‍მოსე ნათაძე (1851-1890)

ავტორი: გიორგი იოსელიანი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

სახალხო მასწავლებელი, შესანიშნავი ადამიანი და სწავლა-განათლების დარგის ერთ-ერთი უმწიკვლო მუშაკი მოსე ნათაძე ეკუთვნოდა ქართველ ხალხოსან მასწავლებელთა იმ ჯგუფს, რომელიც თავის მიზნად თვითმპყრობელობის დამხობასა და ხალხის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა.

მოსე ივანეს ძე ნათაძე დაიბადა 1851 წელს, დუშეთის მაზრის სოფელ ალევში. პირველდაწყებითი ცოდნის მიღების შემდეგ მას 70-იან წლებში სწავლა გაუგრძელებია თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სხვა მოსწავლეებთან ერთად აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და რევოლუციური სულისკვეთების გამომჟღავნების გამო სემინარიიდან გამოურიცხავთ. ეს უნდა მომხდარიყო სასულიერო სემინარიაში კერსკის იერ რევიზიის ჩატარების შემდეგ (1874 წელს).

1874-75 სასწავლო წელს მოსე ნათაძე მასწავლებლად მოეწყო სოფელ პატარძეულში. ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ხანს დარჩა იგი სოფელ პატარძეულში. იქ ყოფნის პერიოდში მოსე ნათაძემ თავი გამოიჩინა როგორც ხალხის ერთგულმა შვილმა, იგი ყოველმხრივ ეხმარებოდა გლეხობას.

1876 წელს მოსე ნათაძე მასწავლებლობს სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში. ჟანდარმთა შტაბს-კაპიტანის ხრისტოფოროვის საიდუმლო მოხსენებიდან ჩანს, რომ ის ქუთაისში წასულა ამხანაგებთან სათათბიროდ: „23 მაისს, 1876 წელს, ქუთაისში ვარლამ გაბიჩვაძის ბინაზე შეიკრიბნენ სათათბიროდ: მიხეილ ყიფიანი, ილიკო ბახტაძე, ვარლამ გაბიჩვაძე, ნათაძე (მასწავლებელი), ანტონ ლორთქიფანიძე და ოლღა ყიფიანი”.

რევოლუციურ მუშაობასთან ერთად მოსე ნათაძემ თავი გამოიჩინა როგორც შესანიშნავმა პედაგოგმა, რომელმაც ბავშვებს სკოლა შეაყვაარ და სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებთა შორის სწავლა-განათლებისადმი დიდი ინტერესი აღძრა. მაშინდელ ქართულ პრესას უყურადღებოდ არ დარჩენია ახალგაზრდა მასწავლებლის თავდადებული მუშაობა პედაგოგიურ ასპარეზზე.

1878 წლის ჟურნალ „დროების” მე-10 ნომერში „ქართველის” ხელმოწერით შემდეგი კოესპონდენციაა დასტამბული: „ორი საცოდავი სასოფლო შკოლა გვაქვს: სოფელ მეჯვრისხევში და ხოვლეში. მეჯვრისხევის შკოლაში წერა-კითხვის გარდა ასწავლიან დურგლობას და ხარაზობას, მაგრამ როგორღაც ვერ თავსდებიან ერთმანეთში, ე. ი. თავს არ მოდის სახელოსნო ნაწილის შეერთება წიგნის სწავლასთან.

უფ. მოსე ნათაძეს სვინდისიანად მიჰყავს საქმე. ის ნიჭიერი ახალგაზრდაა და უფრო რომ ბეჯითად მოჰკიდოს საქმეს ხელი, ვინემ ეხლა, ძალიან დაგვავალებს. სწავლის გარდა, შესანიშნავია ამის შეგირდებთან ქცევა: ისე უჭირავს ბავშვებთან თავი, როგორც თავის ტოლთან, ბავშვის თვალში იმას ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც მამას, დედას და და-ძმას. ისეთის ხალისით მიდიან ბავშვები სასწავლებელში, რომ რაღა მოგახსენოთ. ასე გასინჯეთ კვირა-უქმითაც კი შკოლის გარშემო დაცუნცულობენ ბავშვები, მასწავლებელიც კარს უღებს და ისინი წყნარად მეცადინეობენ: ზოგი წერს, ზოგი სურათებს შინჯავს და ხატავს”.

სოფელ მეჯვრისხევის შემდეგ მოსე ნათაძე რამდენიმე ხანს მასწავლებლობდა ხონის ორკლასიან სასწავლებელში.

განსაკუთრებული ამაგი დასდო მოსე ნათაძემ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სკოლას ბათუმში, სადაც 1882 წელს დაიწყო მასწავლებლობა. ამ სკოლას ქართველი მოღვაწეები და „ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მესვეურები დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ, რადგანაც მისი მიზანი იყო ქართველ მაჰმადიანებში განათლების სხივის შეტანა და მათი სულიერი დაკავშირება დედასამშობლო საქართველოსთან. ამიტომაც იყო, რომ ივანე მაჩაბელი „ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ-ერთ წლიურ კრებაზე, იმათ საპასუხოდ, რომლებიც დიდ ხარჯის გამო ბათუმის სკოლის დახურვას მოითხოვდნენ, ამბობდა: „ბათუმის სკოლის მნიშვნელობა ფულით არ გაიზომება. ის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ”.

ამ თვალსაზრისით, მოსე ნათაძეზე უკეთეს მასწავლებელს ბათუმის სკოლა ვერც იშოვიდა. ის გულწრფელად და ენერგიის დაუშურებლად შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა მის შესახებ მხცოვანი საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია: „როცა ისტორია დაიწერება ჩვენისა და მაჰმადიანი ქართველების დამოკიდებულებია ამ ხნის განმავლობაში, მეისტორიემ არ უნდა დაივიწყოს ის უანგარო ღვაწლი და ამაგიც, რა ღვაწლი და ამაგიც დაგვდო მაშინ პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ”.

„მთავარი საზრუნავი მოსე ნათაძისთვის ქართველ მაჰმადიან ბავშვთა სკოლაში ჩაბმა იყო. მან ამ საქმეს ენერგიულად მოკიდა ხელი. შეკრიბა ბათუმის მოწინავე მაჰმადიანები და წერილობითი თანხმობა დაადებინა ბავშვების სკოლაში გაგზავნის შესახებ... მიღებულ ღონისძიებათა შედეაგდ ბათუმის სკოლაში მუშაობა გაუმჯობესებულა და უკვე 1883 წლის ზამთრის დასაწყისში მოსწავლეთა რიცხვი ერთი-ორად გადიდებულა”.

მოსე ნათაძის მუშაობა ბევრჯერ შეუმოწმებიათ იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელს, გრიგოლ ვოლსკის და სხვებს და ყოველთვის მაღალი შეფასება მიუციათ მისი საქმიანობისათვის.

1888-89 სასწავლო წლის ბოლოს ბათუმის სკოლა ინახულა გრიგოლ უმწიფარიძე-ვოლსკიმ, რომელიც „ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობისადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს: „ყველა ეგზამენს დავესწარი, დავესწარი აგრეთვე ეგზამენის წინა დღეს ყველა განყოფილების გაკვეთილსაც. როგორც გაკვეთილების დროს, ისე ეგზამენებზედაც ყველაფერმა ჩემგან სკოლაში ნახულმა ჩემზედ იქონია სასიამოვნო შთაბეჭდილება. ყველაფერს ცხადად ემჩნეოდა, რომ სკოლას ჰყავს თავისი საქმის ერთგული და მცოდნე ოსტატი”.

ბათუმში მასწავლებლობის დროს მოსე ნათაძეს ხშირად უხდებოდა შეტაკება თვითმპყრობელობის აგენტებთან და კავკსიის სასწავლო ოლქის სამზრუნველოს ბიუროკრატ თანამშრომლებთან, რომელთაც ვერ მოენელებინათ, რომ „ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების” სკოლაში სწავლა ქართულ ენაზე წარმოებდა.

1888 წლის 31 მაისით დათარიღებულ მოხსენებაში, რომელიც მოსე ნათაძემ გიორგი იოსელიანს გადასცა „წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობისათვის გადასაცემად, აღწერილია ის ინცინდენტი, რომელიც მოხდა მოსე ნათაძესა და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ პერევოზნიკოვს შორის. პერევოზნიკოვი ნათაძეს გაკვეთილებზე დაესწრო. მის პედაგოგიურად გაუმართლებელ მოთხოვნას ნათაძე არ დაეთანხმა, რასაც მწვავე კამათი მოჰყოლია. მათ შორის წარმოებული დიალოგი რუსულ ენაზე სიტყვასიტყვით აქვს აღწერილი თვითონ ნათაძეს. ე ოხსენება ისე კარგად ახასიათებს რუსიფიკატორთა თავხედურ პოლიტიკას, რომ ინტერესს არ იქნება მოკლებული ერთი ადგილის მოყვანა:

„ბავშვებს მე ქართულად დავუწყე ლაპარაკი, – წერს მოსე ნათაძე, – ამაზე სულ გადაირია და მითხრა: კლასში როგორ შეიძლება ქართულად ლაპარაკიო. ამაზე მე ვუთხარი: ქართულ სკოლაში, სადაც „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წესდებით სწავლა ყველა საგნისა ქართულად წარმოებს, სადაც ქართული ენა უმთავრესი ენაა კლასში, აუცილებლად ქართულად უნდა ვილაპარაკოთ”.

ცხარე წალაპარაკების შემდეგ პერევოზნიკოვი მოსე ნათაძეს დაემუქრა დირექტორთან გიჩივლებო და თან უთხრა: „შენმა მოწაფეებმა არაფერი იციანო”.

აღშფოთეული მოსე ნათაძე თავის მოხსენებას ასე ამთავრებს: „სამწუხარო როგორ არ არის, ბატონო, ეს გარემოება, რომ ერთი ნახვით მინიავქრებს, მიბათილებს მთელი წლის შრომას, რომელშიც სისხლი ჩამიღვრია! ძნელია, რომ კაცმა ასე ადვილად დასთმოს თავისი ნაამაგარის გაბათილება”.

რასაკვირველია, მოსე ნათაძის მუშაობას პერევოზნიკოვზე უკეთ ქართველი მოღვაწეები აფასებდნენ. საზოგადოება სპეტაკ მასწავლებელს მადლობის გამოცხადებასთან ერთად მატერიალურ დახმარებასაც უწევდა. ასეთი დახმარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო იაკობ გოგებაშვილი. 1885 წელს ის „წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობას წერს: „მე ნამდვილი წყაროებიდან შევიტყვე, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელი ბატონი ნათაძე ძალიან გაჭირვებულს მდგომარეობაშია.

...რადგანაც თავის თანამდებობის აღსრულებაში ბატონი ნათაძე იჩენს სამაგალითო ერთგულებას და მხნეობას და ამის გარდა, ყოველ წლივ სხვადასხვა ღონისძიებით შოულობს რამდენიმე ასს მანეთსა და უგზავნის საზოგადოებას, ამიტომ სამართალი მოითხოვს, რომ წელსაც იგი დაჯილდოებული იქნას ათი თუმნით”.

ასე ენერგიულად და მონდომებით მუშაობდა მოსე ნათაძე პედაგოგიურ სარბიელზე. მასწავლებლობა მისი ნამდვილი მოწოდება იყო და ბავშვების სწავლა-განათლებასა და ხალხის კეთილდღეობას შეწირა მთელი თავისი სიცოცხლე.

იმ მცირერიცხოვან წერილებსა და კორესპონდენციებში, რომლებსაც მოსე ნათაძე დროდადრო ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა, შესანიშნავად ჩანს მისი მხურვალე სიყვარული სამშობლოსა და ხალხისადმი.

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იგი ქართველ მაჰმადიანებს, რომელთა აღზრდაც იმ დროს მთლიანად ფანატიკოსი ხოჯების ხელთ იყო და მოითხოვდა, რომ მესხეთ-აჭარასა და საინგილოში სწავლის საქმე გაძლიერებულიყო.

მისი აზრით, მხოლოდ განათლებას შეეძლო დარღვეული ეროვნული სხეულის აღდგენა და განმტკიცება.

„ყურანის” ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით მოსე ნათაძემ ჟურნალ „მწყემსის” 1888 წლის მე-16 ნომერში გამოაქვეყნა პატარა წერილი „შენიშვნა”, რომელშიც იგი წერდა: ერთადერთი საშუალება, რომ მესხელს თვალი აეხილოს, ვინ არის და რა არის, წერა-კითხვის გავრცელებაა. ვინც კი ისწავლა წერა-კითხვა, დასწაფებია გოეგბაშვილის „ბუნების კარს”, ეს კარგად იცის.

რამდენიმე მაჰმადიანია დღეს ბათუმში, რომ გაკვირვებით იძახის: რა ამბები ყოფილა ქვეყანაზე და მე კი არ ვიცოდიო; ვინც წერა-კითხვა იცის და ქართულ წიგნებს კითხულობს, ან ვინც ძალიან გაერთო ცხოვრებაში, ის ძალიან ეჭვის თვალით უყურებს თავის ხოჯას.

თუ წერა-კითხვა გავრცელდა, მაშინ აქაურები შეიტყობენ თავის წარსულს, აქაურებსაც გაეღვიძებათ ხალისი სწავლისა, ისწავლიან, განვითარდებიან და თავის უმეცარს ხოჯებს ეჭვით დაუწყებენ ყურებას. რაკი ასე წავა საქმე, მაშინ ქართველი მაჰმადიანები შეიგნებენ, რომ ეროვნება სხვა არის და სარწმუნოება სხვა, რომ დღეს ჩვენ ორივე ქართველები ვართ.

...სწავლა, სწავლა. აი, ჩვენის შეერთების წამალი, წამალი ჩვენი ქვეყნის აღდგენისა, რომელსაც „აღმოსავლეთით სპარსეთი სწიწკნიდა, დასავლეთით – ოსმალეთი” და ბევრი ტანჯვა მოგვაყენაო.

ქართველი ხალხისადმი გულწრფელი სიყვარულის გრძნობით აღფრთვანებული მასწავლებელი მოსე ნათაძე სიკვდილამდე სკოლას არ მოშორებია.

1887 წლიდან მოსე ნათაძე ავადმყოფობდა და ადგილის გამოცვლას ითხოვდა, მაგრამ „ქ. შ. წ.-კ. გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობას მისი მუშაობა ბათუმის სკოლაში აუცილებლად მიაჩნდა და ამის გამო მოსე ნათაძე ადგილზევე დარჩა. მოსე ნათაძე გარდაიცვალა თბილისში 1890 წლის დეკემბერში.