‍ნინო ტყეშელაშვილი (1874- ?)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990

tkeshelashvili niნინო ტყეშელაშვილი დამსახურებლად შევიდა ჩვენს ნაშრომში, როგორც შესანიშნავი თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, მის საქმიანობის თანაზიარი, გულშემატკივარი და ქართული ეროვნული კულტურის მოღვაწე.

ისტორია ბევრ ქალს იცნობს, რომელიც მწერლობაში ხმაურით არ შესულა, მაგრამ ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია და უზრუნია სამშობლოს კეთილდღეობაზე. ასეთი იყო ნინო ტყეშელაშვილიც, დიიდ პოტენციალური ენერგიის, ცოცხალი, დაუზარელი, გონებაგამჭრიახი და გულთბილი ადამიანი.

მას, როგორც რევლუციამდელ მწერალ ქალს, ბევრი რამ გადახდა, მაგრამ თავისი რწმენის ერთგული, მუდამ ეკატერინე გაბაშვილის, ანასტასია თუმანიშვილის, მარიამ დემურიას, განდეგლის, ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის გვერდით მოღვაწეობდა.

ნინო ტყეშელაშვილი დაიბადა 1874 წელს ქ. ქუთაისში, ყოფილი მღვდლის, ფ. ტყეშელაშვილის ოჯახში. მამამისი გლეხის კვალობაზე ნაკითხი კაცი იყო, უყვარდა წიგნის შეძენა და ქალიშვილიც სარგებლოდა მამის წიგნებით. აქ გაეცნო იგი ა. ბებელის „გლეხი კაცის ისტორიას“, „ცეცხლითა და მახვილით“ (პარიზის პირველი რევოლუციის შესახებ) და სხვ.

ნინოს დედა – წერეთლის ქალი, დიდი ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის ახლო ნათესავი იყო. ხშირად უკითხვდა პატარა ქალიშვილს თავის ლექსებს, „ვეფხისტყაოსანს“, „ყარამანიანს“, „ამირანიანს“.

მისი სახლი ბევრი დევნილი რევოლუციონერის თავშესაფარი გახლდათ. აქ თვეობით ცხოვრობდნენ მაშინდელი მოწინავე ადამიანები: ილია ხონელი – ბახტაძე, ლეო ქიაჩელი, არჩილ აბაშიძე და სხვ.

ნინო ტყეშელაშვილი ხშირად ესწრებოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა კონსპირაციულ კრებებს, რომელიც იმართებოდა მათ ოჯახში, ოცნებობდა რუსეთში წასვლაზე და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებაზე, განსაკუთრებით უღვივებდა ამ გრძნობას უფროსი ძმა, რომელიც ამ დროს მოსკოვში სწავლობდა.

ნინომ შეძლო თავის გამოჩენა სწავლაში, მაგრამ ვაი, რომ იქროს მედალზე დამთავრებამაც ვერ უშველა. იგი დიდხანს ვერ მოეწყო მასწავლებლად, რადგან ამის შესაფერიის კვალიფიკაცია არ გააჩნდა. მაგრამ მის ცხოვრებაში ჩაერია ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ამ დროს დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა ოჯახით და ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი მეურნეობა ჰქონდა. მათ სახლში შესვლისთანავე ახალგაზრდა ქალის ყურადღება მიიქცია მდიდარმა ბიბლიოთეკამ.

აქ, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში, ხვდებოდა ნინო ტყეშელაშვილი ნიკო ნიკოლაძის მეგობრებს: აკაკი წერეთელს, კირილე ლორთქიფანიძეს, ბესარიონ ღოღობერიძეს, თავისუფლებისათვის მებრძოლ რევოლუციონერსა და განაწამებ ადამიანს, გიორგი ზდანევიჩს.

დიდი გავლენა ჰქონდა ახალგაზრდა ქალიშვილზე ნიკო ნიკოლაძის დებს, განათლებულ ქალებს და ნიკოლაძის მეუღლეს – ოლღა ალექსანდრეს ასულ გურამიშვილს, რომელიც საზღვარგარეთიდან ახალი დაბრუნებული იყო.

ბედმა გაუღიმა ნინო ტყეშელაშვილს, ოლღას ისე მოეწონა ქალიშვილი, რომ უყოყმანოდ გადაწყდა რუსული ენის მასწავლებლად დაენიშნა იგი.

ნინო ტყეშელაშვილი აქტიურად ჩაება სკოლის ცხოვრებაში. მართავდა „ალეგერიებს“, წარმოდგენებს, ლიტერატურულ საღამოებს, რომელსაც დიდძალი ხალხი ესწრებოდა. მაგრამ მოსკოვში სწვლის გაგრძელების გამო მოუხდა, დაეტოვებინა თავისი საყვარელი სკოლა და საზოგადოება.

მოსკოვში ნინო ტყეშელაშვილი სწორედ იმ დროს ჩასულა სასწავლებლად (კბილის საექიმო კურსებზე მოსაწყობად), როცა რევოლუციური მღელვარება უკვე დაწყებული იყო. ნინო დაუახლოვდა მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლებს, დაუახლოვდა სტუდენტებსა და რუს სტუდენტებთან ერთად ჩაება რევოლუციოენრ სტუდენტთა არალეგალურ წრეში.

მან, რუს სტუდენტებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი არალეგალური ლიტერატურული საღამოს მოწყობაში, სადაც მიიწვია ამ დროს მოსკოვში მყოფი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი და ცნობილი მსახიობი მიშა გორელი.

საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გაისმა პოლიციის სასტვენების ხმა. ბევრმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ ვერც ამან შეაჩერა მღელვარე სტუდენტების გამოსვლები. მეორე დღესვე, ისინი „ინერნაციონალის“ სიმღერით უნივერსიტეტის ეზოში გამოვიდნენ.

„– მწვავედ განვიცადე, – წერს ნინო ტყეშელაშვილი, – ჩემი მეგობრების ნინა პოლინსკაიას და უკრაინელი ქალის მარი მასიჩის დაპატიმრება. ჩემი დაჭერაც უნდოდა, მაგრამ გვარი ვერ დაიმახსოვრეს და შემთხვევით გადავრჩი“.

ასე რომ, რევოლუციური აღტკინება, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმწვავე ნინო ტყეშელაშვილმა ადრევე იგემა. სამი წლის შემდეგ, 1906 წელს, ნინო საქართველოში დაბრუნდა: რეაქციის მძიმე წლები, საზოგადოებრივი მაჯისცემის მოდუნება, იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ქართველი ხალხი...

ნინო ტყეშელაშვილი ივანე მაჩაბლის სახლში ცხოვრობს, სადაც ერთ-ერთი ოთახი საზოგადო მოღვაწე მწერალ ქალს, მარიამ დემურიას უჭირავს.

მუდამ ტკბილმოუბარი, სახემომღიმარი მარიამ დემურია თბილად შეხვდა ქალიშვილს. ნინო განცვიფრებული იყო მისი შრომისმოყვარეობით, მუდამ აჩქარებული და მოფუსფუსე მარიამ დემურია სახალხო წარმოდგენების, სკოლებისა და საჯარო კითხვების მომწყობი და მოთავე იყო.

აბა, მაშინდელი ხელისუფლებისათვის რა ხელსაყრელი იყო სკოლების გამრავლება, ხალხის განათლება. ისინი ებრძოდნენ მარიამ დემურიას მსგავს მოთავსეებს, ვისაც სინათლე და ცოდნა შეჰქონდათ მასებში, ხოლო ყოველივე ამას მარიამ დემურია აკეთებდა იმ დროს, როცა თითოეული საჯარო კითხვისა თუ წარმოდგენისათვის განსაკუთრებული, ოფიციალური ნებართვა იყო საჭირო.

ვის არ სწვდებოდა მარიამის ხელი, სად არ იყო მის მიერ მოწყბოილი საკვირაო სკოლები: ჩუღურეთში, ნაძალადევში... უკვირდა ნინოს მაშინდელი მწერლების თავგანწირვა, მაშინ როცა ისინი არავითარ გასამრჯელოსა და ჰონორარს არ იღებდნენ, მაგრამ ყველა, როგორც ერთი, სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურებოდა.

ბევრჯერ უნახავს ნინოს სახლში თვალცრემლიანი დაბრუნებული მარიამი.

„– გუბერნიის ციხეში ვიყავი. ბორკილგაყრილ ტუსაღებს ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიან?!“ წავუკითხე“.

მარიამ დემურია ნინო ტყეშელაშვილის სათაყვანებელი გახდა. მასთან დაიწყო მუშაობა რუსული ენის მასწავლებლად. აქ გაეცნო იგი ხალხს, მუშებს, აქ ნახა ნამდვილი ცხოვრება, აქ დაუახვლოდა ეკატერინე გაბაშვილსა და სხვა ქართველ მწერალ ქალებს.

„– წარსული ცხოვრებიდან ბევრი ქალის სახელი მახსოვს, მაგრამ ეკატერინე გაბაშვილის მსგავსი ქალი მე არ მეგულებაო“, – წერდა ნინო ტყეშელაშვილი, როცა მარიამ დემურიამ პირველად გააცნო ქართველი ჟორჟ-სანდი – ეკატერინე გაბაშვილი.

„– მწერლობა რომ არ მიყვარდეს და მიტაცებდეს, დიდი ხანია საიქიოს ვიქნებოდიო“, – უთქვამს ახალგაზრდა ქალისათვის ეკატერინეს.

„დიახ, მე არ გამიგონია მისი წუწუნი, ჩივილი. ის საოცრად ოპტიმისტური შეხედულებებისა იყო. გვამხნევებდა ახალგაზრდა მწერალ ქალებს, იმედიანად შემოგვიძახებდა ხოლმე, იბრძოლეთ მედგრად, გახსოვდეთ, რომ ყოველ საქმეს, რომელსაც წინ სიყვარული მიუძღვის, კეთილი ბოლო აქვსო“.

როცა ნინო ეკატერინე გაბაშვილსი „ფრთებდაგლეჯილი“ წაიკითხა, მაშინ იგრძნო ქალის სიბეჩავე.

„დიახ, საზოგადოება საშინელ სიბეცესა და უსამართლობას იჩენს ქალის მიმართ. მის ნიჭს აქრობენ, მას გასაქანს არ აძლევენ. ფრთებს აგლეჯენ, როგორც ეკატერინე წერს თავის რომანში. ახალი ცხოვრების პირობებში მათ სურთ, ქალი დრომოჭმულ ტრადიციებით აცხოვრონ. ვის გაუგია, გათხოვილი ქალის გაზეთები და წერილებიო“.

ამიტომ გაიტაცა ნინო ეკატერინე გაბაშვილსი „ფრთებდაგლეჯილის“ გმირმა ქალმა ქეთომ, რომელიც იბრძვის თავი დააღწიოს ოჯახურ რუტინას... მე მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანები რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლა და საზოგადო საქმე“.

ეკატერინეს მომხიბვლელმა პიროვნებამ დააწერინა ნინო ტყეშელაშვილს: „შენ ხარ ხალხის სიყვარული და ყველასთვის სიხარული, რომ გამოხვალ გარეთა, სხივს მოაფენ არესა“.

„და განა მარტო მწერლობაში იყო ეკატერინე გაბაშვილი ასეთი მებრძოლი? – წერს ნინო, – მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ეს არის თავდადებული ბრძოლა ქალის თანასწორუფლებიანობისათვის.

მახსოვს, რედაქციაში ვისხედით მე, კეკე მესხი, ნინო ნაკაშიძე, ანასტასია თუმანიშვილი, განდეგილი, კატო მიქელაძე. ვხედავთ, შემოდის საოცრად აღშფოთებული ეკატერინე, ასეთი აღელვებული არავის უნახავს. რა მოხდა? მიცვივდნენ მწერალი ქალები და ყველა ფეხზე წამოვდექით.

– მეტი რა უნდა მოხდეს, ბანკის კრებიდან დაგვითხოვეს, ქალებს წინადადება მოგვცეს, უკეთ რომ ვთქვათ, პატიოსნად მოგვმართეს, უფლება რა გაქვთ ქალებს ჩვენს კრებას დაესწროთო და გარეთ გამოგვიყვანეს. მეტის მოთმენა შეუძლებელია, რას ჰგავს ეს?! – თქვა ეკატერინემ და გაჯავრებული სკამზე ჩამოჯდა.

საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა, მწერალი ქალები უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს, – რას ჰგავს ახლა ეს?! – ეკითხებოდნენ ერთმანეთს“.

დიდი გავლენა ჰქონდა მომავალ მწერალ ქალზე ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი წერეთლის ოჯახთან ახლო ნაცნობობას. ამ დიდი კულტურის კერას, ნინო თავის გიმნაზიის ემგობარი ქალის, გ. წერეთლის ქალიშვილის, ელიკო წერეთლის საშუალებით დაუახლოვდა. გაიცნო მისი დედინაცვალი, მწერალი ქალი ანასტასტია თუმანიშვილ-წერეთლისა, რომელმაც თავისი სიდარბაისლითა და საქმიანობით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინოზე. ამ სახლში იმ დროს იყო ორი რედაქცია : „კვალი“ და პირველი საბავშვო ჟურნალი „ჯეჯილი“, რომელსაც სათავეში უდგნენ ცოლ-ქმარი გიორგი წერეთელი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, მათ გვერდით ედგა უანგარო ქველმოქმედი ქალი სოფიო ციციშვილი. ამ ჟურნალში დაიწყო ნინო ტყეშელაშვილმა თავისი პატარ-პატარა თარგმანების ბეჭდვა.

შედარებით გვიან შემოაღო მწერლობის კარი სუსტი ჯანმრთელობის, მაგრამ იდეურობითა და პრინციპულობით ცნობილმა, განათლებულმა და მაღალი ზნეობის ქალმა ანასტასია ხოშტარიამ.

– ვინ არის ეს ქალი? – იკითხა ნინო, როცა რედაქციაში ნახა. ხოლო როცა უთხრეს, რომ ეს მწერალი ანასტასია ხოშტარიააო, გაუხარდა მისი გაცნობა. მიუახლოვდა და აღტაცებით უთხრა:

– ეს თქვენ დაწერეთ „მოლიპულ გზაზე“? ნება მომეცით, გაგეცნოთ. დიახ, მოლიპული გზა თქვენ გაგვიკაფეთ, ჩვენ ამ გზას არ დავკარგავთ, კდიევ უფრო სწრაფად გავივლით მას, ვეცდებით ყოველგვარ დაბრკოლებს მედგრად შევებრძოლოთ და ჩვენი ლელო გავიტანოთ!“

ასე თანდათანობით დაუახლოვდა ნინო ტყეშელაშვილი მწერალთა ოჯახს.

„– ერთხელ, – წერს ნინო ტყეშელაშვილი, – ეს იყო 1912 წელს, „ნაკადულის“ რედაქციაში შევედი. ვხედავ, ნინო ნაკაშიძესთან აკაკი წერეთელი ზის. ნინო წერილებს არჩევს, ჩამოვარდა ქალებზე ლაპარაკი. მე ვთქვი: ქალებს რომ თანასწორი უფლება მისცენ, ისინიც ისეთივე ნიჭს გამოიჩენენ, როგორც მამაკაცები. აი, მაგალითად, თამარ დედოფალი, მას ვინ დაუშლიდა, როგორც მეფეს, თავისი ნიჭი და ცოდნა ფართოდ გაეშალა?!

– თქვენ გგონიათ, ის ისეთი ნიჭიერი იყო?! ეს შოთამ უთხრა მას ქათინაური, – თქვა აკაკიმ და ხმამაღლა გაიცინა.

მე შევცბი. გული მეტკინა, ავღელდი.

– რუსეთის დედოფალს ეკატერინეს, ბატონო აკაკი, შოთამ უთხრა კომპლიმენტი?! ინგლისის დედოფალ ელისაბედს, შოთამ უთხრა ქათინაური?! გერმანიის დედოფალს, მარია-ტერეზას, ესპანეთის დედოფალს იზაბელას შოთამ შეასხა ქებათა-ქება?!

– ბიჭოს, – თქვა აკაკიმ, როცა დედოფლების ჩამოთვლა გავათავე, – შენ ყოფილხარ პირველი სუფრაჟისტკა.

თანასწორუფლებიანობის მებრძოლ ქალებს „სუფრაჟისტკას“ ეძახდნენ.

მე აკაკის ცივად გამოვემშვიდობე. მეორე დღეს ეკატერინე გაბაშვილს შევჩივლე. დამამშვიდა, ეს აკაკის ჩვეულებრივი ხუმრობააო. მე გეტყვი უკეთესს, ასეთი ანალოგიური შემთხვევა მეც მქონდაო: ერთ ოჯახში დამპატჟეს. ვხედავ, რატომღაც ხალხი აღელდა. ერთმა ახალგაზრდამ ხანჯალზე ხელი გაივლო. მე ხომ ყრუ ვიყავი, არაფერი მესმოდა და შევეკითხე, რაშია საქმე-მეთქი. მითხრეს, რომ ვიღაცამ ნიღილისტკა გიწოდა და ამან გამოიწვია არეულობაო და ერთს უნდოდა ხანჯლით გაეცა პასუხი ჩემი ასეთი ხსენებისათვის. მე გამეცინა და ვუთხარი:

– მიკვირს, რად აღელდით, ნიღილისტკა სალანძღავი სიტყვა როდია, მას განათლებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს ეძახიან. თურმე მეც ნიღილისტკად მომნათელს, ამით შეიძლება მხოლოდ ვიამაყო. ჩემი სიტყვის შემდეგ ხალხი დამშვიდდა“.

ნინო ტყეშელაშვილი თავის წერილებს „სუფრაჟისტკას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა. ეს უნდა იმ გატაცებით აიხსნას, რასაც მომავალი მწერალი ქალი ინგლისში რევოლუციონერი ქალების გამოსვლებისადმი ავლენდა.

თანასწორუფლებიანობისა და ქალთა ემანსიპაციისათვის ბრძოლა საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. 1905 წლის შემდეგ, როცა მეფის ტახტი რევოლუციურმა ამბოხებამ შეაზანზარა, ქალებსი აზღვავებულმა შინაგანმა პროტესტმა და ნაგროვებმა სულიერმა ტკივილებმა თავი ვეღარ დამალა და მათში ერთბაშად დაიბადა ბრძოლის სურვილი, და რაოდენ საკვირველი იყო, რომ ამ მძიმე ჟამს თბილისში შეიქმნა „ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირი“, რომლის სულისჩამდგმელი იყო ფრიად განსწავლული მანდილოსანი, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ექიმ მიხეილ გედევანიშვილის მეუღლე, ანასტასია გედევანიშვილისა.

„ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირის“ ამოცანების განხორციელებისათვის, რაც გულისხმობდა ქალთა საერთო პოლიტიკურ განთავისუფლებასა და დემოკრატიულ საფუძველზე აგებულ ახალ სახელმწიფო წყობილებას, თავგამოდებით იბრძოდა ნინო ტყეშელაშვილი.

იგი ქალების მამაკაცთა უფლებებთან გათანსწორებისათვის ლოზუნგებით გამოდიოდა კრებებზე, პრესაში.

„...ჩვენ უნდა გვახსოვდეს ბებელის სიტყვა, – თქვა მან, – როგორც მუშა თავისი ინტერესების დაცვას არ ანდობს ბურჟუაზიას და თვითონ იცავს, ასევე ქალებმა თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები“.

ნინო ტყეშელაშვილი ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ქართველ მწერალ ქალებს მოუწოდებდა რუსეთის ქალებთან კავშრის, ურთიერთობასა და მეგობრობას. იგი მოითხოვდა ახლო ყოფილიყვნენ ინგლისისა და ფრანგი ქალების საქმიანობასა და სოციალურ მოძრაობასთან, რომელიც იმდროინდელ პრესაში საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა.

ამ დროს 1906 წელს ქართველი ქალები უგზავნიან სრულიად რუსეთის ქალთა პირველი ყრილობის მასალებს: „ქართველი ქალები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისისა, მივესალმებით რუს ქალთა სრულიად რუსეთის პირველი ყრილობის გახსნას.

დიდებული ქართველი ქალების ბრწყინვალე სახელები წარსულისა, თავდებია ქართველი ქალებისბ მომავლისაც. ქართველმა ქალებმა არასოდეს იცოდნენ მონობა და ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ტრადიციას. ქალის თავისუფლებისა და კულტურული განვითარების დაცვისათვის ერთად ვართ, თქვენთან ხელიხელ ჩაკიდებული“.

ამ მისალმებაში, როგორც ნინო ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ლაპარაკი იყო იმაზედაც, თუ რა დიდი როლი შეასრულეს ქართველმა ქალებმა რევოლუციის მძვინვარე დღეებში.

ყოველივე ამას მოჰყვა ქალების საოცარი გამოცოცხლება. ისინი მასობრივად იკრიბებოდნენ მწერალი ქალების მიერ მოწვეულ კრებებზე სხვადასხვა ადგილებსა და ოჯახებში. კრებები ტარდებოდა ლ. არდაზიანის სახლში, რომლის მეუღლე ქველმოქმედი ქალი იყო; ეკატერინე გაბაშვილის, მარიამ დემურიასა და ნინო ნაკაშიძის სახლებში.

ამ ხშირი შეკრებების შედეგად ქალებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ „ქართველ ქალთა საზოგადოება“, რომელსაც სათავეში დომინიკა ერისთავ-განდეგილი უნდა ჩადგომოდა. უმეტესობა ქალებისა მოითხოვდა უფრო ფართო მასშტაბის „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ დაარსებას, რომლის თავმჯდომარედ ასახელებდნენ ნინო ნაკაშიძეს.

საბოლოოდ, დიდი ბრძოლისა და სხვადასხვა აზრთა შეხლა-შემოხლის შემდეგ, – წერს ნინო ტყეშელაშვილი, – უფრო ინტერნაციონალურმა პრინციპმა გაიმარჯვა. ჩამოყალიბდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოება“, რომელმაც ბევრი საინტერესო ასქმე გააკეთა: გააერთიანა ასოცდათექვსმეტი მუშა ქალი. აქ იყვნენ ქართველი, რუსი და სომეხი ქალები, დააარსეს კლუბები, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ჭრა-კერვას. ეს კლუბები, – აღნიშნავს ნინო ტყეშელაშვილი, – უმთავრესდ იყო მუშათა რაიონებში: ავჭალაში, ნაძალადევში და სხვ.

ნინო ტყეშელაშვილი სათავეში ედგა ლიტერატურული საღამოებისა და სპექტაკლების მოწყობას, იწვევდა მომხსენებლებს, რომლებიც მსმენელებს აცნობდა რუსი კლასიკოსების: ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. გრიბოედოვის, ნ. ნეკრასოვისა და სხვათა ცხოვრებას, მათ ნაწარმოებებსა და იმ დროის სოციალურ საკითხებს. თვითონ მუშა ქალები გამოდიოდნენ დეკლამაციით, კამათობდნენ განხილულ საკითხებზე და სხვ.

„კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ საქმიანობა იმითაც საინტერესო იყო, რომ იგი სასტიკ ბრძოლას აწარმოებდა ქალის ზნეობრივი ნორმების დასაცავად. ამ საკითხზე აქტიური აგიტაცია-პროპაგანდით გამოირჩეოდა ნინო ტყეშელაშვილი.

ქალბს ამ უბედურ გზაზე აყენებს ნივთიერი დაქვეითება. ამიტომ მისი მოსპობა გადაუდებელ ამოცანად მიმაჩნია, – აცხადებდა ნინო ტყეშელაშვილი.

არანაკლები მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „კავკასიელ ქალთა საზოგადოებამ“ 1914 წელს, მსოფლიო ომის დროს, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფასო სასადილოების გახსნით. სასადილოების გამგეებად მუშაობდნენ ქართველი ქალები პეპელა ბერეჟიანი, მატრონა ქოქოძე და სხვები. ქალები ეხმარებოდნენ ფრონტს, ჯარისკაცებისათვის კერავდნენ ტანისამოსს. ამ საქმის ორგანიზაცია მიენდო პოეტ ქალს დარია ახვლედიანს და მწერალ ნინო ნაკაშიძეს.

„განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი, მწერალი ქალებისათვის, მენშევიკების ბატონობის ხანა. არავითარ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, არავინ იყო დაინტერესებული ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებით, ჩვენი მომავლით“, – წერს ნინო ტყეშელაშვილი.

ამასთან დაკავშრიებით საინტერესოა იმდროინდელი ქალთა ცხოვრებიდან ერთი მეტად საინტერესო ფაქტი: ერთხელ, უნივერსიტეტში გამართულ კრებაზე, რომელზედაც უნდა აერჩიათ სოციალ-დემოკრატიული დელეგატები, ქართველი მწერალი ქალებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, ცხადია, ნინო ტყეშელაშვილიც ბრძანდებოდა. როცა თავმჯდომარემ სია წაიკითხა, თუ ვინ უნდა გაეყვანათ დელეგატებად, არც ერთი ქალი არ იყო დასახელებული. ამან გამოიწვია დიდი აღელვება. ნინო უცებ გამოეყო ამხანაგებს, გაემართა თავმჯდომარისაკენ, ავიდა ესტრადაზე(?) და თავმჯდომარეს კალთა ჩამოსწია. ჩამოდი, ახლა მე მალაპარაკეო.

დარია ახვლედიანმა დასამშვიდებლად მიმართა ნინოს, დააცადე, ჯერ მაგან ილაპარაკოს, მერე შენ თქვი შენი სათქმელიო.

„– მე მჭევრმეტყველი არა ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ, წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ ქალი დაამუნჯა. მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვასაც ენას ამოაღებინებთ. ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება, რითაც და როგორც შეუძლია, ცოტა გვყავდნენ რევოლუციონერი ქალები?.. თქვენ ოც კაცში ერთი ქალიც ვერ ამოგირჩევიათ, ესაა თქვენი სამართალი?!“

„– ნინო ტყეშალაშვილსი ამ გამოსვლამ, – იგონებს ნინო ნაკაშიძე, – დიდი აურზაური გამოიწვია. ერთმა მენშევიკმა წამოიძახა, ჩვენ პარტიაში მომზადებული ქალი არ გვყავსო. ეს ნავთის დასხმა იყო ცეცხლზე.

– მოითხოვეთ და დაასახელეთ ვინმე! – გვითხრა თავმჯდომარემ. ნინომ ერთის მაგივრად, ხუთი ქალი დაასახელა, მაგრამ კრებამ კატეგორიული უარი თქვა. ეს კი მეტისმეტია, თქვა თავმჯდომარემ და დელეგატად მხოლოდ ერთი ქალი, ნინო ტყეშელაშვილი გაიყვანეს.

აღელვებულმა მწერალმა ქალებმა დემონსტრანციულად დავტოვეთ კრება. პროტესტი გამოვუცხადეთ მენშევიკებს უსულგულობისათვის. ქალებმა და „კავკასიელ ქალთა საზოგადოებამ“ გადავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი გაგვეწყვიტა მენშევიკურ მთავრობასთან“.

ქართველი მწერალი ქალები მაინც ენერგიულად განაგღზობდნენ ბრძოლას. იკრიბებოდნენ ოჯახებში, მართავდნენ კრებებს, სახავდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებებს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ მომავალში.

ეკატერინე გაბაშვილის სახლში გამართულ ერთ-ერთ კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ანასტასია თუმანიშვილი, ბაბილინა ხოსიტაშვილი, ნინო ნაკაშიძე, კატო მიქელაძე, მარიჯანი (ალექსიძე), ლიდია მეგრელიძე, ანა ხახუტაშვილი და სხვა, ქალებმა დღის წესრიგის პირველ საკითხად დასვეს, რატომ არ იბეჭდება ქალების ნაწარმოებები და რატომ არიან ისინი იგნორირებული პრესისაგან?

– დიახ, – თქვა ნინო ტყეშელაშვილმა, – ჯერ კიდევ არსებობს ძველი შეხედულება ქალზე, ქალი ადამიანად ვერ წარმოედგინათ. თითქოს ქალის საქმეა მხოლოდ ოჯახი, ქმრის, შვილის მოვლა. რა ქალის საქმეა მოღვაწეობა და მწერლობაო. ქვა და ყორე მივაყაროთ ასეთ ჩამორჩენილ ადამიანებსო, – აღიმაღლა ხმა ნინომ და მას გვერდით ამოუდგა კატო მიქელაძე, რომელმაც შესანიშნავად გააშუქა ქალთა მდგომარეობა და აღმაფრთოვანებელი ლექსი წაიკითხა, რომელმაც დიდი ოპტიმისტური განწყობილება შექმნა. ნინო ტყეშელაშვილმა ამ კრებაზე მას „ბულბული“ უწოდა.

ამ კრების თავშეყრილობამ დააწერინა ნინო ტყეშელაშვილს ერთი საინტერესო მოთხრობა „მგალობელი ჩიტების ზეიმი“, რომელიც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქალების შემართების აპოთეოზი იყო. ამ მოთხრობაში კატო მიქელაძე მოლაღურად გამოიყვანა, ანიკო ღვინიაშვილი ჯაფარად, ხოლო ანა ხახუტაშვილს ხოხობი შეარქვა, ბანოვანს – გვრიტი, ბაბილინა ხოსიტაშვილს – შოშია და სხვ.

ამ დღიდან მწერალმა ქალმა ნინო ტყეშელაშვილს „მერცხალა“ შეარქვა, როგორც გაზაფხულის მახარობელ ფრინველს, როგორც სიხარულისა და სიახლის შემომტანს, რომელსაც ქალთა საკითხში ჭეშმარიტად დემოკრატიული და სოციალისტური შეხედულებები შემოჰქონდა.

ნინო ტყეშელაშვილს, როგორც ჩანს, ისე მოეწონა ამხანაგი მწერალი ქალების მიერ შერქმეული სახელი, რომ&ნბსპ; შემდეგ პრესაში თავის წერილებსა და სტატიებს თუ საბავშვო მოთხრობებს „მერცხალას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა.

დაიწყო ქალთა ცხოვრებაში ბედნიერი ხანა – საბჭოთა ხელისფულების დამაყრებამ მისცა ქალებს მამაკაცთან თანასწორუფლებიანობა. ახლა საჭირო იყო ბრძოლა იდეურ-პოლიტიკური ცოდნის დონის ამაღლებისათვის, გათვითცნობიერებისათვის.

„– მე ხშირად მეკითხებიან, რატომ ასე გვიანდ აიწყე წერაო? – წერს ნინო ტყეშელაშვილი, – მიხუმრია და ასეთი პასუხი მიმიცია ამხანაგებისათვის: სანთელი, რომელიც გვიან ინთება, გვიან ქრება-მეთქი. ნ. ნეკრასოვმა ორმოცდაშვიდი წლის ასაკში დაიწყო წერა, ვის როდის აანთებს ნიჭი“.

მართალია, ნინო ტყეშელაშვილს არ დარჩენია დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა, როგორც მის თანამედროვე მწერალ ქალებს, მაგრამ დემოკრატ ქალებს შორის იგი ჭეშმარიტად თვალსაჩინო იყო. მისი წერილები, სტატიები ქართველი ქალის თავისუფლებისა და მისი ისტორიული როლის შესახებ უხვად არის გაბნეული როგორც რევოლუციამდელ პრესაში: „ცნობის ფურცელში“, „კლდეში“, „ქართველი ქალის ხმაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“, „ნოვოე ობოზრენიაში“, ისე საბჭოთა პერიოდიკაში.

განსაკუთრებით საინტერესო და დროული იყო ნინო ტყეშეალშვილს ერთ-ერთი წერილი: „ქალი რევოლუციონურ კულტურის ფრონტზე“, სადაც ის ქალს ცხოვრების ახალ ეტაპზე განიხილავდა.

„ქალი იყო მონა ოჯახისა და ეკონომიურად დამოკიდებული მამაკაცზე. მის ოჯახურ მონობას ზედ ერთვოდა ეკონომიური მონობა. ამიტომ ამბობდა ლენინი, რომ „პროლეტარული ქალების ექსპლოატაცია 100-ჯერ მეტი იყო და მათი ბედი 100-ჯერ უფრო მწარე, ვიდრე მამაკაცისა. თუმცა, – შენიშნავს ლენინი, – მშრომელი ქალი მძიმე პირობებში იყო ჩაყენებული, მაგრამ ის თავის მონურ გარემოებას არ ურიგდებოდა. ისტორიაში აღნიშნულია, როგორც რევოლუციის, ისე საერთო გაჭირვების დროს ქალების თავგანწირული ბრძოლა მტრის წინააღმდეგოდ. მარტო საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და კომუნის დროს პატარა როდი იყო მათი როლი.

ქალის ასეთ თავგანწირულ ბრძოლას და სხვა ქართულ თვისებებს, ნიჭსა და მის კეთილ გავლენას მამაკაცის წარმატებაზე დიდად აფასებდნენ გამოჩენილი მოწინავე ადამიანები. ამიტომაც ქალებს მუდამ ჰყავდათ თავისი მომხრენი...“

ბოლოს და ბოლოს, ქალების საკითხი ლენინმა გადაჭრა. მან მოსპო ყველა ის საზიზღარი კანონი ქალის მიმართ, რომელიც მას არასრულუფლებიანად ცნობდა და მამაკაცის მონად თვლიდა“.

ამრიგად, ნინო ტყეშელაშვილი ქართველი ქალის ინტერესებისა და მისი მაღალი ზნეობის დამცველად გამოდიდა.

ზიზღი და ბრძოლა კაპიტალიზმის გადმონაშთების წინააღმდეგ ნინომ მაშინაც გამოამჟღავნა, როცა სათავეში ჩაუდგა ეგნატე ნინოშვილს „ქრისტინეს“ გმირების საჯარო გასამართლებას. თუ საბჭოთა ხელისუფლებამდე ყველა გამართულ დისპუტზე ეგნატე ნინოშვილს ქრისტინეს სამსჯავროს სკამზე სვამდნენ, საქმეს განიხილავდნენ ბურჟუაზიული შეხედულებები და მსჯავრს სდებდნენ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნინო ტყეშელაშვილს საშუალება მიეცა სამართლიანად მიდგომდა ამ საკითხს, სიახლე შეეტანა ბრალის დადების საკითხში და სამსჯავრო სკამზე დაესვა არა ქრისტინე, არამედ ყველა ის, ვინც ახალგაზრდა ქალს ჯოჯოხეთური ცხოვრება შეუქმნა.

ამ საქმეში ნინო ტყეშელაშვილს გამოეხმაურა ფართო საზოგადოება, გვერდში ამოუდგნენ ქართველი მწერალი ქალები: ეკატერინე გაბაშვილი, ლიდია მეგრელიძე, კატო მიქელაძე, დარია ახვლედიანი და სხვანი.

დისპუტი სახალხო-საჯარო გასამართლებად გადაიქცა. მან დიდძალი ხალხი მიიზიდა და ქართველი ქალისაკენ გული მოიბრუნა საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელიც მსჯავრს დებდა კაპიტალისტური წყობილების უდანაშაულო მსხვერპლს და ამ მოვლენას სოციალური საფუძვლით ვერ ხსნიდა.

„ქრისტინეს“ გმირების გგასამართლება ეწყობოდა მუშათა სასახლეებში, მცირე თეატრში, ქრისტინეს როლში ნინო ტყეშელაშვილმა გამოიყვანა ცნობილი მსახიობი ქალი ეფემია მესხი.

ხალხის, საზოგადოების დაინტერესება ამ საკითხით იმდენად დიდი ყოფილა, რომ ქუჩებსა და თეატრებში გაკრული აფიშები აცხადებდნენ:

„1924 წელს, შაბათს, 22 მარტს, „მცირე თეატრში“ (რუსთაველის პროსპექტი) საზოგადოების თხოვნით გამეორებულ იქნება „ქრისტინეს“ გასამართლება.

მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერალი ქალები: დარია ახვლედიანი, პოეტი კატო მიქელაძე, მსახიობები ელო ანდრონიკაშვილი, ვასო აბაშიძე.

ბილეთები გაიყიდება დადგმის დღეს 5-8 საათამდე.

„ქრისტინეს“ გმირების გასამართლება დაწერილია ნინო ტყეშელაშვილის მიერ“.

„პირველი გასამართლება, რომელიც „მუშათა სახლში“ ჩატარდა, – წერს კატო მიქელაძე, – ერთიან ყველასათვის სასურველი აღმოჩნდა. ხალხი დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიესალმა ქრისტინეს გამართლებასა და მწერალ ქალს ნინო ტყეშელაშვილს.

განსაკუთრებით აზვავდა ხალხი, ყველა, როგორც ერთი ფეხზე წამოდგა, როცა განაჩენი გამოაცხადეს – მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი იასონ უქმაძეს, როგორც მთავარ დამნაშავეს, რამდენიმე პროვნების დამღუპველსა და როგორც საზოგადოების მავნე ელემენტს, კაპიტალისტური ყოფის ერთ-ერთ ტიპურ წარმომადგენელს“.

როგორც ვხედავთ, „ქრისტინეს“ გმირების გასამართლებამ იმდენად ფართო ხასიათი მიიღო, ისეთი დიდი ინტერესი გამოუწვევია, რომ „ივერიის“ თანამშრომელს ლ. წულაძე თავისი რედაქციით იგი ცალკე ბროშურად გამოუცია.

ნინო ტყეშელაშვილი მარტო საზოგადო მოღვაწე არ ყოფილა, ის იყო საინტერესო მწერალიც, რომელიც დროულად ეხმაურებოდა ჩვენი საზოგადოებრივ ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.

1930 წლიდან ნინო ტყეშელაშვილი სისტემატიურად იბეჭდებოდა ჩვენს ჟურნალ-ზეთებში. მისი არაერთი მოთხრობა, ზღაპარი და იგავ-არაკი: „ხუხულები“ და „ასლამაზა“ აღიარებული იყო შესანიშნავი ქართული საბჭოთა საბავშვო ნაწარმოებებად.

ასეთივე პოპულარობით სარგებლოდა მის სხვა საბავშვო მოთხრობები: „სპილო და მტაცებლები“, „მგალობელი ჩიტები“, „ვირი“ და სხვ.

ნინო ტყეშელაშვილმა დაგვიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თავის თანამედროვე მწერალ ქალებზე: ეკატერინე გაბაშვილის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კეკე მესხის, მარიამ დემურიას, ქეთევან ირემაძისა და თავის ახლო მეგობრების, შიო არაგვისპირელის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილს და სხვათა შესახებ.

მოგონებები დაწერილია დიდი დაკვირვებით, ცხოვრების გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი აზროვნების მკვლევარს. აქ გაეცნობა ბევრ უცნობ ფაქტსა და დეტალს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მრავალი საზოგადო და ლიტერატურის მოღვაწის შესახებ.

როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ 1956 წელს, როცა პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძის დავალებით გაგზავნილი ვიყავი მწერალ ქალთან მოგონებების ჩასაწერად, იგი უკვე ავადმყოფი, ლოგინში მწოლიარე დამხვდა...

ლიტერატურული ცეცხლი, აღტკინება აქაც არ ტოვებდა ავადმყოფს. მაკვირვებდა, როგორ შემოენახა მის საოცარ მეხსიერებას ამდენი რამ. იგი წამოჯდა, სულ ზეპირად მითხრა პუშკინის, ლერმონტოვის, ილიასა და აკაკის ბევრი ნაწარმოები.

„– კმაყოფილი ვტოვებ საწუთროს... მოვესარი საბჭოთა ხელისუფლებას, მისი სოციალისტურ მშენებლობას, როლის დაფუძნებისათვის, მგონი, მეც მივიტანე ერთი პატარა აგური“, – მითხრა გამომშვიდობებისას.

ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო... ბოდიშს მიხდიდა, წუხდა, რომ დაუძლურების გამო, კარებამდე ვერ მაცილებდა... ერთი რამ კი არ დავიწყებია: მთხოვა, მოკითხვა გადამეცა დიდი მამულიშვილისათვის, სიძველეებზე შეყვარებულ მემატიანე გიორგი ლეონიძისათვის, რომლის პატივისცემით და სიყვარულით დავწერე ლიტერატურული მუზეუმისათვის ჩემი ცხოვრების ფურცლებიო.