‍ალექსანდრე ნანეიშვილი (1857-1904)

ავტორი: გივი ნიორაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0122 naneალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი დაიბადა 1857 წელს ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფელ ორპირში. საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, სადაც იგი ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში, საიდანაც კურსის დაუმთავრებლად იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ეს უნდა მომხდარიყო 1880 წლისთვის.

სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე ნანეიშვილი აქტიურად ებმება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მუშაობაში და მშობლიური ხალხისადმი სამსახური პედაგოგიური მოღვაწეობით დაიწყო.

1878 წლის ივლისის შემდეგ თურქეთის ბატონობისაგან გამოხსნილი აჭარლები, რომელთაც მშობლიური ქართული ენა და ბევრი მამა-პაპური ადათ-წესი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ, დახმარებას ითხოვდნენ დედა-სამშობლოსაგან. მოწინავე ქართველმა ინტელიგენციამ მწვავედ დააყენა საკითხი ქართული სიტყვისა და ქართული კულტურის აღდგენის შესახებ აჭარაში.

ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დიდი მედროშე – ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ 1879 წლის აპრილში წერდა: „თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულს მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი ჰქონდათ, ეხლა უნდა გაუმართოთ ხელი ამ ახლად დაბადებულს საზოგადოებას და ვალად დავსდოთ, რომ აჭარასა და ქობულეთში რაც შეიძლება მომენტებული შკოლები გაიმართოს. ეს შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზედ მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ-ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ, იმათ ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა”.

ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია სკოლების გახსნის საქმეს თურქეთიაგან გამოხსნილ აჭარაში. ამიტომ სავსებით გასაგებია ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც გამოიჩინა ახლად აარსებულმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” აჭარაში ქართული სკოლის გახსნისადმი.

აჭარელი ახალგაზრდობისათვის ქართული სკოლის გახსნის საკითხის პრაქტიკულ გადაწყვეტას „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობა 1880 წლიდან შეუდგა. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძისა და სხვა ქარველ მოღვაწეთა დაუღალავი შრომის შედეგად გადაწყდა ბათუმში ქართული სკოლის გახსნის საკითხი. ამ სკოლის მასწავლებლად საზოგადოებამ მოწვია სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ყოფილი სტუდენტი ალექსანდრე ნანეიშვილი.

ბათუმში ჩასული მასწავლებელი ყოველგვარ ზომას მიმართავს იმისათვის, რომ დროულად შეასრულოს გამგეობისაგან მიღებული დავალება სკოლის გახსნის შესახებ. 1880 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე დეპეშას უგზავნის ალექსანდრე ნანეიშვილს და ავალებს მას დაჩქარებით აცნობოს, როდის იქნება სკოლა მზად. ალექსანდრე ნანეიშვილი ჯერ დეპეშას უგზავნის და შემდეგ წერილით აცნობებს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, რომ სკოლის გახსნა დაგვიანდა, რადგან არ მქონდა სკოლის პროგრამა სამხედრო გუბერნატორ კომაროვისთვისო. ეს უკანასკნელი მოითხოვს რუსული ენის სწავლების პირველი განყოფილებიდანვე ქართულის პარალელურად: „უპროგრამოდ რომ დამეწყო, კომაროვი იმდენად უგუნურია, რომ შკოლას უსათუოდ დამიხურავდა”.

ამავე წერილში ალექსანდრე ნანეიშვილი ატყობინებს ილიას, რომ სკოლა მზად არის და სთხოვს მას, ჩავიდეს ბათუმში 25 ან 26 თებერვლისათვის. გამგეობას სკოლის გახსნის ეს თარიღი არ მიუღია და ილია ალექსანდრეს დეპეშით ატყობინებს, რომ სკოლის გახსნის დღეს ჩვენ დავნიშნავთ და გაცნობებთო.

როგორც ჟურნალი „ივერია” იტყობინება, „ბათუმის სკოლა გამართა საზოგადოების მმართველობამ 23 მარტს 1881 წელს და ამ სკოლის პირველი გამგე-მასწავლებელი იყო 24 წლის ახალგაზრდა, ხალხოსნური იდეებით გატაცებული, პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ყოფილი სტუდენტი ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი, რომელმაც თვით მიიღო მხურვალე მონაწილეობა ბათუმის ქართული დაწყებითი სკოლის დაარსებაში.

ბათუმის სკოლაში ალექსანდრე ნანეიშვილს უხდებოდა სწავლება ყველა საგნისა, როგორც პირველ განყოფილებაში (პირველ წელს), ისე მეორე განყოფილებაშიც (მეორე წელს). კერძოდ, ასწავლიდა ქართულ ენას, არითმეტიკას, საღვთო სჯულსა და სუფთა წერას.

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და ალექსანდრე ნანეიშვილის ენერგიული მუშაობის შედეგად სწავლება ახლადგახსნილ ბათუმის სკოლაში დამაკმაყოფილელად იყო დაყენებული. 1881 წლის 12 სექტემბერს, ბათუმის სკოლა ინახულა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა პ. კ. იანოვსკიმ და ქუთაისს გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა ორლოვმა, რომლებსაც, პირველ რიგში, აინტერესებდათ ახალგახსნილი საქალაქო სასწავლებელი. როგორც ჩანს, „წერა-კითხვის საზოგადოების” სკოლაში” მათ ვიზიტს არა სარევიზიო, არამედ გაცნობითი ხასიათი უნდა ჰქონოდა.

ბათუმის სკოლაში წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ალექსანდრე ნანეიშვილი, 1882 წლის 15 ივლისს განთავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან. ამ პერიოდიდან და შემდეგაც იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ „იმედში”, აგრეთვე „ივერიაში”, გაზეთ „დროებაში”, ჟურნალ „მოამბეში”, გაზეთ „ნოვოე ობოზარენიესა” და სხვ.

ალექსანდრე ნანეიშვილი, როგორც ხალხოსანი, აქტიურად ეხმაურებოდა მრავალ საჭირბოროტო პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საკითხს. 1884 წელს სხვა ქართველ ხალხოსნებთან ერთად იგი ციმბირში აგდაასახლეს და იმყოფებოდა სეიპალატინსკში. 1887 წელს ის კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და განაგრძო პუბლიცისტურ-ლიტერატურული მოღვაწეობა.

განუკურნებელი სენით დაავადებული ალექსანდრე ნანეიშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 25 აგვისტოს.

მის კალამს ეკუთვნის მრავალი წერილი სხვადასხვა საჭირბოროტო რთულ საკითხზე. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წერილებს ქართული ენისა და სწავლა-განათლების შესახებ. ამ წერილებში ალექსანდრე ნანეიშვილი ძირითადად ავითარებს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელთა – ილიასა და აკაკის, აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის შეხედულებებს.

კერძოდ, ალექსანდრე ნანეიშვილი თავისი პედაგოგიური ხასიათის წერილებში ეხება მშობლიური ენის სწავლების აუცილებლობას, ზოგად-საგანმანათლებლო სწავლების ხვედრითი წონის გაზრდას სკოლაში, მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის საჭიროებას, უმაღლესი განათლების მდგომარეობას, ქალთა სწავლა-განათლების საკითხებს, საბუნებისმეყველო დისციპლინების შემოღებას სკოლაში და სხვ.

ალექსანდრე ნანეიშვილი „ივერიაში” ათავსებს მეთაურ წერილს, რომელშიც ეხება მშობლიური ენის სწავლების აუცილებლობას საქართველოს სკოლებში. ავტორის რწმენით, „სამშობლო ენა ქვა-კუთხედია სწავლა-განათლებისა და წარმატებისა”. მშობლიური ენის ცოდნა არის პირობა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სამსახურისათვის.

ალექსანდრე ნანეიშვილი გარკვეულად რეალური განათლების მომხრე და მისი დამცველი იყო. იგი საერო განათლების გაძლიერებას მოითხოვდა სამრევლო სკოლებშიც. ერთ-ერთ თავის წერილში ალექსანდრე ნანეიშვილი სპეციალურად შეეხო ამ საკითხს და მოწინავე მოსაზრება გამოთქვა. მისი აზრით, ე. წ. სამრევლო სკოლები, სადაც სადაც სასულეირო განათლებას მთავარი ადგილი ეჭირა, არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ საეკლესიო სკოლები, არამედ მათში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადი სწავლა-განათლების საქმესაც.

ალექსანდრე ნანეიშვილი მოწინავე პედაგოგების შეხედულებათა მიხედვით წინააღმდეგია, რომ გიმნაზიებში ახალგაზრდა ყმაწვილებს თავს უბრუებენ ლათინურისა და ბერძნულის ენის სწავლებით და სრულებით არ ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს. ამავე დროს „საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება რომ ალთინურსა და ბერძნულ ენებზე უფრო გამოსადეგია ადამიანის გრძნობა-გონების სავარჯიშოდ, საწვრთნელად, ამაში ეჭვი არ არის”.

თავისებურ შეხედულებას ავითარებდა ალექსანდრე ნანეიშვილი ქალთა განათლების შესახებაც. ერთ-ერთ თავის მეთაურ წერილში იგი შეეხო ქართველ მოზარდ ქალთა სწავლა-განათლების საკითხს. ავტორი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ქუთაისში გაიხსნა უფასო სკოლა, სადაც იზრდებიან და სწავლობენ ღარიბ ქუთათურთა პატარა ქალები.

ალექსანდრე ნანეიშვილის აზრით, იმის გამო, რომ ქალები სათანდო განათლებას ვერ იღებენ, „ჩვენი ოჯახი მოუვლელი და ნივთიერად დაცემუილა, ჩვენი ყმაწვილები ჯეროვნად გაწვრთნილი და მომზადებული არ არიან და ამას რამდენი უბედურობა მოსდევს, ვინ მოსთვლის”.

რევოლუციამდელი საკოლის ერთ-ერთ ძირითად ნაკლს ისიც შეადგენდა, რომ ის თითქმის უყურადღებოდ ტოვებდა მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის საკითხებს. მაშინდელ სკოლაში მოსწავლეს ტვირთავდნენ გონებრივი მუშაობით, მაგრამ არავინ ზრუნავდა მის ფიზიკურ ჯანსაღობაზე; ამასთან ცნობილია, რომ პედაგოგიკაში თანდათან იკაფავდა გზას შეხედულება მოსწავლეთა ჰარმონიული აღზრდა-განვითარების შესახებ.

ძველი სკოლა რომ მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდას უყურადღებოდ ექცეოდა, ეს იწვევდა მოზრდის ორგანიზმის დაუძლურებას. ალექსანდრე ნანეიშვილი ამ მდგომარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა ის ფაქტი, რომ „სკოლის დღევანდელი ვითარება აუძლურებს მოზარდის ყმაწვილის სულსა და ხორცს, რადგან სისტემა სწავლებისა არ შეჰფერის ყმაწვილის გონების ძალასა და აგებულებას”.

ზემოგანხილულ საკითხებთან ერთად ალექსანდრე ნანეიშვილი თავის წერილებში შეეხო აგრეთვე მასწავლებელთა, კერძოდ, სოფლის მასწავლებელთა მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და მისი სავსებით რეალური სურათი დაგვიხატა. რევოლუციამდელ სოფელში მასწავლებლის აუტანელი უფლებრივ-მატერიალური მდგომარეობა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ყურადღებისა და ზრუნვის საგანს წარმოადგენდა, რადგან სოფლის მასწავლებელი – სახალხო მასწავლებელი იყო პირველი მებრძოლი და პროპაგანდისტი მშობლიური ენისა და კულტურისა.

ალექსანდრე ნანეიშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სტატია პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე.