‍ალექსი პეტრიაშვილი (178?-18??)

ავტორი: გიორგი თავზიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

ალექსი პეტრიაშვილი, თვალსაჩინო ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა მე-18 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულში (ზუსტად მისი დაბადების წელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის). 1796 წელს დაასრულა ასტრახანის სასულიერო სემინარია და შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, მსახურობდა ყიზლარში მღვდლად. 1798 წლიდან მუშაობდა იქვე ჯარის ერთ პოლკში იმავე თანამდებობაზე. 1803 წელს სინოდმა გაათავისუფლა იგი ბერად შესადგომად, მაგრამ იმავე წელს საქართველოს მთავარმართებელმა გენერალმა ციციანოვმა წამოიყვანა თბილისს თავისი კანცელარიის მთარგმნელის თანამდებობაზე.

1804 წელს ალექსი პეტრიაშვილი დაინიშნა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად.

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაარსდა 1802 წელს, მაგრამ მალე დაიხურა და კვლავ იქნა აღდგენილი 1804 წელს.

თუმცა ეს სასწავლებელი დაარსებული იყო მაღალი წოდების ბავშვებისათვის, მაგრამ პირველ ხანებში, ვინაიდან არ იყო ამ სასწავლებელში სწავლის მსურველ თავადაზნაურთა საკმაო რიცხვი, იღებდნენ მოქალაქეთა და სასულიერო წოდების შვილებსაც. ამასთან, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ბავშვთა უფრო მეტი რიცხვის მიზიდვის მიზნით, მოწაფეთათვის დაწესებულ იქნა „წამახალისებელი ჯამაგარი” („поощрительное жалованье”), თითოეულისათვის ხუთი მანეთის ოდენობით ყოველთვიურად. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დასაწყისში იყო ორკლასიანი და სასწავლო გეგმა ძირითადად არ განსხვავდებოდა 1802 წლის თბილისის სკოლის სასწავლო გეგმისაგან. სწავლა წარმოებდა ქართულ და რუსულ ენებზე, ე. ი. ერთსა და იმავე საგნებს ასწავლიდნენ პირველად ქართულ ენაზე (ე. წ. ქართული კლასი), შემდეგ რუსულზე (ე. წ. რუსული კლასი).

1806 წელს გადაწყვიტეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაეკეთებინათ. საქართველოს მთავარმართებელი ციციანოვი 1805 წ. 28 ნოემბერს მოახსენებდა რუსეთის განათლების მინისტრს ზავადოვსკის, რომ ქართველები ჯერ არ სარგებლობენ მოსკოვის უნივერსიტეტში ბავშვების გაგზავნის უფლებით, ვინაიდან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი არ იძლევა უნივერსიტეტში შესასვლელად საჭირო საშუალო საგიმნაზიო განათლებას; რაც შეეხება მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში ბავშვების გაგზავნას, ამაზე მშობლები უარს ამბობენ, ბავშვთა მცირე ასაკის გამო მათ მიერ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დამთავრებისას. ამასთან დაკავშირებით ციციანოვი თხოვდა ზავადოვსკის მისთვის ნება დაერთო მოსკოვის უნივერსიტეტის პანსიონში გასაგზავნ ქართველ მოსწავლეთათვის განზრახული თანხიდან 2000 მანეთი წელიწადში „გამოეყენებინა მასწავლებელთათვის და აქვე შეესრულებინა უკვე მთელი საგიმნაზიო სწავლა”.

დადებითი პასუხის მოლოდინში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის სასწავლო გეგმაში 1805 წლიდან შეიტანეს ლათინური და გერმანული ენები, როგორც გიმნაზიის სასწავლო საგნები, გათვალისწინებული 1804 წლის წესდებით.

იმპერატორის ნებართვა მიღებულ იქნა ზავადოვსკისაგან 1806 წელს, საქართველოს მთავარმართველ გუდოვიჩის დროს, და გადაწყვეტილი იყო ამ წლიდან კეთილშობილთა სასწავლებლის პირველი ორი კლასისათვის შემდეგი კლასების თანდათანობითი მიმატებით აეყვანათ ეს სასწავლებელი გიმნაზიის სრულ კურსამდე. 1804 წლის დებულების მიხედვით, გიმნაზიები შედგებოდა სამრევლო სასწავლებლის 1 კლასისა, სამაზროს – 2 კლასისა და საკუთრივ საგიმნაზიო – 4 კლასისაგან. ასე რომ, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი შეიძლებოდა გადაკეთებულიყო გიმნაზიად 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ საქმისადმი არასაკმაო ყურადღების გამო – ციციანოვის მომდევნო მთავარმართებელთა მხრივ – ეს გადაკეთება კარგა ხნით გადაიდო. მცირე ხნის შემდეგ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის ორ კლასში შეიქმნა ორ-ორი განყოფილება სწავლების 1-წლიანი კურსით თითოეულ მათგანში. ერთ ხანს პირველი კლასი იტვლებოდა უფროს (მაღალ) კლასად, ხოლო მეორე – უმცროს (დაბალ) კლასად.

1813 წლიდან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელს მიუყენეს 1804 წლის წესდების 52, რომლის მიხედვითაც სასწავლებლის სასწავლო გეგმაში შედიოდა „ისტორიული, მეტეოროლოგიური, ტოპოგრაფიული, სტატისტიკური ჩანაწერები (საქართველოზე), რომელშიც უნდა ყოფილიყო ცნობები მიწის დამუშავების, დათესვისა და მომკის დროის, მიწის თვისებების, მიწის მუშაობაში გამოსაყენებელი იარაღებისა და სხვა საგნების შესახებ, რომლებიც საჭიროა საერთო მეურნეობის ზუსტად გაცნობისათვის”. ამ საგნების სწავლება, წესდების ხსენებული პუნქტის თანახმად, წარმაოდგენდა მასწავლებელთა „დამატებით ვალდებულებას, რომლისთვისაც მათ ჰქონდათ უფლება განსაკუთრებული ჯილდოს მოლოდინისა”, მაგრამ ამ საგნების სწავლებისათვის არ იყო დამზადებული ხსენებული „ჩანაწერები”, ე. ი. სასწავლო მასალა, და ამიტომ ეს ღონისძიება შეუსრულებელი დარჩა.

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი თავისი არსებობის დასაწყისში საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და პედაგოგიური პერსონალის გაუმჯობესებამ, ქართული ენის სწავლებისადმი ცოტად თუ ბევრად ღირსეულმა დამოკიდებულებამ და მისმა გამოყენებამ მეცნიერებათა სწავლების პროცესში და აგრეთვე მოსწავლეთა კარგმა წარმატებამ, აამაღლა კეთილშობილთა სასწავლებლის ავტორიტეტი. ასე მაგალითად, სასწავლებლის აღდგენიდან ორი წლის შემდეგ, 1806 წელს, 60 მოწაფისაგან შემდგარი კონტინგენტი უკვე აღარ აკმაყოფილებდა სასწავლებელში შესვლის მსურველთ და თბილისის მცხოვრებთა თხოვნით საქართველოს მთავარმართებელმა გუდოვიჩმა მიწერა საქართველოს მმართველს ლიტვინოვს გაედიდებინა კეთილშობილთა სასწავლებლის კონტინგენტი კიდევ 25 კაცით.

აღნიშნული სასწავლებლის ავტორიტეტს ქმნიდა უმთავრესად სასწავლებლის დირექტორი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ასრულებდა ამ თანამდებობას 1804 წლიდან 1811 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმი აეყვანა სათანადო სიმაღლეზე. კარგი ადმინისტრატორისა და მასწავლებლის სახელი ჰქონდა მას მოპოვებული. პეტრიაშვილმა, მართლაც, მშვენივრად ააწყო სასწავლებლის მუშაობა, გაზარდა მოწაფეთა კონტინგენტი, მოაწყო სტამბა სასწავლებელთან, შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, იოანე ქართველიშვილთან ერთად თYარგმნიდა რუსული ენიდან სახელმძღვანელოებს და ხელმძღვანელობდა მათ ბეჭდვას სასწვლებლის სტამბაში. 1806 წელს მთავარმართებელ პ. ციციანოვის შუამავლობით თხოვა მეფეს თავის თანამდებობიდან განთავისუფლება, ბერად აღკვეცის მიზნით. მაგრამ ალექსანდრე I, მიიღო რა ციციანოვისაგან საუცხოო დახასიათება პეტრიაშვილისა, როგორც დირექტორისა და მასწავლებლისა, არ გაათავისუფლა იგი. სამაგიეროდ, იმპერატორმა პეტრიაშვილი დააჯილდოვა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით და პირადად მის სახელზე მოცემულ რესკრიპტში წერდა: „მე მსურს და მესიამოვნება, რომ თქვენ განაგრძოთ თქვენი მუშაობა სასწავლებლის მმართველად, მასში მოსწავლეთა განათლებისათვის”. 1810 წელს პეტრიაშვილმა კვლავ აღძრა შუამდგომლობა მეფის წინაშე დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნა, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა მთავარმართებელმა ტორმასოვმა. უკანასკნელს განზრახვა ჰქონდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი სამხედრო სასწავლებლად გადაეკეთებინა და მის სათავეში სასულიერო პირის გაჩერება აღარ შეიძლებოდა. განთავისუფლებისას პეტრიაშვილმა მიიღო ფულადი ჯილდო 2000 მანეთის რაოდენობით.