‍ილია წინამძღვრიშვილი (1834-1920)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0037 cinaსაგურამო. 1887 წლის 20 ივლისი. ილია ჭავჭავაძის სტუმართმოყვარე სახლი და ეზო განსაკუთრებული საზეიმო იერით იყო შემოსილი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ სასურველ სტუმართა ლაშქარი გარშემოხვევია ძვირფას მასპინძელს, რომლის დღეობას, ილიობას, იხდიდა არა მარტო ოჯახი ან საგურამო, არამედ მთელი საქართველო.

ნადიმი კარგა ხნის დაწყებული იყო, როცა ეზოს სიღრმიდან მოისმა მშვენიერი, მწყობრი ქართული სიმღერა. ხმები ჭაბუკების იყო. მოიმღეროდნენ „წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის მოწაფენი თავიანთი მასწავლებლებით. წინ მოუძღვით თვით ილია წინამძღვარიშვილი, ამ სკოლის დამფუძნებელი და მისი მუდმივი დაუღალავი მზრუნველი და გულშემატკივარი”, მოგვითხრობს იაკობ მანსვეტაშვილი.

ორივე ილია თვალებგაცისკროვნებული შესცქეროდნენ თავიანთი ღვაწლისა და შრომის ნაყოფს – მათ მიერ შექმნილი პირველი ქართული სამეურნეო სკოლის პირველი გამოშვების მომავალ აგრონომებს, რომელთაც ილია ჭავჭავაძე ასწავლიდა, რომ ცოდნა გამოულეველი სიმდიდრეა, ჩაუქრობელი ჩირაღდანია, რომელიც&ნბსპ; „კაცის თვალს დედამიწის გულში ახედებს”, მიახვედრებს სად რა სიმდიდრე სძევს, სად რა განძია, საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობითო...

80-იანი წლების საქართველოში პირველად სოფელ წინამძღვარიანთ-კარში აინთო ამგვარი ცოდნის ჩირაღდანი. მისი ნამდვილი გამჩაღებელი იყო დიდი ილიას მეგობარი ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.

სავსებით მართებული იყო იაკობ გოგებაშვილი, როცა მან სამეურნეო სკოლის დაარსებას ხალხის განათლებაში „ახალი ნაბიჯი” უწოდა. „სამღვდელოებამ უღალატა ხალხის განათლებას, – წერდა იაკობ გოგებაშვილი 1883 წლის „დროებაში”, – თავად-აზნაურობაც მას არ ჩამორჩა გულგრილობაში, და ამ სახით განათლების საქმის სამსახური წმინდა ვალად დაედო კისერზედ მხოლოდ ქართველს დაწინაურებულ ინტელიგენციის მცირე დასსა... მაგრამ ამ მცირე დასის მხნეობამ, ერთგულებამ, სისტემატურმა და ტაქტიკურმა მოქმედებამ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მაინც სანუგეშო შედეგი მოიტანა. ამჟამად მეტ-ნაკლებობით აღიარებულია, თვით მთავრობის მხრითაც, ძირითადი პრინციპი ხალხის განათლებისა – დედაენაზე სწავლება საგნებისა სახალხო სკოლებში, და ეს უფლება იმავე დასის მეცადინეობით ვრცელდება იმისთანა სასწავლებლებზედაც, რომელნიც საშუალო სასწავლებლებს უდრიან თითქმის... ამგვარი მოქმედების ნაყოფია სამეურნეო სკოლა, რომელსაც აარსებს ერთს თბილისის მახლობელს სოფელში ბ-ნი ილია წინამძღვარიშვილი...”

მაგრამ სანამ ამ სკოლის დაარსების ისტორიასა და მასში ილია წინამძღვრიშვილის როლის გაცნობას შევუდგებოდეთ, ჯერ თვით ამ პირონების ვინაობა გავიცნოთ, ისი ცხოვრების გზა და მოღვაწეობის სხვა მხარეც.

ილია ივანეს ძე წინამძღვარიშვილი დაიბადა 1834 წელს დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვარიანთკარში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1855 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზიის სრული კურსი. სურვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლისა, ნივთიერი უსახსრობის გამო, მან ვერ შეისრულა. ამიტომ იძულებული შეიქნა გაევლო აგრონომიული კურსები.

საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მთელი წლების განმავლობაში ილია წინამძღვარიშვილი სხვადასხვა დროს მსახურობდა ხან მომრიგებელ შუამავლად, ხან მომრიგებელ მოსამართლედ და უკანასკნელ ხანებში კი ნოტარიუსად თბილისში. ამგვარი სამსახურის მიუხედავად, ილიას კავშირი ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია არც თავის მეურნეობასთან სოფელში, არც პედაგოგიური ხასიათის მუშაობასთან და არც მერლობასთან.

სამწერლო ასპარეზზე ილია წინამძღვარიშვილი 70-იანი წლების მიწურულში გამოვიდა. ხორეშან გვერდწითელის” ფსევდონიმით გაზეთი „დროების” ფურცლებზე გამოქვეყნებული მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები უმთავრესად საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ, სოფლის ცხოვრებისა და მეურნეობის საკითხებს ეხებოდა. მაგალითად, 1881 წლის „დროების” ნომრებში მას აქვს გამოქვეყნებული წერილები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც იმ ხანებში იყო: ქართველი ქალების გადაგვარება, მათი ფუქსავატობა და ოჯახისადმი გულის აცრუება, რომელსაც ის დაცინვით „ახალ სნეულებას” უწოდებდა. ამ სათაურის (“ახალი სნეულება”, №168) ქვეშ მან გამოაქვეყნა მთელი სერია წერილებისა, რომელთა უმეტესობა ეხებოდა ბიუროკრატიული წყობისა და მოხელეობის გაჩენა-გამრავლების გავლენით მე-19 საუკუნეში ქართველი ხალხის ნაწილის ზნეობი შერყევას, უცხო სასწავლებლებში აღზდილი თაობის დიდი ნაწილის ფუქსავატობასა და უსარგებლობას (№180), ქართველი დედების მიერ შვილების აღზრდისადმი უყურადღებობას და შინამოსამსახურეების უარყოფით გავლენას ბავშვთა აღზრდაზე (№210), თეატრის დიდ აღმზრდელობით მნიშვნელობას მოზარდ მაყურებელზე და ხალხზე, მსახიობთაგან როლების კარგად შესრულების მნიშვნელობას და სხვ. მანვე გაარჩია აგრეთვე პიესა „დაქცეული ოჯახი” ქართულ სცენაზე და მასში ასახული „ახალი სენი” – უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის (№222).

მომდევნო სტატიაში ილია წინამძღვარიშვილი შეეხო აგრეთვე თეატრისა და „დრამატული საზოგადოების” არსებობის მნიშვნელობას, მაგრამ იქვე აღნიშნა მათი მუშაობის სუსტი მხარეებიც და მოითხოვა მათი გადახალისება და თეატრისათვის მტკიცე ფონდის შექმნა (№267). ერთ-ერთ ამის მომდევნო წერილში მან გააშუქა სკოლისა და ოჯახის გავლენა ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე, რის საილუსტრაციოდ მოიყვანა თბილისის ქალთა გიმნაზიაში გამეფებული უწესრიგობა და ზნეობის დაბალი დონე (№272). ერთ წერილში ილია წინამძღვარიშვილმა მოურიდებლად ამხილა მოხელეთა განუკითხავი თარეში, მექრთამეობა, მათ მიერ ჩადენილი ყოველგვარი სისაძაგლე და სამღვდელოების ზნეობრივი დაქვეითება (189).

1882-83-84 წლებში გამოქვეყნებული წერილები ილია წინამძღვარიშვილისა კიდევ უფრო მრავალფეროვანია. მაგალითად ეტიუდი „მკითხავი მელანა” ეთნოგრაფიული ხასიათისაა და ეხება მკითხაობას და მის უარყოფით გავლენას სოფლის ცხოვრებაში. იმავე წლის „დროების” რამდენიმე ნომერში (№№32, 30, 27) ის შეეხო ქართული და სომხური თეატრისათვის შესაფერი ბინების გამონახვისა და მუშაობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხებს. ისი ორი სტატია მიეძღვნა „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებისათვის მხატვარი მიხაილ ზიჩის მიერ ცოცხალი სურათების დადგმების ღირსება-ნაკლოვანებათა აღნუსხვას. მან აქვე წამოაყენა წინადადება მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის” დახატული სურაების ერთ კრებულად დაბეჭდვისა ალბომის სახით და მისი გავრცელების შესახებ ქართული თეატრის ფონდის გასაძლიერებლად.

ამგვარად, ილია წინამძღვარიშვილი, როგორც პუბლიცისტი-მწერალი, ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის, მისი უკეთესი მერმისისათვის მებრძოლი ინტელიგენტი, საკმაოდ ჩანს ქართულ პერიოდულ პრესაში. იგი 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

ჯერ კიდევ 1881 წელს აცნობა ილია წინამძღვარიშვილმა ქართველ საზოგადოებას თავისი უანგარო სურვილი წინამძღვარიანთკარში სამეურნეო სკოლის გახსნის შესახებ, რასაც მოჰყვა ამ სკოლის პროექტის განხილვაც. როგორც იაკობ გოგებაშვილის ცნობებიდან ჩანს, 1881 წელს ილია წინამძღვარიშვილმა გადაწყვიტა, თუ არა თავისი საკუთარი სახსრებით ამგვარი ტიპის სასწავლებლის გახსნა, ბინაში მიიწვია თორმეტამდე პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ილია წინამძღვარიშვილი თხოვდა ამ რჩეულთა კრებულს – შეემუშავებინა წესდება, სასწავლო გეგმა და პროგრამები მომავალი სამეურნეო სკოლისათვის. საკითხების გაშუქებას რამდენიმე სხდომა მოუნდა და საბოლოოდ დადგენილ იქნა სკოლის პროფილი, სწავლების ხანგძლივობა და პროგრამის მოცულობა... მაგრამ ერთი „წყეული” და თავსატეხი საკიტხი მაინც ამღვრევდა წყალს და დიდ დაბრკოლებას ქმნიდა. ეს იყო სკოლის წესდების პირველი მუხლი, იაკობ გოგებაშვილის ხელით ჩაწერილი: „სწავლება ყველა საგნისა პირველი წლიდან დაწყებული მეექვსე წლის დასრულებამდინ უნდა მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე”. ამავე დროს მეორე მუხლში აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის მითითებით, ნათქვამი იყო: „რუსული ენის სწავლება სმეურნეო სასწავლებელში უნდა დაწყებულ იქნას მესამე წლიდან”.

კრებამ ორივე ეს მოსაზრება, რასაკვირველია, ჭეშმარიტებად მიიჩნია, მაგრამ სამე ის იყო, რომ სწორედ ამ ჭეშმარიტებას ჰყავდა იმ ხანებში ყველაზე ძლიერი მტერიც. ეს იყო ცარიზმი, რომელიც&ნბსპ; „ავიწრობდა, ზოგჯერ პირდაპირ აუმებდა ადგილობრივ სკოლას, თეატრს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმ მიზნით, რომ მასები სიბნელეში ჰყოლოდა” (ი. სტალინი). ცარიზმის მაშინდელი წარმომადგენელი განათლების დარგში, მეფის ერთგული მოხელე იანოვსკი (რომელიც&ნბსპ; უხეშად ოხუნჯობდა: აბა, რად მივაჩნივართ მე ქართველთა ან სომეხთა მოძულედ, როცა პირველ რიგში ვარ სომეხი (იან), შემდეგ რუსი (ოვ) და ბოლოს პოლონელიო (სკი)) ცხადია, სასტიკად გაილაშქრებდა ამ წესდების ორივე მუხლის წინააღმდეგ. ამიტომ კრებამ მოითხოვა ამ ორი მუხლის შეცვლა არსებული რეჟიმის შესაბამისად იმ მოტივით, რომ სეი ამ ორმა მუხლმა მთელი ამ დიდებული განზრახვის განხორციელება ჩაშალოსო.

მაშინ იაკობ გოგებაშვილმა მოიშველია კავკასიის მეფის მოადგილის (ნამესტნიკის) თანაშემწე დ. ს. სტაროსელსკი (1832-1884), ლიბერალურად განწყობილი მოხელე, გურამიანთ სიძე, ილია ჭავჭავაძის მახლობელი ადამიანი, რომლისადმი მიმართვის დაწერა თვითონ იაკობმა იკისრა. ამის შემდეგ წესდების მუხლი უცვლელი დატოვეს, ხოლო სასწავლო გეგმა და პროგრამები შესდგა ნიკო ცხვედაძის უშუალო მონაწილეობით. ილია წინამძღვრიშვილმა დაუყოვნებლივ წარუდგინა დ. სტაროსელსკის სკოლის წესდებაც, პროგრამებიცა და სასწავლო გეგმაც. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო ოლქის მზრუნველ იანოვსკის თანხმობა არ მიუცია ამგვარი წესდების დამტკიცებაზე, იაკობ გოგებაშვილის მეოხებით – მან დაწერა ამ საკითხზე ვრცელი, მეცნიერულად და პოლიტიკურად დასაბუთებული მოხსენება – და სტაროსელსკის დახმარებით როგორც სკოლის წესდება, ისე მისი პროგრამები და სასწავლო გეგმაც დამტკიცებულ იქნა.

ამის შემდეგ ილია წინამძღვარიშვილს არავითარი დაბრკოლება არ ეღობებოდა. მან კიდევაც აცნობა ქართველ საზოგადოებას ამ სკოლის გახსნის შესახებ 1883 წლის პირველ სექტემბრიდან. ეს გახსნაც საზეიმო ვითარებაში მოხდა აგვისტოს ბოლო რიცხვებში, რომ სკოლა პირველ სექტემბერს ნორმალურ მუშაობას შესდგომოდა. სოფელ წინამძღვარიანთკარის ცხოვრებაში მომხდარი ეს ისტორიული დღე დაწვრილებით არის აღწერილი ჟურნალ „ივერიის” კორესპონდენტის მიერ სექტემბრის ნომერში, სადაც მოთხრობილია:

“...ჩვენი საზოგადოების უხალისობის დროს, ერთმა კერძო პირმა ხანგრძლივი მეცადინეობის შემდეგ თავისი საკუთარი ხარჯით და საფარით ჩასდგა საძირკველი ფრიად სასარგებლო დაწესებულებისა. ჩვენ ვამბობთ ბ-ნ ი. წინამძღვარიშვილზედ და მისგან დაარსებულ სამეურნეო სკოლაზე სოფ. წინამძღვარიანთკარში.

დიდად დასაფასებელია პატივცემული ი. წინამძღვარიშვილის ღვაწლი, – განაგრძობს კორესპონდენტი, – სწორედ დიდად გასაკვიველია მისი მხნეობა და გაბედულება. უნდა მკითხველმა დაწვრილებით იცოდეს ამ მეცადინეობის ისტორია. უნდა იცოდეს რა ჯაფა და შრომა იყო საჭირო, როგორც მისთვის, ისე იმ კერძო პირთათვისაც, რომელნიც ეხმარებოდნენ მას, რომ ამ სკოლის სამე თავს მოსულიყო, რომ ღირსეულად დააფასოს საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამ მოვლენისა. ჩვენ ძალიან იშვიათად და სრულიადაც არ გვახსოვს, რომ საზოგადო საქმისათვის ასე შეძლებისა და ჯაფის დაუზოგველად კერძო კაცს თავი გამოემეტებინოს. ჩვენში საზოგადო საქმისათვის თავგამოდებას, ქონების დაუშურველობას ბევრი ისე სხვა თვალით უცქერის, ჩვენ ჯერ არ შევხვედრივართ ჩვენს ცხოვრებაში არამც თუ შემძლებელ მფარველს სახალხო განათლებისა, სკოლისას, მეცნიერებისას, არამედ ლიტერატურის და მწერლობისასაც კი.

რაც შეეხება თვით სამეურნეო სკოლის სარგებლობას ჩვენგვარი ქვეყნის ხალხისათვის, ეს უეჭველია და აქ ჩვენ ჩვენთავად ბევრს არას ვიტყვით. დეე, თვით იმან სთქვას აქ სიტყვა, ვინც ეს საქმე დაჰბადა, ხორცშესხმულჰყო, – დეე, ეს სარგებლობა განმარტოს იმან, ვინც დაესწრო სკოლის კურთხევის დროს”.

ამის შემდეგ მოყვანილია სიტყვა ამ სკოლის დამაარსებლის და მზრუნველის ილია წინამძღვრიშვილისა და ზეიმის საპატიო დამსწრის, ქართველი ხალხის დიდი მოამაგის ილია ჭავჭავაძისა. ილია ჭავჭავაძის აქ თქმული სიტყვა მარტივად გადმოცემული ღრმა ფილოსოფიური სიტყვაა, რომელიც&ნბსპ; დღემდე მიჩნელუია ქართული მჭევრმეტყველების უბადლო ნიმუშად. ამ სიტყვის მოყვანა აქ არ დაგვჭირდება, რადგან ის ფართოდ არის ცნობილი ყველა კულტურული ქართველისათვის. რაც შეეხება თვით სკოლის დამაარსებლის, ილია წინამძღვრიშვილის მიერ იმ დღეს წარმოთქმულ სიტყვას, ის ჩვენი თემის უშუალო ნაწილია და ამიტომ მისი აქ მოყვანა საჭიროდ მიგვაჩნია. ილია წინამძღვარიშვილმა, გახსნა რა ეს ხალხმრავალი საზეიმო მიტინგი, საზოგადოებას მიმართა:

“ბევრს თქვენგანს გააკვირვებს ჩემი მოქმედება, რომ დღეს მე სამეურნეო სკოლას ვხსნი, – მართლა რომ ეს საქმე სამძიმო საქმეა; მაგრამ ეს საქმე მე გამაბედვინა ერთი მხრივ იმან, რომ ყოველის მამულის-შვილის ვალია შეძლებისამებრ შეეწიოს ღარიბსა და უმეცარს ხალხსა, მეორე მხრივ აუცილებელმა საჭიროებამ აქაურ ხალხში სასარგებლო და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებისამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გზაზედ ბევრი გაჭირვება მოგველის, მაგრამ ამ გაჭირვების დაძლევა შეუძლიან საქმისადმი სიყვარულს, გულის დადებას და ენერგიას, როგორც სახალხო სკოლის ისტორია ამტკიცებს. ამ ბრძოლისათვის ერთის ან ამდენიმე პირის ძალა საკმარისი არ არის, – საჭიროა ხელის შეწყობა და თანაგრძნობა თვითონ საზოგადოებისა. მაშ, ყველანი, ვინც კი ერთგულად ეკიდება სახალხო განათლების საქმეს, ამოვუდგეთ გვერდით მეცნიერების დროშას, გავუღოთ სასწავლებლის კარი ყოველ ერსა და სარწმუნოებას, წავიდეთ წინ და მოვფინოთ ბნელს ხალხში ნათელი ჭეშმარიტება.

მოგმართავთ რა თქვენ, ჩემს ამხანაგებს და ახლად გახსნილი სკოლის პირველ მოძღვრებს, უნდა გითხრათ, რომ თქვენ, როგორც მეცნიერების წარმომადგენელთ, შეგხვდათ სასიამოვნო, მაგრამ ძნელი, დანიშნულება. თქვენ პირველი უნდა გააბნიოთ საგურამოს ხეობაში თესლი განათლებისა, უნდა ებრძოლოთ ხალხის ცრუმორწმუნეობას, უნდა აღუძრათ თანაგრძნობა სახალხო განათლებისადი და ცხადად აჩვენოთ ის სარგებლობა, რაც გამოცდილებას და მეცნიერებას ადამიანისათვის მოუტანია. თქვენზეა დამოკიდებული სკოლის მოწაფეთა ბედი და თითონ სკოლის მომავალი. ჩვენი სკოლა სამაგალითო იქნება მთელი კავკასიისათვის და თქვენ თქვენი სული უნდა ჩაუდგათ მას... მივანებოთ თავი თავმოყვარეობას და ჩუმად, აუჩქარებლად, ყველანი ვემსახუროთ სულიერს და ნივთიერს ინტერესებს იმ ხალხისა, რომელიც&ნბსპ; ყოველთვის ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება. მაშინ სკოლის მტერნი მეგობრებად გარდაიქცევიან და ჭეშმარიტებაც აღდგება.

დასასრულ, მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, გამოვუცხადო ღრმა მადლობა დიმიტრი სიმონის ძე სტაროსელსკის ამ სკოლისადმი თანაგრძნობისათვის. და აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც ამ სკოლისათვის ზრუნავდნენ. იმედი ვიქონიოთ, დიმიტრი სიმონის ძე მიიღებს ამ სკოლას თავის მფარველობის ქვეშ.

ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყოს ნიშნად სკოლის ბედნიერი მომავლისა!..”

ამ სიტყვას, ვფიქრობ, კომენტარი არ სჭირდება. იგი სავსებით გვიხატავს სამაგალითო პატრიოტის, თავისი ეპოქის ნამდვილი შვილის მიმზიდველ პორტრეტს. ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც აქვე წარმოთმულ სიტყვაში ცოდნის კარი და მეცნიერების აკვანი უწოდა ამ სკოლას, მისი დამაარსებელიც ასე დაახასიათა: „გამოვიდა ჩვენში ერთი გულმტკივნეული კაცი და გვითხრა: გზას მე გაჩვენებთო, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო. ის კაცი მარტო თავისი თაოსნობით, დაუღალავი მცდელობით, თავგამოდებით, მხნეობით შეუდგა ამ ძნელ საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად და ძუძუსათვის ძიძები მოიწვია. ის კაცი ილია წინამძღვარიშვილია, ის აკვანი – აი, ის პატარა შენობაა, რომელიც&ნბსპ; ასე ლამაზად უხდება ამ პატარა სოფელს, ძიძები კიდევ მისგან მოწვეულნი ოსტატები არიან... მაშ, გაუმარჯოს, ხალხო, ამ სკოლას, ამ ცოდნის აკვანსა! გაუმარჯოს ილია წინამძღვარიშვილს, ამ აკვნის დამდგმელსა!”

ილია ჭავჭავაძემ თავის ისტორიულ სიტყვაში მომხიბლავი ფერადოვნებით განუმარტა დამსწრე საზოგადოებას იმდროინდელი საქართველოს ვითარებაში ამ სკლისა და მისგან გამომდინარე ცოდნის უდიდესი მნიშვნელობა. მოუწოდა ყველა წოდების წარმომადგენელთ, რომ თავიანთი შვილები დააწაფონ ამ ცოდნის დაუშრეტელ წყაროს, თუ სურთ, რომ დედამიწის გულში ჩაიხედონ და ამოიღონ ის სიმდიდრენი და ულევი საგანძური, რაც ბუნებას ჩვენს, პატარძალივით მორთულ კოპწია ქვეყანაში თავის კალთიდან უხვად გადმოუბერტყიაო.

ამ ზეიმის შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა. ილია წინამძღვრიშვილმა მოიწადინა მისგან დაარსებული სკოლის პირველი ნაბიჯების შემოწმება. ამისათვის მან დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი მოიწვია წლის ბოლოს გამოცდებზე დასასწრებლად. იაკობი ესტუმრა სკოლას, სადაც უნდა განხორციელებულიყო ის წესდება და პროგრამა, რომელიც&ნბსპ; მან დიდი ბრძოლითა და ტაქტიკური მცდელობით გამოგლიჯა მთავრობას, სკოლის ნახვით იაკობი მეტად ნასიამოვნები დარჩა. როგორც თვითონვე აღნიშნავს, „სკოლას პირველ წელიწადს იმდენი გაუკეთებია, რომ ოპტიმისტური მოლოდინისათვისაც გადაუჭარბებია”.

ამ დათვალიერებას იაკობ გოგებაშვილმა სპეციალური სტატია მიუძღვნა: „პირველი ნაბიჯი სამეურნეო სკოლისა”, რომელშიც დაწვრილებით არის აღნუსხული სკოლის მიღწევები როგორც დედაენის სწავლებაში, ისე სხვა საგნებში (არითმეტიკა, ფერმაში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები, ელემენტარული მეურნეობის ზოგიერთი საჭირო ცნობები და სხვ.).

ყველა ამ სიკეთის მიზეზად იაკობ გოგებაშვილი ასახელებს, პირველ რიგში, მასწავლებლების პატიოსან, გულისხმიერ, მუყაით და გონივრულ შრომას, შემდეგ კი თვით სკოლის მზრუნველის ილია წინამძღვარიშვილის მოღვაწეობას. „იგი სამაგალითო ერთგულობით და მუყაითობით ზრუნავდა სკოლაზედ. ყოველ კვირა დადიოდა ქალაქიდან სოფელ წინამძღვარიანთკარში, იგებდა ყოველის გარემოებას სკოლისასა თავის დროზედ და ცდილობდა დაუყოვნებლივ აეშორებინა მისთვის ყოველი დაბრკოლება. ორ თვეში ერთხელ მართავდა მსუბუქ გამოცდებს სკოლაში, მერე თბილისში ჩამოჰქონდა ვრცელი ანგარიში მასწავლებლებისა იმის შესახებ, თუ რამდენი და როგორ ასწავლეს ყოველი საგნიდან. ამ ანგარიშს წაუკითხავდა ხოლმე სკოლის საქმეში დახელოვნებულ პირთა, მოისმენდა მათ აზრსა და შენიშვნებსა, მიჰქონდა სოფელში ეს შენიშვნები, ქაღალდზედ დაწერილი, და სკოლის პედაგოგიურს კრებაში, როგორც თავმჯდომარეს, შეჰქონდა გასასინჯავად და ყურადღებაში მისაღებად”.

იაკობ გოგებაშვილის ეს საგულისხმო სიტყვები ნათლად გვიხატავს ილია წინამძღვარიშვილის თავგამოდებულ მუშაობას და უანგარო ღვაწლს ამ სკოლის გარშემო. როგორც სხვა წყაროებიდან ჩანს, იგი ბოლომდე დარჩა ამ სკოლის ყოველდღიურ მზრუნველად. ამავე დროს გასაოცარი ის იყო, რომ მთელ სკოლას თავის სახსრებით ინახავდა, გამუდმებით შრომობდა, მარად მას დასტრიალებდა თავს, მარად მისი ჭირითა და ლხინით იყო დაინტერესებული. სკოლა ყოველწლიურად იზრდებოდა: ემატებოდა კლასები, ახალ-ახალი მოსწავლეები და მასწავლელები, რაც განუსაზღველ სიხარულს იწვევდა როგორც მის დამაარსებელში, ისე მთელ ქართველ ინტელიგენციაში.

1890 წელს წინამძღვარიანთკარის სკოლა უკვე სრულწლოვანი იყო სრული ექვსი კლასის კურსით, ე. ი. ექვსწლიანი სწავლების კურსით, როგორც ეს მის დებულებაში იყო მოცემული. სკოლის მიღწევებმა, მის მიერ გამოშვებულმა კადრებმა საზოგადოება აალაპარაკა. ილია წინამძღვარიშვილიც თითით საჩვენებელი და სამაგალითო პიროვნება შეიქნა. იაკობ გოგებაშვილი სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთ კრებას მოახსენებდა, რომ საჭიროა მუდმივი დახმარება (სუფსიდია) დაენიშნოს ბანკიდან წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლას, „რომელიც&ნბსპ; ნაყოფია განათლების სიყვარულისა, მხნეობისა და თავგამოდებისა ბ-ნ ილია წინაძღვარიშვილისა”. ახასიათებდა რა ამ კრებაზე იაკობ გოგებაშვილი წინამძღვარიანთკარის სკოლას, ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ეს უდიდესი სიკეთე ნაყოფი იყო აგრეთვე იმ ფრიად სასიხარულო მოვლენისა, „რომ ეს სკოლა არის განხორციელებული პრინციპი ჭეშმარიტი განათლებისა, იმისთანა პრინციპი, რომლის გარეშე ერის ფეხზედ წამოყენება და მისი წარმატება ყოვლად შეუძლებელია. სადაც კი ჭეშმარიტი განათლების ლამპარი დანთებულა, დედაბოძად მას ჰქონია და აქვს დედა-ენა, სწავლება დედა-ენაზედ. როგორც საუკეთესო ღონე გონების განვითარებისა და ცოდნის შეძენისა, ღონე ბუნებისაგან მინიჭებული, რომელს ქვეყანაშიაც კი გადუხვევიათ ამ გზისათვის, იქ გონების გახსნის მაგიერ მისი დახშობა მიუღიათ, განათლების მაგიერ დაბნელება და ზნეობსი გაწმენდისა და ამაღლების მაგიერ – მისი დაცემა”.

“ჩვენში, – მოახსენებდა იაკობ გოგებაშვილი იმავე კრებას, – მხოლოდ წინამძღვარიანთკარის სკოლა ადგია მტკიცედ და შეურყევლად ამ დალოცვილსა და ჭეშმარიტ გზას განათლებისას; მარტო იგი ასრულებს ძირითად მცნებას პედაგოგიკისას, მხოლოდ მას უპყრია ხელში დროშა გონებრივი წმინდა სანთლისა; მარტო იგია მოშორებული კვამლსა და ხრჩოლვას, რომელიც&ნბსპ; მეტნაკლებობით ტრიალებს ყველა სხვა სასწავლებელში და სულს უხუთავს მოზარდ თაობას, ფრთას უკვეცავს გონებას და მისწრაფებას. საკუთარი წესდების ძალით, რომელიც&ნბსპ; დამკტიცებულია მთავრობისაგან, წინამძღვარიანთკარის სკოლაში სწავლება ყველა საგნის მთელი ევსი წლის განმავლობაში სწარმოებს დედა-ენაზედ”. ასე ხაზგასმით აღნიშნა ეს ფაქტი დიდმა პედაგოგმა, რომელმაც მართლაც მიაღწია იმასაც, რომ ამ სამაგალითო სკოლას მუდმივი სუფსიდია მიეღო ბანკიდან, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.

ეს სკოლა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც არსებობდა. მან მრავალი სამეურნეო სხვა დარგის მუშაკები და გამოჩენილი ადამიანები მისცა სამშობლოს. 1913 წელს, როცა ამ სკოლის 30 წლისთავი აღნიშნეს და სკოლის მუშაობის ერთგვარი შეჯამება მოხდა, გამოჩნდა ამ სკოლისა და მისი დამაარსებლის დიდი დამსახურება ქართველი ხალხის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ილია წინამძღვარიშვილი ყოველდღიური სამსახურითა და ამ სკოლის მზრუნველობით იყო გართული და დატვირთული, კალამი ხელიდან მაინც არ გაუგდია. ის კვლავ განაგრძობდა თანამშრომლობას პერიოდულ პრესაში, სადაც უმთავრესად სამეურნეო და საზოგადოებისათვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. დიდად მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, რომელმაც ილია წინამძღვარიშვილს მიუძღვნა პოემა „აჩრდილი”. გაზეთების: „დროების”, „ივერიის”, „სასოფლო გაზეთის”, „კვალის”, „სახალხო გაზეთის”, „საქართველოს”, „ცნობის ფურცელის”; ჟურნალების: „ივერია”, „თეატრი”, „მეურნე”, „ჯეჯილი”, განათლება” – ფურცლებზე ხშირად შევხვდებით ილია წინამძღვარიშვილის კალმის ნაყოფს და ან მასზე დაწერილ წერილებსა და ცნობებს.

ცალკე წიგნებად არის გამოცემული ილია წინამძღვარიშვილის შრომები: „ვაზის მოშენება” (1889), რომელიც&ნბსპ; რამდენჯერმე გამოვიდა როგორც სახელმძღვანელო და ყოველი მეურნისათვის დამხმარე წიგნი; 1919 წელს გამოიცა მისი მეორე ნაშრომი „საუბარი მიწათმოქმედების შესახბ”.

ილია წინამძღვარიშვილი გარდაიცვალა 1920 წლის 2 სექტემბერს თბილისში. დაკრძალულია წინამძღვარიანთკარში, სადაც მან სამაგალითო ამაგი, ადამიანური მხნეობა და საზოგადოებრივი თავდადება გამოიჩინა.