგმანი ალფონს დოდეს მოთხრობისა „მარშლის გულმტკივნეულება”. 1879 წელს ქართველ ქალთა მიერ ქუთაისში გამოცემულ იქნა ვალტერ სკოტის „ჰირლანდელი ქვრივი”, თარგმნილი ანასტასია თუმანიშვილის მიერ.

1881-1884 წლებში გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა ანასტასიას ორიგინალური მოთხრობებისა და სტატიების მთელი წყება. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ: „მოლოდინი” (სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან), „ნუცა” (სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან), „ინსტიტუტკას დღიური”, „სოფელი ხელთუბანი” (ეხება სკოლის გახსნას), „საზოგადოების საყურადღებოდ” (მასწავლებელთა და აღმზრდელ ქალთა დამხმარე საზოგადოების შექმნის განზრახვა), „ქალების პროფესიონალური ხელსაქმის სკოლა თბილისში”, „მამის მსხვერპლი” (მოთხრობა), ჟურნალ „ივერიაში” დაიბედა მისივე ორიგინალური „რძალ-მული” და სხვ.

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცალკე გამოცემულ საბავშვო წიგნებიდან აღვნიშნავთ ორიგინალურ და თარგმნილ წიგნებს: „მოლაღური”, „ხუთი ამბავი”, „ხატაური”, რობინზონ კრუზო”, „თეთრი და ზანგი”, „ტახტის მემკვიდრე და მათხოვარი”, „ცხოველების გამჭრიახობა”, „საბავშვო თეატრი” და ა. შ. (მანვე გადმოთარგმნა ფრანგულიდან ლებიშის კომედიები: „თვალთმაქცობა”, „ჯერ თავო და თავო, და მერე ცოლო და შვილო”). ამ წიგნებს თავის დროზე მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავდა. მათი ავტორი თუ მთარგმნელი საზოგადოებისა და მოზარდი თაობის გარკვეულ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებდა.

ანასტასიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მუშაობაში. ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანისვილი ის ქართველი ქალები იყვნენ, რომელნიც პირველ დაარსებიდანვე ჩაებნენ ამ საზოგადოების საქმიანობაში. ანასტასია მრავალი წლის მანძილზე იყო მისი გამგეობის წევრი და ერთ-ერთი აქტიური მუშაკი. მან საკუთარი უნარითა და შრომით მოახერხა თავი სმშობლირ სოფელ ხელთუბანში, გორის მახლობლად 1884 წელს დაეარსებინა დაწყებითი სკოლა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მფარველობაში. ვინ მოთვლის, თუ რამდენი ბრძოლა და დავიდარაბა დასჭირდა წლების მანძილზე 32 წლის ახალგაზრდა ქალს ადგილობრივ ბობოლებთან, მამასახლის-ხუცებთან და სოფლის სხვა წურბელებთან, რომ ამ სკოლისათვის შესაფერი შენობა აეგო, რათა აქ ღარიბი გლეხის შვილებს ესწავლათ.

პირველ ხანებში ეს სკოლა დროებით თვით თუმანიშვილების სახლში იყო მოთავსებული. აქვე მოხდა მისი საზეიმოდ გახსნა 1884 წლის 1 ოქტომბერს. როგორც თვითონ ანასტასია მოგვითხრობს, სკოლის გახსნა საზეიმო ვითარებაში მომხდარა, რომელსაც დასწრებია აკაკი წერეთელი, ნიკო დიასამიძე, პოეტი იოსებ დავითაშვილი, რომელმაც მიართვა სკოლას თავისი ხელით გაკეთებული სახაზავები. ეს დღე მაშინდელ გაზეთებშიც აღინიშნა. ანასტასიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ამ ბრძოლაში ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა და საკუთარი შრომით სოფელს სკოლა შეუქმნა.

ამის შემდეგ საჭირო იყო სკოლისათვის სპეციალური შენობის აგება, როგორც აღვნიშნეთ, აქაც დიდი დაბრკოლება იყო გადასალახავი. „აშენებას დიდი ძალ-ღონე მოუნდა, – მოგვითხრობს ანასტასია ერთ თავის მოგონებაში, რომელსაც ჰქვია „ხელთუბნის სკოლის ამბავი”, – ყველას ვეღრიჯებოდი და ვისაც მოვატანინებდი, უსათუოდ საკეთესოს თვითონ მიმალავდნენ. ქვიშის და ქვის მოსატანად ფარაჯები უნდა მეყიდნა. საძირკვლის მოსათხრელად ღვინო უნდა დამელევინებინა. კალატოზი, რომელსაც ფული წინდაწინ მიღებული ჰქონდა – უცბად მოკვდა. მაგრამ სახლის აგება მაინც მოვათავე და სკოლა იქ გადმოვიტანეთ”.

შემდეგ, როგორც ცნობილია, ამ სკოლაში ანასტასიამ მასწავლებლად მოიწვია გორის საოსტატო სემინარიის კურსდასრულებული, ნიჭიერი პოეტი და ბელეტრისტი, უბადლო საბავშვო მერალი თედო რაზიკაშვილი, რომელიც სიკვდილამდე არ გასცილებია ღირსეული ქართველი ქალის ამ დიდ ნაამაგარს და არც სკოლა მოკლებია მისი დამაარსებლის მუდმივ ზრუნვას. სხვათა შორის, დიდი უბედურება დაატყდა ამ სკოლას 1905 წელს. მისი მასწავლებელი თედო რაზიკაშვილი რევოლუციური პროპაგანდისათვის დააპატიმრეს, შიგ კაზაკთა დამსჯელი რაზმები ჩააყენეს და შენობა და ეზო ერთბაშად ააოხრეს და გააჩანაგეს, მაგრამ ანასტასიას დაუღალავმა თავგამოდებამ იგი კვლავ აღადგინა და თავისი საყვარელი მასაწვლებელიც დაუბრუნა.

ანასტასია ყოველთვის იჩენდა განალების საქმისადმი დიდ ინტერესს. 1883 წელს ერთმა მასწავლებელმა ქალმა ნივთიერად აუტანელი პირობებისა გამო თავი მოიკლა. ამას მოჰყვა ანასტასიას წერილი გაზეთ „დროებაში” (№225) სათაურით: „საზოგადოების საყურადღებოდ”, სადაც გაშუქებულია იმდროინდელი მშრომელი ქალების მძიმე მდგომარეობა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. ამ სტატიაში ანასტასია წერდა: „რა საშუალებით შეიძლება მშრომელ ქალს ხელი ისე გავუმართოთ, რომ ერთი-ორი თვე შეეძლოს თავის რჩენა, ვიდრე შრომის ნახევარ ფასს მაინც შეაზლევენ? ავადმყოფობის დროს და გაჭირვებაში როგორ იშოვოს იმან სესხით ფული ცოტა ხნობით მაინც, როგორ გაუადვილონ საზოგადოებას მასწავლებლის შოვნა და მასწავლებლებს გაკვეთილებისა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს და არ მოუნდეთ კარდაკარ სიარული?!”

ანასტასიას ამ მოწოდებას ის მოჰყვა, რომ 1886 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა ე. წ. „მასწავლებელთა და აღმზრდელთა სააურთიერთო დახმარების საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარედ 33 წლის განმავლობაში, ე. ი. მის დახურვამდე, იყო ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. ეს საზოგადოება შემდეგში ისე გაიშალა და გაფართოვდა, რომ მასში მასწავლებლების გარდა სხვა პროფესიის ქალებიც ჩაებნენ. საზოგადოება გარდა ნივთიერისა, იდეურ დახმარებასაც უწევდა მშრომელ ქალებს: აწყობდა ლექციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე, მართავდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს, საკვირაო და სამაგალითო სკოლებს, საბავშვო სამკითხველოებს და სხვ. 1893 წელს „მასწავლებელ ქალთა საზოგადოების” მიერ დაარსებული სამაგალითო სკოლა თბილისში იმდენად პოპულარული დაწესებულება იყო, რომ ერთ ხანობაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც არსებობდა... მაგრამ ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის საზოგადოებრივი, მისი ლიტერატურული და პედაგოგიური მოღვაწეობის ნამდვილი გვირგვინი, მისი დაუცხრომელი შრომითა და ძალ-ღონით შექმნილი საბავშვო ჟუნალია, მისი „ჯეჯილი” – ხატოვანად რომ ითქვას, მისი პირმშოა, რომელმაც უკვდავყო ანასტასიას სახელი ქართულ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკის ისტორიაში.

საქართველოში საბავშვო ჟურნალის გამოცემის ისტორია იწყება ანდრია ღულაძის ყოველთვიური ჟურნალ „ნობათით”, რომელიც 1883-85 წლებში გამოდიოდა. ანასტასია თუმანიშვილი ამ ჟურნალის გამოცემას აღფროვანებული მიეგება და მასში თანამშრომლობა დაიწყო. მაგრამ ჟურნალმა უსახსრობისა გამო სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. დრო და პირობები ამგვარი ხასიათის გამოცემის არსებობისათვის საკმაოდ იყო მომწიფებული – საჭირო იყო საქმის მოყვარული და პრაქტიკულად მოქმედი ადამიანი, რომელიც ამ დიდ სამეს იკისრებდა, რომელიც „აქამდის თოვლის ქვეშ დაფარულ-დამალულ” ჯეჯილს ააბიბინებდა. ამგვარი ადამიანიც გამოჩნდა. ეს იყო ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი.

იმ ხანებში ახალი პერიოდული ორგანოს დაარსება და ისიც ქართულ ენაზე, დაკავშირებული იყო დიდ სიძნელეებთან, გმირობასა და გამბედაობასთან. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი 1882-1892 წლებში, ალექსანდრე II მკვლელობის შემდეგ რეაქცია ფართოდ შლიდა ფრთებს. „ჯეჯილის” გამოცემაც სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. დიდი ბრძოლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს 1889 წლის 3 (15) ოქტომბერს ანასტასიამ მიიღო საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის” ყოველ ორ თვეში გამოცემის ნებართვა. შინაგან საქმეთა მინისტრი პლევეს მიერ დამტკიცებული „ჯეჯილის” პროგრამაში ჩამოთვლილი იყო ის დარგები და განყოფილებანი, რაც ამ ჟურნალში უნდა ყოფილიყო: 1. მოთხრობები, ამბები, ზღაპრები, მოგზაურობა, ბიოგრაფიები, პოემები, ეტიუდები; II. ლექსები; III. მეცნიერება და ხელოვნება; IV. ნარევი; V. წვრილმანი; VI. საბავშვო, პედაგოგიკური, საჭადრაკო და სხვა თამაშობანი, რებუსები, მათემატიკური ამოცანები, ანეგდოტები, გამოცანები, იგავები ანდაზები; VII. ილუსტრაციები; VIII. სიმღერები ნოტებით, პასუხები და განცხადებანი.

როგორც ვხედავთ, პროგრამა ჟურნალისა საკმაოდ ფართო მოცულობისაა. საჭირო იყო ამ პროგრამის განხორციელება. ანასტასია დაუკავშირდა ინტელიგენციის მოწინავე და საუკეთესო ნაწილს. ბევრი მათგანი აღფრთოვანებით მიეგება ახალდაბადებული ჟურნალის ყველასათვის სასურველ რედაქტორ-გამომცემელს. პირველ სარედაქციო თათბირზე დამსწრეთა შორის იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, კეკე მესხი, ეკატერინე გაბაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ვახტანგ ორბელიანი, ოლღა ჭავჭავაძისა, რომელიც დაპირდა ანასტასიას, რომ ილიას მიაღებინებდა მონაწილეობას ჟურნალის პირველ ნომერში. ეს დაპირებაც გამართლდა. ამ ნომერში დაიბეჭდა პირველად ილიას ცნობილი ლექსი „ბაზალეთის ტბა”. ჟურნალის სახელწოდებაშიაც, ჯერ კიდევ სნამ თხოვნას მიართმევდა მთავრობას, ანასტასიას ჰქონდა ერთგვარი კონსულტაცია გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იაკობ გოგებაშვილის წინადადებას მომავალ საყმაწვილო ჟურნალს „ჯეჯილი” დარქმეოდა.

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ჟურნალი „ჯეჯილის” ეპიგრაფად, მის მუდმივ დამამშვნებელ სამკაულად, რომელიც ერთგვარი სიმბოლოც იყო მოზარდი თაობის აღზრდისა, აირჩიეს სტრიქონები გლეხი პოეტის ი. დავითაშვილის ცნობილი ლექსიდან „ჯეჯილი”:

“იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო”.

არსებობს გამოცემა, რომ ეპიგრაფის არჩევანი აკაკი წერეთელს ეკუთვნისო. ჟურნალის პირველი ნომერი მეტად მრავალფეროვანი, შინაარსიანი იყო და ტექნიკურადაც ლამაზად გაფორმებული. მის გვერდებს ამშვენებდა ისეთი სახელები, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი; მათ მისდევდა იაკობ მანსვეტაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე, ეფროს. ჭიჭინაძე და სხვა მწერლები და ლიტერატორები.

“ჯეჯილის” ამ პირველმა ნომერმა იმ პერიოდის მოწინავე ქართულ და რუსულ პრესაში (“ივერია”, „ნოვოე ობოზრენიე”, „ტიფლისკი ლატოკ”) მაღალი შეფასება მიიღო. იგი პირველ ხანებში (190-96) ორ თვესი ერთი ნომერი გამოდიოდა, მაგრამ როცა მომძლავრდა მსი ეკონომიური ბაზა, ჟურნალის ავტორიტეტი და მოთხოვნილება გაიზარდა. მან ოველთვიურად იწყო გამოსვლა. იმავე ხანებში მოხდა ჩვენი სახელოვანი ბელეტრისტის გიორგი წერეთლისა და ანასტასიას დაახლოება, რაც მათი შეუღლებით დამთავრდა. ეს დამეგობრებაც გახდა ერთ-ერთი ფაქტორი „ჯეჯილის” გამოცემის გაძლიერებისა და მის გარშემო მეტად ნაყოფიერი, საქმის მოყვარული და ავტორიტეტული მწერლების შემოკრებისა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გიორგი წერეთლისა და ანასტასიას შეერთებული ძალ-ღონით მოხერხდა 1893 წლიდან ყოველკვირეული ილუსტრირებული ჟურნალი „კვალის” გამოცემა, რომელიც&ნბსპ; შემდეგ მესამე დასელების უმრავლესობის ორგანოდ იქცა და რომელმაც მართლაც თვალსაჩინო და საგულისხმო კვალი გაავლო 90-იანი და 900-იანი წლების ქართული აზროვნების ისტორიაში. ამ ახალი ჟურნალის რედატორ-გამომცემელიც ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იყო. მართალია, „კვალი” პირველ ხანებში „ჯეჯილის” დამატებად იყო გამოცხადებული, მაგრამ საცენზურო კომიტეტი მიხვდა რედატორების ფანდებს. როგორც წესი მოითხოვდა, ყოველკვირეული ორგანო „კვალის” დამატებად ყოველთვიური საბავშვო ჟურნალი „ჯეჯილი” აქციეს. ეს კი „ჯეჯილისათვის” კინაღამ საბედისწერო შეიქმნა. გიორგი სგარდაცვალების შემდეგ, როცა ანასტასია მთელი თავისი ძალ-ღონით ცდილობდა ორივე ჟურნალის წესიერად გამოცემას, მესამე დასელების ორგანო „კვალი”, როგორც „არასასურველი მიმართულების” ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 1904 წლის 3 თებერვლის განკარგულებით დახურულ იქნა, რაც დეპეშით ეცნობა ჟურნალების გამომცემელსა და რედაქტორს.

ანასტასია სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ამ ამბავმა. იგი ნათლად გრძნობდა, რომ საცენზურო კომიტეტის წესდების 148 მუხლის თანახმად, ე. ი. „მეფის ხელისუფლებისათვის მავნე აზრების მქადაგებელი” ორგანოს აღდგენაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.

მაგრამ „ჯეჯილი”!.. ეს მისი პირმშო, საკუთარი შრომითა და განუწყვეტელი მზრუნველობით გამოზრდილი, უკვე საკმაოდ აღაღანებული ჯეჯილი, რომლითაც 14 წელიწადი ხაობდა და იკვებებოდა ნორჩი გონება ქართველი ბავშვებისა, როგორც დამატება „კვალს” უნდა გაჰყოლოდა უკვალოდ. მართლაც, კვალის დახურვასთან ერთად „ჯეჯილის” დახურვაც იყო გათვალისწინებული მთავრობის განკარგულებაში. დაიწყო დაუცხრომელი ბრძოლა და საქმის წარმოება „ჯეჯილის” კვლავ აღსადგენად. ანასტასია უმტკიცებდა მთავრობას, რომ „ჯეჯილი” კი არ იყო „კვალის” დამატება, არამედ პირიქით, „ჯეჯილი” როგორც საყმაწვილო ჟურნალი გარკვეული პროგრამით გაცილებით ადრიდან გამოდიოდა და სხვა.

ამ ამბები გაწვალებული და ქანცმილეული ანასტასია წერდა თედო რაზიკაშვილს: „გთხოვთ, არ დაივიწყოთ სკოლის (იგულისხმება ანასტასიას მიერ დაარსებული ხელითუბნის სკოლა – ს. ც.) ერთგულება. ხომ ხედავთ, რომ მე სკოლას დედინაცვლად ვეკიდები, ცხოვების ვაამმა გამიტაცა... ჯეჯილის საქმეზე ისე გაწვალებული ვარ, რომ, მგონი, აღარ გამოვდგე სამუშაოდ. ის არაწმინდები საშინლად მაწვალებენ. აამდის არც ჰოს ამბობენ, არც – არას. ახლა პეტერბურგიდან მომივიდა ამბავი, რომ ამ ცოტა ხანში ყვეი კარგად მოეწყობ. ამან ცოტა გამაცოცხლა, უნდა მთლად ჩემი ენერგია მოვიკრიბო, მომიხდება თვეში ორ-ორი წიგნის გამოცემა, რომ ხელისმომწერებთან, რომელნიც მცირე არიან, პირნათლად გამოვიდე და იანვარში ისევ ჩვეულებრივ მივცე ყმაწვილბს „ჯეჯილი”. აქედან აშკარად დაინახავ, რომ ჩემთვის რა ძვირასნი არიან ისინი, ვინც მომაწოდებს მასალას და ამით გამიადვილებს ამ ძნელ საქმეს – სანამ თვალები ღია მაქვს გავუძღვე”.

ანასტასიას დაუცხრომელმა ბრძოლამ გასჭრა. ამის შესახებ მისი მეგობარი და თანამშრომელი სოფიო ციციშვილი აცნობებდა თედო რაზიკაშვილს: „ძმაო თედო, ვიცი, სასიამოვნოდ გექნებათ: ანასტასიას წუხელის ტელეგრამა მოუვიდა ნ. ნიკოლაძისაგან, რომ „ჯეჯილის” გამოცემის ნებართვა მოგივა, საქმე გათავდაო...” მართლაც, ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ 1904 წლის 23 სექტემბერს აცნობა ანასტასიას „ჯეჯილის” განახლების შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რაც ანასტასიას საოცარ შრომისმოყვარეობასა და საზოგადოებრივი საქმიანობით გატაცებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ „კვალი-ჯეჯილის” დახურვის შემდეგ ის მთელი ექვსი თვე იბრძოდა „ჯეჯილის” აღსადგენად და ნერვიულობდა, საზოგადო საქმიანობას არ მოსწყვეტია. კეკე მესხთან, ალექსანდრე სარაჯიშვილთან, სალომე მაღალაშვილთან, სეით იაშვილთან და ნიკოლოზ ავალიშვილთან ერთად ანასტასიამ ჩამოაყალიბა ქართული პოპულარული და საბავშვო წიგნბის გამომცემლობა ამხანაგობა „სხივი”. ამხანაგობა წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა და საუკეთესო წიგნების მთელი სერია გამოსცა.

ჟურნალი „ჯეჯილის” დაარსების 10 წლისთავზე ანასტასია მიმართავდა თავის მკითხველებს: „ათი წელიწადი შესრულდა, რაც მე ჟურნალ „ჯეჯილს” გაწვდით საკითხავად. მე და ჩემი თანამშრომლები ვცდილობდით, რომ თქვენ დედა-ენაზე წერა-კითხვა გესწავლათ და დედ-მამისა და და-ძმების და სამშობლოს სიყვარული ჩაგნერგოდათ გულში...” ეს ცდა ძირითადში გამართულებული იყო. „ჯეჯილის” როლი თავის დროზე დიდი იყო. მან შექმნა ტრადიცია საბავშვო პერიოდული პრესისა, ასე რომ, უიმისობა უკვე წარმოუდგენელი იყო. „ჯეჯილის” მიერ მოტანილი ნაყოფი აშკარად ჩანდა.

კიდევ ათი წელიწადი გავიდა და 1910 წელს „ჯეჯილის” დაარსების 20 წლისთავი აღინიშნა. ამაგდარი რედაქტორი თავის მკითხველებსა და საზოგადოებას ახლაც ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „...სულით და გულით ვემსახურებოდი ამ საქმეს და ვცდილობდი, აღმესრულებინა დიმიტრის (იგულისხმება დიმიტრი ბაქრაძის მიერ გამოთქმული სურვილი დაარსების დღეს) წინასწარმეტყველება. როდესაც ვხედავ, ჩემო პატარა მეგობრებო, რომ „ჯეჯილს” ხალისით კითხულობთ, გიყვართ და იმას მოაქვს თქვენთვის სარგებლობა, – მეც თქვენთან ერთად ვხარობ...”

აკაკი წერეთელმა მაღალი შეფასება მისცა ჟურნალ „ჯეჯილს”. მისი დაარსების ათი წლისთავის გამო დაწერილ პატარა წერილში ის აღნიშნავდა, რომ „არც ერთი ყოველთვიური ან დროგამოშვებით გამოცემა არ ყოფილა ჩვენში ისე სათანაგრძნობო ჩემთვის, როგორც ეს პატარა ჟურნალი. უნაკლულო ქვეყნად არა არის რა, მაგრამ ის არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საყმაწვილო ჟურნალი უხეიროდ გამოდიოდა...”

აკაკი მართალი იყო. პატარებისა და მათი მშობლების საყვარელ ჟურნალს ნაკლიც ახლდა. ეს ის, რომ იგი თანმიმდევრულად და ამომწურავად ვერ პასუხობდა დროის მოთხოვნილებას, ვერ ასახავდა სისრულით ყოველდღიურ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც იმ კრიტიკისა, რომელიც&ნბსპ; ცნობილმა პედაგოგმა ლ. ბოცვაძემ რამდენიმე ფელეტონად გამოავეყნა გაზეთ „ივერიაში” 1898 წელს. „ჯეჯილის” ნომრები გააკრიტიკეს აგრეთვე ნიკო ნიკოლაძემ, ი. ჯაბადარმა და სხვამ მაგრამ ამგვარი გარჩევა და კრიტიკა „ჯეჯილის” მუშაობას კიდევ უფო აჯანსაღებდა. ისი რედაქტორი კიდევ უფრო მხნედ ეკიდებოდა ამ დიდ ეროვნულ საქმეს.

ანასტასიამ თავის „ჯეჯილს მესამე ათეული წლისთავიც გადაუხადა. ეს იყო ერთგვარი ვრცელი ანგარიში არა მარტო ჟურნალის დიდი დამსახურებისა ქართველი ხალხის წინაშე, არამედ თვით მისი რედაქტორის დიდი ამაგის შეჯამებაც. უთუოდ მოხდენილი იყო ამ შემთხვევისათვის თქმული შიო მღვიმელის ლექსი, რომლის დასაწყისშივე მიმართავდა პოეტი ამაგდარ მანდლოსანსა და მის ჟურნალს:

“ოცდაათი წელიწადი თავს ევლები ჩვენს ყმაწვილებს,
ისე ზრდი და უსათუთებ, როგორც დედა პირმშო შვილებს...”

ამ პირმშოების და საერთოდ, ახალი თაობის აღზრდას მოახმარა ანასტასიამ მთელი თავისი ენერგია. ტყილად კი არ ეძახდა ნიკო ნიკოლაძე ანასტასია წერეთელს მეორე იაკობ გოგებაშვილს, ან კიდევ ოხუნჯობით – გოგებაშვილს კაბაში. მართლაც, იმდროინდელს საქართველოში ანასტასია წერეთლისა იაკობ გოგებაშვილის შემდეგ მეორე პიროვნება იყო, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე სწავლა-აღზრდის გავრცელებას, სახალხო განათლებისა და საბავშვო მწერლობის აღორძინებას შეალია.

ანასტასიას დიდი ამაგი მიუძღვის აგრეთვე საბავშვო ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისადმი, რომელთა გავრცელება დაიწყო 1891 წლიდან თბილისის მუშათა უბნებში (კუკიაზე, ავლაბარში, ვერაზე და სხვ.).

ანასტასიას ენერგიული მოქმედებით და მისი მეგობარი ქალების (კეკე მესხის, ვ. მიქაბერიძის, ელენე ყაზბეგის, ნინო და მარიამ ბარათაშვილების, ა. თიკანაძის, უგრელიძისა და კოლუბნელის) თანამშრომლობით 1902 წელს თბილისში, ვერაზე გაიხსნა ქალთა ახალი დაწყებითი სკოლა, რომელსაც შემდეგში მისი ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობისა გამო „ყაზბეგის სკოლა” დაერქვა.

1908 წელს ანასტასიას ინიციატივით არსდება ქალთა ახალი საზოგადოება „განათლება”, რომელმაც სახალხო განათლების საქმეში საგრძნობი წვლილი შეიტანა. ამავე წლებში ანასტასიამ განიზრახა ყაზბეგის პატარა სკოლის ალთა საშუალო სასწავლებლად გარდაქმნა. ცხადია, ეს საშუალო სკოლაც ქართული სკოლა უნდა ყოფილიყო, რის გამო დიდი წინააღმდეგობის გადალახვა იყო საჭირო. დები კ. და ა. ნიკოლაძეების, სოფ. კალანდარიშვილისა, ალექსანდრა ფაღავას, მარიამ მაჩაბლის, მასწავლებელ იაკობ ზედგინიძისა და სხვათაგან შემდგარმა წრემ ანასტასიას ენერგიული მეთუარობით ამ მხრივაც მიაღწია მიზანს. ამას მოჰყვა საზოგადოება „განათლების” მუშაობის გაშლა და მისი ნივთიერად მოღონიერება. ამ საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ანასტასია და ვიდრე ეს საზოგადოება არსებობდა, მისი თავმჯდომარე არ შეცვლილა. თავმჯდომარის მოადგილედ იყო ნინო ბარათაშვილისა, გამგეობის წევრებად – კეკე მესხი, ალექსანდრა ფაღავა, ვ. მიქაბერიძე, ან. პავლიაშვილი (შემდეგ თიკანაძისა) და ელენე ბარათაშვილი, ხაზინადრად – პ. ქურდიანი, ხოლო მდივნად იყო ნ. ერისთავისა.

გამგეობის ენერგიულმა მუშაობამ საზოგადოება „განათლების” საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუხვეჭა ქართველ საზოგადოებაში. მას გამოუჩნდა მრავალი ქველმოქმედი და მეცენატი, რომელთა შემწეობით ის მატერიალურად ისე გაძლიერდა, რომ საკუთარი სახსრებით ინახავდა ქალთა საშუალო სკოლას, მასთან შემდეგ ჩამოყალიბებულ პროფესიულ განყოფიელბებსა და სხვ. მარიამ მაჩაბლის ხელმძღვანელობით და დახმარებით აქვე ჩამოყალიბდა სამხატვრო-სახელოსნო სასწავლებელიც. საზოგადოება „განათლების” ეს სკოლა და მისი პროფ-განყოფილებები საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პროფესიულ ტექნიკუმად გადაკეთდა.

ამგვარი საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად უკვე მხცოვანი ქალი ენერგიულად განაგრძობდა ჟურნალ „ჯეჯილის” გამოცემას, რომელმაც 1923 წლამდე მოაღწია. ამ წელს კი ვალმოხდილმა ადამიანმა ითხოვა „ჯეჯილის” რედაქტორობიდან განთავისუფლება, რასაც მოჰყვა როგორც „ჯეჯილის”, ისე საზოგადოება „განათლების” ლივკიდაცია. საზოგადოება უკვე აღარ იყო საჭირო, ხოლო ანასტასია თუმანიშვილის საბავშვო ჟურნალი „ჯეჯილი” და ნინო ნაკაშიძის „ნაკადული”, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს თვითმპყრობელობის პირობებში ბავშვების ეროვნლუი და სოციალრუი შენების განმტკიცებაში ახალი, სოციალიზმის თაობისათვის წარმოშობილმა ჟურნალებმა „პიონერმა” და „ოქტომბრელმა” შეცვალა.

სამოცდათხუთმეტი წლის ვალმოხდილმა ანასტასიამ დასვენება და უქმად ყოფნა მაინც არ ისურვა. ის ჩაება განალების სახელმწიფო კომისარიატის მუშაობაში, საბავშვო წიგნების გამომცემლობაში; 1925 წელს მისი ხელისშეწყობით გამოიცა ქალთა ალმანახის რამდენიმე ნომერი. 1932 წლის 7 თებერვალს ანასტასია გარდაიცვალა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მას დიდი პატივი სცა. 11 თებერვალს ქართველ მორვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულ იქნა მისი ნეშტი, ვინც

“ობლებს ედედავა, რძე აწოვა ტკბილი...
არ უნახავს შვება, არ უნახავს ძილი.
ვაჟკაცურად ეპყრა ხელში ბრძოლის ხმალი
და ღირსეულადაც მოიხადა ვალი...” (ვ. რუხაძე)