‍თედო რაზიკაშვილი (1869-1922)

ავტორი: არსენ მამულაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

razikashvili thedoბავშვების საყვარელი მწერალი, სახალხო მასწავლებელი და ხალხური შემოქმედების დაუღალავი და ნაყოფიერი შემკრები თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის 13 ნოემბერს სოფელ ჩარგალში, ფშავი იმ საამაყო ოჯახში, რომელმაც საქართველოს და მის მწერლობას მისცა პოეზიის არწივი ვაჟა-ფშაველა და ცნობილი პოეტი ბაჩანა.

თედო მშობლების მეხუთე ვაჟი იყო. ის მამისა და უფროსი ძმების წაქეზებით ადრე ჩაება სწავლაში. ექვსი წლის თედო ქართულ ანბანს გაცნობილი და წერა-კითხავში ფეხადგმული შეიყვანეს ჩარგლის დაწყებითი სკოლის პირველ განყოფილებაზე; მისი პირველი შინაური მასწავლებელი იყო უფროს ძმა ნიკო (ბაჩანა), რომელსაც ძლიერ უყვარდა თურმე თავისი პატარა, მკვირცხლი გონების, ნიჭიერი ძმა. თედო დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ გორში წაიყვანეს; აქ ის სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელ განყოფილებაში მოაწყვეს. თედომაც შესაფერისი ბეჯითობა გამოიჩინა და 1889 წელს აღნიშნული სემინარიის სრული კურსი დაამთავრა და, ამგვარად, სოფლის სახალხო სკოლის მასწავლებლის წოდება მიიღო. იმ ხანებში თედო რაზიკაშვილი დაუახლოვდა თავის საყვარელ მასწავლებელს, ცნობილ მწერალს ნიკო ლომოურს და მაშინ გორში მცხოვრებ ხალხოსნებს. მათი გავლენით თვითონაც ამ მოძრაობის აქტიური მონაწილე და თვალსაჩინო წარმომადგენელთაგანი გახდა.

1890 წელს ახალგაზრდა, პროგრესული იდეებით გატაცებულ თედო რაზიკაშვილს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” ნიშნავს მასწავლებლად სოფელ ხელთუბანში, სადაც იმ ხანებში გახსნილ იქნა დაწყებითი სკოლა. თედოც დიდი მონდომებითა და საქმის სიყვარულით ჩაება პედაგოგიურ მუშაობაში. 1891 წელს ის საბოლოოდ დასახლდა გორის მახლობლად, სოფელ ხელთუბანში და, ვიდრე ცოცხალი იყო, ამ სკოლასა და სოფელს არ მოსცილებია. ხალხოსნური იდეებით გაჟღენთილი დაუახლოვდა იგი ხალხს, მათი შვილების აღმზრდელი და მასწავლებელი შეიქნა, მათთან ცხოვრობდა, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, მათი ყოველდღიური მსახური, დამხმარე, გზის მაჩვენებელი და მრჩეველი იყო.

ხელთუბანში პროპაგანდისტებისა და ცნობილი რევოლუციონერების ხშირმა ჩასვლამ, თედოსთან სისტემატურმა შეხვედრებმა და ბოლოს, 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მთელი სოფლის აქტიურად ჩაბმამ, ჟანდარმერიის მზვერავებს ეჭვი თედოზე ააღებინეს. გაბრაზებულმა ბიუროკრატიულმა მთავრობამ 1905 წელს ხელთუბნის სკოლა დახურა და მის მასწავლებელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის 13 წლით გადასახლება მიუსაჯა რუსეთის შორეულ გუბერნიაში. მაგრამ 1906 წელს ცარიზმის გადასარჩენად გამოსულმა მანიფესტმა ციმბირისაკენ მიმავალი თედო გიზდან დააბრუნა.

პატიმრობიდან განთავისუფლებული თედო სოფელ ხელთუბანს, თავის ნაამაგდარ სკოლასა და თავის საყვარელ ოჯახს დაუბრუნდა. სოფელი დარბეული და გაჩანაგებული დახვდა, სკოლა გაპარტახებული, ხოლო სახლ-კარი ზარბაზნებით დანგრეული და გადამწვარი.

თვითმპყრობელობის ამგვარი საქციელით თედოს გული არ გატეხია. ის თითქოს ამის მოლოდინში იყო კიდეც. მტერმა თავისი არსი და ბუნება გამოამჟღავნა მხოლოდ, თორემ ახალ, მოწინავე და უკვდავ იდეებს რას დააკლებდა მისი მსახვრალი ხელი, რომელიც დღეს თუ ხვალ მაინც უნდა დამსხვრეულიყო?! თედომ კვლავ აღადგინა თავისი ოჯახი და სკოლა, რომელსაც დაუცხრომელ მოამაგედ აღმოუჩნდა ჩვენი ცნობილი მწერალი ქალი, საბავშვო ლიტერატურის დიდი მოამაგე, „ჯეჯილის დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. თედოც კვლავ თავისი სკოლისა და მთელი სოფლის მუდმივი მზრუნველი და მოამაგე გახდა.

თედო რაზიკავილი სამწერლო ასპარეზზე ლექსებით გამოვიდა. მისი პირველი ლექსი „გუთნისდედის სიმღერა” 1890 წელს დაარსებულ საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილში” დაიბეჭდა. მას მოჰყვა მთელი ციკლი ლექსებისა და მისი ბრწყინვალედ შესრულებული საბავშვო მოთხრობათა სერია. როგორც ნიჭიერმა მწერალმა, მან მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით ჩვენი დიდი პოეტი აკაკი აღმოჩნდა თედოს პოეზიისა და პროზის ნამდვილი და სწორი დამფასებელი. მისი მხატვრულად გამართული მშვენიერი მოთხრობები, ლექსები, მოხდენილი და საგულისხმო ხალხური არაკები და ლეგენდები იბეჭდებოდა თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში („ივერია”, „ჯეჯილი”, „კვალი”, „ძველი საქართველო” და ა. შ.), მაგრამ ყველაზე მეტი პოპულარობა და საყვარელი მწერლის სახელი თედოს მისმა მომხიბლავმა ბრწყინვალე ქართული ენით დაწრილმა საბავშვო მოთხრობებმა მოუხვეჭა.

სულ მალე, მისი სამწერლო სარბიელზე გამოსვლიდან, თედო რაზიკაშვილი ხდება უახლოესი თანამშრომელი იმდრიონდელი საბავშვო ჟურნალების „ჯეჯილისა” და „ნაკადულისა”. ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ანასტასია წერეთელი თავის ერთ-ერთ კერძო ბარათში თედო რაზიკაშვილს წერდა: „მოუთმენლად მოველი საახალწლო მოთხრობას პატარებისათვის, იქნება როგორმე მომისწროთ. მასალა მაქვს, მაგრამ უფრო უკეთესი ეკადრება იანვრის ნომერს...” ეს სიტყვები ერთხელ კიდევ ნათელყოფს თედო რაზიკაშვილის მეტად თვალსაჩინო ღვაწლს საბავშვო ლიტერატურაში.

თითქმის ამგვარადვე წერს თედო რაზიკაშვილი მეორე საბავშვო ჟურნალის „ნაკადულის” რედაქტორი მარიამ დემურიაც: „გულითადად გთხოვთ თქვენ, რაც კი შეიძლება ბევრი მასალა გვიგზავნოთ, თქვენი თითქმის ყველაფერი დაიბეჭდება, „მამლაყინწა” თებერვლის ნომერში იბეჭდება. მარტისათვის თქვენი აღარაფერი გვაქვს. შენი ჭირიმე, როგორც კი ჩემი წერილი მოგივათ, მოთხრობებიც და ლექსებიც გამოგვიგზავნეთ. ძალიან გთხოვთ. მე მინდა, ყოველ ნომერში თქვენი მოთხრობები იყოს...”

თედო რაზიკაშვილის მოთხრობებისა და ლექსების მაღალიდეურობა, მხატვრული სიმართლე, აზრის სინათლე და სიზუსტე, ენის ხალხურობა, ცხოვრების დაკვირვება და ცოდნა, მისი მწერლური ხედვის სიმახვილე ამჟღავნებდა მასში მოცემულ დიდ ნიჭსა და ენერგიას, რომელიც აღმავლობას განიცდიდა და დღითიდღე იფურჩქნებოდა. ამიტომ ცხადია ნიჭიერი და ჭკვიანი რედაქტორების სურვილი და ცდა ამ სურვილის განხორციელებისა, რომ თედო მათი გამოცემის მუდმივი თანამშრომელი ყოფილიყო. თედოც ბეჯითად ასრულებდა მათ დაკვეთას. იმდენი ძალა შესწევდა, რომ ყველა რედაქციიათვის უხვად მიეწოდებინა თავისი მადლიანი კალმის ნაღვაწი.

ამავე დროს საგულისხმოა თედოს დაუღალავი ბუნების, მისი შრომისმოყვარეობის მეორე მხარეც. მარტო საბავშვო მოთხრობებითა და ლექსებით როდი ამოწურულა თედოს ნიჭი, მისი მხატვრული აზროვნება და ერუდიცია. მან უხვად გამოაქვეყნა ქართულ პერიოდიკაში აგრეთვე ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშები. მის მიერ შეკრებილია უამრავი ხალხური ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, გამოცანა, ლეგენდა და ისტორიული თქმულებანი. ის ზედმიწევნით იცნობდა ხალხის ყოფა-ცხოვრებას, ადათ-ჩვეულებებსა და ამ მხრივ, მან ქართულ ლიტერატურასა და ფოლკლორისტიკას შეძინა მრავალი ხალხური ნაწრამოები. თედო რაზიკაშვილი ნიჭისა და უნარის გაფურჩქვნის პერიოდში, 1922 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

თედო რაზიკაშვილის შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშებით – მისი მოთხრობების, ზღაპრებისა და ლექსების კრებულებით – უხვად მოიპოვება წიგნთსაცავებსა და ოჯახებში. იგი ბავშვებისა და ახალგაზრდების მეტად საყვაელი მწერალია, რომელმაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი ხალხის გულში „დაიდგა ძეგლი უკვდავი, თვით უმაგრესი რვალისა...”