‍მიხეილ ნასიძე (1859-1935)

ავტორი: შ. შენგელია
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

nasidze mi70მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე დაიბადა 1859 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში.

1880 წელს 21 წლის ჭაბუკი წარჩინებით (ოქროს მედლით) ამთავრებს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტს. ამ წარმატების გამო იგი დატოვებულ იქნა მასწავლებლად იქვე. მიხეილ ნასიძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 16 წლის განმავლობაში.

მიხეილ ნასიძემ დაუსწრებლად, გამოცდის ჩაბარებით, დაამთავრა აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო ვექილად მუშაობის უფლება და ერთ დროს კიდევაც მუშაობდა ვექილად.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დოს, მიხეილ ნასიძე მუშაობდა სიღნაღის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მასწავლებლად. მასწავლებლობდა წითელწყაროს საკოლმეურნეო სკოლაში და წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლებში, თანამშრომლობდა სიღნაღის გაზეთ „სინათლეში”. ერთ დროს მსახურობდა აგრეთვე სამაზრო სტატბიუროს გამგედ. მან სამსახური მიატოვა, როგორც თვითონ აღნიშნავდა, „ღრმა მოხუცებულობისა გამო”.

მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გარდაიცვალა 1935 წლის 5 აპრილს სიღნაღში, 76 წლის ასაკში.

მიხეილ ნასიძეს მნიშვნელოვანი ამაგი მიუძღვის ჩვენს პერიოდულ პრესაში პედაგოგიური ხასიათის პრობლემების დამუშავებაში. იგი არის ავტორი რამდენიმე დამხმარე წიგნისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ჟურნალ „ივერიის” 1884 წლის მეოთხე (აპრილის) ნომერში მიხეილ ნასიძე ბეჭდავს სკმაოდ ვრცელ სტატიას „პედაგოგიური მოსაზრებანი”; მასში მოცემულია საყმაწვილო ჟურნალ „ნობათის” მეორე და მესამე ნომრის მიმოხილვა. სტატიის შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ „საყმაწვილო ჟურნალი პედაგოგიური საქმეა”, რომ „იგი უნდა შველოდეს მშობლებს და აღმზრდელებს ბავშვების აღზდაში და განათლებაში, სწავლებაში”. მიხეილ ნასიძე მოითხოვს გათვალისწინებულ ინას მკითხველის ასაკი. რომ საბავშვო ჟურნალს ჰქონდეს განყოფილებები: „სულ პატარა ყრმათათვის”, „ბავშვთათვის” და ბოლოს, „მოზარდილ ყრმათათვის”.

ამიტომ მიხეილ ნასიძე წერს: „...არ უნდა იქნას დავიწყებული... პედაგოგიური პრინციპები: ჯერ ადვილი, მერე ძნელი, მერე უძნელესი; ჯერ ის, რაც ახლოა, რასაც იცნობ და შემდეგ შორეული საგნები და მოვლენანი; ჯერ მარტივი და ადვილი ასახსნელი და გასაგები მოვლენა, შემდეგ რთული და ძნელი გასაგები”. ამასთან ერთად მთავარია თემატიკა. ბავშვს, ნორჩ მკითხველს უყვარს მრავალფეროვნება. ამ მხრივ, „ნობათში” „ყველაფერი ვერ არის რიგზე. ის შემოიფარგლა ვიწრო თემატიკური ჩარჩოთი. „ნობათი” ყველა ნომერში ჩიტებზე ლაპარაკობს. ჟურნალი ჩიტების მეტს ვერაფერს ჰხედავს. მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს: „ქართველი ბავშვები მარტო ჩიტებს იჭერენ და აფრენენო”.

სტატიაში აღძრულია ზღაპრის საკითხი. მიხეილ ნასიძე იცავს იმ აზრს, რომ ზღაპარი საჭიროა, „დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობისაა”. აუცილებელია ზღაპარში იყოს ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა, რომ კეთილმა, ბოლს და ბოლოს, აჯობოს ბოროტს, მკითხველის სიმპათია იყოს ჩაგრულისადმი”, სიმართლისადმი. ზღაპარმა უნდა შეგვაყვაროს პატიოსნება... მაგრამ კარგ ზღაპარს არ სჭირდება გაშიფრვა, დასკვნის მიცემა, მორალი თავისთავად ნათელია. მაგალითი: ზღაპრიდან „მელიას ხრიკები” ერთმა გაქნილმა, მაცდურმა მელიამ ბევრი ბოროტმოქმედება, ბევრი უსამართლობა ჩაიდინა. ბევრი გლეხი დასვა თვალცრემლიანი. მაგრამ არ შერჩა ეს. მელია ძაღლების მსხვერპლი ხდება. ტექსტი თავდება, მაგრამ სხვა შრიფტით მიწერილია: „ამნაირი ბოლო აქვს ყოველს გაუმაძღარს, ჯანჯალსა და მოდავე კაცსა”.

– „რა საჭიროა ეს ორგროშიანი დარიგება? – კითხულობს მიხეილ ნასიძე.

პასუხს თვითონვე აძლევს მიმომხილველი: „დასკვნასაც რომ თქვენ ეუბნებით, რაღა დარჩეს ბავშვს მოსაფირებლად, რიღათი ივარჯიშოს მისმა გონებამ?”

მიხეილ ნასიძე „ივერიაში” (1885 წლის №3) დაბეჭდა სტატია „პედაგოგიური მოსაზრებანი ქართული ენის სწავლების შესახებ”. ამ სტატიაში მან გაილაშქრა „მწყემსის” 1885 წლის 22-ე ნომერში დაბეჭდილი ქ. უ-ს წერილის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი აღნიშნავდა: „ძლიერ საჭირო არის, რომ ამ მოკლე ხანში შესდგეს ერთი სახელმძღვანელო წიგნი... ეს წიგნი უნდა იქნეს ან „ქრისტომატია” ან „საქართველოს ლიტერატურის მიმოხილვა”... შემდეგ: „ქრისტომატიის შემდგენელმა არასგზით არ უნდა დაივიწყოს საეკლესიო გრამატიკა, თორემ მის რისტომატიას არც ფასი ექნება და არც მსვლელობა”.

ამის გამო მიხეილ ნასიძე წერდა: „უპირველესად დააკვირდით ამას: ან ქრისტომატია, ან საქართველოს (ალბათ ქართული უნდა ეთქვა) ლიტერატურის მიმოხილვაო”. როგორ შეიძლება აქ ითქვას: ან ის, ან ისაო. განა ეს ორი საგანი ერთი და იგივეა? განა შეიძლება ითვას: ან არითმეტიკა მასწავლეთ ან ალგებრაო?.. ალგებრის შესწავლა უარითმეტიკოდ ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ დაასკვნათ რამე არაფრიდან... ქრისტომატიის საგანი სხვა არის, ლიტერატურის მიმოხილვისა სულ სხვა. ქრისტომატია მხოლოდ გაძლევთ რჩეულ ნაწყვეტებს წარჩინებულ მწერალთა ნაწერებიდან. „მიმოხილვა” კრიტიკაა, დაფასებაა მწერლისა და მისი ღვაწლისა. ვიდრე რაიმეს დაფასებას ეუდგებით, ჯერ უნდა შეისწავლოთ დასაფასებელი საგანი... მაშასადამე, ერთი არის წინმავალი შრომა, მეორე მისი შედეგი. ერთი იძლევა ფაქტებს, მეორე დასკვნას. ახირებულია თქვენმა მზემ, აქ ვთქვათ: ან ერთი ან მეორეო... ჩვენ ეს ცნება „საეკლესიო გრამატიკა” ვერ მოგვინელებია. ჩვენ რაღაც განსაკუთრებული საეკლესიო ენა არა გვაქვს, მაშასადამე, არც გრამატიკა უნდა გვქონდეს. ჩვენი ენა ერთია – ქართული და გრამატიკაც ერთია”.

მიხეილ ნასიძეს მშობლიური ენის შესწავლა მიაჩნია ყველაზე მთავარ ამოცანად. მისი აზრით, ენის შესწავლამ უნდა გაამდიდროს, გაავსოს მოსწავლის სიტყვიერება, მისი ლექსიკონი. მისი მეოხებით მოსწავლეს უნდა შეეძლოს ყოველივე წაკითხულის გაგება სწორედ ისე, როგორც ესმის თვით დამწერს, ავტორს. ეს არ კმარა. იგი კითხვის დროს უნდა აღელდეს იმ გრძნობით, რა გრძნობაც აღელვებდა დამწერს... დასასრულ იგი მოითხოვს: შეიქმნას ქრესტომათიები (კლასების მიხედვით საუკეთესო მწერალთა ნაწარმოებების კრებულის სახით, ასევე დაიბეჭდოს ქართული ენის გრამატიკა და ქართული ლიტერატურის ისტორია.

1885 წლის „ივერიის” 1-ლ ნომერში მოთავსებულია მიხეილ ნასიძის „პედაგოგიური მოსაზრებანი”, განხილულია „არითმეტიკა”, სახელმძღვანელოდ სოფლის მასწავლებელთათვის, შედგენილი მიხეილ ზაალის ძის ყიფიანისაგან. თბილისი, 1884 წ.

ამ რეცენზიაში მიხეილ ნასიძე ბევრ საყურადღებო მოსაზრებას გამოთქვამს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ადგილი, სადაც ლაპარაკია მასწავლებელზე, როგორც მთავარ ფიგურაზე და სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე, მოუმზადებელია, ჩამორჩება კლასი? მიზეზი უნდა ვეძიოთ აღმზრდელში და სახელმძღვანელოშიო. „დადგენილია, რომ, – წერს მიხეილ ნასიძე, – თუ ბავშვს ვერ შევაგინებინეთ რომელიმე საგანი, უეჭველად ან თქვენივე მეთოდია უვარგისი, ან თითონ თქვენ ბრძანდებით მოუმზადებელი ოსტატი და ბავშვი არაფერ შუაშია”. ამ რეცენზიაში საყურადღებოა აგრეთვე მოაზრებანი, რაც დასახელებული სახელმძღვანელოს ენას შეეხება.

1886 წელს „ივერიის” ფურცლებზე დაბეჭდილმა მიხეილ ნასიძის წერილმა „ორი საგრამატიკო საგანი” მკითხველთა ყურადღება მიიპყრო და ცხოველი კამათიც გამოიწვია. იმავე წლის გაზეთ „თეატრის” მე-11 ნომერში გამოქვეყნდა ზაარია ჭიწინაძის წერილი, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია შემდეგი: „ბ-ნი მიხეილ ნასიძე ახალგაზრდა კაცია, მეცადინე ქართულს პედაგოგიურს მწერლობაში და მან თავისი მეცადინეობა არაერთხელ დაამტკიცა თუ ქართულ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებით და თუ შარშან თვისგან გამოცემულის ქართულის ქრესტომათიით. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ბ-ნი ნასიძე მარტო ქრისტომატიით არ დააბოლავებს თავის შრომასა და იგი სხვებსაც ბვრს რასმე გამოსცემს ჩვენს ღარიბს მწერლობაში. ჩვენ უკვე დღეს ისიც შევიტყვეთ, რომ ბ-ნი ნასიძე ქართული სახელმძღვანელო გრამატიკის გამოცემას აპირებსო. ღმერთმა ქნას, რომ ეს ხმა მართალი გამოდგეს და ამ ახალგაზრდა პედაგოგმა თავის დაპირებას არ უმტყუნოს”.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის სტატიები, რომლებიც დაიბეჭდა მიხეილ ნასიძის წერილებთან დაკავშირებით (1886 წლის გაზეთ „ივერიის” №№25, 26). პირველი სტატია იწყება ამგვარად: „ამ დღეებში „ივერიამ” დაბეჭდა ბ-ნ ნასიძის წერილი სათუარით „ორი საგრამატიკო საგანი”, ავტორმა წერილი დააბოლავა განცხადებით, რომ ამ მოკლე ხანში მეც ვაპირეობ ქართული გრამატიკის გამოცემასო”.

იაკობ გოგებაშვილს მოსწონს ნასიძის ეს ნაბიჯი. ამასთან მას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია „საგანში ღრმად ჩაკვირვება”, გონების განვითარება. „გრამატიკა ფილოსოფიაა ენისა, და როგორც მოგეხსენებათ, ყოველგვარი ფილოსოფია ითხოვს კარგ ცოდნას...” იაკობ გოგებაშვილი არჩევს მიხეილ ნასიძის წერილს და აღნიშნავს: „პირველი საგანი, რომელსაც ჩასჭიდებია ბ-ნი ნასიძე, არის რაოდენობა ბრუნვათა”. დიახ, მიხეილ ნასიძე იმ აზრისა იყო, რომ „ქართულ ენას ავსო მხოლოდ ხუთი ბრუნვა”. აბათილებს რა მიხეილ ნასიძის მოსაზრებებს, იაკობ გოგებაშვილი ასკვნის: „გამოდის, რომ ქართულს ენას აქვს არა ოთხი ბრუნვა, როგორც ბრძანებს დიმიტრი ივანეს ძე (ყიფიანი – შ. შ.) არა ხუთი, როგორც ამტკიცებს ბ-ნი ნასიძე, არამედ შვიდი, სახელდობრ: სახელობითი (პატარა კაცი), ნათესაობითი (პატარა კაცისა), მიცემითი (პატარა კაცს), მოთხრობითი (პატარა კაცმა), მოქმედებითი (პატარა კაცით), ცვლილებითი (პატარა კაცად) და წოდებითი (პატარა კაცო)”.

მიხეილ ნასიძე არ დაეთანხმა ამ შენიშვნებს, რამაც გამოიწვია იაკობ გოგებაშვილის „მეორე საგრამატიკო ბაასი”. იაკობ გოგებაშვილი წუხს, რომ ნასიძე „მიმართავს ბანზე სიტყების სროლას”, „წვრილმან ჭინჭყლს”, გადაბრალებას იმისთანა რამეებისა, რომელიც აზრადაც არ მოგვსვლიაო. იაკობ გოგებაშვილი წერს: „რად ჯავრობს და რად გვირისხდება ჩვენი მოკამათე? განა ჩვენ ურიგოდ ვახსენეთ იგი? სრულიადაც არა. ჩვენი წერილი, როგორც მკითხველს მოეხსენება, იყო ობიექტური, საგნებრივი და ბატონის ნასიძის პიროვნებას იოტის ოდენადაც არ შეეხებოდა. სწორედ გითხრათ, არც წადილი და არც განზრახვა გვქონდა შევხებოდით. „სცდება”, „დავიწყებია”, აი, ორი უწყინარი და მართებული სიტყვა, რომელიც ჩვნ ვიხმარეთ და რომელიც ყოვლთვის იხმარება თვით ფრიად დარბაისლურ ბაასშიც”.

ცნობილი პედაგოგი სამართლიანად აღნიშნავს, რომ მისი შენიშვნა ნასიძისათვის სასარგებლო იყო, „რადგანაც დროიანად აფრთხილებდა: თქვენი გრამატიკა ჯერ მკუხეა, შეცდომით არის სასე, კარგად გადაასწორეთ, შეიმუშავეთ, თორემ საზოგადოების წინაშეც შერცხვებით და ხარჯიც ტყუილუბრალოდ ჩაგივლისო”.

რა იწვევს მიხეილ ნასიძის შეცდომებს, რით ხსნის ყველაფერ ამას იაკობ გოგებაშვილი. აი, მისი სიტყვები: „...ასეთივე დაბნევა, ასეთივე მარცხი მოელის ყვლას, ვინც ქართულის ენის შენობის შესწავლისათვის და გრამატიკის შედგენისათვის ქვა-კუთხედად არ დასდებს მის საგრამატიკო ანალიზს, კეთილ-სვინდისიერსა და მრავალ-მხროვანს, და დაიწყებს ნეკერაობასა უცხო ენების მიხედვით”.

გაზეთ „ივერიის” იმავე, 1898 წლის 16 და 17 აპრილის №№ 80, 81-ში გამოქვეყნდა ფელეტონად „მე გახლავარ”-ის სტატია „პრივატ დოცენტი მარი და მისი სამეცნიერო მეთოდი” (მისი პოლემიკის გამო აკაკისთან).

მიხეილ ნასიძე აქ აკაკის მხარეზეა და აკრიტიკებს ნიკო მარის აზრებსა და შეხედულებებს ლიტერატურის საკითხებზე. იგი წერს: „ბატონმა ნ. მარრმა ორი პატარა წერილი დაბეჭდა „ნოვოე ობოზრენიეში” აკაკის წინააღმდეგ. ამ ორ წერილში, აი, რამდენჯერ მოიხსენია თავისი თავი მეცნიერად: „ჩვენ არა გვაქვს არც დრო, არც ხალისი გავებაასოთ ხოლმე იმ პირთ, რომელთაც „ჩვენი მეცნიერება ვერ იცნობსო”, შემდეგ... „თავადს (აკაკის) არა აქვს ამისათვის სჭირო „სამეცნიერო” მომზადება... „ჩვენ უნდა მეცნიერულად დავამტკიცოთ, რომ „ვეფხისტყაოსანი” სპარსულიდან არის ნათარმნი, დედანის შესწავლა ჰბადებს ჩვენში „მეცნიერულს” რწმენას, რომ უეჭველად იგი ნათარგმნია(!)” და სხვა ბევრი ასეთი „მარგალიტია” ბ-ნ მარის „სამეცნიერო” ფელეტონებში, რომლებიც დაიბეჭდა „ნოვოე ობოზრენიეში”. მარის ყველა დებულებას დასაბუთებულად არღვევს მიხეილ ნასიძე.

წერილში „თეატრის მატიანე” მიხეილ ნასიძე „მე გახლავარის” ფსევდონიმით არჩევს გუცკოვის ხუთმოქმედებიანი ტრაგედიის „ურიელ აკოსტას” დადგმას. გარჩეულია წამყვანი არტისტების თამაში. მიხეილ ნასიძე განსაკუთრებით ვრცლად ლაპარაკობს ახალგაზრდა ძალებზე, მოითხოვს ყურადღებას მომავალი თაობისადმი. ეხება ცალკეულ შემსრულებელთ, ახასიათებს მათ ყოველგვარი პირფერობის გარეშე.

აი, ამის ნათელი მაგალითი. მოგვყავს ამონაწერი რეცენზიიდან „ბენ-იოხაი – ბ-ნი ჯაფარიძე. ამ მსახიობის შესახებ უნდა ითქვას, რომ მისი ადგილი სცენა არ არის. ამას ყველა ხედავს. ვერა ჰხედავს მხოლოდ თვით ბ-ნი ჯაფარიძე და, რაც ძალიან საკვირველია, ვერა ჰხედავს ბატონი ალექსი მესხიშვილიც – რეჟისორი. ჩვენ გვჯერა, რომ ბ-ნ ჯაფარიძეს ძალიან უყვარს თეატრი. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად ბევრი რამ როდია საჭირო: ბილეთის ყიდვა და პარტერში დაბრძანება. ხოლო თვით სცენა – საკურთხეველი უნდა იყოს ხელოვნებისა, სადაც შესვლა შეეძლოთ მარტოოდენ „გაწმენდილთ”.

„მე გახლავარ” მაღალ შეფასებას აძლევს მესხიშვილს, გედევანოვს და სხვებს. რეცენზენტი დასასრულ აღნიშნავს: „განგებ სულ ბოლოში მოვაქციეთ პატივცემული არტისტი, რომელმაც შეასრულა დე-სილვას როლი. არტისტი დადიანი ჩვენ ორჯელ ვნახეთ მხოლოდ სცენაზე და ისე მოგვხიბლა თავისი დარბაისელისა და ჭკვიანურის თამაშით, რომ გვეშინიან გარდამეტებული ქება-დიდება არ შევასხათ. მკაფიო და სასიამოვნოა მისი ქართული, დარბაისელი და მიმზიდველი თავის დაჭერა სცენაზედ, მოხერხებული და ყოველთვის ზომიერი მიხვრა-მოხვრა, ყოველივე ეს ჰხიბლავს მაყურებელს. ეს ისეთი არტისტია, რომლის შესახებაც სავსებით ითქმის: ეს ემსახურება „დიდის ღმერთის საკურთხეველს”.

ამ რეცენზიიდან ჩანს, რომ მიხეილ ნასიძე კარგად იცნობს თეატრალურ ცხოვრებას, იცის ის საკითხი, რაზედაც წერს.

მიხეილ ნასიძე არის ცალკე ბროშურების ავტორი ჩვენი კლასიკოსების შესახებ. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი „ილია ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი”, „დავით გურამიშვილი”. ეს უკანასკნელი წარმოადგენს კრებულს, რომელშიაც გარჩეულია დავით გურამიშვილის შემოქმედება და გადმოცემულია მისი ბიოგრაფია. კრებულში შეტანილია რჩეული ადგილები „დავითიანიდან”, შერჩეული ახალგაზრდებისათვის”, ძნელი სიტყვების განმარტებით.

მიხეილ ნასიძის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ქართველი მწერლები, სახელმძღვანელო წიგნი ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისათვის”. ამ წიგნის მნიშვნელობის შესახებ შემდეგი მოსაზრება არის გამოთქმული ჟურნალ „მწყემსში”: „ჩვენი აზრით, ასეთი წიგნები ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხისათვის... იმედია, ბ-ნი ნასიძე დაუმტკიცებს საზოგადოებას, რომ ჩვენში ერთ პირს გარდა მოიძებნებიან ისეთი პირნი, რომელთაც სახელმძღვანელო წიგნების შედგენა შეუძლიათ”.

ბიბლიოგრაფიული ცნობები მიხეილ ნასიძის შრომებზე და სტატიებზე (ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით)

მ. ნასიძე, პედაგოგიური მოსაზრებანი, „ივერია”, 1884, № 4, გვ. 68-90.

მ. ნასიძე, პედაგოგიური მოსაზრებანი ქართული ენის სწავლების შესახებ, ჟურნალი „მწყემსი”, 1884, № 22.

მ. ნასიძის ჩაწერილი ხალხური ზღაპარები: „ბერიკაცი და დევი” (ხალხური ზღაპარი), „ნობათი”, 1885, № 1, გვ. 21-22; სამნი ძმანი”, „ნობათი”, 1884, № 7, გვ. 8-9, 353-356.

მ. ნასიძე, ქართული ქსრეტომატია უმცროსი კლასებისათვის, თბილისი, „ივერია”, 1885, № 7, გვ. 121; № 9, გვ. 119; №10, გვ. 140.

მ. ნასიძე, პედაგოგიური მოსაზრებანი, რეცნზია „არითმეტიკა” – სახელმძღვანელოს სოფლის მასწავლებლებისათვის, შედგენილი მ. ზ. ყიფიანისაგან, „ივერია”, 1885, № 1, გვ. 69-88.

მ. ნასიძე, ქართული სახელმძღვანელო, „მწყემსი”, 1887, № 21, გვ. 13-16.

მ. ნასიძე, ვახტანგ მეექვსე, თბილისი, გრ. ჩარკვიანის სტამბა, 1887, გვ. 54.

ზ. ჭიჭინაძე, ორი საგრამატიკო შენიშვნის გამო (მ. ნასიძის წერილები ქართული გრამატიკის შესახებ, „თეატრი”, 1886,№ 11, გვ. 117-119.

მ. ნასიძე, ფელეტონი „ცხოვრება და მწერლობა”, „ივრია”, 1898, № 48.

მე გახლავარ (ნასიძე მიხეილ), ილია ჭავჭავაძე – ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი. წერილი პირველი, თბილისი, „ცნობის ფურცლის” სტამბა, 1898, გვ. 48.

მ. ნასიძე, დავით გურამიშვილი, წინასიტყვაობა, ბიოგრაფია, რჩეული ლექსები. ძნელი სიტყვები განამრტებით და ისტორიული შენიშვნებით, 1887.

მ. ნასიძე, საბა-სულხან ორბელიანი. 1. წინასიტყვაობა, 2. ბიოგრაფია, 3. რჩეული ლექსები. ძნელი სიტყვების განმარტებით, 1886.