‍მიხეილ შარაშიძე (1864-1930)

ავტორი: ი. მალაზონია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

sharashidze mixeilმიხეილ სიმონის ძე შარაშიძე დაიბადა 1864 წლის 15 მაისს, გურიაში, სოფელ ინტაბუეთში (ოზურგეთი).

მიხეილი ადრე დაობლდა. წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ოჯახში სწავლასთან ერთად მიხეილი მოჯამაგირეობდა. მას უხდებოდა მძიმე და მომქანცველი შრომა, რომელსაც ის ანგარიშს არ უწევდა იმ იმედით, რომ სასწავლებელში შევიდოდა, მაგრამ სურვილი შეუსრულებელი რჩებოდა.

მიხეილ შარაშიძემ მოგვიანებით მოახერხა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესვლა. ის ბეჯითად სწავლობდა, სხვებისაგან გამოირჩეოდა როგორც ყფოაქცევით, ისე სწავლით.

მიხეილ შარაშიძეს სასულიერო სასწავლებელში ყოფნა დიდხანს არ დასცალდა. ოზურგეთში გაჩნდა წითელა და ავადმყოფობამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო. მიხეილიც ავად გახდა, რის გამო მან სწავლს თავი დაანება.

1879 წელს მიხეილ შარაშიძე შევიდა ფოთის ექვსგანყოფილებიან სასწავლებელში, რომელიც 1883 წელს წარმატებით დაამთავრა.

1885 წელს იგი მოეწყო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების სემდეგ სამუშაოდ გააგზავნეს ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, მიხეილ შარაშიძემ უარი თქვა იქ წასვლაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ეწეოდა კერძო მასწავლებლობას.

1889 წლის 20 სექტემბეერს მიხეილ შარაშიძე დანიშნეს მასწავლებლად თბილისში ერ-აკოპოვის კერძო პანსიონში, ერთი წლის შემდეგ კი გადაიყვანეს თბილისის მაზრის სოფელ თელოვანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.

მიხეილ შარაშიძე 40 წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში და სხვ.

“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის 1891 წლის 10 იანვრის სხდომაზე გადაწყდა მიხეილ შარაშიძის ბათუმში გაგზავნა ამავე საზოგადოების მიერ გახსილი პირველი ქართული სკოლის გამგის თანამდებობაზე. მისი კანდიდატურა წამოაყენა ილიამ ჭავჭავაძემ, რომელიც მიხელ შარაშიძეს იცნობდა შაქრო მაღალაშვილის ოჯახიდან.

ილია ჭავჭავაძეს ბათუმში გაგზავნის წინ დაუბარებია მიხეილ შარაშიძე და მიუცია საჭირო რჩევა-დარიგება.

ბათუმის პირველ ქართულ სკოლაში მიხეილ შარაშიძე დაბეჯითებით იცავდა საგნების მშობლიურ ენაზე სწავლების პრინციპს; რუსული ენის სწავლებას მოითხოვდა მეორე კლასიდან.

მიხეილ შარაშიძის პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლით არ შემოფარგლულა. იგი მოსახლეობაში ავრცელებდა ქართულ წიგნებს, ატარებდა საუბრებს, ეცნობოდა ადათ-ცვევებს, მოუთხრობდა საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან მომენტებს. საუბრისას ხაზგასით აღნიშნავდა, რომ ქართველებსა და აჭარლებს შორის მხოლოდ სარწმუნოებრივი განსხვავებაა, თორემ აჭარლები იგივე ქართველები არიან, რომ ისინი კაცთმოძულე თურქების ბარბაროსული მოქმედების შედეგად თავისიანებს მოწყვეტილი ხალხია.

ქ. შ. წ.კ. გ. საქართველოში გამგეობის დავალებით 1890 წლის 14 იანვარს ბათუმის ქართულ სკოლას შემოწმების მიზნით ეწვია ლექსი ჭიჭინაძე, რომელმაც შეამოწმა მოსწავლეების ცოდნა როგორც წერაში, ისე ზეპირში. მოსწავლეებმა დამაკმაყოფილებელი ცოდნა გამოამჟღავნეს.

ბათუმის პირველ ქართულ სკოლაში მიხეილ შარაშიძე მუშაობდა 1890 წლის 1 სექტემბრამდე.

1893 წლიდან მიხეილ შარაშიძე გადაიყვანეს ძველი სენაკის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლად, ხოლო 1899 წლის 1 სექტემბრიდან კვლავ ბათუმში დაბრუნდა ლებედევის კერძო პანსიონის მასწავლებლად. ამ დროიდან მოკიდებული იგი ბათუმში მოღვაწეობდა 1911 წლის 9 ივნისამდე.

1911 წლის 1 სექტემბეერს მიხეილ შარაშიძე სამუშაოდ გადავიდა ქობულეთის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ. იქ მან ერთი წელი დაჰყო. ოსმალთა ჯარების მიერ ქობულეთის ოკუპაციის გამო მიხეილ შარაშიძე გადაიყვანეს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის და უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.

1919 წლის 1 სექტემბრიდან მიხეილ შარაშიძე ისევ დაბრუნდა ქობულეთში უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ.

1922 წლიდან იგი მუშაობს ბათუმის ქალთა უმაღლესი სასწავლებლის გამგედ.

მიხეილ შარაშიძის პედაგოგიურ მოღვაწეობას მეტი გასაქანი მიეცა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1922 წლიდან ბათუმის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი გადაკეთდა მესამე საბჭოთა სკოლად, რომლის გამგედ მიხეილ შარაშიძე დაინიშნა და იგი ახალი ენერგიით შეუდგა მუშაობას.

ბათუმის მესამე სკოლაში მიხეილ შარაშიძემ იმუშავა 1928 წლამდე და დიდი ავტორიტეტი და სახელი დაიმსახურა საზოგადოების წინაშე.

ორმოცი წლის მანძილზე მიხეილ შარაშიძე შეუნელებელი ენერგიით ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. ის იყო კარგი ადმინისტრატორი და ჩინებული მასწავლებელი.

მიხეილ შარაშიძე გარდაიცვალა 1930 წლის ოქტომბერში, დასაფლავებულია ბათუმში.