‍ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0137 paliრამდენი თბილი სიტყვა დაწერილა ზაქარია ფალიაშვილზე, რამდენი აღტაცებული მოგონება გამოქვეყნებულა ამ გენიოს ქართველ მუსიკოსზე, რომლის ძვირფასი შემოქმედება ყოველთვის დაატკბობს ჩვენს სულსა და გულს.

მკითხველი ზაქარია ფალიაშვილს იცნობს მისი უკვდავი ქმნილებებით, რომელთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს „აბესალომ და ეთერი” და „დაისი”.

მაგრამ განა ფართო საზოგადოებამ იცის, რომ დიდი შემოქმედების მანძილზე რიგით მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქალთა და ვაჟთა ქართულ გიმნაზიებში, სადაც ბავშვებს სიმღერა-გალობას ასწავლიდა და ასეთი საქმიანობა ესახელებოდა?

ლადო აღნიაშვილი, ფილიპე ქორიძე, ან. ყარაშვილი, ზ. ჩხიკვაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ალექსანდრე მრევლიშვილი, ია კარგარეთელი, ი. ნიკოლაძე და სხვანი, რომლებმაც ქართული კულტურის საგანძურში უძვირფასესი წვლილი შეიტანეს, დიდხანს ჩვენი საშუალო სკოლების მასწავლებლებად მუშაობნენ და ერთნი თუ ქართველ ახალგაზრდებს თვითმპყრობელობის დროს ასწავლიდნენ სიმღერას:

ქართველო, ხელი ხმალს იკარ, გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც მტერთან გულდაგულ ომია.
მამულის დახსნის არმდომი თავისათავის მგმობია.
ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს ომში სიკვდილი სჯობია.

მეორენი ფუნჯით ხელში კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის გმირული სახის დახატვით ჩვენს მოსწავლეებს სამშობლოს უღრმეს სიყვარულს უნერგავდნენ გულში.

ზაქარია ფალიაშვილი ერთ-ერთი უსპეტაკესი პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული ამაგი დასდო მდიდარი ქართული მუსიკის შესწავლას და მის შემდგომ განვითარებას. მისი მეოხებით ქართველ მოსწავლეებს არაერთი მშობლიური ჰანგი შუსწავლიათ, დავიწყებული აღუდგენიათ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კვლავ გაუვრცელებიათ.

ყველასათვის დაუვიწყარი იქნება და მუდამ მისაბაძად დარჩება ის ფაქტი, რომ ზაქარია ფალიაშვილი და ბევრი მისი თანამედროვე, რომელნიც ქართველი საზოგადოების მოწინავეთა რიგებში იდგნენ, სულით და გულით მუშაობდნენ ქართულ სკოლებში და ჩვენი ხალხის მომავლის, მისი იმედის – მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ.

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი დაიბადა ქუთაისში 1871 წლის 4 აგვისტოს.

პეტრე ფალიაშვილს და მის მეუღლეს მარიამ მესარქიშვილს სულ 18 ქალ-ვაჟი ჰყავდათ. ამათგან შვიდი ბავშვობაშივე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენთაგან ბევრმა საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობით თავი ისახელა და სამშობლოს შეძლებისდაგვარად სარგებლობა მოუტანა.

ბავშვებს, თითქმის ყველას, დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ და გატაცებულნი იყვნენ როგორც საერო, ისე საეკლესიო გალობა-სიმღერების შესწავლით.

თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1919 წელს გამოვეყნდა, ზაქარია ფალიაშვილი წერდა: „იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ უკრავდნენ და არც რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი მოგვეპოვებოდა სახლში. პატარაობიდანვე მთელ ჩვენ მრავალრიცხოვან ოჯახში და-ძმებს ბუნებითად მუსიკალური ნიჭი დაგვყვა. ეს ჩემი აზრით, იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ როგორც კათოლიკენი, ხშირად მოსიარულენი ეკლესიაში, სადაც საეკლესიო ორღანის ნაზი ხმები სმენას ატკბობს და ავითარებს, ჩვნც, და მომეტებულად კი მე და ჩემი უფროსი ძმა ივანე, რომელმაც პირველმა თავის უმცროს და-ძმებს ჩაგვინერგა სიყვარული მუსიკისადმი, ერთთავად ეკლესიაში ვიმყოფებოდით და ნელ-ნელაობით, შეუმჩნევლად ჩვენი მუსიკალური სმენაც ვითარდებოდა”.

ამის შესახებ მართებულად შენიშნავს შალვა კაშმაძე, რომ „ეს მოსაზრება იქნებ მართლაც სამართლიანად ჩაითვალოს. ეს იქნებ პირველი ბიძგი და პირველი კვირტის ჩასახვა იყო. დღეს კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკვდავი ქართველი კომპოზიტორის შესანიშნავი ნიჭის შემდგომი ზრდა და აყვავება ქართული ხალხური მუსიკის დიადი გზით წარიმართა”. 1887 წელს ივანე და ზაქარია ფალიაშვილები თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. რამდენიმე ხანს ივანე ფალიაშვილი კათოლიკეთა ეკლესიაში ორღანოზე უკრავდა, ხოლო მისი უმცროსი ძმა ზაქარია მგალობლად ითვლებოდა. მალე ძმები ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ლადო აღნიაშვილის გუნდში მიიღეს და მხურვალედ მონაწილეობდნნე გუნდის მიერ გამართულ კონცერტებში.

1889 წლიდან ივანე ფალიაშვილმა დირიჟორობას მიჰყო ხელი, ხოლო ზაქარია ისევ ორღანისტობდა და იმდენად მოემზადა, რომ 1895 წელს ჩაირიცხა თბილისის მუსიკალურ სასწვლებელში, რომელიც დიდი წარჩინებით დაასრულა 1899 წელს.

თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის დროს ზაქარია ფალიაშვილმა ჩამოაყალიბა გუნდი, მონდომებით გაწრთვნა ის და დროდადრო კონცერტებს მართავდა. აღსანიშნავია, რომ ზაქარია ფალიაშვილი ამ დროიდან უკვე გატაცებულია ხალხური სიმღერების შესწავლის სურვილით, თანც უანგარო მონაწილეობას ღებულობს მთელ რიგ საველმოქმედო საღამოებში, რომლებიც ჩვენი მოწინავე საზოგადოების მიერ ეწყობოდა სხვადასხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

ერთ-ერთი ასეთი საღამოს შესახებ ჟურნალი „კვალი” წერდა:

„წარსულ შაბათს, 10 თებერვალს, ზ. პ. ფალიაშვილმა გამართა კონცერტი თბილისის საკრებულოში, რომელმაც დიდძალ საზოგადოებას მოუყარა თავი უშველებელ დარბაზში. ასეთი თანაგრძნობის მიზეზად ჩვენ პირველდ ის გარემოება მიგვაჩნია, რომ ბ-ნ ფალიაშვილის ხორომ საქვეყნოდ გამოსვლისთანავე, ცოდნასთან ერთად მეტი გულკეთილობა, უანგარობა გამოიჩინა: უსასყიდლოდ მიიღო მონაწილეობა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ გამართულ კონცერტში, საიუბილეო წარმოდგენის დღეს თეატრში იმღერა, მიიღო მონაწილეობა განჯაში გამართულ ქართულ საახლხო კონერტში და სხვ.”

ზაქარია ფალიაშვილს დიდი სურვილი ჰქონდა უმაღლესი მუსიკალური განათლება იეღო და შემდეგ უფრო მეტი სარგებლობა მოეტანა თავისი სამშობლოსათვის. მაგრამ ოჯახის ხელმოკლეობის გამო ამ მიზანს ვერ განახორციელებდა, რომ მისთვის თბილისის თავად-აზნაურთა საკრებულოს მითითებით, „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას” სტიპენდია არ დაენიშნა.

1900 წელს ზაქარია ფალიაშვილი მოსკოვს გაემგზავრა და შევიდა კონსერვაროტიაში. აქ იგი სწავლობდა ცნობილი რუსი კომპოზიტორის სერგეი ივანეს ძე ტანეევის (1856-1915) კლასში. კონსერვატორიაში სწავლის დროს ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ნიჭით და გასაოცარი შრომისმოყვარეობით ყველა გააოცა. განსაკუთრებით მოხიბლული იყო თვით მისი მასწავლებელი სერგეი ტანეევი, რომელთანაც ზაქარია ფალიაშვილს გულთბილი, მეგობრული განწყობილება აკავშირებდა.

მოსკოვში სწავლის წლები მისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. არც გასაკვირველია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ზაქარია ფალიაშვილი არც ერთ წუთს ტყუილ-უბრალოდ არ კარგავდა.

ცნობილმა მსახიობმა და შესანიშნავმა მასწავლებელმა მიხეილ ქორელმა (ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას თბილსის ქართულ გიმნაზიაში 1904 წლიდან 1910 წლამდე) საინტერესო მოგონება გამოაქვეყნა ამ წლებში ზაქარია ფალიაშვილთან შეხვედრის შესახებ.

თავმდაბალი, მორიდებული, მშობლიური მუსიკის შესწავლით გატაცებული, ფუქსავატური ცოვრეიბს მოძულე, – აი, როგორი სახით დაგვიხატა მიხეილ ქორელმა ზაქარია ფალიაშვილი. ამავე დროს ის სამშობლოსა და ქართველი საზოგადოების წრამატებებით მხურვალდ დაინერესებულია და ჩვენს ეროვნულ სამიანობაში მონაწილეობის მიღება სვალდებულოდ მიაჩნია ყოველი ქართველისათვის.

ზაქარია ფალიაშვილი მოსკოვში უდიდესი გატაცებით სწავლობდა მუსიკას. ერთ-ერთ წერილში იგი ნიკო ცხვედაძეს წერდა: „ჩემი სწავლის საქმე ჯერ ღვტითა და მერმე თქვენით რომ არ დავიადო, კარგად მიდის, რომლის დასამტკიცებლად შემიძლიან წარმოვადგინო ჩეი „ბალები”, თუ გსურთ, თუმცა ჯაფა დიდი არის, მაგრამ რა ვქმნა, მეტი გზა არ არის, უჯაფოდ არა გამოვა რა. წარმოიდგინეთ, რომ ვერ მომისწრია ქართველ სტუდენტებთან მივიდე და როგორც ამხანაგები ვნახო, იმდენათ მოცლა არა მაქვს”.

1903 წელს ზაქარია ფალიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია და საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს ის დაინიშნა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სპეციალური საგნების მასწავლებლად, ხოლო თბილისის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიებში მას ბავშვებისათვის სიმღერა-მუსიკის სწავლება მიანდეს.

თბილისის ვაჟთა (სათავადაზნაურო) გიმნაზიაში ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა სრული 15 წელიწადი – 1903 წლიდან 1918 წლამდე.

ცნობილი ქართველი პედაგოგი სეით იაშვილის ცნობით, ზაქარია ფალიაშვილი არა მარტო ნიჭიერი მუსიკოსი იყო, არამედ შესანიშნავი პედაგოგიც, რომელსაც მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის დიდი სიყვარული ჰქონდა მოპოვებული.

შალვა კაშმაძის სიტყვით, „ზაქარია ფალიაშვილის უნარისა და ენერგიის წყალობით ბავშვების მუსიკალური აღზრდის საქმე სათავადაზნაურო გიმნაზიაში მაღალ დონეზე დადგა. ჩამოყალიბდა მომღერალ-მგალობელთა მშვენიერი გუნდი 40-50 მოწაფის მონაწილეობით, აგრეთვე მოწაფეთა სიმებიანი ორკესტრიც. ვიოლინოს დაკვრას ასწავლიდა ა. ყარაშვილი, ჩელოს – ე. კაპელნიცკი, სიმღერა-გალობას ზაქარია ფალიაშვილის გარდა ასწავლიდა აგრეთვე ზაქარია ჩხიკვაძეც. გიმნაზიაში იმართებოდა მოწაფეთა კონცერტები, რომლებსაც დიდძალი საზოგადოება ესწრებოდა. სასულიერო საგალობელთა გარდა, ზაქარია ბავშვებს ასწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და მათ შორის, ისეთ საინტერესო ნიმუშებსაც კი, როგორიც არის მაგალითად,&ნბსპ; „ალიფაშა”.

ამ ხანებში ზაქარია ფალიაშვილი ძლიერ დატვირთული იყო პედაგოგიური მუშაობით. სახელოვანი მუსიკოსი „აბესალომ და ეთერის” შექმნასთან დაკავშირებით წერდა: „საზოგადოებამ სრულიადაც არ იცოდა ის არანორმალური პირობები, რომელშიც მე მომიხდა ამ ვრცელი ოპერის წერა. მართალია, „აბესალომ და ეთერი„ მე ვწეე ექვსი წელიწადი (ოპერაზე მუშაობა დაიწყო 1912 წელს – მ. კ.), მხოლოდ ზაფხულის თვეებში, რადგანაც მე როგორც პედაგოგს, რომელსაც ცხრა აკადემიური თვის განმავლობაში ყოველკვირეულად 4045 გაკვეთილამდე მაქვს, ძალა არ შემწევდა სისტემატურად მთელი წელიწადი მემუშავა და დროზედ დამესრულებინა ეს ოპერა”.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილი პედაგოგიურ მუშაობასა და მუსიკალურ შემოქმედებასთან ერთად, დაინტერსებული იყო ქართული ხალხური სიმღერების შესწავლით.

1903 წლის ზაფხულში ზაქარია ფალიაშვილმა პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან ერთად იმოგზაურა სვანეთში და მთელი რიგი სიმღერები ჩაიწერა. ეს მოგზაურობა მოეწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილმა სვანეთში შეძენილი ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები ქ. შ. წ.-კ. საზოგადოების მუზეუმს გადასცა უსასყიდლოდ.

1908 წელს ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით იმოგზაურა აგრეთვე კახეთში და ამის შესახებ საინტერესო წერილები გამოაქვეყნა 1908 წლის გაზეთ „ისრის” ნომრებში. ამავე დროს ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოსწავლეების მომღერალთა გუნდი მას ხშირად გამოჰყავდა კონცერტებზე და ქართული საზოგადოების აღტაცებას იწვევდა. ფალიაშვილი გარდაიცვალა 1933 წელს.