‍აბელ ბაირამაშვილი (1856-1908)

ავტორი: ა. ჩხენკელი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე აბელ ნიკოლოზის ძე ბაირამაშვილი დაიბადა 1856 წელს ინგილო გლეხის ოჯახში.

როგორც ცნობილია, საქართველოდან მოწყვეტის შემდეგ საინგილოს მთელი მიწა-წყალი ილისუს ხანების ხელში იყო. აბელის მამა ნიკოლოზ ბაირამაშვილი თანამემამულეების გულშემატკივარი, მხნე, მებრძოლი ვაჟკაცი ვერ ურიგდებოდა ამ უსამართლობას და მთელი სიცოცხლე ებრძოდა ილისუს ხანებს. ამისათვის ნიკოლოზი სამოციან წლებში გადასახლებულ იქნა ციმბირში, საიდანაც იგი დაბრუნდა ათი წლის შემდეგ. ბაირამაშვილები ადრე თარხნიშვილები ყოფილან, სოფელ ყორაღანის მკვიდრნი, მაგრამ როდესაც ისინი ძალად გაუმაჰმადიანებიათ, ბაირამაშვილებად დაწერილან. 1850 წლიდან დაიწყო სოფელ კახის ინგილოების ხელახალი მოქცევა ქრისტიანებად, ბაირამაშვილებისაც მათ შორის.

აბელის მამას, ნიკოლოზს ხუთი შვილი ჰყოლია, სამი ქალი და ორი ვაჟი.

აბელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ინგილო ახალგაზრდებიდან, რომელსაც განათლება მიეღო. აბელს დამთავრებული ჰქონდა ზაქათალის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი და თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისას იგი დაინიშნა მასწავლებლად ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ გადავიდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში და მეორე კლასიკურ გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად. აბელ ბაირამაშვილი ფართოდ განათლებული პიროვნება იყო. მას ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელშიაც მეცნიერულ წიგნებთან ერთად კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებიც მრავლად იყო თავმოყრილი. თავისი საქმის უსაზღვროდ მოყვარულ აბელ ბაირამაშვილს დიდი სიყვარული ჰქონდა დამსახურებული თავის კოლეგებსა და მოსწავლეებში, როგორც ამას ადასტურებს მისი თანამედროვე მხცოვანი მწერალი თედო სახოკია.

ახალგაზრდა აბელი განაგრძობდა მამის – ნიკოლოზის მიერ დაწყებულ საქმეს, –ბრძოლას ინგილოეისათვის მიწების დაბრუნებისათვის ილისეული ხანებისაგან. სიცოცხლის ბოლო ხანებში მან მიაღწია იმას, რომ ინგილოებმა უკან მიიღეს წართმეული მიწები. სიზმრად თუ ცხადად აბელი თავის ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა. თედო სახოკია მოგვითხრობს: „ზოგჯერ საღამოობით თავისთან შემიწვევდა განსვენებული აბელი და გულდაწყვეტით მომიყვებოდა თავისი მხარის გამწარებული წარსულის თავგადასავალს. ბოლო მკითხავდა: რა ვქნათ, რა ვიღონოთ, რა წამალი გამოვნახოთ ჩვენის ეროვნულის წყლულისა. მაშიდენლ მეფის მთავრობისათვის ოღონდაც რომ ხელსაყრელი იყო გათიშვა და დაქუცმაცება საქართველოს სხვადასხვა კუთხისა, როგორიც იყვნენ საინგილო, აჭარა-ქობულეთი, სამეგრელო. ისედაც მცირერიცხოვანი ქართველებისათვის დიაღაც რომ სავალალო პერსპექტივა იშლებოდა წინ... აბელის გულშემატკივარ თხრობას საინგილოს შესახებ მე, ჩემის მხრივ, მივუმატებდი სამეგრელოს სავალალო მდგომარეობის სურათის გაშლას. ვუზიარებდი ჩემს თანამოსაუბრეს, თუ დეკანოზი ვოსტორგოვი და მისი აგენტები აშორდია-ხორავები როგორის უტიფრობით ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის ამოკვეთას და მეგრელთა რუსიფიკაციას. ამ ბაასში ჩვენი ქვეყნის ოცნებას იმ ზომამდე გავეტაცვინებოდით, რომ ზოგჯერ დილის 1-2 საათამდე ვათენებდით ღამეს...”

აბელ ბაირამაშვილი მეტად პოპულარული პიროვნება იყო. არც ერთი საზოგადოებრივი საქმე არ ჩატარდებოდა ისე, რომ აბელი არ ყოფილიყო მისი ხელმძღვანელ-ინიციატორი.

შეუდარებელი იყო აბელი, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე და მასწვლებელი. მისი გაკვეთილები განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი იყო, – იგონებენ თანამედროვენი. იმ დროს, როდესაც საქართველოში ქართული ენა იდევნებოდა, აბელი არამცთუ სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას, არამედ მას დაარსებული ჰქონდა ივანე როსტომაშვილთან ერთად ქართული ლიტერატურის წრეები. ამ წრეების საშუალებით მან ბევრ ქართველ ახალგაზრდას ჩაუნერგა ქართული ლიტერატურის სიყვარული და გაუღვიძა ეროვნული გრძნობა. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი პედაგოგი და დამსახურებული სახალხო მასწავლებელი, ბელეტრისტი ალექსი მირიანაშვილი.

“ალექსი მირიანაშვილის გათვითცნობიერებაში საგრძნობი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის იმ კვირეულმა ერთსაათიანმა უფასო გაკვეთილებმა, რომელსაც მასწავლებელი აბელ ბაირამაშვილი (ინგილო) და ცნობილი პედაგოგი ივანე როსტომაშვილი ატარებდნენ საქალაქო სასწავლებელში”. „სწორედ ამ გაკვეთილებზე პირველად მოესმა ჩემს ყურებს, – წერს ალექსი თავის მოგონებაში, – ჩვენი უკვდავი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი” და „ბედი ქართლისა”, დიდებული ილიას „კაცია-ადამიანი?!” და სხვა, რომელთა კითხვამ, თამამად შემიძლია ვთქვა, საბოლოოდ შემაყვარა ქართული წიგნი და, ვგონებ, ყველაფერი ეროვნული...”

აბელ ბაირამაშვილი მთელი სიცოცხლე წევრი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა. იგი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის ნიკო ნიკოლაძის „Обзор”-ში. „ბაირამაშვილი აბელი იყო კორესპონდენტი ნიკოლაძის „Обзор”-ისა და თავის წერილებს ფსევდონიმად „აზიელს” აწერდა, ქართულ გაზეთებშიაც შრომობდა. მისი შვილი კოწია, უნივერსიტეტის სტუდენტი, დაიღუპა ადესას 1905 წელს, ხოლო თვითონ გარდაიცვალა 1908 წელს. მისი ქალიშვილი ასრულებს უმაღლეს სპეციალურ სასწავლებელს პეტერბურგში”.

აბელ ბაირამაშვილის ექვსი შვილიდან, რომელთაც მან უმაღლესი განათლება მიაღებია, აღსანიშნავია კოწია, მეტად ნიჭიერი, დინჯი და ამავე დროს მებრძოლის სულის პატრონი ახალგაზრდა, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. მას დამთავრებული ჰქონდა სტავროპოლის რეალური სასწავლებელი სახელმწიფო ხარჯზე, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას. ოდესის უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი მუშაობდა მარქსისტულ წრეში. 1905 წელს მეფის მოხელებთან სტუდენტთა შეტაკების დროს გიი დაიღუპა ბარიკადებზე (მასთან ერთად დაიღუპა დოც. კლდიაშვილი).

აბელი არა მარტო თავისი შვილების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა, იგი დიდ ზრუნვას იჩენდა სხვა ინგილო ახალგაზრდების სწავლაზეც. მისი ინიციატივით მრავალი ინგილო ახალგაზრდა გაიგზავნა სხვადასხვა სასწავლებელში სახელმწიფო ხარჯზე; მათ შორის შემდეგში კარგად ცნობილი საზოგადო მოღვაწეები კოტე ტარტარაშვილი, გიორგი გამხარაშვილი და სხვ.

აბელ ბაირამაშვილი ინიციატორი იყო საინგილოში სოფლის მეურნეობის აყვავებისა. მან პირველმა შემოიტანა საინგილოში ახალი კულტურები: პამიდორი, კარტოფილი და სხვა. თანამშრომლობდა აგრეთვე ჟურნალ „Сульскохозяйственный Вестник”-ში. ამ საქმეში მას მეტად უწყობდა ხელს მეუღლე ელენე, დარბაისელი, ჭკვიანი დიასახლისი და საზოგადო საქმისათვის მებრძოლი ქქლი. ელენე დიდი მეგობარი იყო ცნობილი მასწავლებლის სოფიო ყულოშვილისა. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით ინგილო ქალების გათვითცნობეირებისა და მათში კულტურის შეტანის საქმეში.

ელენეს მეტად უყვარდა მეურნეობა, განსაკუთრებით მეაბრეშუმეობა, რაშიაც მან მედალი მიიღო 1901 წელს თბილისში მოწყობილ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მის მიერ გაგზავნილი პარკის განსაკუთრებული სანიმუშო ხარისხისათვის.

შვილის, კოწიას სიკვდილმა წელში გატეხა ესოდენ ენერგიული და თავისი ხალხის მოყვარული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე აბელ ბაირამაშვილი. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ იგი გარდაიცვალა სოფელ კახში 1908 წელს. დასაფლავებულია იქვე, მთისძირის სასაფლაოზე.