‍ელისაბედ ორბელიანი (1870-1942)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0047 elisმას იცნობენ როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ენაზე მთარგმნელს, მაგრამ მარტო ამით არ ამოიწურება ელისაბედის დამსახურება. მის სახელთან დაკავშირებულია მრავალმხრივი ლიტერატურული საქმიანობა.

ელისაბედ ორბელიანმა ბავშვობა და ახალგაზრდობა საზღვარგარეთ გაატარა. ცხოვრობდა შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში. მწერალი ქალი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ მას საუკეთესო ახალგაზრდობის წლების გატარება უცხოეთში მოუხდა და სამშობლოსათვის ვერაფერი გააკეთა. მაგრამ, როცა საქართველოში თავის მშობლიურ მიწაზე ფეხი დადგა და თავისი ქართული ენის სიტკბო იგრძნო, უმალ ჩაება ქარტულ კულტურულ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და ღრმა მოხუცებულობამდე კალამი არ გაუგდია ხელიდან.

ჯერ კიდევ ევროპაში ცხოვრების დროს დაიწყო მან დიდი პოეტის მ. ლერმონტოვის პოემის „დემონის“ თარგმნა ფრანგულ ენაზე, რომელიც პარიზში გამოვიდა 1907 წელს ფრანგი მწერლის ფრანსუა კოპეს წინასიტყვაობით.

1882 წელს, 27 აპრილს გარდაიცვალა ირაკლი ბატონიშვილი, რომელსაც მალე მიჰყვა ლოგინად ჩავარდნილი დედა-მარიამი.

მთელი ოჯახის სიმძიმე თავს დააწვა ახალგაზრდა ქვრივს – თამარს. თამარი მალე საზღვარგარეთ მიემგზავრება და თან მიჰყავს თავისი ორი ქალიშვილი: თორმეტი წლის ელისაბედი და ათი წლის ეკატერიე. ორივე ქალიშვილმა პარიზის კათოლიკოსთა მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში მიიღო განათლება.

ელისაბედს აქაც უსახელებია თავი. ამ სასწავლებლის დამთავრების გამოსაშვებ საღამოზე აღნიშნული იყო: პრემია მიიღო ორმა უცხოელმა. ამათგან ერთი ქართველი თავადის ქალი – ელისაბედ ბაგრატიონიაო.

1895 წელს ელისაბედი დედასთან და დასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მათი ჩამოსვლიდან დიდ დროს არ გაუვლია, რომ ელისაბედის უმცროსი და ცოლად გაჰყვა ივანე რატიშვილს.

უმცროსი დის გათხოვებამ თითქოს ბუნებრივად დააჩქარა ელისაბედის ქორწინებაც.

მრავალ თაყვანისმცემელს შორის ელისაბედის არჩევანი მამუკა ივანეს ძე ორბელიანზე შეჩერდა. ისინი 1898 წლის 11 ოქტომბერს დაქორწინებულან.

აკაკი :

„თვალად, ტანად, მიხვრა-მოხვრით
პოეტურად შემკობილო,
მომღიმარო, უებარო
მოსაუბრე, ენა ტკბილო,
ვით ცის მნათობს, გულის გამთბობს
ვერ გაშორებ შორით თვალსა,
სანამ შენგან გამოველი
სანუგეშო მომავალსა.
გახსოვდეს რომ ქართველი ხარ,
იმის ნიადაგზე მდგარი
და მხოლოდ ის აგამაღლებს,
ვით გაზრდილი მეგობარი“.

„საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოსულ ახალგაზრდა მთარგმნელ პოეტ ქალს სადგურზე თბილისის თავად-აზნაურობა დახვდა. მატარებლიდან გადმოსულ ელისაბედს ტანს თურმე ყარაყუმის ძვირფასი ბეწვი ემოსა, ფეხზე კი უბრალო ჩუსტები. ელისაბედის ასეთმა შეუხამებელმა და შეუფერებელმა ჩაცმულობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია სადგურზე.

ვაჟა:

„რა მოვიგონო, ან რა დავწერო,
დღე და ღამ ვსტირი, გულსა მწვავს სევდა,
ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი,
საგნის ნაღველი – ქართველი დედა,
იმასთან ერთად ივერის ბედი,
დღეს უპატრონო, – მას უნდა შველა
და ალბომებში ლექსების წერით
გახდება რამეს ვაჟა-ფშაველა?!“

აკაკი:

„უზრნველად გიყვარს წერა,
რუსულს თარგმნი, ქართულს ვერა,
მაგრამ მაინც ქართველობა
გეფიცები, შენი მჯერა“.

აკაკის ეს ლექსი ელისაბედ ორბელიანის სურათზე წაუწერია და თან ბოდიში მოუხდია, რომ ევროპულად გაზრდილი ელისაბედი ქართული ენის უცოდინარობისათვის გაკილა.

ელისაბედ ორბელიანის მორვაწეობა დაუკავშირდა ქართული უნივერსიტეტის გახსნას.

ელისაბედ ორბელიანი პირველი ქართველი ქალი იყო, რომელიც ფრანგული ენის კათედრაზე მიიწვიეს ლექტორად.

1918 წელს, ქართული უნივერსიტეტის გახსნის დღეს, იგი საზეიმოდ თავმოყრილი ხალხის წინაშე პატრიოტული და ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა:

„ბატონებო!

დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენს წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებით ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.

ვხსნით ჩვენს საკუთარ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეუწყვეტლივ ძაფს.

აღმოსალეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზრებთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ.

ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდან მისიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს. სულხან-საბა ორბელიანი ელჩად მიდის ლუდოვიკ XIV-სთან და თავის იგავ-არაკებში თითქოს ლაფონტენის გავლენითაც განიმსჭვალა.

კრებიონი თავისი ტრაგედიის რადამისტის დიდ აზრს სესხულობს ჩვენი ისტორიიდან. უკანასკნელმა ათმა წელმა ძალაუნებურად დაგვაკავშირა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას.

ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც.

ბედნიერად ვთვლი ჩემს თAვს, რომ მოვალეობად მარგუნეს თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ. რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები“...

დიდი ღვაწლი მიუძღვის მწერალ ქალს „აბესალომ და ეთერის“ ქართული ტექსტის ფრანგულ ენაზე თარგმანშიც, რომელიც პროფესორ შ. ასლანიშვილის რედაქტორობითა და შესავალი წერილით 1937 წელს გამოიცა.

ეს პირველი კლავიურ იყო საქართველოში. ელისაბედის თარგმანის ღირსება სწორედ ის არის, რომ თარგმანს შეუნარჩუნა ქართული ტექსტის მარცვალთა რაოდენობა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მუსიკალობის თვალსაზრისით.

ამჟამად ეს თარგმანი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

ელისაბედმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით თარგმნა აგრეთვე ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ქართული ხალხური სიმღერების ტექსტებიც. მაგრამ ამ შრომას რატომღაც ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მის სხვა გამოუქვეყნებელ შრომებს.

ელისაბედ ორბელიანის მოღვაწეობა მარტო მთარგმნელობითი მუშაობით არ განსაზღვრულა.

ეს დაუშრეტელი, კოლოსალური ენერგიის ქველმოქმედი ქალი, დამაარსებელი და რედაქტორი იყო საქართველოში გაზეთებისა ინგლისურ და ფრანგულ ენაზე.

ამ საქმეში მას გვერდში ედგა ქართული კულტურის დაუღალავი მუშაკი და ფრანგული ენის მცოდნე თედო სახოკია.

გაზეთები ყოველდღიური ამბების გვერდით მხატვრულ ლიტერატურასაც უთმობდა ადგილს. სწორედ ამ გაზეთებში მიეცა საშუალება ელისაბედს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ებეჭდა თავისი ლექსები და წერილები.