‍სერგო რობაქიძე (1869-1934)

ავტორი: ტრიფონ ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

robakidze se87სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე მასწავლებელთა იმ სახელოვან ჯგუფს ეკუთვნის, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არა მარტო პედაგოგიურ, არამედ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ასპარეზზე. ასე იყო მაში – რევოლუციების წინა პერიოდებში ცოდნით აღჭურვილი ადამიანი თუ მშრომელი ხალხის კეთილდღეობით იყო დაინერესებული, ერთი პროფესიით ვერ დაკმაყოფილდებოდა. თუ ის ძირითადად მასწავლებელი იყო, ხალხის მასწავლებელიც უნდა გამხდარიყო, მისი ავ-კარგი პრესაში უნდა გაეშუქებია, პოპულარული და სასარგებლო წიგნები უნდა ეწერა და ეთარგმნა, გამოეცა, გაევრცელებინა, სცენის მუშაკიც უნდა გამხდარიყო, რომ მშრომელი ხალხისათვის თვალსაჩინო გაეხადა ცხოვრების სიავკარგე, ლექტორიც უნდა ყოფილიყო და ქველმოქმედიც, თუ რაიმე შეძლება ჰქონდა, კოოპერატივების და არტელების შექმნისათვისაც უნდა შეეწყო ხელი და საკვირაო სკოლებისა და სამკითხველოების დაარსებაზეც ეზრუნა.

სერგო რობაქიძე სწორედ ამგვარი მოღვაწეობით ხასიათდება. ის ცნობილი პედაგოგი იყო და ფართო მასშტაბის საზოგადო მუშაკი, დემოკრატიულ ფენებს რომ&ნბსპ; უწევდა ომსახურებას. სერგო რობაქიძე დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩხარში, საშუალო გლეხის ისიდორე რობაქიძის ოჯახში, რომელიც 25 სულისაგან შესდგებოდა. მხოლოდ ქალებს სცოდნიათ წერა-კითხვა, რაც სერგოს ბებიისაგან შეუსწავლიათ. ამ მოხუცს მხედრული წერა სცოდნია ხარის ბეჭზე და „ვეფხისტყაოსანიც” გაზეპირებული ჰქონია.

სერგოს მამას, რომელმაც კარგად იცოდა ქართული და რუსული წერა-კითხვა, აგრეთვე დიდად აფასებდა ნასწავლ ადამიანებს, ცოტაოდენი თანხა გასჩენია და განუზრახავს, 1879 წელს შვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიებარებინა. მცირეოდენ ვაკანტურ ადგილზე მრავალი მთხოვნელი ყოფილა ამ წელს, რაც ოფიციალურადაც დასტურდება და, რასაკვირველია, ბევრი მსურველი გიმნაზიაში შესვლისას უკან გაუბრუნებიათ, მათ შორის სერგო რობაქიძეც. სწორედ ამ დროს 1872 წლის დებულების საფუძველზე ქუთაისში გახსნილა ექვსკლასიანი საქალაქო სასწავლებელი და რადგან სერგოს ხნოვანება ხელს არ უწყობდა, დალოდებოდა გიმნაზიაში შესასვლელად სათანადო მომზადების შემდეგ, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუსულ ენას რუსი ბავშვივით დაუფლებოდა, მან ამჯობინა ახალგახსნილ საქალაქო სასწავლებელში შესვლა, სადაც სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული მასწავლებლები ყველა საგანს (გარდა საღვთო სჯულისა) ასწავლიდნენ თითოეულ კლასში. აქ ისწავლებოდა რუსული ენა, ქართული ენა, არითმეტიკა, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, ფიზიკა, მინერალოგია, ზოოლოგია, ფიზიოლოგია და ბოტანიკა. კარგად ასწავლიდნენ აგრეთვე დურგლობასა და წიგნის კაზმვას. ამრიგად, ამ სასწავლებელს რეალური განხრა ჰქონდა მიცემული. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ სასწავლებლიდან უმაღლეს სკოლაში შესასვლელი გზა დაკეტილი იყო. მხოლოდ სამასწავლებლო ინსტიტუტში თუ შევიდოდა ახალგაზრდა, რომელსაც სამოქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დასრულებული.

ამ სასწავლებელში სხვა საგნებთან ერთად კარგად ყოფილა დაყენებული ქართული ენის სწავლებაც. სერგო რობაქიძე სიყვარულით იგონებს ორ მასწავლებელს: ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს და ბესარიონ კონსტანტინეს ძე ლომინაძეს, რომელნიც „შრომასა და ენერგიას არ ზოგავდნენ, ოღონდ გვესწავლა რამე”. 1887 წელს სერგო რობაქიძეს დაუსრულებია ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი და თბილისს გამგზავრებულა სამასწავლებლო ინსტიტუტში შესასვლელად. მხოლოდ სამი წლის მზადების შემდეგ ჩაუბარებია კარგად მისაღები გამოცდები სერგოს (პირველად რუსულ წერაში ჩაჭრილა, მეორე წელს – მათემატიკაში). ის პანსიონშიც მიუღიათ სახაზინო ხარჯით. მაშინ სამასწავლებლო ინსტიტუტში 120 მსურველიდან 22 კაცი მიუღიათ. მათში შვიდი ქართველი ყოფილა.

სლუ სხვა იყო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1890-იანი წლების დასაწყისში, შედარებით 70-იან წლებთან, როდესაც მისი დირექტორი ზახაროვი კმაყოფილებას გამოთქვამდა იმით, რომ მისი სასწავლებელი მხოლოდ რუსებით არის სავსე და ორიოდე იქ მყოფ ქართველ მოსწავლეს გარიცხვით ემუქრებოდა, თუ მათ ქართული გაზეთის ან ქართული წიგნის კითხვაზე წაისწრებდნენ. სერგო რობაქიძე თავის ბიოგრაფიაში აღნიშნავს: „იმ დროს, როცა მე იქ (თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში) ვსწავლობდი, მისი დირეტორი იყო დიმიტრი ვიკენტის ძე კოლოვიჩი. ეს ადამიანი იყო ფრიად განათლებული, გულკეთილი და ყველასაგან პატივცემლუი პედაგოგი. ის შთამომავლობით მოლდავანელი იყო, წმინდა წყლის მონარისტი, მაგრამ მისი პედაგოგიური ტაქტი იმდენად პროგრესული და მასთანვე ლიბერალური იყო, რომ ინსტიტუტის მოწაფეობა განუზომელი პატივისცემით ექცეოდა მას. ამ ადამიანის დიდ ღირსებას შეადგენდა ის, რომ მან არ იცოდა არავის ეროვნული სიძულვილი. პირიქით, ის დიდ პატივისცემით ექცეოდა ინსტიტუტის ქართველ მოწაფეებს”.

ამ ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დემოკრატების – დობროლუბოვის, პისარევის, ჩერნიშევსკის, ბელინსკის, გერცნისა და სხვათა ნაწერებით. ავე ყოფილა მაშინდელი ჟურნალები: „რუსსკოე სლოვო”, „სოვრემენიკი”, „დელო”, „ოტეჩესტვენიე ზაპისკი” და სხვა. ყოფილა ჩერნიშევსკის „რა ვაკეთოთ?” და ლავროვის „ისტორიული წერილები”. ამ მოწინავე ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა ინსტიტუტის მოსწავლე-ახალგაზრდობას. ამ წიგნებს მხურვალედ დაეწაფა სერგო რობაქიძეც. მის განვითარებას ხელი შეუწყო მოწინავე მასწავლებლობამაც, მათ შორის ესეთი ყოფილა მღ. ზვერევი, რომელიც აცნობდა მოსწავლეებს ფეიერბახის შეხედულებას რელიგიაზე, რენანისა და შტრაუსის შრომებს ქრისტეს ცხოვრებაზე. ხოლო როდესაც მეორე კლასში მოსწავლეებს უნდა დემუშავებინათ თემა ქორწინების შესახებ, ამ მასწავლებელს მათთვის გაუცვნია ლ. ტოლსტოის „Крейцерова соната”, რომელიც ჰექტოგრაფზე დაბეჭდილი რუსეთში არალეგალუად ყოფილა გამოცემული. დირექტორი კოლოვიჩიც გვიკითხავდა, – წერს სერგო რობაქიძე თავის მოგონებაში, – აკრძალულ წიგნებს ისტორიულ საკითხებზე. მან გაგვაცნო დავა, ოსტომაროვსა და პოგოდინს შორის რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ.

სამასწავლებლო ინსტიტუტში კარგად ყოფილა დაყენებული ხატვისა და სიმღერის სწავლებაც. რაც საჭირო იყო მომავალი მასწავლებლებისათვის. იმავე მიზნით ასწავლიდნენ მეაბრეშუმეობას და მეფუტკრეობას, აწყობდნენ ექსკურსიებს შორეულისა და მახლობელი ადგილების გასაცნობად, ექსკურსიებს სასეირნოს და ექსკურსიებს მეცნიერული მიზნით.

ინსტიტუტის დირექტორი კოლოვიჩი დიდ ყურადღებას აქცევდა სასცენო ხელოვნებასაც. ამ მიზნით ინსტიტუტში მოსწავლეების ძალებით მართავდა კონცერტებსა და წარმოდგენებს რუსულსა და ქართულ ენებზე, რომელზედაც იწვევდა მოსწავლეთა მშობლესა და ნათესავებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქართული კულტურის მუშაკებს. ა გაუცნია სერგოს კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ლადო მესხიშვილი და სხვანი. მაშინ ქართველ საზოგადოებაში დიდი მოწონება ჰქონდა რაფიელ ერისთავის კომედია-ოპერეტას „ბიძიასთან გამოხმაურება”. ეს პიესა ინსტიტუტშიც დაუდგამთ და თავადი იორამის როლში სერგო რობაქიძე საზოგადოებას მეტად მოსწონებია. ის მოწინავე ჩვევები, რაც სერგომ ინსტიტუტში მიიღო, შემდეგ ცხოვრებაში გადმოიტანა.

ამავე წლებში სერგო რობაქიძე ებმება მოსწავლეთა არალეგალურ ევოლუციურ წრეებში, რომლებშიც, გარდა სხვა სასწავლებლის მოსწავლეებისა, რუსეთიდან ნებით თუ უნებლიეთ დაბრუნებული სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. ეს წრეები ხალხოსნური მიმარტულებისა ყოფილა და მათზე დიდი გავლენა ჰქონია ცნობილ ხალხოსნებს – ლიუბატოვიჩს, ერმოლინს, ლავრუსევიჩსა და სხვებს, რომელთაც სასჯელი ციმბირში უკვე მოეხადათ და თბილისში ცხოვრების ნება ჰქონდათ. ამ წრეს, რომელშიც სერგო რობაქიძე მხურვალე მონაწილეობას იღებდა, არალეგალური ბიბლიოთეკა ჰქონია ჩუღურეთში, ლეჟვას ბინაზე, ხოლო წრის სხდომები იმართებოდა მიხეილის ქუჩაზე, საავადმყოფოს პირდაპირ, კონსპირაციისათვის მეტად მოხდენილ სარდაფში. წრის სხდომებს ესწრებოდნენ: მიხა ცხაკაია, ეგნატე ნინოშვილი, როდესაც ის თბილისში იმყოფებოდა, ფილიპე მახარაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ანდრო ლეჟავა, ზაქარია უზნაძე, ილია აღლაძე, შიო ჩიტაძე და მრავალი სხვა. ამ ბინაზე იკრიბებოდნენ წრის წევრები 1889-91 წლებში. გაცხარებული კამათი ჰქონდათ გამართული მრავალი საკითხის შესახებ, განსაკუთრებით კი პიროვნების როლის შესახებ ისტორიაში.

სერგო რობაქიძე მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ამ დროს თბილისში კაიდანოვის ქალის ხელმძღვანელობით წამოწყებულ საკვირაო სკოლების მუშაობაში და მუშათა უბნებში საჯარო წარმოდგენებისა და კითხვის მოწყობაში ბუნდოვანი სურათებით. მასვე რკინიგზის მუშათა კონსპირაციულ წრეებში უმუშავია, რომელთაც მუშათა მოძრაობის ისტორიასა და პოლიტიკურ ეკონომიას აცნობდა. ამისთვის მასვე უთარგმნია რუსულიდან სეიდერსკის „შრომა და კაპიტალი”, ბოგდანოვის „პოლიტიკური ეკონომია” და აქსელროდის „მუშათა მოძრაობა”. რევოლუციურ ახალგაზრდობაში დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული ბროშურას „ზღაპარი ოთხი ძმის შესახებ”. რევოლუციურ მოძრაობაში ცასაბმელ ახალგაზრდას პირველად ხელში ამ წიგნაკს აძლევდნენ წასაკითხად. ადრე ეს წიგნაკი ქართულად გოლა ჩიტაძეს უთარგმნია, მაგრამ ჯანდარმერიას მისი კონფისკაცია მოუხდენია. სერგო რობაქიძეს ის ხელახლა გადაუთარგმნია და სიმონ სპირიდონის ძე ჯუღელს, რომელიც ამ წრეში ტრიალებდა მუდამ, ქიმიური მელნით გადაუწერია, ხოლო გიგო რცხილაძეს თავის მოხერხებულ ბინაზე ჰექტოგრაფზე გადაუბეჭდია. აქ ის სხვა არალეგალურ ლიტერატურასაც ბეჭდავდა. სერგო რობაქიძე აკრძალულ ლიტერატურას პანსიონში, თავის განჯინაში ინახავდა და არავის მოუვიდოდა ფიქრად, რომ მას ოდესმე გაჩხრეკდნენ და ამისათვის დასჯიდნენ. მაგრამ 1893 წლის ნოემბერში, ერთ მშვენიერ საღამოს მასწავლებლებმა მოსწავლეთა განჯინები გაჩხრიკეს, სერგო რობაქიძის ყუთებში დიდძალი აკრძალული წიგნები აღმოაჩინეს. მისმა ამხანაგებმა მაინც შეძლეს სერგოს განჯინიდან 30 ცალი „ოთხი ძმა” გადაემალათ. მისმა ქებულმა დირექტორმა კი, რომელიც ცნობილ იანოვსკის ნათესავი იყო, დახმარებაზე უარი უთხრა, რადგან საქმე გახმაურებული იყო. იანოვსკი და კოლოვიჩი შეთანხმდნენ, გაერიცხათ სერგო რობაქიძე ინსტიტუტიდან უფლებით, რომ ჩაებარებინა სხვა ამხანაგებთან ერთად გასათავებელი გამოცდები მაის-ივნისში. სერგო რობაქიძე თბილისში დარჩა და უფრო მეტი ენერგიით მოკიდა ხელი თვითგანვითარებასა და რევოლუციურ მუშაობას.

საქართველოში ამ დროს ფილოქსერა აჩანაგებდა ვენახებს. მთავრობამ ცნობილი აგრონომების ხელმძღვანელობით მოაწყო საფილოქსერო რაზმები დაავადებული რაიონების შესასწავლად და გამოსარკვევად. ამ ექსპედიციებში მონაწილეობას იღებდნენ იდური ახალგაზრდები – სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტები, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები, ინტელიგენტური ახალგაზრდობა. ნაცნობებს სერგო რობაქიძე 1894 წლის მაისში იმ ჯგუფში მოუწყვიათ, რომელსაც აგრონომები ტიმოფეევი დაერმილე ნაკაშიძე ხელმძღვანელობდნენ და რომელსაც დავალებული ჰქონდა შეესწავლათ ფილოქსერით დაავადება რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. რაჭა-ლეჩხუმში ეს ჯგუფი, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, კულტურულ მუშაობასაც ეწეოდა და სწავლობდა რაიონის სამეურნეო მდგომარეობას და სტატისტიკას. საფილოქსერო რაზმებში სერგო რობაქიძეს 1898 წლამდე უმუშავია. ამ წელს მას სიამოვნებით მიუღია ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსანდრე გარსევანიშვილის წინადადება დაეწყო მასწავლებლობა მასთან.

ამ სასწავლებელში იმოღვაწა სერგო რობაქიძემ მთელი ოცი წელიწადი. მისი სახით სააზნაურო სკოლას, შემდეგში გიმნაზიას, შეეძინა შესანიშნავი მასწავლებელი და აღმზრდელი, ხოლო ქალაქ ქუთაისს მეტად ენერგიული და ნაყოფიერი კულტურული მოღვაწე. სერგო რობაქიძე მოსამზადებელ და პროგიმნაზიულ კლასებში ასწავლიდა სამშობლო აღწერას, არითმეტიკას, ბუნებისმეტყველებას. მის გაკვეთილებს მოსწავლეები დიდი გულისყურითა და გატაცებით ისმენდნენ. ქართულ სკოლაში ის ერთი პრიველთაგანი მასწავლებელი იყო, რომელიც აწყობდა მოსწავლეთა ექსკურსიებს. ამ დროს ის მოსწავლეებან მეგობრულ საუბრებს მართავდა და მათ ავსა და კარგს, ჭირსა და ლხინს ეცნობოდა, იგებდა, თუ ვინ რით სუნთქავდა, რით ცხოვრობდა და როგორ გარემოში. 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში ქუთაისის სააზნაურო სკოლის მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობის ზნეობრივი და გონებრივი დონე არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაღალი.

ნამდვილი მოქალაქეების აღსაზრდელად არ კმაროდა ოფიციალური მოვალეობის მოხდა სკოლისა და მოსწავლეთა წინაშე, არამედ საჭირო იყო მასწავლებელთაგან მოსწავლეთა შორის ხშირი ყოფნა, საუბრების გამართვა, მათ გონებრივ განვითარებასა და ზნეობრივ სიწმინდეზე ზრუნვა, ოჯახური გარემოს გაცნობა და მათი კულტურული დონის ამაღლება. ასეთ აღმზრდელობით მუშაობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სკოლის შემდგომი ხელმძღვანელი იოსებ ოცხელი და მას ამ საქმეში დიდ დახმარებას უწევდა სერგო რობაქიძე. ადრე სასწავლებელში ერთი მთლიანი ბიბლიოთეკა არსებობდა. ახლა თითოეული კლასისათვის შექმნილ იქნა ცალკე ბიბლიოთეკა, კლასისათვის შესაფერისი წიგნებით. საკლასო ბიბლიოთეკა თვით მოსწავლეებს ებარათ. ხშირად კვირა – უქმე დღე და საღამოობით იმართებოდა სერგო რობაქიძის ხელმძღვანელობით მხატვრული კითხვა და წაკითხული ნაწარმოების გარჩევა. გახშირდა ლიტერატურულ-მუსიკალრი დილებისა და საღამოების გამართვა სასწავლებლის ძალებით, მაგრამ დაბალი კლასების ბავშვბს განსაკუთრებით ხიბლავდა რაიმე ტექსტის წაკითხვა ბუნდოვანი სურათების ჩვენებით, რასაც სერგო რობაქიძე ყოველთვის აწყობდა. საასწავლებელში ხშირად იმართებოდა აგრეთვე მოსწავლეთა ძალებით წარმოდგენები, რასაც სერგო რობაქიძე ხელმძღვანელობდა, საკმაოდ დახელოვნებული სასცენო საქმეში. ერთ-ერთი ასეთი საღამო ქართველი საზოგადოების თანდასწრებით, როდესაც მოსწავლეთა ძალებით დადგმულ იქნა „და-ძმა” ლიტერატურულ-ვოკალური განყოფილებით, პოლიცმეისტრის ლისოვსკისა და მისი შეიარაღებული ძალების თავდასხმით დასრულდა სათანადო ნებართვის აუღებლობის საბაბით.

სერგო რობაქიძე ისე, როგორც სააზნაურო სკოლის (შემდეგში გიმნაზიის) სხვა მასწავლებლები, სასწავლებელში მუშაობით არ კმაყოფილდებოდა და მის გარეშე ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია საკვირაო სკოლების გამართვა. არც ერთი სასწავლებელი ბინას არ აძლევდა საკვირაო სკოლას, რადგან მას მთAვრობა ალმაცრად უყურებდა, და თუ არა ქართული სააზნაურო სკოლა, რომელსაც მაშინ ალექსანდრე გარსევანიშვილი ხელმძღვანელობდა, საკვირაო სკოლა არ გაიხსნებოდა. საკვირაო სკოლა სააზნაურო სკოლის ბინაში მოთავსდა და ამავე სკოლის მასწავლებლები – სერგო რობაქიძე, პ. სურგულაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვ. ვოლსკი იყვნენ მისი ჭირისუფალნი. აქვე მუშაობდნენ: ოლღა იოსელიანი, ეკატერინე ნიკოლაძე, სპ. ლეკვეიშვილი, დები ქორქაშვილები, ექიმი პარმენ ჭიჭინაძე, სამსონ კილაძე და სხვ. ამ სკოლას დიდძალი ახალგაზრდობა მოაწყდა: ხელოსნები, ნოქრები, ხელზე მოსამსახურენი, შეგირდები, ებრაელი ახალგაზრდობა და სკოლის გარეშე დარჩენილები. აქ წერა-კითხვის გარდა ისწავლებოდა ქართული და რუსული ლიტერატურა, არითმეტიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება, პოლიტიკური ეკონომია და სხვ. ნივთიერ სახსრებს საზოგადოება იძენდა გამართული სეირნობებიდან ან ლიტერატურული საღამოებიდან. საკვირაო სკოლა ქუთაისში გადაიქცა მასიური განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ საკვირაო სკოლა ვეღარ აკმაყოფილებდა მუშა-ხელოსანთა მზარდ მოთხოვნილებებს და საკვირაო სკოლის მიერ შემზადებულ ნიადაგზე ალექსანდრე გარსევანიშვილისა და ელენე ხელთუფლიშვილის მზრუნველობით ქუთაისში დაარსებულ იქნა სახალხო უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტში სერგო რობაქიძე კითხულობდა და ფრიად საინტერესოდაც, სამშობლო აღწერას (მხარეთმცოდნეობას). ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლები იყვნენ უმთავრესად ამ უნივერსიტეტის ლექტორები.

დიდი ამაგი დასდო სერგო რობაქიძემ ქუთაისის თეატრის სახალხო აუდიტორიად გარდაქმნასაც. ქუთაისის დასს შესანიშნავი მსახიობები ჰყავდა: ელ. მესხიშვილი, ნ. ჩხეიძე, ი. ზარდალიშვილი და მრავალი სხვა, მაგრამ მასა თეატრს მიჩვეული არ იყო, იქ უფრო ინტელიგენციის შეძლებული ფენა დადიოდა, ხშირად კი თეატრი ცარიელი იყო. ახლაც ბევრს გვახსოვს, რომ წარმოდგენის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ქუთაისის თეატრიდან ისმოდა სასულე ორკესტრის ხმა ან უფრო ხშირად ზურნის ჭიჭყინი თეატრში ხალხის მოსაზიდად. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ღარიბი მოსახლეობა ქალაქისა თეატრს არ ეტანებოდა, ბილეთების სიძვიე იყო. უმცირესი ფასი ბილეთისა 30-35 კაპიკი იყო, ხოლო ლოჟა და პარტერი რამდენიმე მანეთი. სერგო რობაქიძის ინიციატივით შედგა სა, რომელიც „იაფფასიან წარმოდგენებს” მართავდა. ამ წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთები 5-20 კაპიკს არ აღემატებოდა. ასეთი წარმოდგენები სცენისმოყვარეთა ძალებით იმართებოდა. ახლაც ახსოვს ამ სტრიქონების ავტორს, სცენაზე რომ თავისი მასწავლებლები იცნო: სერგო რობაქიძე, იასონ ნიკოლაიშვილი, ბენედიქტე მამფორია და სხვანი, სხვადასხვა ტანსაცმელში რომ იყვნენ გამოწყობილნი. თეატრი ხალხით გაივსო. ეს დასი წამოდგენას მართავდა აგრეთვე ჭიათურაში, ხონსა და სხვა დაბებში. ამ იაფფასიანმა წარმოდგენებმა ხალხი შეაჩვია თეატრს. 1905-06 წლებში სერგო რობაქიძეს სასწავლებლის მოზრდილი მოსწავლეებისაგან პოლიტიკურუი წრეები ჰქონდა შექმნილი, რომელთაც პოლიტიკურ ეკონომიასა და მუშაოთა მოძრაობის ისტორიას აცნობდა.

სერგორობაქიძე ადრევე დაიწყო ლიტერატურული მუშაობა. ის თარგმნიდა პოლიტიკური შინაარსის ბროშურებს, უმთავრესად ისეთებს, რომლებიც ჰექტოგრაფიულად იბეჭდებოდა და ხალხში კონსპირაციულად ვრცელდებოდა. 1902 წელს ქუთაისში გამოიცა მაქსიმ გორკის „მოთხრობანი” ავტორის სურათით, სერგო რობაქიძის მიერ ნათარგმნი. სერგო რობაქიძე ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც, ვანო გიუნაშვილთან ერთად, ხელი შეუწყო, რომ ქართველი მკითხველი გაცნობოდა მაქსიმ გორკის შემოქმედებას.

1912 წელს სერგო რობაქიძემ დაბეჭდა „სამშობლოს აღწერა” – საქართველოს გეოგრაფიის ასხელმძღვანელო სურათებით და რუკით. 1918 წელს ეს სახელმძღვანელო მეოთხე გამოცემით გამოვიდა 40 000 ტირაჟით. ამ მშვენიერმა წიგნმა მეტად შეუწყო ხელი ქართველ ახალგაზრდობას თავისი სამშობლოს გაცნობის საქმეში.

სერგო რობაქიძემ თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა სკოლის მშენებლობის საქმეში. 1921 წლიდან ის მასწავლებლობდა ქალაქ გორში, პედაგოიურ ტექნიკუმში. მონაწილეობას იღებდა ხელისუფლების ღონისძიებათა განხორციელებაში სახალხო განათლების დარგში. გორის მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მოსახლეობაშიც სერგო რობაქიძე დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა.

სერგო რობაქიძე, ვალმოხდილი ქართველი ახალგაზრდობისა და მშრომელი მოსახლეობის წინაშე, გარდაიცვალა 1934 წლის ნოემბერში და დაკრძალულია ქალაქ გორში.