‍ანტონ ნატროშვილი (1852-1930)

ავტორი: მ. მაჭავარიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

natroshvili an62გავეცნობით რა ანტონ ნატროშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, თვალწინ წარმოგვიდგება ადამიანი სამშობლოს ერთგული და მოსიყვარულე, კეთილშობილი აღმზრდელი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნე პატიოსან, ნაყოფიერ და სასარგებლო შრომას მოანდომა.

ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი დაიბადა 1852 წელს სოფელ მაჩხაანში, ქიზიყში. ანტონის მამა ივანე სოფლის მღვდელი იყო. ის ისდევდა ხვნა-თესვას, მევენახეობასა და მეცხოველეობას. ანტონი და მისი უფროსი ძმები მამასთან ერთად შრომობდნენ და ბავშვობიდანვე კარგად იცნობდნენ სოფლის მეურნეობის იმ დარგებს, რომელსაც ქიზიყის მცხოვრებნი ეწეოდნენ. ბავშვობის შთაბეჭდილებათა გავლენის ქვეშ იგი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე კალმით თუ საქმით ქიზიყის მეურნეობის განვითარებისათვის იბრძოდა.

ანტონის მამა ივანე ნატროშვილი სწავლა-განათლების დიდი პატივისმცემელი იყო. მან ყველა თავის შვილს მიაღებინა განათლება. რვა წლის ანტონი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი ორი უფროსი ძმა სწავლობდა.

თელავის სასულიერო სასწავლებელი ანტონ ნატროშვილმა წარჩინებით დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

თბილისის სასულიერო სემინარიაში ანტონს სულშემხუთავი ატმოსფერო დახვდა: ყაზარმული რეჟიმი, უაზრო ზეპირობა, სქოლასტიკა. ქართველი ხალხის მოძულე აღმზრდელ-მასწავლებლები, რექტორი და ინსპექტორი რუსი მოხელე-მონარქისტები ივნენ. ეს ანაფორაგადაცმული ჟანდარმები აბუჩად იგდებდნენ, ყოველგვარად ავიწროვებდნენ მოსწავლეებს და, რაც ყველაზე მეტად შემაწუხებელი და აუტანელი იყო ახალგაზრდა სემინარიელებისათვის, დევნიდნენ ქართულ ენას.

გონებაგახსნილი, სწავლამოწყურებული მოწინავე ახალგაზრდა სემინარიელები გმობდნენ სემინარიაში დამკვიდრებულ სქოლასტიკურ რეჟიმს, აშკარად ილაშქრებდნენ მის წინააღმდეგ.

„ჩემს მოსწავლედ ყოფნის დროს, – წერს ანტონ ნატროშვილი, – ტფილისის სემინარიაში მოხდა მოსწავლეთა აჯანყება, მოსწავლენი გმობდნენ სქოლასტიკურ მიმართულებას, სასწავლებელში გამეფებულს. მოიტხოვდნენ ბუნებისმეტყველების, ახალი ენების სწავლის შემოღებას, მათემატიკსი სწავლის გაფართოებას, უნივერსიტეტში შესვლის უფლებას, ბურსაში სმა-ჭამისა და კვება-ცხოვრების გაუმჯობესებას. ამ მოძრაობაში, როგორც ყველანი, მეც მონაწილეობას ვიღებდი”.

სემინარიის წლები ახალგაზრდა ანტონმა მკაცრ რეჟიმთან ერთად დიდ ეკონომიურ სივიწროვეში გაატარა. აი, როგორ იგონებს იგი ამ წლებს: „ტფილისის სემინარიაში დაგლეჯილი და დაფლეთილი წუღებით დავდიოდი, მშიერი მუცლით ვაღამებდი, ცარიელი ხმელი პურიც არა მქონდაო”. მიუხედავად ასეთი სასტიკი პირობებისა, სემინარიის წლებს ანტონისათვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია.

სემინარიაში დაუახლოვდა ანტონი მოწინავე ახალგაზრდებს: შ. შიუკაშვილს, სანებლიძეს, სოფრომ მგალობლიშვილს, მოსე ჯანაშვილს, ეფრემ მარჯანიშვილს და სხვ. მისი მასწავლებლები იყვნენ დიდი პედაგოგი და ქართული ენის მოამაგე იაკბ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელიანი, პეტრე კოჩუაშვილი, ძმანი ცვეტკოვები და სხვ.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა მოსწავლეთა შორის იაკობ გოგებაშვილი. ასევე დიდი იყო მისი გავლენა ანტონ ნატროშვილზე, რომელიც&ნბსპ; მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დარჩა თავისი დიდი მასწავლებლის იდეების დამცველი და გამტარებელი.

თბილისის სასულიერო სემინარია ანტონ ნატროშვილმა პირველ მოსწავლედ სტუდენტის ხარისხით დაასრულა და არჩეულ იქნა სემინარიის მასწავლებელთა კორპორაციისაგან სახელმწიფო ხაჯზე გასაგზავნად ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომ მიეღო უმაღლესი განათლება.

ყაზანის სასულიერო აკადემიაში ანტონ ნატროშვილმა პირველი კურსიდანვე მიიქცია ლექტორთა და მასწავლებელთა ყურადღება: მის მიერ შესრულებული სავალდებულო თემა «Что такое идеиПлатона» საუკეთესოდ დაწერილი აღმოჩნდა. 1877 წელს 25 წლის ანტონ ნატროშვილმა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. მან თბილისის სასულიერო სეინარიაში ითხოვა სამსახური, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციამ უარი უთხრა: აღმზრდელმა სემინარიამ არ მიიღო, როგორც „ბუნტის” მონაწილე. ის გაიგზავნა სამარის სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად, პედაგოგიკასვე ასწავლიდა პარალელურად ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში.

სამარაში ანტონი შვიდი წელიწადი მუშაობდა. 1884 წელს ის გადმოიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ინიშნება იმავე საგნების მასწავლებლად. ანტონი სხვა სასწავლებელშიაც მასწავლობლობდა, მაგალითად 1886-88 წლებში თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა რუსულ ენას, ჰქონდა გაკვეთილები მე-2 კომერციულ სასწავლებელში. 1898-1899 წლებში საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებს ხელმძღვანელობდა, სადაც ლექციებსაც კითხულობდა. ძირითადად კი ანტონ ნატროშვილი სასულიერო სასწავლებელში მოღვაწეობდა ამ სასწავლებელში მან 34 წელი გაატარა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სასულიერო სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ ანტონი სასწავლებლის ზედამხედველად აირჩი.

ანტონ ნატროშვილისათვის ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ სასულიერო სასწავლებელი თანამედროვეებისათვის დიდ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. ამიტომ მან შუამდგომლობა აღძრა სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ.

1918 წელს სასულიერო სასწავლებელი სასულიერო სემინარიას შეუერთდა და გიმნაზიად გადაკეთდა (VIII სასულიერო გიმნაზია). ახლად დაარსებული გიმნაზიის მოსწავლე-ახალგაზრდობამ „პატრონად” ანტონ ნატროშვილი მოინდომა და შემდეგი თხოვნით მიმართა საკათალიკოსო საბჭოს: „ჩვენ გვინდა გამოცდილი, დამსახურებული და ყველგან პატივისცემით მიღებული, ჩვენზედ დაუალავად მზრუნველი, რომლის კალთის ქვეშ აღვიზარდენით და გონებით განვითარდით... ეს კეთილი და ბრწყინვალე ჭაღარით მოსილი ადამიანი არის ბ-ნი ნატროშვილი, იგი უნდა იყოს ჩვენ პატრონად, დირექტორად”.

ახალგაზრდა თაობის ეს გულწრფელი განცხადება ანტონ ნატროშვილის, როგორც აღმზრდელისა და პედაგოგის შესანიშნავი დახასიათებაა.

1919 წლიდან ანტონ ნატროშვილი თავის მშობლიურ კუთხს, ქიზიყს დაუბრუნდა. ბავშვობიდანვე უყვარდა ანტონს, როგორც აღვნიშნეთ, ქიზიყის მინდორ-ველები, ძველი ციხე-კოშკების ნანგრევები, მისი ტყეები და ვენახები.

თანასოფლელები ანტონს გულთბილად შეხვდნენ, გამოუცხადეს დიდი ნდობა და მოსამართლედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან თავისი ხალხის უზომო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

1923 წლიდან ანტონ ნატროშვილს შესაძლებლობა მიეცა, კვლავ დაბრუნებოდა თავის საყვარელ საქმეს, ბავშვებს, სკოლას. ჯერ ქვემო მაჩხაანის შვიდწლედში მასწავლებლობდა, შემდეგ სოფელ ყანდაურის შრომის სკოლის გამგედ დაინიშნა. ბოლოს, ჯანმრთელობამ უღალატა და ხანდაზმულმა, ჯანგატეხილმა დამსახურებულმა პედაგოგმა 1927 წლიდან თავი დაანება ახალთაობის აღზრდის საქმეს.

საბჭოთა მთავრობამ დააფასა მისი ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობა და პენსია დაუნიშნა.

ანტონ ნატროშვილი პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად საზოგადოებრივ ასპარეზზედაც ნაყოფიერად მოღვაწეობდა. მის კალამს ბევრი საყურადღებო წერილი ეკუთვნის. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის აღმავლობის საქმეს მან ბევრი საინტერესო სტატია უძღვნა.

1895 წლის ჟურნალ „კავკაზსკოე სელსკოე ხოზიაისტვოს” 99-ე ნომერში დაიბეჭდა ნატროშვილის წერილი, რომელშიც „დედოფლის არხის” აღდგენასა და ალაზნის ველის მორწყვაზე ლაპარაკობს. ამ მოთხოვნას ასე ასაბუთებს: „ეს არხი, გადა იმისა, რომ გაადიდებს ყურძნისა და პურის მოსავალს, შესაძლებლობას მისცემს კახეთსა და ქიზიყს, რომ გაშენდეს, განსაკუთრებით ალაზნის ველზე, მაღალ-კულტურული ძვირფასი მცენარეები: ჩაის ბუჩქი, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ბამბა, ნუშის, ფშატისა და თუთის ხეები”.

აღსანიშნავია აგრეთვე 1897 წლის ზემოდასახელებული ჟურნალის 203-ე ნომერში დაბეჭდილი წერილი „კახეთის რკინიგზის შტოს საკითხისათვის”. სტატიის ავტორი კახეთისათვის დიდად სასარგებლო და საჭირო საქმეს – რკინიგზის ხაზის გაყვანას მოითხოვს.

ანტონ ნატროშვილი, დიმიტრი მაჩხანელთან ხელჩაკიდებული ერთგულად და ენერგიულად მუშაობდა თავისი ხალხის ჭირ-ვარამის შესამსუბუქებლად. ქიზიყის ორი მოჭირნახულე შვილი საქმით და კალმით იბრძოდა, რომ ჩარჩ-ვაჭრების, ექსპლოატატორების და „არაწმინდა კაცუნებისაგან” ეხსნათ ეს მხარე.

აი, რას წერს ერთ თავის კერძო წერილში დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი – მ. მ.) ანტონ ნატროშვილს:

„შენ როგორც ქიზიყის მიწა-წყლის ძუძუთი აღზრდილი და მისი ცნობილი შვილი, კარგი იქნებოდა... მოსულიყავი და ყოველივე ადგილობრივ გამოგვერკვივნა და გადაგვეწყვიტა ქიზიყის სოფლის წარმომადგენელთა თანდასწრებით”.

ანტონ ნატროშვილისა და დიმიტრი მაჩხანელის თაოსნობით ქიზიყში დაარსდა მატყლის საწყობი, ქვემო მაჩხაანში გაიმართა „დეპო” და სავაჭრო შემნახველ-გამსაღებელი „კასსა”.

მრავალი საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა ანტონ ნატროშვილმა თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, რომელთა ხორცი შეესხა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.

ანტონ ნატროშვილი წევრი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოებისა, სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტის და სხვ.

ანტონ ნატროშვილი დიდად დაინტერესებული იყო საქართველოს წარსულით, მისი მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლითაც. მან საფუძვლიანად შეისწავლა მცხეთისა და ჩვენი შორეული წარსულის შესანიშნავი ძეგლის მცხეთის ტაძრის ისტორია და 1901 წელს გამოაქვეყნა ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის ნაშრომი „მცხეთა და მისი ტაძარი სვეტი-ცხოველი”. დიდი შრომა და ენერგია დახარჯა ავტორმა ამ სერიოზული ნაშრომის შესადგენად.

ანტონ ნატროშვილმა ეს სქელტანიანი ნაშრომი საკუთარი სახსრებით და თაოსნობით შესძინა ქართული კულტურის ისტორიას. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის რეალიზაციით შეგროვილი თანხა მცხეთის ტაძრის რესტავრაციისათვის იყო განკუთვნილი.

ანტონ ნატროშვილის კალამს ეკუთვნის ამგვარივე ხასიათის სხვა ნაშრომებიც. 1893 წელს დაიბეჭდა „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედების წარმოების მასალა”. კრებული მოწონებული და მიღებული იყო სახელმძღვანელოდ სასულიერო სკოლებისა და სამოქალაქო პირველდაწყებითი სასწავლებლებისათვის. კრებულის ავტორის მიზანი იყო, დახმარებოდა აღნიშნულ სასწავლებლებს მშობლიურ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოებით, რაც იმ დროისათვის ასე საჭირო იყო.

„კრებულის” გამოსვლას გამოეხმაურა ცნობილი პედაგოგი ვასილ ყიფიანი. ის 1884 წლის ჟურნალ „მნათობის” მე-3 ნომერში მოთავსებულ რეცენზიაში ამბობს: „ბ-ნი ნატროშვილის კრებულის შესამჩნევ ღირსებათა შორის უნდა აღინიშნოს ციფრების სწავლება პირველ განყოფილებაში ნულების, ჯვრებისა და კვადრატების საშუალებით. ასეთი ჩართვა კრებულში მეთოდური სახელმძღვანელოების ელემენტებისა ჩვენ ძალიან სასარგებლოდ მიგვაჩნია; სხვადასხვა ნიშნების სხვადასხვა რიგზე დაწყობა, მათი სხვადასხვა რიგად შეჯგუფება და ამით თვალსაჩინოდ გამოხატვა იმისა, თუ როგორ შეიძლება შედგეს თვითოეული რიცხვი, ჩვენ აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია... ბ-ნი ნატროშვილის კრებულში მოსაწონია აგრეთვე ტაბულები რუსულ და ქართულ ზომებისა და დამატება, რომელიც&ნბსპ; შეიცავს მრიცხველობას ქართულ ასოებით”. ბოლოს შენიშნავს რეცენზენტი, რომ „ენა ნატროშვილის კრებულისა საკმაოდ მსუბუქი და ფაქიზია”.

ანტონ ნატროშვილის სახელმძღვანელომ საერთო მოწონება დაიმსხურა და 1899 წელს მესამედ გამოიცა.

ანტონ ნატროშვილის მთავარ საზრუნავ საგანს სახალხო განათლების საქმე წარმოადგენდა და ამ დიდ საქმეს ის პრაქტიკული და ლიტერატურული მოღვაწეობით ემსახურებოდა.

სახალხო სკოლების გაჯანსაღების საქეს უძღვნა ანტონ ნატროშვილმა ერთი ბროშურა: «Обучениена родном языке и его культурное народное значение», 1903 г.

ავტორი ხაზს უსვამს სახალხო სკლების დიდ მნიშვნელობას, როგორც ხალხის სულიერი კულტურის ამაღლების მძლავრ იარაღს და უდიდესი სარგებლობის მომტან წყაროს.

„საალხო სკოლა იმ შემთხვევაში მოუტანდა ხალხს სიკეთეს, – წერს ანტონ ნატროშვილი, – თუ ის იქნებოდა ხალხთან ახლოს და სწავლება იქნებოდა დედა-ენაზე. სწავლა, მოგლეჯილი ძირითად ფესვებიდან, როგორსაც წარმოადგენს მშობლიური ენა, მოსწავლეთათვის ხდება ამ შემთხვევაში მექანიკური, შეუგნებლად გადადის უმიზნო ზეპირაობაში და უკიდურესად ადუნებს ბავშვის მეხისერებას, უსპობს მას უნარს, რომ შემდეგშიაც ისწავლოს სწორად”.

ანტონ ნატროშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა განათლებას. „ჩვენს ქვეყანაში ქალთა განათლების ზრდა თავდებია ხალთა ეკნომიურად გაძლიერებისა, ქალზეა დამოკიდებული ერის მომავალი, ქალი, განათლებული დედა, შემოუნახავს ერს ტომობრივ თავისებურებას და ტომობრივ კილოს”.

ანტონ ნატროშვილი სახალხო სკოლებში დედა-ენაზე სწავლებასთან ერთად აუცილებლად თვლიდა რუსული ენის შესწავლას.

ანტონ ნატროშვილი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან ერთგულად ემსახურებოდა საბჭოთა სკოლას.

როდესაც განახლებულმა ცხოვრებამ შრომის სკოლებს ახალი მოთხოვნილებები წამოუყენა და სკოლებს დაევალა შესწავლა და გაცნობა იმ მხარისა, სადაც მათ უხდებოდა მუშაობა. სკოლის ამ ახალ მოთხოვნილებებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, ანტონ ნატროშვილი კვლავ მისთვის ჩვეული ენერგიით გამოეხმაურა. მან შეადგინა „მხარეთმცონეობა. კახეთის ოლქი. ძირითადი ფიზიკოგეოგრაფიულ ცნობარი და დედამიის ზოგადი მიმოხილვა” – სახელმძღვანელო II და III საფეხურის შრომის სკოლებისათვის.

სახელმძღვანელოს ავტორი სოციალისტური ქვეყნის მშენებელთა აღზრდაში საბჭოთა შრომის სკოლის როლის შესახებ წერდა: „შრომის სკოლა და სასოფლო-სამეურნეო სკოლები უმთავრეს იარაღს წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო განვითარების საქმეში. მათი საშუალებით შესაძლებელია ფართოდ იქნეს გავრცელებული მოსახლეობაში სამეურნეო ცოდნა და ამ ცოდნით აღჭურვილი მუშაკებისა და კადრების მომზადება”.

ცხოვრების პირობების გარდაქმნისათვის შრომის სკოლებში მხარეთა-მცოდნეობის სწავლების მაღალ დონეზე დაყენება ანტონ ნატროშვილს გადაუდებელ ამოცანად მიაჩნდა. „ამ დიდმა საქმემ რომ სასურველი შედეგი გამოიღოს, საჭიროა, – ამბობს ანტონ ნატროშვილი, – არა ცალკეულ პიროვნებათა შრომა, არამედ მასწავლებლების ურთიერთ შეთანხმებული კლექტიური მუშაობა”, – ანტონ ნატროშვილის დასახელებული სახელმძღვანელო არ დაბეჭდილა.

გარდაიცვალა ანტონ ნატროშვილი 1930 წლის 18 აპრილს. დაკრძალულია დიდუბეში.