‍მარიამ ორბელიანი (1852-1941)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

0136 orbeმარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანისა ერთადერთი ასული იყო გამოჩენილი ქართველი პოეტის ვახტანგ ვახტანგის ძე ჯამბაკურიან-ორბელიანისა, რომლის დიდი ოჯახი თბილისში თავის დროზე განთქმული იყო თავისი კულტურით. ვახტანგის ოჯახი 40-50-იან წლებში წარმოადგენდა აგრეთვე შესანიშნავ სალონს, სადაც ხშირად იყრიდა თავს იმ პერიოდის მოწინავე ქართველი ახალგაზრდობა იმ დროისათვის საჭირო და აქტუალური საკითხების გასარჩევად და გადასაწყვეტად. მათი შეყრისა და მსჯელობის უმთავრესი საგანი, ცხადია, ქართული ლიტერატურა იყო.

ამგვარს კულტურულ და პატრიოტულ ოჯახში დაიბადა 1852 წლის 11 ივლისს (ძვ. სტ.) მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა. 4 წლის ასაკამდე პატარა მარიამი მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა. მაგრამ როცა ის უფროს ძმას ნიკოლოზს ფრანგი ქალი მოუყვანეს მასწავლებლად, სწავლბაში მარიამიც ჩაბმულა და 7 წლის რომ ყოფილა, თავისუფლად კითხულობდა თურმე ფრანგულ საბავშვო წიგნებს. 9 წლის მარიამი დედამ და ძმამ ევროპაში წაიყვანეს. მათთან ერთად მოგზაურობდნენ ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (1827-1882), მეფე ერეკლე II შვილიშვილი, რომელიც ამავე დროს ვახტანგ ორბელიანის ბიძაშვილი იყო დედით (ვახტანგის დედა თეკლე ერეკლეს უკანასკნელი ალი იყო), ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე და სხვა ქართველები, რომელნიც იმ ხანებში იტალიაში მომხდარი დიდი ამბებით იყვნენ დაინტერესებულნი. ერთ-ერთ სადგურზე ირაკლი ბატონიშვილს წაუქეზებია პატარა მაშო მატარებლის ფანჯრიდან დაეძახა ჯუზეპე გარიბალდის იტალილ ჯარებისათვის „გაუმარჯოს თავისუფალ იტალიასო”, რასაც ჯარისკაცთა ძლიერი ვაშა და აღფრთოვანებული შეძახილები გამოუწვევია. „პირველად მაშინ გაიღვიძა ჩემში პატრიოტულმა გრძნობამ დიდი სიძლიერით”, – წერს იგი თავის მოგონებებში.

სხვადასხვა საგნის მასწავლებლების და გუვერნიორთაგან მომზადებული, უკვე ქართულ, რუსულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს დაუფლებული 16 წლის მარიამი სიმწიფის ატესტატის მისაღებად თბილისის ქალთა კურსებზე მოეწყო. აქ მოღვაწეობდნენ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლები, რომელთაგან მარიამი დიდი სიყვარულით იგონებს ცნობილ ქართველ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს ნიკოლოზ ღოღობერიძეს, მასწავლებელ ივანიძეს და სხვ. 1870 წელს მარიამმა აღნიშნული კურსები დაასრულა და უმაღლესი განათლებისათვის მზადებას შეუდგა.

1872 წელს დაღესტანში მოგზაურობისას მარიამი დაუახლოვდა მაშინ ქ. პეტროვსკში მყოფ სამხედრო პირს ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანს, რომელსაც მისთხოვდა კიდეც და, ამგვარად, 20 წლის ასაკიდან ის ოჯახურ უღელში შეება. ცოლ-ქმარი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ლამისყანაში. აქ მარიამმა ლამისყანელ გლეხთა ბავშვებისათვის მოაწყო დაწყებითი სკოლა, რომლის მასწავლებლობაც თვითონ იკისრა. მარიამის სკოლა იყო ნამდვილი მშობლიური სკოლა, სადაც ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ისწავლებოდა. ამ სკოლის გახსნისათვის მარიამს არავინ შეუწუხებია, არც გლეხობა და არც უმაღლესი მთავრობა, მისი დაარსების ნებართვა არავისათვის უთხოვია და არც მისი სასწავლო გეგმა და პროგრამა იყო ოფიციალურად ვინმესთან შეთანხმებული, რამაც ხელისუფლების ვალში ერთგვარი უნდობლობა გამოიწვია.

სახალხო სკოლების ერთ-ერთი ინსპექტორი გაცნობია მარიამის მუშაობას და სადილის შემდეგ, წასვლის ხანს ენთუზიასტი მასწავლებლისათვის სერიოზულად უთქვამს: „ადვილი შესაძლებელია, დიდი უსიამოვნება მიაყენოთ თქვენ თავს, თუ უნებართვოდ განაგრძობთ ბავშვების სწავლებას”. ამ გაფრთხილებასა და მუქარას მარიამი ოდნავადაც არ შეუშინებია. მას ენერგიულად, სიყვარულითა და დიდი ხალისით განუგრძია დაწყებული საქმე. სანამ სოფელში იყო, მას თავის ამ სკოლისათვის ზრუნვა არ მოუკლია. უფრო მეტიც. ის ყოველ საახალწლოდ სოფლის ბავშვებს ნაძვის ხეს უწყობდა, რომელიც&ნბსპ; მანამდე არასოდეს ენახათ მათ. მთელი კვირის განმავლობაში მის სახლში იყო ბავშვების განუწყვეტელი ჟრიამული, სიმღერა, ცეკვა, მხიარულება და ტრიალი მრავალფერად გაღაჟღაჟებული ნაძვის ხის გარშემო.

მარიამ ორბელიანისა, როგორც ასული გავლენიანი პირისა და მეუღლე მეფისნაცვლის ადიუტანტისა, თავადაც გავლენიანი ქართველი ქალი, დიდი მფარველი იყო ლამისყანელებისა ყოველმხრივ. იყო შემთხვევა, როცა ლამისყანელებს რაღაც უმნიშვნელო დანაშაულისათვის ყაზახების მთელი რაზმი ჩაუყენეს. ერთ დღეს, როცა მამაკაცები ყანაში იყვნენ სამუშაოდ გასულნი, ყაზახები ქალებს დარევიან და სოფელში ერთი წიოკობა შექმნილა. მაშინვე პატარა გოგო გაუფრენიათ მარიამ ორბლიანთან, რომელიც&ნბსპ; აღეშფოთებია ამგვარ თავხედობას და მაშინვე ინციდენტის ადგილზე გაჩენილა. შეხვედრია თუ არა პირისპირ მათ ოფიცერს, სასტიკი გულისწყრომა გამოუთქვამს და განუცხადებია მისთვის: გავიგე, ჯარისკაცებს სოფლის დედაკაცები დაუჭერიათ და ფეხით გორში მიჰყავთ. გიცხადებთ, რომ მეც იმათ გავყვები, თუ ახლავე ბრძანება არ გაეცით გაანთავისუფლონ დაჭერილი ალები, და იცოდეთ ისიც, ამ ძალმომრეობისათვის აპსუხს მოვათხოვნინებ თქვენთვის...” ოფიცერს ბოდიში მოუთხოვია, თავის მართლებას მოჰყოლია და ბრძანებაც გაუცია, დაებრუნებინათ ეს ქალები. ამასობაში დაბრუნებული და შეშინებული ქალებიც თავის მხსნელს შემოხვევიან და დიდი მადლობა გადაუხდიათ.

მარიამ ორბელიანმა დიდი შრომა გასწია სოფელ ლამისყანის კეთილმოწყობისათვის. მისი თაოსნობით სოფელში დაარსდა ფოსტა, გამოყვანილ იქნა წყალი და ა. შ. ასეთსავე ზრუნვას იჩენდა მარიამი სოფელ ატენის მიმართაც.

1879 წელს თბილისში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” დაარსდა. მარიამ ორბელიანი მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი ხდება. იმავე 1879 წელს სეს საზოგადოება თბილისში ხსნის ქართულ სკოლას, რომელთანაც ყალიბდება სკოლის დამხმარე კომიტეტი. ამ კომიტეტის გამგეობაში არჩეულ იქნენ კ. ი. ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი (თავმჯდომარე), მარიამ ორბელიანი (თავმჯდომარის ამხანაგი), მიხეილ ყიფიანი, ილია წინამძღვრიშვილი, პავლე ყიფიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე და რაფიელ ყაზბეგი. სკოლის ინსპექტორად არჩეულ იქნა ექვთიმე თაყაიშვილი. როგორც ამ კომიტეტის მუშაობის მასალებიდან ჩანს, მისი წევრები და თავმჯდომარეები ხშირად იცვლებოდნენ, ყოველი არჩევნების დროს ხდებოდა რამდენიმე წევრის ან თვით თავმჯდომარის შეცვლა, რაც მარიამ ორბელიანს არასოდეს შეხებია. 35 წლის განმავლობაში ის იყო ამ კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარის მოადგილე, ფაქტიური თავმჯდომარე და ნამდვილი ხელმძღვანელი.

როგორც თვით მარიამ ორბელიანი აღნიშნავს, სკოლაში ისეთი მოსწავლეებიც სწავლობდნენ, რომელთაც პურიც კი არ ჰქონდათ საკმარისად. მარიამი კომიეტის რომელიმე წევრის თანხლებით დადიოდა მოსწავლეთა ოჯახებში, სწავლობდა მათი ცხოვრების პირობებს, შველოდა მათ სასწავლო ნივთებისა და ტანისამოსის შეძენაში. მისივე ინიციატივით 1888 წელს ამ სკოლის მოსწავლეებისათვის გაიხსნა უფასო სასადილო, სადაც თვით კომიტეტის წევრები მორიგეობდნენ ყოველ სადილის დროს და აწესრიგებდნენ მოსწავლეების სადილის მიღებას. სასადილოსათვის საჭირო თანხებს მარიამი აგროვებდა სხვადასხვა წყაროებისა და შემოწირულების სახით. ხშირად აწყობდა ლატარია-ალეგროებს და შემოსული თანხებით სკოლის სასადილოს ამარაგებდა.

1886 წლიდან მარიამ ორბელიანი არჩეულ იქნა აგრეთვე იმავე წელს ჩამოყალიბებულ „მასწავლებელ ქალთა საზოგადოების” გამგეობის წევრად. ამ მოვალეობას იგი 33 წლის განმავლობაში ასრულებდა მაღალი პასუხისმგებლობით. საზოგადოება მიზნად ისახავდა მასწავლებელ ქალთა მატერიალურ და იდეურ დახმარებას, პედაგოგიურ სარბიელზე ქალის შრომის გამოყენებას, ქალის უფლების დაცვასა და სხვ. ამ საზოგადოების თავმჯდომარე იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალი „ჯეჯილის” დამაარსებელი და მისი მუდმივი რედაქტორ-გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. მარიამ ორბელიანთან ერთად ანასტასია წერეთლის მუდმივი ხელმძღვანელობით „მასწავლებელ ქალთა საზოგადოებამ” და მისმა სკოლამ თვალსაჩინო როლი შეასრულა სახალხო განათლების გავრცელების საქმეში.

ილია ჭავჭავაძე, რომელიც ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა-დედათა აღზრდის საქმეს, 1886 წელს წერდა: „პირველი მაგალითია, რომ ქალებს თავისი საქმე დაუწყიათ... თავისი საკუთარი მხნეობა, საკუთარი თაოსნობა და საკუთარი თვითმოქმედება ფარ-ხმლად აუღიათ, რომ თავისი საკუთარის ძალ-ღონით წინ აღუდგნენ ქალთა დამჩაგრავს გარემოებასა და ბედი, შეძლებისამებრ, თავისკენ მოატრიალონ. ამ თვითმოქმედებაშია მთელი სიმძიმე ამ თავმოსაწონი და პატიოსანი საქმისა, ამასთანავე მთელი სახელოვნებაც, და ამაზედვეა დამყარებული იმედი გამარჯვებისა...”

მარიამ ორბელიანი 1887 წლიდან იყო აგრეთვე წევრი სამუსიკო სკოლის კომიტეტისა. ამ სკოლის დირექტორად მაშინ მუშაობდა ცნობილი მუსიკოსი იპოლიტოვ-ივანოვი. ამ ორმა ადამიანმა ფეხზე დააყენა, გააძლიერა და განამტკიცა ეს სასწავლებელი, რომელიც ნამდვილი წინამორბედი იყო და ურყევი საფუძველი შექმნა ქართული მუსიკალური განათლების შემდგომი განათლებისა.

იმ მუშაობას, რასაც მოწინავე ქართველი ქალები ეწეოდნენ ქალთა განათლებისათვის, მარიამ ორბელიანთან ერთად მაღალ შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილი 1884 წლის გაზეთ „დროებაში” (№189) გამოქვეყნებულ მის სპეციალურ წერილში ქალთა განათლების აუცილებლობის შესახებ მშობლიურ ენაზე. იაკობ გოგებაშვილის აზრით, „ნასწავლი და ნიჭიერი ქალი, დაიარაღებული ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნით, ადვილად გაიკვლევს გზასა, ადვილად დაადგება პატიოსანს და სასარგებლო შრომას, ადვილად იპოვის დამოუკიდებელ სახსარს ცხოვრებისათვის, გადაიქცევა საზოგადოებრივ რაოდენობად და პირნათლად შეასრულებს ადამიანის დანიშნულებას”.

ზედმეტი არ იქნება აქვე მოვიყვანოთ ერთი ცნობა „შეუძლებელ მოსწავლეთა კომიტეტის” 1888 წლის ანგარიშიდან, რომელიც მარიამ ორბელიანის ღვაწლს ერთგვარ დახასიათებას აძლევდა. ანგარიშში აღნიშნულია, თუ როგორ მოქმედებდა მარიამ ორბელიანის თავმჯდომარეობით ის ქალთა კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ: ოლღა ჭავჭავაძისა, ეკატერინე ერისთავისა, ელენე ჟურავსკისა, ეკატერინე გაბაშვილისა, ანასტასია თუმანიშვილის ასული და ეფროსინე ჭიჭინაძისა. „ეს განყოფილება იღვწის, – აღნიშნულია ანგარიშში, – როგორც განყოფილება ჩვენი კომიტეტისა და მრავალი თანაგრძნობიც აღმოიჩინა, რომელთაც კომიტეტის დახმარება იკისრეს. ამჟამად ქალთა ამ კომიტეტს მოგროვილი აქვს 600 მანეთი” და სხვ., რის შემდეგ იქვე წარმოდგენილია მთელი ანგარიშწარმოება 1888 და 1889 წლებისა. გაზეთი „ივერიის” იმავე წლის ფურცლებზე ქართული სკოლის გამგე-კომიტეტი მადლობას უცხადებს მარიამ ორბელიანს იმ საღამო-ბალის გამართვის გამო, რომლის შემოსავალი მთლიანად სასწავლებლის კომიტეტს გადაეცა ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ (№44).

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” თბილისის გუბერნიის „ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება”, ქართული სკოლის „სამზრუნველო კომიტეტი”, „მასწავლებელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოება”, ქართული წიგნის საგამომცემლო „ამხანაგობ”, „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება” და კიდევ ვინ მოთვლის, თუ სად და სად იყო მარიამ ორბელიანი ჩაბმული ზოგან როგორც წევრი, ზოგან როგორც მფარველი, დამფუძნებელი, თავმჯდომარის ამხანაგი ან თვით თავმჯდომარე.

მარიამის ამგვარი მოღვაწეობით სულიერად კმაყოფილი მისი სახელოვანი მამა კიდევ უფრო ახალისებდა თავის საყვარელ და ერთადერთ ქალს. მას ეს თავისი განწყობილება გამოთქმული აქვს მარიამისადმი მიძღვნილ ღრმად ლირიულ ლექსებში, რომელთაგან ზოგი ჯერაც გამოუქვეყნებელია. თავისი სიცოცხლის მიწურულს იგი „სოფლისაგან გულით დაწყლულებული” ასე მიმართავს მარიამს:

„სხვასა არას ველი, არავის ვსწყევლი,
თუმცა ამ სოფელს არცა რას ვლოცავ,
მაგრამ კი შენთვის და სამშობლოსთვის
იმ დიდ კარს წინა ცრემლით ვილოცავ”.

მამის ეს განწყობილება და ანდერძი მარიამს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში შერჩა, მან საყვარელი მამისაგან იცოდა, რომ ყველაზე უჭკნობი ძეგლი ხელთუქმნელი ძეგლია, რომლის მოპოვება მხოლოდ ხალხის სამსახურით შეიძლებოდა. მხოლოდ ამგვარი სამსახურით მოპოვებული ძეგლი:

არს შენი ძეგლი მკვიდრი, მდიდარი,
მას ვერ შემუსრვენ დრო და ავდარი,
და იგი ძეგლი სჯობია ძეგლთა,
მარმარილოთ და თითბრით ნაგებთა.

1890 წელს მამის სიკვდილის შემდეგ მარიამმა ნათესავებთან ერთად სააზღვარგარეთ იმოგზაურა. დაბრუნების შემდეგ კი მეტი მონდომებით ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1891 წლის 14 ოქტომბერს ცნობილი საზოგადო მოღვაწე პეტრე უმიკაშვილი წერდა მერალ იონა მეუნარგიას: „იონა, მშვენიერია მარია, ვახტანგ ორბელიანის ქალი, ამ დღეებში დაბრუნდა საზღვარგარეთიდან და აპირებს მამის ლექსების დაბეჭდვას. წუხელის გამოცემის თაობაზე მასთან ვიყავით გოგებაშვილი, თაყაიშვილი და მე. დაიბეჭდება სურათით, ბიოგრაფიით და წინასიტყვაობით. ეს წინასიტყვაობა და ბიოგრაფია შენ მოგანდეს. ამისათვის მასალები უნდა შევკრიფოთ და გამოგიგზავნოთ”. ეს საქმე მარიამ ორბელიანის საფასით და თაოსნობით შესრულდა კიდეც. 1894 წელს გამოიცა ვახტანგ ორბელიანის ლექსების სრული კრებული, რომელიც დღემდე საუკეთესო გამოცემად ითვლება.

1906 წელს, როცა თვითმპყრობელობის დამსჯელი რაზმები გენერალ ალიხანოვის სარდლობით გასანადგურებლად შეესია დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი გურიას, და ცეცხლს მისცა მთელი ეს მხარე, მარიამ ორბელიანმა შეადგინა ქართველ ქალთა სპეციალური წრე, რომელმაც საპროტესტო წერილი გაგზავნა საზღვარგარეთ. მარტო ამ პროტესტებით როდი დაკმაყოფილდა მარიამ ორბელიანი და მისი წრე. მან შეადგინა რეაციის ცეცხლით დაზარებულთა დამხმარე კომიტეტი, რომლის მთავარი მონაწილენი იყვნენ თვით მარიამ ორბელიანი, დავით ჭავჭავაძის ასული თამარ ბაგრატიონი და ჩვენი დამსახურებული მწერალი ქალი ნინო ნაკაშიძისა, ქალთა ეს კომიტეტი ენერგიულად შეუდგა მუშაობას. შემოწირულების სახით აგროვებდნენ საგძნობ თანხებს და უგზავნიდნენ ცეცხლით დაზარალებულ რევოლუციონერთა ოჯახებს. ამგვარი მუშაობისათვის ნინო ნაკაშიძე დაპატიმრებულ იქნა კიდეც, მაგრამ კომიტეტი არ შეშინებულა და თავის საქმიანობას ბოლომდე განაგრძობდა.

მარიამ ორბელიანს შესამჩნევი ნივთიერი და მორალური დახმარება აქვს გაწეული საბავშვო ჟურნალების „ჯეჯილისა” და „ნაკადულის”, აგრეთვე 1908 წელს ჩამოყალიბებული ქალთა საზოგადოების „განათლების” ფონდის გაძლიერებისათვის.

1908 წელს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ წიგნსაცავ-მუზეუმისათვის მარიამ ორბელიანს, გადა ფულადი სახსრებისა და წიგნადი ფონდისა, შეუწირავს შემდეგი ნივთებიც: 1. ვერცხლით მოჭედილი კეხი, 2. ოქროთ დაფერილი ხატი ისტორიული მნიშვნელობისა, 3. ვერცხლის რახტი, 4 ოქრომკედით ნაკერი ქალის პირსაბური, 5. ვერცხლის ჯიღა ქალისა, 6. ოქრომკედით ნაკერი სარტყელი, 7. სამზეური, 8. ხელოვნური ნაწნავები, 9. სამღვდელო ფილონი, სტიქარი, ქამარი, ოლარი და სხვა. ყველა მარგალიტებით შემკული.

მარიამ ორბელიანის დაბადების 50 წლისთავზე ვალერიან გუნიას საქართველოს კალენდარი აღნიშნავდა, თუ როგორ თანდათანობით მოიკიდა ფეხი სწავლა-განათლებამ ჩვენში ისეთი მოამაგეების უანგარო მოღვაწეობით, როგორიც პატივცემული მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურიან-ორბელიანი იყო. მარიამ ორბელიანი, – აღნიშნლუია დასახელებულ გამოცემაში, –&ნბსპ; სათავეში უდგას ისეთ დიდ საქმეს, როგორიცაა ქართველ ქალთა სკოლა, „რომელიც ისთივე ხასიათისა და მიმართულების იქნება, როგორიც სხვა ქართული სკოლები. ქალთა სკოლის გამგე-კომიტეტი, რომლის სულის ჩამდგმელი და თავმჯდომარედ მარიამ ვახტანგის ასულია, მხნედ მუშაობს საჭირო სახსრების შესაქმნელად, რომ ხუთიოდე წლის შემდეგ თბილისში დაიწყოს თავისი ნაყოფიერი მოქმედება ხსენებულმა სკოლამ”.

ამ ინფორმაციის ავტოი, აცნობდა რა საზოგადოებას მარიამ ორბელიანის ცხოვრებასა და მისი ღვაწლის მნიშვნელობას ქართველი ხალხისათვის, დასძენდა, რომ იგი „ჯერ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ადამიანია, რაც სრულ იმედს გვაძლევს საკეთილოდ დაამთავრებს ამ საშვილიშვილო საქმეს და მით ხელთუქმნელ ძეგლს დაიდგამს მადლიერ ქართველთა სულსა და გულში”.

ამ „საშვილიშვილო საქმის ერთგვარი დაგვირგვინება იყო 1919 წელს „სახალხო გაზეთსა” და ჟურნალ „კლდეში” (№22) გამოქვეყნებული საინსტრუქციო წერილი მარიამ ორბელიანისა, რომელიც ქართული გიმნაზიის გამგე-კოტეტს წარედგინა განსახილველად და დასამტკიცებლად.

აღნიშნულ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართველ ქალს მშვენივრად შეუძლია ხელი მოჰკიდოს მეურნეობას, როგორიც არის მებოსტნეობა, მეხილეობა, აბრეშუმის მოყვანა, ფუტკრის მოვლა, მეფრინველეობა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები, რითაც დიდი სარგებლობას მოუტანდა ის ოჯახსა და საზოგადოებას. ჩვენში უყურადღებოდ მიტოვებულია შინაური აღზრდა. დედებს ამ მომენტის მნიშვნელობა სრულიად არ ესმით ან არ სცალიათ ამისათვის, რის გამოც ჩვენს ახალგაზრდობას სათანადო აღზრდა არა აქვს. ამიტომ, აღნიშნულია წერილში, ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ვითარება ითხოვს მომზადებულ დედებს, რომელნიც პატრიოტულ და ყველა კეთილ გრძნობებს განუვითარებენ მომავალ თაობას... და რადგან დედაკაცის გავლენა დიდია ყოველ აღსაზრდელზე, თვით დედაკაცი უნდა იყოს აღზრდილი, მომზადებული და ეესმოდეს მას საზოგადო საკითხები, შეეძლოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის შეგნებული ანგარიშის გაწევა ამგვარ საკითხებში ჩაორჩენილ დედაკაცს არ შეუძლია იყოს გონიერი დედა და მეუღლის ნამდვილი მეგობარი.

ქალმა უნდა იცოდეს საბავშვო და საოჯახო ჰიგიენა. ამიტომ ჩვენი ქალები უნდა იყვნენ შეჩვეულნი ფიზიკურ შრომას და სხვა საოჯახო საქმიანობას (ჭრა-კერვა და სხვა). მან უნდა იცოდეს აგრეთვე სიმღრა, ხატვა და სხვა ამგვარები, რომელნიც აფაქიზებენ და აკეთილშობილებენ ადამიანის ხასიათს. წერილის ავტორის აზრით, ქართველი საზოგადოებისათვის საჭიროა ისეთი ქალთა სასწავლებელი, რომელსაც შეეძლება ზემო აღნიშნული თვისებებით აღჭურვილი ქალების აღზრდა. ამიტომ, ავტორის მოთხოვნის თანახმად, განზრახული სასწავლებლის პროგრამა არ უნდა შეიზღუდოს დღემდე არსებული ოფიციალური სასწავლო გეგმებით. ვინაიდან მას თავისებური ხასიათი ექნება და იმუშავებს იმ მოთხოვნილებების მიხედვით, რაც ამ სასწავლებელს წარედგინება. აქვეა წრამოდგენილი აღნიშნული სკოლის სასწავლო გეგმა, რომელიც ხუთი ძირითადი მუხლისაგან შედგება. ესენია: 1. ზოგად-საგანმანათლებლო საგნები, 2. აღმზრდელი ქალის მომზადებული საგნები, 3. სასოფლო-სამეურნეო საგნები, 4. საშინაო-საოჯახო და 5. ხელოვნება. თითოეულ მუხლს ახლავს იმ ძირითადი საგნების დასახელებაც, რომელთა დაუფლება აუცილებელი იყო ამ სასწავლებლის ყოველ კურსდამსრულებულისათვის. დებულების მიხედვით, სასწავლბელი შედგებოდა სამი მოსამზადებელი განყოფილებისა და ექვსი კლასისაგან.

თვითმპყრობელობის დამხობამდე ეს ქალთა სკოლა თავის „მამულსა უზრდიდა შვილსა” მომავალი ქართველი დედებისა და აღმზრდელი მასწავლებლების სახით.

1917-1918 წლებში მარიამ ორბელიანი იყო ერთი აქტიური მებრძოლთაგანი და მარჯვენა ხელი პროფესორ ივანე ჯავახიშვილისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. როგორც უახლოესი მეგობარი და ნათესავიც (ივანეს მეღულის მამიდა იყო) ივანე ჯავახიშვილისა, იგი ერთი წუთითაც არ მოცილებია დიდ ქართველ მეცნიერს ქართული უნივერსიტეტისათვის ბრძოლის პროცესში. 1918 წელს მარიამი არჩელუ იქნა ახალდაარსებულ უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად. დაკისრებულ მოვალეობას იგი პირნათლად ასრულებდა.

70 წლისა შეეგება მარიამ ორბელიანი საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებას და მას შემდეგაც რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდა კულტურულ მოღვაწეობას, როგორც მთარგმნელი და უცხო ენების მასწავლებელი.

მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანი გარდაიცვალა 90 წელს მიწევნილი 1841 წლის 23 აგვისტოს ქალაქ თბილისში.