‍დავით პარკაძე (1882-1951)

ავტორი: ე. იმერლიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

parkadze da132დავით დავითის ძე პარკაძე დაიბადა 1882 წელს სოფელ ქვემოჭალაში, გორის მაზრა (ამჟამად კასპის რაიონი). დავითის მშობლები ადრე გარდაეცვალა. ამიტომ იგი მიაბარეს თბილისის ქართული გიმნაზიის პანსიონში. აქ დავითი იზრდებოდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ხარჯზე.

დავით პარკაძემ ქართული გიმნაზია 1904 წელს დაამთავრა. იმ დროს ამ გიმნაზიას სიმწიფის მოწმობის გაცემის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ კურსმოსმენილნი იძულებული იყვნენ ექსტერნის წესით ჩაებარებინათ გამოცდები სახელმწიფო გიმნაზიაში. დავით პარკაძესთან ერთად კლასში 15 მოსწავლე ირიცხებოდა. ამათგან სიმწიფის ატესტატი მხოლოდ დავითმა მიიღო. ეს ფაქტი გაზეთ „ცნობის ფურცელშიც” არინიშნა. 1905 წელს დავითი ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1905 წელს დავით პარკაძე გაირიცხა ოდესის უნივერსიტეტიდან სტუდენტთა არალეგალური კრებების ორგანიზაციისა და დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. ოდესის პოლიციას გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დაპატიმრებაც, მაგრამ ორგანიზაციამ იგი გარკვეული დავალებით საქართველოში გამოაპარა. იმავე წლის აგვისტოში მეფის მთავრობისა და თავად-აზნაურთა საწინააღმდეგო აგიტაციისათვის დავით პარკაძე 5 წლით გადაასახლეს ტობოლსკის გუბერნიაში, საიდანაც დაბრუნდა 5 თვის შემდეგ, როგორც ავადმყოფი.

დავითი არ ცხრებოდა, 1906 წელს იგი ხელახლა დააპატიმრეს რევოლუციურ მუშაობაში მონაწილეობისათვის და გადაასახლეს ტამბოვის გურბერნიაში. მასთან ერთად გადაასახლეს 30 ქართველი გლეხი გორის მაზრიდან. დავითმა გადასახლებაში შEძლო ტამბოვის გუბერნატოის პირადად ნახვა და აიძულა იგი, გადასახლებულთა ერთ ნაწილზე გაევრცელებინათ ე. წ. „ვიტეს მანიფესტი”.

1906 წელს დავით პარკაძემ თავი აღიდგინა ოდესის უნივერსიტეტში, რომელიც 1910 წელს დაამთავრა.

სამშობლოში დაბრუნებულს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, დავითს სახელმწიფო გიმნაზიაში მუშაობის უფლება არ მისცეს, რის გამო იგი იძულებული იყო ერთი წელი ემუშავა მასწავლებლად სურამის კერძო პროგიმნაზიაში, ხოლო 1911 წლიდან მიიწვიეს იმ გიმნაზიაში, რომელშიც ადრე თვითონ სწავლობდა. აქ იგი ასწავლიდა მათემატიკას 1924 წლამდე.

1918 წლიდან 1926 წლამდე დავითი პარალელუად მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მასწავლებლად. 1919 წელს დავითის ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მასწავლებელთა კოოპერატივი. 1926 წლიდან 1941 წლამდე დავით პარკაძე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისი 23-ე საშუალო სკოლაში, რის შემდგ გადავიდა მე-15 საშუალო სოლაში. 1943-44 წლებში მუშაობდა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და მათემატიკის მასწავლებლად. 1944-1950 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ქალთა მე-5, ვაჟთა მე-7 და სხვა სკოლებში. 1947-49 წლებში დავითი შეთავსებით მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა მათემატიკის სწავლების მეთოდიკას და ელემენტარული მათემატიკის სპეციალურ კურსს 1950 წელს დავით პარკაძე დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების სამინისროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად. სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, პედაგოგიურ სადგურში, სასკკოლო მუშაობის მეთოდ-კაბინეტში და სხვ.

დავით პარკაძე არ იყო მხოლოდ მასწავლებელი, იგი ახალგაზრდობიდანვე საზოგადო საქმიანობაში ჩაბმული, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეც იყო. 1905-1906 წლებში გადასახლებაში მყოფი დავითი გადასახლებულ გლეხებს წერა-კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა, აწყობდა მათ სამუშაოზე და მათზე ზრუნავდა. 1910-16 წლებში უსასყიდლოდ ამეცადინებდა თბილისის მუშებს სახალხო უნივერსიტეტში. თბილისის ქართულ გიმნაზიაში იგი დამლაგებლებსა და დარაჯებს ასწავლიდა წერა-კითხვას, არითმეტიკასას და პოლიტიკურადაც ათვითცნობიერებდა.

1948 წელს დავითი არჩეულ იქნა მშობელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

1951 წლის 5 დეკემბერს დავით პარკაძე გარდაიცვალა.

დავით პარკაძე მეგობრებსა და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით, პტივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა, განსაკუთრებული სიყვარულით იგონებენ მას ყოფილი მოწაფეები, როგორც საგნის ბრწყინვალე მცოდნესა და ობიექტურ პიროვნებას.

დავით პარკაძის გაკვეთილები უაღრესად სრულყოფილი იყო. დებულებათა დასაბუთებაში, აც მეტად ხშირად გვხვდება მათემატიკის გაკვეთილებზე, ზედმეტს არც ერთ სიტყვას არ იტყოდა და არც არაფერს გამოტოვებდა. იგი ნამდვილი ხელოვანი პედაგოგი იყო.

უაღრესად სამარტლიანი იყო დავით პარკაძე. საოცარი ოლღოთი წონიდა როგორც მოსწავლეთა ცოდნასა და უნარს, ისე მათ შრომისადმი სიყვარულს, არაფერს დაუკარგავდა მოსწავლეს, თავის დროზე წაახალისებდა კიდეც, კარგად შეარჩევდა დროს რჩევა-დარიგების მისაცემად.

სკოლისა და მოსწავლეების გარეშე მას სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ერთხელ მან განაცხადა: „ზაფხულში მე დღეებს ვითვლი, თუ როდის მოვა 1 სექტემბერი, რომ ჩემი საყვარელი მოწაფეები ვნახო და მათთან მუშაობა დავიწყო”. ამ სიყვარულს ყველაზე მეტად მოწაფეები გრძნობდნენ, რის გამო მასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

თავისი მდიდარი პრაქტიკულ-პედაგოგიური გამოცდილება დავით პარკაძემ საფუძვლად დაუდო იმ სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ შრომებს, რომლებიც მის კალამს ეკუთვნის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია „არითმეტიკის ამოცანათა კრებული და სახელმძღვანელო”, ნაწილი I (1918), რომელიც შედგენილია დავით პარკაძისა და რ. ხუციშვილის მიერ. ამ სახელმძღვანელოს შედგენა და გამოცემა მით უფრო დასაფასებელია, რომ იგი არითმეტიკის ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა ქართულ ენაზე. მაშინ ქართულ ენაზე არ არსებობდა მათემატიკური ტერმინოლოგია და ეს აძნელებდა სახელმძღვანელოს შედგენას; მეორე მხრივ, ყოველი ახალი სახელმძღვანელო თვით შეუწყობდა ხელს მათემატიკური ტერმინოლოგიის შემუშავება-დადგენას. დავით პარკაძის არითმეტიკის სახელმძღვანელო, როგორც სათაურიც აღნიშნავს, წარმოადგენს როგორც არითმეტიკის თეორიულ სახელმძღვანელოს, ისე ამოცანათა სავარჯიშო კრებულს. აქ სრულადაა გადმოცემული არითმეტიკის სასკოლო კურსის საკითხები: ზეპირი და წერითი ნუმერაცია, საზომთა სისტემა, სახელდებული რიცხვები და რიცხვებზე მოქმედებათა წარმოება.

სახელმძღვანელო იმდენად საინტერესო და კარგია, რომ მას დღესაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია მათემატიკის მასწავლებლისათვის.

1934 წელს დავით პარკაძემ ა. ხარაბაძესთან ერთად შეადგინა „გეომეტრიის სახელმძღვანელო” (ნაწილი I), რომელიც წარმოადგენს პლანიმეტრიის სისტემატურ კურსს. აქ მოცემულია პლანიმეტრიის ყველა ის საკითხი, რომლებსაც საშუალო სკოლის პროგრამებში ვხვდებით, მაგრამ ამ სახელმძღვანელოს ღირსებას მხოლოდ ეს არ შეადგენს – საპროგრამო საკითხებს ვხვდებით პლანიმეტრიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. მისი ღირსება ისაა, რომ აქ ეს საკითხები მოცემულია სისტემატურად, დალაგებულია თანმიმდევრულად, ამასთან დებულებათა (თეორემათა) დამტკიცების გზები მნიშვნელოვნადაა გამარტივებული. მასწავლებელი კარგადაა ჩაქსოვილი ისტორიული ცნობები, ყოველი საკითხის გაშუქებისას მოცემულია მისი პრაქტიკული ღირებულება. გამოყენება, უმეტესად ამოცანის სახით, ნახაზის დართვით.

დავით პარკაძეს ეკუთვნის მრავალი მეთოდური ნაშრომი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით”, „წერითი სამუშაოს სახეები მათემატიკაში”, „მაჩვენებლიანი ლოგარითმული და უმაღლესი ხარისხის განტოლებანი”, „როგორ მოვამზადოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები მათემატიკაში”, „მეთოდური წერილები მათემატიკაში”.

სრულიადაც არაა შემთხვევითი, რომ დიდი გამოცდილების მქონე მასწავლებელმა დავით პარკაძემ მეთოდური სახელმძღვანელო მიუძღვნა „ამოცანების ამოხსნას განტოლების შედგენით” (1929), რომელიც ერთ-ერთი მტკივნეული ადგილია მათემატიკის სწავლებაში.

მათემატიკის სწავლებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერით სამუშაოთა შესრულებას. გამოცდილ მასწავლებელს და მეთოდისტს არც ეს საკითხი გამორჩენია. ავტორმა მოახდინა მათემატიკის სწავლებაში აუცილებელ წერით სამუშაოთა კლასიფიკაცია და განიხილა ცალ-ცალკე.

1941 წელს დავით პარკაძემ გამოაქვეყნა დამწყებ მასწავლებელთა დასახმარებლად მეთოდური ნარკვევი, „როგორ მოვემზადოთ და ჩავატაროთ გაკვეთილები მათემატიკაში”, რომელიც შესანიშნავ რჩევათა და მითითებათა კრებულია. ავტორი ყოველი გაკვეთილისათვის მზადების გზას იქით მიმართავს, რომ გაკვეთილი მაღალხარისხოვნად ჩაარდეს ისე, რომ მოსწავლეები „...არა მარტო აქტიური მსმენელები იყვნენ, არამედ აქტიური მონაწილენიც ყველა იმ დებულებათა დამტკიცებასა და დასკვნების გამოტანაში, რომლებიც კლასში მუშავდება მოსწავლის მოხდენილი სწორი და გარკვეული მიზნისაკენ წამყვანი კითხვების საშუალებით” (გვ. 18). ასეთი გაკვეთილისათვის კი გაცილებით მეტი მომზადებაა საჭირო.

დავით პარკაძემ ამავე წელს დაამუშავა და გამოსცა „მაჩვენებლიანი ლოგარითმული და უმაღლესი ხარისხის განტოლებანი”. როგორც თვითონ გადმოგვცემდა, მას გაუთვალისწინებია, „რომ მთელ რიგ სკოლებში ჯერ კიდევ არ არის სწორად წარმართული ზემოხსენებული საკითხების დამუშავება”, რისი ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ქართულ ენაზე ამ საკითხზე მეთოდური ნაშრომის უქონლობაც უნდა ყოფილიყო და ამ ხავეზის შევსება დაუსახავს მიზნად.

1950 წელს დაიბეჭდა დავით პარკაძის წიგნი „მეთოდური წერილები მათემატიკაში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლებისათვის”. მასწავლებელი გაშუქებულია მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის, გავლილი მასალის გამეორების საკითხები, დადებითი და უარყოფითი რიცხვების სწავლების მეთოდური დამუშავება და სხვ. ეს წიგნი რომ მეტად კარგ და საჭირო სახელმძღვანელოს წარმოადგენს, ამას ისიც მოწმობს, რომ საჭირო შეინა მისი მეორედ გამოცემა. ამ გამოცემას დაემატა მთელი რიგი ნაშრომები: გეომეტრიის სწავლების გაუმჯობესებისათვის, მოსწავლეთა ცოდნის აღრიცხვ-შეფასების საკითხი და სხვ. წიგნი მეორედ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა (1954).

სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დავით პარკაძე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, სსრ კავშირის მედლებითა და სამკერდი ნიშნით „სახალხო განათლების წარჩინებული”. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.