‍ვლადიმერ ნაჭყებია (1873-1950)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

nachkepia vladimerვლადიმერ ნაჭყებიას მისწრაფება და სულიერი განწყობილება, ეროვნული შეგნება, ხალხის სამსახურით გატაცება და მუდამ საქველმოქმედოდ განწყობილი სურვილები მისი არსების ძირითადი თვისება იყო. მისი გარეგნობაც კი ამჟღავნებდა ზოგიერთ ამ თვისებას: მარად მომღიმარი, თავაზიანი, ზრდილობიანი, მხიარული, მუდამ მის საყვარელ ტანისამოსში – ჩოხაში სადად ჩაცმული, იგი ყოველთვის სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებდა.

ვლადიმერ ბეჟანის ძე ნაჭყებია დაიბადა 1873 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თავის სოფელში. 1885-89 წლებში სწავლობდა ძველი სენაკის ქართულ სკოლაში, რომელიც მაშინ ერთადერთი ახალი ტიპის სკოლა იყო სამეგრელოში.

ამ სკოლის სრული კურსის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ნაჭყებია ქუთაისის ქართულ სკოლაში ჩაირიცხა. ნიჭიერი ვლადიმერი დაეწაფა სწავლას, მაგრამ მას ამ გიმნაზიის კურსის დასრულბა არ დასცალდა – მამა გარდაეცვალა და მრავალწევრიანი ოჯახი უმწეოდ დარჩა. ცხადია, ვლადიმერი ოჯახს უნდა მიშველებოდა. ისიც ბედს დამორჩილდა, თავის სოფელში დარჩა, ოჯახურთან ერთად საზოგადოებრივ საქმეებშიც ჩაება და ამგვარად, საზოგადო და სახალხო განათლების ასპარეზზე ადრე გამოვიდა. ვლადიმერ ნაჭყებია ეროვნულად გათვითცნობიერებული ჩაება ხალხის სამსახურში. მას, ერთადერთს ხეთასი, 90-იანი წლებიდან გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა პროგრესული ხასიათის ქართული ჟურნალ-გაზეთი („ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „მოამბე”, „კვალი”, „სახალხო გაზეთი” და სხვ.) და ცდილობდა, ხალხშიც გაევრცელებინა. მისი სიიყრმის მეგობრის, ცნობილი მწერლისა და პედაგოგის იპოლიტე ვართაგავას გადმოცემით, ვლადიმერს, როგორც ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების მოტრფიალეს, კარგა მოზრდილი ბიბლიოთეკა ჰონდა, ყველა ჟურნალისა და გაზეთის ნომერს უკლებლივ კინძავდა, ინახავდა და მისთვის ერთი ოთახიც კი ჰქონდა მიჩენილი.

ქუთაისიდან დაბრუნბულმა ახალგაზრდამ თან ქართული სცენის დიდი სიყვარული ჩამოიტანა, მოიწადინა ხეთაშიც გაემართა წარმოდგენები, რაც მაშინ იშვიათი მოვლენა იყო ამ მხარეში, სადაც რუსიფიკატორებსა და ცარიზმის აგენტურას საკმაოდ ჰქონდა ფეხი მოკიდებული.

ვლადიმერი ამ გარემოებას არ შეუშინდა და ენერგიულად შეუდგა დრამატული წრის ჩამოყალიბებას. მან ამ საქმეში, გარდა მასწავლებლებისა, სოფლის მთელი კულტურული ძალები ჩააბა, მათ შორის ქალებიც, რომელთა სცენაზე გაოსვლ მაშინ დიდ აუგად ითვლებოდა. ამ წრემ 1894 წელს გამართა პირველი წარმოდგენა სოფელ ხეთაში. წარმოდგენამ მეტად დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ვლადიმერის ამგვარ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. ისიც გამხნევდ და სისტემატურად მართავდა სპექტაკლებს არა მარტო ხეთაში, არამედ სამაზრო ქალაქ ზუგდიდსა და მეზობელ სოფლებშიც (ცაიში, ხობი, ხორგა, ანაკლია და სხვ.). მან შეუპოვრად და ენერგიულად განაგრძო ბრძოლა ზუგდიდის მაზრაში ქართული წარმოდგენების დამკვიდრებისათვის, რასაც მშრომელ ხალხში შეჰქონდა გათვითცნობიერება, რევოლუციური განწყობილება და ქართული კულტურის სიყვარული.

ვლადიმერ ნაჭყებია სპექტაკლების გარდა კნცერტებსაც ხშირად მართავდა. იგი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას მიერ გაწვრთნილი, საუკეთესო ოსტატი იყოხალხური სიმღერებისა. თვითონაც ადგენდა მომღერალთა გუნდებს და საღამოებს ატარებდა ახლომახლო სოფლებში. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს საღამო-წარმოდგენა და კონცერტი, რომელთაც ვლადიმერი მართავდა ან უფასო იყო, ან მხოლოდ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვლადიმერის სასცენო მუშაობას ფართო გასაქანი მიეცა: დრამატულიწრე გაძლიერდა, დადგმები გახშირდა, შემოსავალი გაიზარდა და თანხებიც საგრნობი დაგროვდა. იგი უკვე თეატრისათვის საკუთარი შენობის აგებაზე ოცნებობდა. ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ორგანიზაციების დახმარებითა და მოსახლეობის მხარდაჭერით ვლადიმერმა ეს ოცნება სინადვილედ აქცია. 1926 წელს საძირკველი ჩაეყრა საშა გეგეჭკორის სახელობის ხეთის თეატრის იმ საკმაოდ მოზრდილ შენობას, რომელიც ამჟამად მთელი სოფლის მშვენება და კულტურის კერაა.

ვლადიმერ ნაჭყებია საუკეთესო პედაგოგი იყო. იგი ასწალვიდა მხოლოდ დაწყებით კლასებში, სადაც მუდამ სამაგალითოდ ჰქონდა დაყენებული დისციპლინა და სწავლების საქმე.

1922-23 წლებში ვლადიმერს განუზრახავს ხეთაში საშუალო სკოლის გახსნა. ამ საქმისადმი სკეპტიკურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილი და ხალხიც დაუყოლიებია, თუ შესაფერ შენობას ავაგებთ და ისიც, რაც შეიძლება ჩქარა, მაშინ ცხრაწლედს მოგვცემენო. სიტყვა საქმედ აქცია. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დახმარებით 1928-29 სასწავლო წლისათვის შენობა მზად იყო. საჭირო გახდა შესაფერი გამგის გამონახვა, რომლის ავტორიტეტით შესაძლებელი იქნებოდა ამ სკოლის განმტკიცება და მისთვის შესაფერი ეკონომიკური ბაზის შექმნა. გამჭრიახმა ვლადიმერმა ესეც მალე მოაგვარრა. მან ხეთის საზოგადოების საუკეთესო წევრთაგან შეადგინა დელეგაცია და მისი ხელმძღვანელობით იპოლიტე ვართაგავასთან მივიდა თხოვნით – ცოტა ხნით ემუშავა ხეთის ცხრაწლედის გამგედ და დედაქალაქიდან საცხოვრებლად ხეთაში გადასლიყო, რომ მხოლოდ ამგვარი გამოჩენილი მოღვაწისა და გამოცდილი პედაგოგის გამგედ მოწვევის შემდეგ შეიძლებოდა საქართველოს სსრ განათლების კომისარიატი დათანხმებულიყო ამ ცხრაწლედის გახსნას. იპოლიტე დათანხმდა და სათავეში ჩაუდგა ხეთის საშუალო სკოლას. 1924 წელს ადგილობრივმა პარტიულმა, საბჭოთა და პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა ვლადიმერ ნაჭყებიას პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავი გადაუადეს.

1938 წელს ვლადიმერმა ხეთაში ჩამოაყალიბა მომღერალთა რაიონული გუნდი, რომელმაც ფართო მასებისა და ხელისუფლების ყურადღება დაიმსახურა. უკანასკნელ ხანებში იგი ამ გუნდის საბოლოოდ დახვეწის, სიმღერების შემუშავებისა და მისი რეპერტუარის გამდიდრებით იყო გართული. ამავე დროს მისი უანგარო შრომით აგებულ თეატტრს დასტრიალებდა, რომ მასწავლებელი ახალი ძალები ჩაება, საბჭოთა სინამდვილისათვის შესაფერი წარმოდგენები გაემარა და კოლმეურნეთა კულტურულ მომსახურებაშიც თავისი წვლილი შეეტანა.

მხცოვანი მოღვაწე არც სამამულო ომის პერიოდში ისვენებდა. იგი სასკოლო მუშაობიდან თავისუფალი, პენსიონერი, აქტიურად მუშაობდა კულტსაგანმანათლებლო ფრონტზე, როგორც კლუბისა და თეატრის გამგე, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მზრუნველი.

ვლადიმერ ნაჭყებია გარდაიცვალა 1950 ლის 21 თებერვალს.