‍ელენე ბახტაძე (1874-1940)

ავტორი: დ. ნაცვალაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

baxtadze eleneელენე ლუკას ასული ბახტაძე დაიბადა 1874 წელს დაბა ხონში, ღარიბი და მრავალშვილიანი მღვდლის ოჯახში.

მისი მამის, ლუკა ბახტაძის ოჯახთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ რუსი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ამის საფუძველს შეადგენდა ის საკუთარი დაწყებითი სკოლა, რომელიც ლუკა ბახტაძეს ჰქონდა საკუთარ სახლში. ამ სკოლაში განათლებას იღებდნენ არა მარტო პატარები, არამედ მოზრდილებიც.

სწავლა-განათლების მოყვარულმა მამამ ელენეს ქართულ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა ოჯახში შეასწავლა.

1885 წელს ელენე ბახტაძე მიაბარეს ქუთაისის საქალებო გიმნაზიაში, რომელიც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა და პედაგოგიური საქმიანობისათვის დაიწყო მზადება, რაშიც მას დიდ დახმარებას უწევდა თავისი ძმა ილია ბახტაძე (ხონელი).

1894 წელს ელენემ და ილია ხონელმა, მიუხედავად ხელშემშლელი პირობებისა, დაბა ხონში დააარსეს ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა.

ასეთი ტიპის სკოლა მთელ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთი იყო და მაშინდელი საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა. 1902 წლის გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკმა” სპეციალური წერილი მიუძღვნა ელენე ბახტაძის პროგიმნაზიას, ხოლო მის პირად არქივში შემონახულია ვინმე ეფროსი ჯაფარიძის ელენესადმი 1899 წლის 12 ოქტომბერს მიწერილი წერილი, რომელშიც წერს: „იაკობ გოგებაშვილი ძალიან მადლობელია თქვენს მიერ გამოზრდილი მოსწავლეებით. ისინი პირველი არიან... გოგებაშვილს უნდა, წერილი დაბეჭდოს თქვენი მუშაობის შესახებ”.

ელენე ბახტაძის პროგიმნაზიაში სწავლა-აღზრდის საკითხი რომ სათანადო სიმაღლეზე იყო დაყენებული, ამს მოწმობს მისი ძმის ილიას მეირ დისადმი გაგზავნილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხსენებული სკოლის მუშაობა შეუმოწმებია ივანე გომართელს და ძალიან კმაყოფილი დარჩენილა.

ივანე გომართელს სკოლის მუშაობის შესახებ მოუხსენებია იაკობ გოგებაშვილისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი დიდად გახარებული დარჩენილა ახალგაზრდა პედაგოგის ასეთი თავდადებული მუშაობით და სურვილი გამოუთქვამს, ჩასულიყო ხონში ელენე ბახტაძის პროგიმნაზიის სანახავად.

1902 წლის 24 იანვარს „ივერიაში” გამოქვეყნდა ელენე ბახტაძის შემდეგი განცხადება:

“ბ. რედაქტორო!

ნება მიბოძეთ, თქვენის გაზეთის საშუალებით გამოვუცხადო ჩვენს პატივცემულ პედაგოგს ბ. იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს ჩემი უგულითადესი მადლობა, რომელმაც კეთილი ინება და შემოსწირა ჩემის პროგიმნაზიის ბიბლიოთეკას 71 ცალი თავის გამოცემული წიგნებისა.

გარდა ნივთიერ შემოწირულებისა, ბ. ი. ს. გოგებაშვილის ყურადღება ჩემის პროგიმნაზიისადმი მით უფრო სასიამოვნო და ზნეობრივად გამამხნევებელია ჩემთვის, რომ ჩვენში, სამწუხაროდ, კერძო პირის ინიციატივა გამხნევებას არ არის დაჩვეული”.

ელენე ბახტაძემ ძმასთან, ილია ხონელთან ერთად, გადაწყვიტა პროგიმნაზიასთან ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების დაარსება.

ელენე ბახტაძის პირად არქივში შემონახულია ხსენებული საზოგადოების წესდების რამდენიმე ცალი, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მისი მუშაობის შინაარსის შესახებ.

მოზარდი თაობისადმი ასეთმა მზრუნველობამ დიდი ნაყოფი გამოიღო: ელენე ბახტაძის პროგიმნაზიას მოაწყდა სწავლამოწყურებული მრავალი ახალგაზრდა არა მარტო ხონიდან, არამედ სხვა კუთხეებიდანაც. საზოგადოებამ ბევრი ღატაკი გლეხის შვილი დააყენა ცხოვრების სწორ გზაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელენე ბახტაძის პროგიმნაზიაში თეორიულ სწავლებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცეოდა ხელსაქმეს, ხელგარჯილობის შესწავლას, რამაც მას ავტორიტეტი მოუხვეჭა.

ელენე ბახტაძე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მოსახლეობაში ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გავრცელების საქმეში: მის პირად არქივში შემონახულია რამდენიმე მიმოწერა ჟურნალების „კვალისა” და „ჯეჯილის” რედაქციებთან. ჟურნალ „ჯეჯილის” რედაქციის ერთი წერილიდან, რომელიც დათარიღებულია 1896 წლის 10 ნოემბრით, ვგებულობთ, რომ „ჯეჯილის” რედაქციის სამზრუნველო კომისიის კრებას ელენე ბახტაძე ერთხმად ამოურჩევია დაბა ხონში ხსენებული ჟურნალის გავრცელების ხელმძღვანელად. „კომისიას იმედი აქვს, რომ თქვენ სრულ თანაგრძნობას აღმოუჩენთ ამ ერთადერთ ქართულ საყმაწვილო ჟურნალს და ეცდებით მის გავრცელებას”. ამ წერილს ხელს აწერენ: ეკატერინე გაბაშვილი, ეფემია მესხი, იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

ელენე ბახტაძე გულმოდგინედ ემსახურებოდა სახალხო საქმეს. ხონში არ ყოფილა ისეთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იგი არ ყოფილიყო.

რევოლუციური აღმავლობის წლებში ელენე ბახტაძის პროგიმნაზია რევოლუციონერთა ერთ-ერთი თავშესაფარი და კრებების გასამართი ადგილი იყო ხონში. 1904-05 წლებში ამ სკოლაში იმართებოდა ფარული კრებები, რომელსაც აატრებდნენ გამოჩენილი რევოლუციონერები ალიოშა ჯაფარიძე და ალექსანდრე წულუკიძე, რომელთა საქმიანობას ელენე ბახტაძე თანაუგრძნობდა და დახმარებას უწევდა. ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ დარჩა მეფის ხელისუფლებას. ელენე ბახტაძე დაასმინეს ქუთაისის გუბერნატორთან, რომლის განკარგულებით ბევრჯერ ჩატარდა პროგიმნაზიის ჩხრეკა და იგი პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.

რეაქციის წლებში, როცა საქართველოს სოფლებში ალიხანოვის დამსჯელი რაზმი დათარეშობდა, პირველი საიერიშო და მოსახლეობის დასაშინებელი უბანი სკოლები იყო. ელენე ბახტაძის პროგიმნაზიაც დაარბიეს.

1906 წელს მეფის მთავრობამ მრავალი სკოლა დახურა და ასეთი ბედი არც ელენე ბახტაძის პროგიმნაზიას ასცდა. სახალხო განათლებისადმი თავდადებული მასწავლებელი მეფის ხელისუფლებამ მოწყვიტა საყვარელ საქმეს, მაგრამ იგი სულიერად არ დაცემულა. იმავე წლის შემოდგომა იგი თვითგანათლებისა და სწავლა-აღზრდის მდგომარეობის შესწავლის მიზნით გაემგზავრა საზღვარგარეთ და სრული სამი წლის განმავლობაში მოიარა ევროპის ქვეყანები: შვეიცარია, გერმანია და საფრანგეთი.

1910 წელს ელენე ბახტაძე რუსეთში ჩავიდა და დასახლდა ქალაქ ნოვოროსიისკში. არც აქ აუღია ხელი თავის საყვარელ საქმეზე და დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ნოვოროსიისკის მუშათა შვილებისათვის დაწყებითი სკოლის გახსნა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა ცხრა წლის განმავლობაში.

1919 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა და ოჯახური მდგომარეობის გამო თავის საყვარელ მუშაობას თავი დაანება.

ოცდახუთი წელი ემსახურა იგი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. ამ ხნის განმავლობაში არ ზოგავდა ენერგიას და იმ დიდ პედაგოგიურ გამოცდილებას, რომელიც მას გააჩნდა, მოზარდი თაობის აღზრდის საქმისათვის.

ელენე ბახტაძე გარდაიცვალა 1940 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.