‍ანდრო შუბლაძე (1875-1959)

ავტორი: ტროფიმე ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

shubladze an129ცნობილმა პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ თავისი მოღვაწეობით პირველი ნახევარი რევოლუციამდელი სკოლის სამსახურს მოანდომა, ხოლო მეორე ნახევარი საბჭოთა სკოლის მშენებლობასა და განტმკიცებას მიუძღვნა.

ანდრო შუბლაძე დაიბადა 1875 წლის 10 თებერვალს სოფელ დიდ ჯიხაიშში, ქუთაისის მაზრაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მან თავისი სკოლის სკოლაში მიიღო, ხოლო 1892 წელს შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1896 წელს დაასრულა.

მიუხედავად იმისა რომ მას პოლიტიკურად სანდო ადამიანის სახელი არ ჰქონდა მოხვეჭილი, სახალხო სკოლათა დირექტორმა ლევიცკიმ, ანდრო შუბლაძე მაინც დანიშნა დიდი ჯიხაიშის ორკლასიან სკოლაში მესამე მასწავლებლად, სადაც იგი მოღვაწეობდა 1902 წლამდე. თავის სოფელში ანდრო შუბლაძემ მალე მოიპოვა მოწინავე მასწავლებლისა და უანგარო მოღვაწის სახელი. ისაქ ეწეოდა ლეგალურსა და არალეგალურ მუშაობას. დიდი ჯიხაიშის ღარიბი გლეხობა, რომელიც დაკავშირებული იყო ბათუმთან, სამტრედიასა და ქუთაისთან, ადრე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. იგი, როგორც მოწინავე ადამიანი, ხელს უწყობდა თავისი მეზობლების გათვითცნობიერებას არალეგალური წრეების მოწყობით, პროკლამაციებისა და ბროშურების მიწოდებითა და კითხვით. მაგრამ უფრო შესანიშნავი იყო მისი ლეგალური მუშაობა, რომელიც ხალხის გასანათლებლად იყო მიმართული. ამ წლებში დიდ ჯიხაიშში დაარსდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, დავით დევიძესთან ერთად, ანდრო იყო. ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასაარსებლად, მისთვის ბინის მოსაპოვებლად, ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად, წიგნების შესაძენად და მუსმივი თანამშრომლის მოსაწვევად მცირე თანხა როდი იყო საჭირო. ამ თანხის შეგროვება შეიძლებოდა წარმოდგენების გამართვით, ხელის მოწერის ჩატარებით, შემოწირულებათა შეგროვებით, რაც მაშინ სოფლად მეტად ახალი და უჩვეულო საქმე იყო. ანდრო შუბლაძე ამ ღონისძიებათა განხორციელებაში უშუალო მონაწილეობას იღებდა. მისი და ექიმების – ვალერიან და ანდრო ლორთქიფანიძეების ინიციატივით დიდ ჯიხაიშში დაარსდა ქსენონი, რომლის ექიმად შემდეგში ცნობილი ივანე გომართელი იქნა მოწვეული. იმავე პერიოდში დავით დევიძისა და ანდრო შუბლაძის თაოსნობით და ხელმძღვანელობით დაარსდა შენახველ-გამსესხებელი ამხანაგობა. ამავე დროს ანდრო შუბლაძე იბრძოდა ხალხში მოწინავე აგროტექნიკის დასანერგად.

1902 წლის სექტემბრიდან ანდრო შუბლაძე მიიწვიეს ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად. ამიერიდან ანდრომ თავი დააღწია სააზინო სკოლებში სამსახურს, განთავისუფლდა სახლხო სკოლათა დირექტორის ბრძანებების შესრულებისაგან. მეორე მხრივ, ანდრო შუბლაძის ძველი სენაკის ქართულ სკოლაში მიწვევის შედეგი იყო, რომ იგი როგორც პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ცნობილი გახდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და მისი სკოლების გარშემო შემოკებილი მოღვაწეთათვის.

ამ სკოლის მასწავლებლების ამოცანა იყო, სწავლა-აღზრდის საქმე დაეყენებინათ კაგად (სკოლას სამეურნეო განხრა ჰქონდა) და მოსახლეობაში საზოგადოებრივი მუშაობა გაეშალათ (სამკითხველოს მოწყობა და ომსახურება, უწიგნურთათვის წერა-კითხვის სწავლება, სახალხო კითხვის მოწყობა, წარმოდგენების გამართვა, იაფფასიანი სახალხო წიგნების გავრცელება და სხვ.). ამავე სკოლის მასწავლებლები 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოსახლეეობაში რევოლუციურ მუშაობასაც ეწეოდნენ. ანდრო შუბლაძეს დიდი ჯიხაიშიდან ძველ სენაკში დიდი გამოცდილება გამოჰყვა არა მარტო როგორც პედაგოგს, არამედ როგორც საზოგადო მუშაკსა და რევოლუციურ მუშაობაში გამოცდილს.

რევოლუციური მუშაობის გამო ანდრო შუბლაძე რეაქციის წლებში, 1906 წლის იანვრიდან, იძულებული გახდა მიეტოვებინა ძველი სენაკის ქართული სკოლა და მთიანი რაიონებისათვის შეეფარებინა თავი, რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელ რაზმს არ ჩავარდნოდა ხელში. თითქმის ერთი წელი ემალებოდა ანდრო გამძვინვარებული რეაქციის დამქაშებს და როდესაც ხიფათი თავიდან აიშორა, იგი კვლავ თავის სკოლაში დაბრუნდა.

1909 წლის მიწურულში ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა თავისი უგვირგვინო მეფის – აკაკი წერეთლის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი. 1910 წლის დასაწყისში აკაკის დიდი ზეიმი გაუმართეს ქუთაისში, რომელშიც მთელმა დასავლეთ საქართველომ მიიღო მონაწილეობა. ძველი სენაკის საზოგადოებამ ამ ზეიმზე წარმომადგენლად ანდრო შუბლაძე მიავლინა, რომელმაც პოეტს მეტად მოხდენილი სიტყვით მიმართა.

1911 წლის სექტემბერში ანდრო შუბლაძე ძველი სენაკის ქართული სკოლიდან ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს მასწავლებლად.

შეიძლება ითქვას, რომ მთელ ამიერკავკასიაში ქუთაისის ქართული გიმნაზია (თბილისის ქართულ გიმნაზიასთან ერთად) მოწინავე სასწავლებელი იყო, რომლის მუშაობას განსაზღვრავდა და წარმართავდა არა სასწავლო ოლქი ან სულიერი უწყება, რომლებიც საერო და სასულიერო სასწავლებლებს განაგებდნენ, არამედ ქართველი მოწინავე საზოგადოება, რომელიც საკეთესო პედაგოგების უშუალო ხელმძღვანელობით წარმართავდა ამ სასწავლებლის მუშაობაბს, უნერგავა მოსწავლა-ახალგაზრდობას მოწინავე იდეებს. ამიერიდან ანდრო შუბლაძე უშუალოდ ჩაება ამ სასწავლებლის მუშაობაში და მისი მოწინავე პედაგოგიური კოლექტივის წევრი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა ეს მრავალრიცხოვანი კოლექტივი სრულიადაც არ კმაყოფილდებოდა თავიის ძირითადი მუშაობით – სასწავლებელში ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმით, არამედ ქუთაისში და მის გარეთაც დიდ საზოგადოებრივ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართული გიმნაზიის მასწავლებელთა კოლექტივი, ქუთაისის მოწინავე ადამიანებთან ერთად, ხელმძღვანელობდა ისეთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, როგორიც იყო საკვირაო სკოლები, დრამატული „საზოგადოება”, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ქუთაისის ფილიალი, საახლხო უნივერსიტეტი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება და სხვ. ანდრო შუბლაძე ყველა ამ საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მუშაობას მეთოდურ დარგში და ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის საქმეში.

1909 წელს გამოვიდა ანდრო შუბლაძის მეთოდური ბროშურა „სახმო წესით კითხვის სწავლება”, რომელიც მეორედ 1920 წელს დაიბეჭდა.

ანდრო შუბლაძემ, ლავრენტი ჩიმაკაძესთან ერთად, 1916 წელს გამოსცა „არითმეტიკულ ამოცანების და რიცხვითი სავარჯიშოების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის”. ეს კრებული 19200 წლამდე რამდენჯერმე გამოიცა. მან გერასიმე ცაგარეიშვილთან ერთად, 1919 წელს გამოსცა ამგვარივე კრებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პირველი კლასისათვის. ამ სახელმძღვანელოებმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ სკოლებს.

1916 წელს დაარსდა დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, რომლის გამგეობის წევრად ანდრო შუბლაძე აირჩიეს. ამ კავშირმა და მისმა გამგეობამ დიდი მუშაობა განსაკუთრებით თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაშალა. მასწავლებელთა კავშირის მუშაობაში ანდრო შუბლაძე ენერგიულ მონაწილეობას იღებდა და დაუზოგავად იბრძოდა ახლად გაეროვნული სახალხო სკოლის მტკიცე და სწორ ნიადაგზე დასაყენებლად.

ანდრო შუბლაძე ხალხში სასოფლო-სამეურნეო განათლების შეტანის საჭიროებას თავიდანვე ქადაგებდა პრესისა და სიტყვის საშუალებით. 1922 წელს მის მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნოე ტექნიკუმი გაიხსნა და იგი სიამოვნებით დათანხმდა ის დირექტორად ემუშავა, სადაც 1930 წლამდე დარჩა, ხოლო მომდევნო ორი წელი იმავე თანამდებობაზე მუშობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, სადაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ბევრი ცნობილი მუშაკი აღიზარდა.

1932 წლიდან, ამ სასწავლებლის რეორგანიზაციის გამო, ანდრო შუბლაძემ თბილისში განაგრძო მუშაობა სხვადასხვა სპეციალურსა და ზოგადი განათლების სასწავლებლებში. აქვე მიიღო მან დაუსწრებლად უმაღლეის სასწავლებლის დამთავრების დიპლომი.

ანდრო შუბლაძე თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებშიც. იგი წერილებს ათავსებდა უმთავრესად ფსევდონიმებით: „ჯიხაიშელი”, „ანშინი”. მისი წერილები, ძირითადად, მეტოდური და საყოფაცხოვრებო შინაარსისა იყო. პედაგოგიური შინაარსის წერილებს ანდრო ათავსებდა გაზეთებში „კომუნისტური განათლება” და „საბჭოთა მასწავლებელი”. ინტერესმოკლებული არ არის ის „მოგონება”, რო ცმან დაბეჭდა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან ასი წლის შესრულებასთან დაკავშირებით. „...1906 წლის ზაფხულში მე რაჭაში (უწერაში) ვიყავი, სადაც რამდენიმე დღეში დავამთავრე დაწყებული პატარა მეთოდური&ნბსპ; წიგნი სახელწოდებით „სახმო წესის კითხვის სწავლება” და ხელნაწერი გადავუგზავნე ქუთაისში ისიდორე კვიცარიძეს გამოსაცემად. წიგნი მალე დაიბეჭდა და გამომცემლობამ ათი ცალი მე გამომიგზავნა, როგორც ავტორს, ხოლო თითო ცალი გაეგზავნა იაკობ გოგებაშვილისა და ლუარსაბ ბოცვაძისათვის. ლუარსაბ ბოცვაძისაგან ვღებულობ წერილს – მითვლის ჩავიდე ბორჯობში იაკობის სანახავად, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, ლუარსაბთან პირადი ნაცნობობაც მქონდა. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერაფრით ამეხსნა ჩემი თავისთვის, თუ რად დაჭირდა ამ ბუმბერაზ ადამიანს ჩემი – ახალგაზრდა მასწავლებლის გაცნობა. დაუყოვნებლივ გავემგზავრე ბორჯომში და მივედი პირდაპირ იაკობის ბინაზე: იქვე იყო ლუარსაბ ბოცვაძე, რომელმაც გააცნო ჩემი თავი იაკობს. მას, როგორც მისივე სიტყვებიდან ჩანდა, მოსწონებოდა ჩემი წიგნი და ნიშნად პატივისცემისა, შუბლზე მაკოცა, თან მირჩია ამ მიმართულებით განმეგრძო მუშაობა. მეც დიდი სიამოვნებით აღვუთქვი ამ მუშაობის გაგრძელება. მართლაც, უწერიდან დაბრუნებისთანავე მე ამხანაგთან ერთად (ლავრენტი ჩიმაკაძე –– ტ. ხ.), ქუთაისის გიმნაზიის დირექტორის იოსბ ოცხელისი წაქეზებითაც, შევუდექი არითმეტიკულ ამოცანათა კრებულების შედგენას; შევადგინეთ და გამოვეცით კიდეც ამოცანათა კრებულები ოთხ წიგნად.

იაკობმა გამომშვიდობებისას ფული (ასი მანეთი) შემომთავაზა, ვითომდა სამგზავრო ხარჯების ასანაზღაურებლად. ფული, რასაკვირველია, არ გამოვართვი და ისე დიდი მადლობა გადავუხადე რჩევა-დარიგებისათვის”.

ანდრო შუბლაძის ეს პატარა მოგონება იმის დამადასტურებელია, თუ რამდენად გულისხმიერი ყოფილა იაკობი სახალხო განათლებისადმი, კერძოდ, მათ მიმართ, ვინც განათლების ასპარეზზე წარმატებით მუშაობდა.

ანდრო შუბლაძე იყო თავმდაბალი, მოკრძალებული, ჩუმი მუშაკი, შესანიშნავი მოქალაქე და შეგნებული პატრიოტი. საბჭოთა მთავრობამ სათანადოდ დააფასა ვალმოხდილი მასწავლებელი – სას სსრ ცენრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა 1925 წელს 25 ნოემბრის დადგენილებით ანდრო შუბლაძეს სახალხო განათლების ასპარეზზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიანიჭა საქართველოს სსრ შრომის გმირის წოდება და დაუნიშნა პერსონალური პენსია.

ანდრო შუბლაძე გარდაიცვალა თბილისში 1959 წელს.