‍იასონ ნიკოლაიშვილი (1865-1941)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

nikolaishvili iasonცნობილი მასწავლებელი და გრამატიკოსი იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილი დაიბადა 1865 წლის 24 მარტს ღარიბ ოჯახში. იასონს დედა ადრე გარდაეცვალა, ასე რომ, მას დედის ტკბილი ალერსი არ ახსოვს: „დედა რომ გარდამეცვალა ისე პატარა ვიყავი, რომ მის დასაფლავების დღეს ჯოხის რაშს დავაქროლებდი ეზოში. მე უბედურს არ გამეგებოდა დედის სიკვდილით თუ რა მეხი დამეცა”. დედის სიკვდილის შემდეგ იასონი და მისი ორი და ბიძასთან ცხოვრობდნენ.

იასონის მოგონებიდან ვიცით, რომ ბიძას კარგად სცოდნია ძველი ქართული მწერლობა – „ვეფხისტყაოსანი”, „ვისრამიანი”, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და სხვა. თავადაც კარგი მელექსე და მოშაირე ყოფილა.

შვიდი წელი რომ შეუსრულდა იასონს, ის დედის ძმამ, მისმა მეორე ბიძამ, ცნობილმა პედაგოგმა გერასიმე კალანდარიშვილმა წაიყვანა ქუთაისში, სადაც მაშინ ის იქაურ საასულიერო სასწავლებელში მსახურობდა ზედამხედველად. გერასიმე კალანდარიშვილი განათლებული კაცი იყო. მის გარშემო იკრიბებოდნენ ქუთაისში მყოფი მოწინავე ახალგაზრდები. გერასიმე კალანდარიშვილს ცოლად ჰყავდა ცნობილი ეპისკოპოს გაბრიელის ძმისშვილი ნინო ქიქოძე, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა კიევის გიმნაზიაში. „ძირითადად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა მუდამ გამაძღარი და მხიარული ვიყავი”, – იგონებს იასონი.

სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა იასონის ბედნიერება. გარდაიცვალა მისი ბიძა გერასიმე კალანდარიშვილი, ნინო კი წავიდა თავის სოფელში და იქ მასწავლებლად მოეწყო. იასონი გაბრიელ ეპისკოპოსის შუამდგომლობით მოეწყო სახელმწიფო ხარჯზე სასულიერო სასწავლებელში ქ. ქუთაისში.

აისონმა კარგი მაჩვენებლებით დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ამ დროს გაიხსნა ხონში საოსტატო სემინარია და იასონი 1881 წელს მოეწყო სემინარიაში სახელმწიფო ხარჯზე. ხონის საოსტატო სემინარიის სრლუის კურსი მან დაამთავრა 1885 წელს და იმ წელსვე დაინიშნა ქუთაისის სააზნაურო სკოლის (შემდეგ ქართული გიმნაზიის) განყოფილების აღმზრდელად და გალობის მასწავლებლად სოფელ ძველ სენაკში. მომდევნო წლიდან იმავე სკოლაში იასონი ყველა საგნებს ასწავლიდა. აქვე იშლება იასონ ნიკოლაიშვილის წინაშე ფართო ასპარეზზე საზოგადოებრივი მუშაობისა.

არდადეგების პერიოდში ყოველ ზაფხულობით იასონი მიდის გურიაში და იქ ამხანაგებთან ერთად ეწევა სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ მუშაობას. ამ პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია იასონის ღვაწლი აბრეშუმის საუკეთესო თესლის შეძენისა და ხალხში გავრცელების საქმეში.

იასონ ნიკოლაიშვილი და მისი ახლო ნათესავი დიმიტრი კალანდარიშვილი გურიაში ადგენენ სცენის მოყვარეთა დასს, მოგზაურობენ ურმით სოფელ-სოფელ და მართავენ წარმოდგენებს. მიღებულ შემოსავალს ახმარენ სოფლის სამკითხველოებს და თანაც ფულად დახმარებას უწევენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლის მისაღებად სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ და ხელმოკლეობას განიცდიდნენ. ამ დასში მონაწილეობას ღებულობდა აწ განსვენებული პროფესორი ფილიპე გოგიჩაიშვილიც, რომელიც, როგორც სხვები, ურემს ფეხდაფეხ ისდევდა და დადიოდა სოფლებში წარმოდგენების დასადგმელად.

„კებრინამ, აბრეშუმის ჭიის ამ საშინელმა სენმა, – წერს იასონი, – სამეგრელოში მთლად მოსპო მეაბრეშუმეობა, მეურნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წყაროთაგანი. მე კარგად ვიცოდი აბრეშუმის მოვლა და განვიზრახე მეაბრეშუმეობის გამოცოცხლება. შევიძინე პასტერიზებული აბრეშუმის თესლი, სოფელ ძველ სენაკში, სადაც მასწავლებლად გახლდით, დავიქირავე ერთი დიდი დარბაზი და საქმეს შევუდექი. ამ ჩემმა წამოწყებამ ხალხი მეტად დააინტერესა. შორეული სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ ჩემი აბრეშუმის ჭიის სანახავად და ყველას ძალიან მოსწონდა ჭიის მოვლის ახალი წესი”. იასონს ამ საქმეში დიდად უწყობდნენ ხელს მისი მოსწავლეებიც. ბავშვებს მოჰქონდათ თუთის ფოთოლი და შველოდნენ მასწავლებელს სისუფთავის დაცვაში. ასეთმა შრომამ თავისი ნაყოფი მოიტანა და მაღალი ხარისხის აბრეშუმის პარკიც მოიყვანეს. ამ დროს ქ. თბილისში მოეწყო გამოფენა და სკოლის სახელით იასონმა ამ გამოფენაზე ძველი სენაკიდან აბრეშუმის პარკი გაგზავნა. პარკის საუკეთესო ხარისხისათვის სკოლამ ჯილდოდ მედალი მიიღო.

სრული 12 წელი დაჰყო მასწავლებლად ძველ სენაკში იასონ ნიკოლაიშვილმა.

აქედან ის გადადის ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და იწყებს მასწავლებლობას მოსამზადებელ კლასებში. შემდეგ კი – უფროს კლასებში დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად. მთავრობის მოხელეები ამ გიმნაზიას ძალიან მტრულად უყურებდნენ, როგორც ქართულსა და თანაც კერძოს.

იასონ ნიკოლაიშვილის უფროს კლასებში მასწავლებლად დანიშვნა არ დაუჯდა ჭკუაში სასწავლო ოლქს. მას კატეგორიული წინადადება მისცეს ან განთავისუფლებულიყო ანდა გამოცდა ჩაებარებინა სამოსწავლო ოლქში საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებაზე. იასონმა ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებაზე და დარჩა თავის ადგილზე ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად. ქუთაისში ახალგაზრდული გატაცებით განაგრძობდა საზოგადოებრივ მუშაობას იასონი და, ამ მხრივ, ის ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა.

ქ. ქუთაისში არ ყოფილა ისეთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი იასონი არ ყოფილიყოს – საკვირაო სკოლა, სახალხო უნივერსიტეტი, სახალხო თეატრი, სამკითხველო და სხვა. იასონ ნიკოლაიშვილი ყველგან დიდ ინიციატივას იჩენდა.

1905 წელს იასონი არჩეულ იყო დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარედ.

სამწერლო ასპრეზზე იასონ ნიკოლაიშვილი 1889 წელს გამოვიდა. პირველი მისი მოთხრობა „პერიას ოჯახში” დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში”, №54. ამის შემდეგ იასონი განაგრძობდა წერას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. იასონის მამხილებელი ფელეტონები გარკვეული ღირებულების მქონე და სარგებლობის მომტანი იყო. მისი ფსევდონიმი იყო „ბელზებელი”.

იასონმა 1912 წელს შეადგინა და იმ წელსვე გამოსცა „ქართული ენის მოკლე გრამატიკა”. ეს ფრიად საყურადღებო სახელმძღვანელო ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საჭირო შეიქნა მისი ხელმეორედ გამოცემა. აღნიშნული გრამატიკა კიდეც გამოიცა 1917 და 1919 წლებში. რამდენიმე ხნის შემდეგ იასონმა შეავსო, შეასწორა ეს წიგნი და გამოსცა ისევ 1927 წელს. გაზეთ „განათლების მუშაკში” ამ გრამატიკის შესახებ მოთავსებულია პროფესორ ვ. თოფურიას რეცენზია, სადაც აღნიშნულია, რომ „ეს არის პირველი ცდა მეცნიერული გრამატიკის შედენისა”.

1918 წელს იასონმა სხვებთან ერთად შეადგინა II, III და IV პროგიმნაზიული კლასებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ „ქართული ქრეტომათია” სამ წიგნად.

წარსული მძიმე ცხოვრების გამომხატველია მისი მოთხობა „რას მერჩით, მეც ადამიანი ვარ!” აქ მწერალი გვაძლევს სურათს იმ უკუღმართი ეპოქისა, როცა უსამართლობა დაუსჯელად პარპაშობდა და ათასობით უდანაშუალო ადამიანს ტანჯვასა და წამებაში აყენებდა. იასონ ნიკოლაიშვილი, როგორც სხვაგან, ისე ამ მოთხრობაშიაც გაჭირვებულთა მხარეზეა და სასტიკად გმობს უსამართლობას, ქადაგებს პატიოსნებას და კაცურ-კაცობას, მოზარდი თაობის საუკეთესო ადამიანებად აღზრდას.

იასონის მოთხრობა-ფელეტონი „პეტრიას ოჯახი” გურული ღარიბი გლეხის უმწეო ცხოვრებას ეხება. აღწერს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ჩვეულებრივი იყო უექიმობისა და უგზოობის შედეგად რევოლუციამდელ სოფელში.

მოთხრობაში „ცოლ-ქმარი” იასონ ნიკოლაიშვილმა გადაგვარებული აზნაურობის ნარჩენების ყოფა-ცხოვრება აგვისახა. ავტორს გამოყავს გაველურებული თავადი ვინმე შამილი და ამ თავადზე არანაკლებ ზნედაცემული და გარყვნილი „კნეინა” კატო. ყოველდღე ქეიფი და აღვირახსნილი ღრეობა, ლაზღანდარობა და სისაძაგლეა გამეფებული შამილისა და კატოს ოჯახში.

მათდამი დაპირისპირებულია ღარიბი, პატიოსანი მშრომელი და უუფლებო გლეხის ოჯახი. საერთოდ, იასონი კალმით და პრაქტიკული საქმიანობით დაჩაგრულთა მხარეზე იყო ყოველთვის.

იასონ ნიკოლაიშვილი მუსიკასაც იყო დაუფლებული. მის მიერ ნოტებზე გადაღებული სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა. მისი საბავშვო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული, წლების მანძილზე ისწავლებოდა. უთუოდ მუსიკის კარგ მცოდნეს და მოყვარულს შეეძლო ისე კარგად, მიმზიდველად და მაღალი გრძნობით დაეწერა „უკანასკნელი ხმები ჭიანურისა”, როგორც ეს იასონმა შეძლო. ამ მოთხრობისებურ ნარკვევში აღწერილია ქუთაისის წარმტაცი ბუნება მაისის ღამეში. უქიმერიონის მთა, რისხვა-წყრომით მომხრიალე რიონი. უქიმერიონის წვერზე გადმომგარი სახლი. მწერალი გვთხოვს, შევიხედოთ ამ სახლში, რომელშიც „ფანჯარასთან მიდგმულს ლოგინში წევს მძიმე ავადმყოფი და მწარედ კვნესის”, ოხრავს და ხანდახან ისეთი ხმით, შემზარავად ამოახველებს, თითქოს გულ-ღვიძლი ერთიანად თან ამოვყვაო. პირველი შეხედვით, გაგიჭირდებათ გაგება, ამ ლოგინში წევს ვინმე, თუ ცაიელია, ისე მიმდნარა და მილეულა ავადმყოფი. მისი შავი, დიდრონი თვალები რაღაც საოცარი გამოხედვით მისჩერებია ერთ წერტილს. ამ უცნაურ თვალებში „ძლივსღა გამობჟუტავს სიცოცხლის შუი, ეტყობა, იგი ამ ქვეყნისა აღარ არის”.

სიკვდილს ებრძვის ამ უცხო ქალაქში, ქუთაისში, პოლონეთიდან ჩამოსული მუსიკოსი, რომელსაც დედა თან ახლავს მომვლელად. აუტანელ გაჭირვებაში იმყოფება ავადმყოფი უსახსრობის გამოც. მას გაუყიდია ყველაფერი, გაუყიდია მისი საყვარელი და მისთვის ძვირფასი პიანინო თითქმის მუქთად, მის მიერ გაყიდულ ბახისა და ბეთჰოვენის ზეციურ სიმფონიებში მაყლები და ხილის გამყიდველები უხვევენ ნაყიდ საქონელს მყიდველებს.

გული უკვდება ავადმყოფს, რომელსაც სიკვდილი ბასრი ცელით დადგომია თავს. „საბრალო მომაკვდავ ადამიანის დედას ჩალის ფასად გაუყიდია გიტარა და ასე ჩალის ფასად უნდა გაყიდოს ხვალ ან ზეგ ჭიანურიც... მილეული ადამიანი, რომელიც ეს-ესაა უნდა გათავდეს, „რის ვაი-ვაგლახით ზეზე წამოდგება, ლოგინის ქვეშ შეიხედავს, საშინელი ოხვრა-კვნესით ჭიანურს გამოიღებს და ეტყვის მას: „მაშ, უკანასკნელად გამიწიე სამსახური. ცოდვაც არის, მემუსიკე ოხვრა-კვნესით მოკვდეს... უწყნარესი ხმით დაწყებული, ერტიმეორეზე მკვეთრი ჰანგები ერთმანეთს ეცილება, ეკამათება, ერთმანეთს მისდევს, ერთიმეორეს ბანს ეუბნება და ჰაერიც საუცხოო ჰარმონიით ივსება. ხმამ თანდათან იმატა, იმატა და ნამდვილ ჭექა-ქუხილად გადაიქცა. სახლს ზანზარი გააქვს, ფანჯრის მინები წკრიალებენ... მახვილი ყური ცხადად გაარჩევს ამ ხმებში სამდურავს, საშინელს სამდურავს მომაკვდავისას... ხმამ თანდათან იკლო... მაგრამ აი, ხელახლა იმატა, იმატა და... სიმი გაწყდა და იმასთან გაწყდა სიცოცხლის ძაფიც. ვირტუოზი მოჭრილ ხესავით იატაკზე დაეშვა”.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იასონი დიდი მწერალი იყო და სამწერლო ასპარეზზე მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ გულწფელი პედაგოგის გულწრფელი მოთხრობა-ესკიზები გარკვეულ როლს ასრულებდა ხალხის გამოფხიზლების და აღზდის საქმეში.

იასონიც წუხს და სინანულს გამოთქვამს, რომ მწერლობით განსაკუთრებით ბევრი ვერ გააკეთა, მან ვერ მოგვცა ის, რის მოცემაც შეეძლო ამ უბანზე, მაგრამ ამაში ხელს უშლიდა სამსახური, საზოგადო საქმიანობა, ოჯახი და უსახსრობაც კი. „მხოლოდ ის დრო, რაც მწერლობას მოვანდომე, ძილს მოვპარე და ძალით წავართვიო”, – ამბობს იასონი.

იასონ ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 2 მაისს თბილისში. დაკრძალულია ახალი ვერის სასაფლაოზე.