‍ივანე როსტომაშვილი (1852-1924)

ავტორი: ბესარიონ ღოღობერიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

rostomashvili iv24გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწიგნობარი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი დაიბადა 1852 წლის 24 დკემბერს (ძვ. სტ.) თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში. ივანეს მამა პავლე იოსების ძე წარმოშობით გლეხი იყო, მაგრამ შამილის ბრბოთა მამაცური ბრძოლის გამო ობერ-ოფიცრობითა და პენსიით დააჯილდოვეს.

პატარა ვანოც თავიდანვე შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მეცადინი აღმოჩნდა. მშობლებმა იგი ჯერ თელავის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ რაკი მისი აღზრდა, როგორც ოფიცრის შვილისა, შესაძლებელი იყო სახელმწიფო ხარჯზე, ამიტომ 9-10 წლის ვანო იბარებულ იქნა მაშინ დედოფლისწყაროში (ახლა წითელწყარო) არსებულ სამხედრო სკოლაში.

ამ სკოლაში ვანოს ექვსი წელიწადი გაუტარებია და, როგორც თვითონ იგონებს, არც ერთი სასიამოვნო წუთი მისგან არ გამოჰყოლია. მასწავლებლებად უმთავრესად ფელდფებელნი, ჯარისკაცები ან უხეირო ოფიცრები იყვნენ, რომელთაც პედაგოგიკისა არაფერი ესმოდათ, მოსწავლეებს მხოლოდ ცემა-გვემითა და ლანძღვა-გინებით წრთვნიდნენ. ვანომაც ყველა ეს სატანჯველი გაიარა და მშობლიურ-ენადავიწყებული დაბრუნდა შინ.

ცხადია, სამხედრო სკოლის კურსდამთავრებული, ქართული ენადავიწყებული და თითქმის გადაგვარებული 17-18 წლის ჭაბუკი კვლავ ყაზარმას უნდა დაბრუნებოდა, მეფის ჯარის „კარგი” ოფიცერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი სხვა ასპარეზისათვის იყო გაჩენილი. ვანოს ბუნებაში თანდაყოლილი მიდრეკილებანი სრულად გამქრალი არ აღმოჩნდა, გული სხვა სფეროსაკენ მიუწევდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ სამხედრო სკოლამ მას სავსებით შეაძულა ყაზარმული ცხოვრება და გადაწყვიტა ამ სფეროს აღარ გაკარებოდა.

1870 წელს ივანე როსტომაშვილი თბილისის ახალგახსნილ საოსტატო სემინარიაში შევიდა. ეს სასწავლებელი მალე ე. წ. ალექსანდრე სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტად გადაკეთდა. ვანომ ეს ინსტიტუტი დაასრულა 1874 წელს და მასწავლებლად დაინიშნა საინგილოში, სოფელ კახში. ივანე თვითონ წერს ერთ თავის მოგონებაში, რომ „სამხედრო კარიერაზე ოცნებანი ძირფესვიანად დამეკარგა, მათი ადგილი დაიკავა ხალხის სამსახურამ და მათი შვილების სწავლამ. დაიკარგა უკვალოდ სამშოლო ენის დავიწყებაც, თუმცა სასწავლებელში ქართულს სრულიად არ გვასწავლიდნენ, მაგრამ მე თვითო ვიწყე მისი შესწავლა... სასწავლებლის უფროსი (ნ. ზახაროვი) სასტიკად დევნიდა ქართულ ენას, ქართულ წიგნს არ აჭაჭანებდა სასწავლებელში. ერთხელ გამჩხრიკეს კიდეც და ჩამომართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი”, რომელსაც თავისუფალ დროს ვკითხულობდი... ვიწყე მასწავლებლობა თუ არა, მაშინვე გამოვიწერე ქართული გაზეთი „დროება”, კვირეული – „ივერია” და მათი კითხვით იმდენად შევისწავლე ქართული წერა-კითხვა, რომ თვითონაც დავიწყე პატარ-პატარა ამბების წერა და გაზეთებში გაგზავნა...”

ამგვარად ივანე როსტომაშვილი ერთდროულად გამოდის პედაგოგიურ და სამწერლო სარბიელზე. 1874-75 წლებიდან ის ხდება ქართული პერიდული პრესის თანამშრომელი და პრაქტიკული საზოგადო მოღვაწე როგორც სახალხო სკოლის მასწავლებელი, „ხალხში გასული” და ხალხთან დაახლოებული.

კახის სკოლაში ივანე როსტომაშვილი მხოლოდ 4 წელიწადს მოღვაწეობდა. ამ მოკლე ხნის მანძილზე მან შეძლო სკოლის მუშაობა ძირფესვიანად გარდაექმნა. სკოლის ფართო ეზოში გააშენა ხეხილის ბაღი და ვენახი. სკოლის გარეთ დარჩენილ მოზრდილთათვის შემოიღო საკვირაო საღამოს კურსები. აქ თვითონვე უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას სოფლის ახალგაზრდობას. ამგვარი შრომით ივანემ დიდი ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა ადგილობრივი მშრომელებისა, რომელთაც „ვანო მასწავლებელი” მალამოდ მოევლინა.

ივანეს ეს სასარგებლო მოღვაწეობა კახში დიდხანს არ გაგრძელდა. საღვთო სჯულის შევიწროების ანგარიშზე სკოლაში ოფიციალური პროგრამის გარეშე მყოფი საგნის – ქართული ენის – სწავლების შემოღების გამო, ივანე მოხსნეს კახის სკოლიდან 1878 წელს და გადაიყვანეს ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში, სადაც ის სხვისი უფროსობისა და მეთვალყურეობის ქვეს იყო. მაგრამ მისმა დაუდგრომელმა ხასიათმა აქაც ხიფათი შეამთხვია. საინგილოს მაშინდელ მოწინავე და მთავრობის მიერ შენიშნულ მოღვაწეებთან – აბელ ბაირამაშვილთან და კ. ბაღაშვილთან მჭიდრო კავშირის გამო და ამავე დროს ქართულ პრესაში ადგილობრივი ბობოლების მხილებისათვის, ივანე მოხსნილ იქნა სასწავლებლიდან და ერთხანს დაპატიმრებულიც.

1880 წელს ივანე თავს აღწევს რა მომხდარ სკანდალს, ინიშნება თელავის საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად. ის აქაც ვერ ისვენებს. იწყებს თავისებურ საქმიანობას: თელავში მოსვლის პირველ წელსავე აარსებს წიგნთსაცავს და სამკითხველოს, სადაც მასებისათვის ხელმისაწვდომი ხდებოდა ქართული და რუსული მოწინავე პერიოდული პრესა და სხვადასხვა ლიტერატურა. 1882 წელს ივანეს ინიციატივითა და დაუცხრომელი შრომით თელავში დაარსდა „დეპო” – საზოგადოებრივი სავაჭრო, რამაც დიდი აურზაური და ივანე როსტომაშვილისადმი საწინააღმდეგო მოძრაობა გამოიწვია ადგილობრივ ვაჭრებში. მისივე მეთაურობით თელავსა და კურდღელაურში ჩამოყალიბდა აგრეთვე სახალხო ბანკები და დაარსებულ იქნა საკვირაო სკოლები, სადაც სწავლობდნენ წერა-კითხვას სკოლის გარეშე დარჩენილი გლეხის შვილები – მოზრდილი ასაკის ქალ-ვაჟნი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ადგილობრივ მოხელეებსა და ვაჭრებს, კატეგორიულად მოეთხოვათ ივანე როსტომაშვილის თელავიდან მოშორება.

ხელისუფლებამაც ისმინა მისი დამქაშების ვედრება, ივანე როსტომაშვილი ინსპექციაში გამოიძახეს და ვითომც დაწინაურების მიზნით შესთავაზეს ახალქალაქის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორობა. ივანეს არ უნდოდა მშობლიური თელავიდან წასვლა, მაგრამ ხედავდა რა გამწვავებულ მდგომარეობას, სხვა გამოსავალი არ იყო და ისიც დათანხმდა, 1889 წელს ახალქალაქში გაემგზავრა.

ახალქალაქში ივანე როსტომაშვილის ღვაწლი დიდად ნაყოფიერი იყო როგორც მასწავლებლისა და საზოგადო მოღვაწისა. ივანეს სახელთან არის დაკავშირებული ჯავახეთის ძველი ისტორიული ძეგლების გადარჩენა. ამ მიზნით მან, ფოტოაპრატმომარჯვებულმა შემოიარა საქართველოს ეს უძველესი ნაწილი, რომელიც იმ ხანებში, გარეშე და შინაური მტრებისაგან გაძარცული, უნუგეშო მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა ქართული კულტურის არქიტექტურული ძეგლები. თვითმპყრობელობის მიერ ამ მხარეშე ჩამოსახლებულ უცხო ტომთაგან ნადგურდებოდა მესხეთ-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები. ივანე როსტომაშვილმა, გარდა იმისა, რომ ბევრი იზრუნა მათი ნატურალურად გადარჩენისათვის, ყველა ძეგლის ფოტოგრაფირებაც მოახერხა. მთელი ეს მასალა მან გამოაქვეყნა კრებულში «Материалы дляописания местностей и племен Кавказа» (вып. 25, Тифлис, 1898).

ცნობილმა ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა ივანე როსტომაშვილის ამ არქეოლოგიურ აღწერილობას მაღალი შეფასება მისცა და იმავე წელს კრებული ქართულ ენაზეც გამოიცა. ასეთივე მაღალი შეფასება მისცეს ამ ნაშრომს გამოჩენილმა ისტორიკოსმა მოსე ჯანაშვილმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ილია ალხაზიშვილმა.

1894 წელს ივანე როსტომაშვილი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ახალქალაქის სასწავლებელი.ის საბოლოოდ თბილისში იწყებს ცხოვრებას, ებმება საზოგადოებრივ და სამწერლო საქმიანობაში. ხდება ერთი შესამჩნევი ფიგურათაგაინ როგორც პედაგოგი და პუბლიცისტი. ამავე დროს 1897 წლიდან 1906 წლამდე ის ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას წმინდა ნინოს სახელობის ქალთა და კომერციულ სასწავლებლებში.

დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი თავის სტატიაში „ქართველთა სწავლა-განათლების ნიჭი”, ამტკიცებდა, რომ ქართველები ბუნებრივად არიან პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებულიო და იქვე ჩამოთვლის იმდროინდელ გამოჩენილ და ნიჭიერ ქართველ პედაგოგებს, რომელთა შორის ივანე პავლეს ძე როსტომაშვილსაც თავისი ადგილი აქვს მიკუთვნებული. ილია ჭავჭავაძე კი ივანე როსტომაშვილს „ჩვენს ფუტკარს” უწოდებდა.

მართლაც, ივანე როსტომაშვილი თავისი შრომით ფუტკარს გავდა, მარად მფუსფუსეს და მოუსვენარს. მისი კალმის ნამუშაკევი უხვად ეფინებოდა იმდროინდელ ქართველ მკითხველს და მრავალგვარ რჩევა-დარიგებისა და სამეცნიერო ცოდნის გარდა მომავლის რწმენასა და იმედს უღვიძებდა. სად არ იბეჭდებოდა მისი წერილები, ნარკვევები, პედაგოგიური სტატიები, არქეოლოგიური გამოკვლევები, პატარ-პატარა საბავშვო მოთხრობები, ლექსები, გადმოკეთებული ზღაპრები და ფოლკლორული ნიმუშები. თითქმის ყველა ქართული პერიოდული ორგანო გამდიდრებულია ივანე როსტომაშვილის (ფსევდონიმები: კახთ-კახოსი, ვანო, თქვენი ვანო, დიზრაელი, რ., ივ. როსტ. და ა. შ) მრავალფეროვანი ნაწერებით.

ივანე როსტომაშვილი ახერხებს ცალკე წიგნების გამოცემასაც. მათ შორის აღსანიშნავია 1876 წელს გამოცემული „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობელთათვის”, რომელსაც იაკობ გოგებაშვილმა დადებითი შეფასება მისცა. მას მოჰყვა ბავშვებისა და ოჯახში საკითხავი წიგნების სერია: „შინაური საქონელი და მისი გონიერი მოვლა-მოშენება” (1893), „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში” (1895), შესანიშნავი და ფრიად მნიშვნელოვანი ალბომი „ქართველთა ტომი” (1896), რომელშიც მშვენიერი ილუსტრაციებითა და შესაფერი ტექსტით მოცემულია საქართველოს ყველა კუთხის (თურქეთის მიერ მიტაცებული ნაწილის შეტანით) ქართველთა ტიპები, მათი დამახასიათებელი კოსტუმით, საყოფაცხოვრებო ნიშნების აღნიშვნითა და ისტორიული ცნობებით. ამას მოჰყვა მის მიერ შედგენილი „ქართული კალენდარი” 1897 წლისა, სადაც ბევრი საინტერესო და სასარგებლო ცნობების მიღება შეეძლო მაშინდელ მკითხველს.

საბავშვო ლიტერატურის სფეროდან ამ ხანებში ივანე როსტომაშვილმა გამოსცა „ქართული ანბანი, ოჯახში და სკოლაში სახმარებლად”, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა (1895, 1902, 1905, 1906), „საყმაწვილო საჩუქარი” 35 სურათით (1900) და ექვს წიგნაკად დაბეჭდილი სერია სათაურით „გამოსადეგი ცნობანი” (1902).

გარდა ამისა, ივანე როსტომაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი პოპულარული შრომა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ამ მხრივ, ის მართლაც ენციკლოპედისტი იყო. და როგორც ამას ქვევით დავინახავთ, ქართული ენციკლოპედიის გამოცემასაც მიჰყო ხელი. მის ამ სამეცნიერო-პოპულარუი სერიიდან დასახელების ღირსია წიგნები: „რა არის გონებრივი გახსნა-განვითარება” (1902), „რისგან სნეულდებიან და იხოცებია ჩვენი ბავშვები” (1902), „ხეხილის გამრავლება და მოვლა” (1903), „მეფე ლამზა” (ზღაპარი, 1903), „რა არის დოსტაქრობა, ანუ როგორ არჩენენ ადამიანებს დანით?” (1903), „სულით ავადმყოფი მოსწავლენი” (1903), „დიდი ნათელი ძველი ქვეყნისა, სოკრატი და მისი ფილოსოფია ცხოვრების შესახებ” (1904), „თვითნასწავლი სახალხო მოღვაწენი ჩვენში და რუსეთში” (1904) „ბუდა და მისი ცხოვრება – სწავლა სიცოცხლეზედ” (1905), „თვითგანვითარება” (1910), „თვითმოქმედება” (1910), „პურის თესვა-მოყვანა” (1910), „მაერიგო ვესპუჩი” (1914), „როგორ უნდა ვასწავლიდეთ არითმეტიკას?” (1914), როგორ უდნა ვასწავლიდეთ ქართულ წერა-კითხვას სკოლებში და ოჯახში” (სახელმძვანელო მშობლებისა და მასწავლებელთათვის, თბილისი, 1914), „ზნეობრივი აღზრდის საფუძვლები” (1914), „ქრისტეფორე კოლუმბი” (1914), „პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, პრაქტიკული სახელმძღვანელო მშობელთა და მასწავლებელთათვის თუ როგორ ასწავლონ ბავშვებს და მოსწავლეებს შინ და სკოლაში” და სხვა მრავალი, რომელთა რიცხვი 60-მდეა. ყველა ამათ უნდა მიემატოს მის მიერ შედგენილი და გამოცემული ქართული ენციკლოპედიის რამდენიმე ნაკვეთი, თარგმანები და მისივე წინასიტყვაობით გამოცემული გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა (იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი და სხვ.) თხზულებანი.

არც ამით ამოიწურება ივანე როსტომაშვილის საოცარი შრომისმოყვარეობა და ნაყოფიერება. ის გამოჩენილი ჟურნალისტი და გამომცემელ-რედაქტორიც იყო. 1901 წელს, თბილისში, მან დაიწყო ყოველთვიური, საკმაოდ სქელტანიანი ჟურნალის „მოგზაურის” გამოცემა. 1905 წლიდან ეს ჟურნალი ყოველკვირეულ პოლიტიკურ გაზეთად გადაკეთდა.

მართალია, ეს ჟურნალი თავიდანვე ვითომ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ხასიათის იყო, მაგრამ ივანე როსტომაშვილმა ის თანდათან გარდაქმნა და თითქმის პედაგოგიურ-პუბლიცისტური შინაარსისა გახადა. თავის მკითხველებს ის ყოველ ნომერში აწვდიდა ახალ-ახალსა და პროგრესულ აზრებს მომავალი თაობის აღზრდისა და ახალი სკოლის პრინციპების შესახებ. 1903 წლის „მოგზაურის” #1-ში როსტომაშვილი წერდა: „ჩვენი მომავლის განსამტკიცებლად აუცილებლად საჭიროა ძირიან-ფესვიანად შეიცვალოს როგორც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მოქმედება, ისე ჩვენი მოზარდი თაობის დღევანდელი ბურჟუაზიული სწავლა-აღზრდის საქმე იმ დამატებით, რომ ყოველ სასწავლებელში, დაწყებული სახალხო სკოლიდან ვიდრე უნივერსიტეტამდე, სამეურნეო-სატექნიკო საგნები ისეთივე უფლებით და პატივით ისწავლებოდნენ, როგორც სხვა ყოველი საგანი, რათა ამით ყოველი მოსწავლე პატარაობიდანვე იწრთვნებოდეს დ მტკიცდებოდეს სამეურნეო-ტექნიკური საგნების სიყვარულსა და ტრფიალში”.

1910-1911 წლებში ივანე როსტომაშვილი იწყებს ყოველდღიური, იაფფასიანი გაზეთის „სინათლის” გამოცემას. მაგრამ მეტად თავისუფალი აზრების გამოთქმისა და რევოლუციური იდეების გავრცელებისათვის ეს გაზეთი მთავრობის მიერ შეჩერებულ იქნა და მისი რედაქტორიც პასუხისგებაში მიცემული. ამის შესახებ თვითონ ივანე როსტომაშვილი წერს 1911 წლის „სინათლის” 86-ე ნომერში, რომ „ეს ნომერი უკანასკნელი ნომერი იქნება ჩვენი რედაქციით გამოცემული. 26 აპრილს ჩვენ წარვსდგებით სასამართლოში როგორც ერთი უდიდესი დამნაშავე...” მაგრამ მუდამ მოძრავმა უკვე მხცოვანმა ივანემ მალე დააღწია თავი პატიმრობას. მხოლოდ გაზეთი ჩამოართვეს და გადასცეს ისეთ პირს, როგორიც ჩვენი ცნობილი ბელეტრისტი სოფრომ მგალობლიშვილი იყო. მან კვლავ განაახლა „სინათლის” გამოცემა, შემოიკრიბა ცნობილ ქართველ მწერალთა ჯგუფი და მათ შორის ივანე როსტომაშვილიც, რომელიც თანდათან კვლავ შეიქნა თავისი საყვარელი გაზეთის ფაქტიური რედაქტორიცა და გამომცემელიც.

1917 წელს თვითმპყრობელობის დამხობას მხცოვანი მოღვაწე აღფრთოვანებული შეეგება. რევოლუციის შემდეგ ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა, ახალქალაქელებმა მის პირველ დირექტორად ძველი მოამგე და მზრუნველი ივანე როსტომაშვილი მოითხოვეს. ივანემაც ისმინა ხალხის თხოვნა, დროებით მიანება თავი დედაქალაქს და ჯავახეთში გაემგზავრა. აქ ის ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა ახალი გიმნაზიის ჩამოყალიბებას, მისთვის ნორმალური პირობების შექმნა, რისთვისაც მთელი სამი წელიწადი დაჰყო ამ სასწავლებელში. 1920 წელს ის კვლავ თბილისს დაუბრუნდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ ხანებში ივანე როსტომაშვილი კახეთს, თავის მშობლიურ სოფელში გაემგზავრა და იქაც ახალგაზრდული ენერგიით იწყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა.

უკანასკნელ ხანებში ის თბილისში დაბრუნდა. აქ ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა წრეებში კვლავ აგრძელებდა ქართული კულტურის სამსახურს, წერდა მოგონებებს, მემუარებს, აწესრიგებდა თავის არქივს და დაუბეჭდავ ლიტერატურულ მემკვიდრეობას.

72 წლის ასაკში მყოფი მხცოვანი მოღვაწე ჯერ ისევ შრომის უნარით იყო აღჭურვილი. მისი დაუდგრომელი ბუნება კიდევ ბევრ ახალს უმზადებდა განახლებულ სკოლას, როცა 1924 წელს 27 აგვისტოს გაზეთმა „კომუნისტმა” (№195) ქართველ საზოგადოებას აუწყა „ძველი საოგადო მოღვაწის” ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალება.

საქართველოს სსრ ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა იკისრა მისი დაკრძალვის ხარჯები, ხოლო განსვენებულის ოჯახს დაუნიშნა მუდმივი პერსონალური პენსია. მადლიერმა ქართველმა მშრომელებმა თავის მოამაგეს სამუდამო განსასვენებელი დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინა.