‍პეტრე მირიანაშვილი (1860-1949)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

mirianashvili pe74პეტრე მირიანაშვილი მრავალფეროვანი მოღვაწე იყო, დაუღალავი ენერგიისა და მტკიცე ნებისყოფის პატრონი, ჟურნალისტი და მკვლევარი, ლინგვისტი და ისტორიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და უბადლო მთარგმნელი, პირველ რიგში კი, პედაგოგი – სახალხო განათლების მებრძოლი. მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ენერგიულად იდგა იგი ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე.

ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვათა მიერ გაშლილ დიდ ბრძოლაში პეტრე მირიანაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ვინც ამ მხრივ, მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე ქართულ პერიოდულ პრესას და საერთოდ ქართულ ლიტერატურას გაეცნობა, ის გვერდს ვერ აუვლის ისეთ მოღვაწეებს, როგორიც იყვნენ: სილოვან ხუნდაძე, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, პეტრე ჭარაია, პეტრე მირიანაშვილი და სხვა მრავალნი, რომელთა ღვაწლითა და მადლიანი შრომით საგრძნობლად შემაგრებული და განმტკიცებულია საფუძველი ახალი ქართული ლიტერატურისა და სწორმეტყველებისა.

პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში 1860 წლის 21 თებერვალს (ძვ. სტ.). საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1882 წელს პეტრე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ აქ დიდხანს ვერ დაჰყო. იმ დროს უნივერსიტეტში და საერთოდ, ალექსანდრე II-ის მკვლელობის გამო პეტერბურგში გამეფებულმა მძვინვარე რეაქციამ, ალექსანდრე II-სი რეჟიმის სუსხმა და ისიც განსაკუთრებით „ინოროდცელი” სტუდენტებისადი მიმართულმა, პეტრე მირიანაშვილი აიძულა ადრევე დაეტოვებინა პეტერბურგის უნივერსიტეტი.

1884 წლის შემოდგომისათვის, მიუხედავად ხელმოკლეობისა, პეტრემ მოახერხა პარიზში გამგზავრებ. პეტრე სორბონის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაერიცხა. აქ ის ისმენდა ისეთი გამოჩენილი მეცნიერებისა და პროფესორების ლექციებს, როგორიც იყვნენ იმ ხანებში რამბო, რენანი, ფლამარიონი, ლეტურნო, დეშანელი და სხვ.

ცოდნითა და შთაბეჭდილებებებით დატვირთული 26 წლის ჭაბუკი პეტრე მირიანაშვილი 1886 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თავიდანვე ხალხის სამსახურით გატაცებულმა მან თავისი სიმპათიური მიზნების განსახორციელებლად მასწავლებლობა აირჩია. ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდა ქართულსა და ფრანგულ ენებს ქუთაისისა და თბილისის გიმნაზიებში, შემდეგ საცხოვრებლად საბოლოოდ თბილისში დაბინდავდა და აქ ჩაება საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობაში.

კალამი პეტრე მირიანაშვილმა ჯერ კიდევ გიმნაზიელობის დროს, 1880 წელს აიღო. ამას მოჰყვა მისი მეორე, იმ დროისათვის უთუოდ გაბედული და საგულისხმო წერილი სათაურით „ჩვენი ქართველი კათოლიკობა”. ამ წერილში პეტრე მირიანაშვილი სასტიკად ილაშქრებს კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი დოგმატისა და მათი გამავრცელებელი მატყუარა პატრების წინააღმდეგ, რომელთა ჩაგონებით ყველა ეროვნების კათოლიკე თავისთავს ფრანგად აღიარებდა.

პეტერბურგის პერიოდის მისი კორესპონდენციებიდან აღსანიშნავია წერილი, რომელშიც მიმოხილულია ალექსანდრე ცაგარელის ნაყოფიერი შრომა, მისი სამეცნიერო ღვაწლი და უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები ქართულ ლიტერატურაზე, რომელიც, პეტრე მირიანაშვილის ცნობით”, ოტხ პერიოდად ჰქონია დაყოფილი სახლეოვან პროფესორს: I. უძველესი პერიოდი, IV-XI საუკუნეები, II. ძველი ან კლასიკური, XIII საუკუნემდე, III. ახალი, XIII-XVIII საუკუნეები და IV. უახლოესი, XIX საუკუნე. რაც შეეხება იმას, დაასკვნის წერილის ავტორი, არსებობდა თუ არა ჩვენში ლიტერატურა ახალ ერამდე, ეს არქეოლოგიური ძიებით უნდა დამტკიცდესო. რაკი გადმოცემა მოგვეპოვება, რომ ფარნაოზ მეფის დროს ანბანი და წიგნი არსებულა, შესაძლებელია, არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა რაიმე საყურადღებოს აღმოჩენებით ეს გადმოცემა დაადასტუროსო.

მუდამ აქტიური პეტრე მირიანაშვილი პეტერბურგიდან მოწერილ თავის სტატიებში მრავალ საგულისხმო ცნობას აწვდის ქართველ მკითხველებს „დროების” ფურცლებიდან. გაზეთის მაშინდელი რედაქტორი სერგეი მესხი და შემდეგ ივანე მაჩაბელი სიამოვნებით უთმობენ ადგილს პეტრეს ხალისიან და პატრიოტული გრძნობით გაჟღენთილ წერილებს. ერთ-ერთ წერილში ის აწვდის ქართველ მკითხველს ცნობებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთოდ მეცნიერებაში, კერძოდ, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის გარშემო. მაგალითად,&ნბსპ; „თუ რამდენად მიიქცია ჩვენმა ძველმა ხელნაწერებმა ევროპელ მეცნიერთა ყურადღება. ეს იქიდან ჩანს, რომ შარშან ზაფხულს პარიზელი ორიენტალისტეიბ ოფიციალურად ითხოვდნენ აქაურ პალესტინის საზოგადოებისაგან სამეცნიერო აკადემიის საშუალებით პეტრე ქართველის ბიოგრაფიის პირს. თუ მოგეხსენებათ, რომ ეს პეტრე ქართველი იყო მათუნის ეპისკოპოსი და ქართველთა მეფის ვარაზ ბაკურის ძე, მის ბიოგრაფიაში, რომელიც სირიულიდან არის თარგმნილი, ზემოხსენებული ორიენტალისტები ბევრს იმისთანა ცნობებს ჰპოებენ, რომელნიც ზოგიერთ ისტორიულ ფაქტებს ნათელსა ჰფენენ”.

იქედანვე პეტრე მირიანშვილი მკითხველს ატყობინებს, რომ ბერლინის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორის დვით ჩუბინოვისთვის უთხოვია ვახტანგ მეფის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი, რომ სომხებს უთარგმნიათ „ქართლის ცხოვრება”, რომ ი. ოქრომჭედლიშვილი აპირებს ქართული წიგნების გამოცემას და ა. შ.

სტუდენტი პეტრე მირიანაშვილი უკვე გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტებს შორის ატეხილ პოლემიკასა და კამათშიც ებმება ხოლმე. მან მონაწილეობა მიიღო როგორც სტუდენტმა 1883 წელს გრიგლ ყიფშიძეს, პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე ნანეიშვილს შორის გამართულ კამათში.

პეერბურგში მყოფ პეტრე მირიანაშვილს არც ქუთათური გაზეთი „შრომისათვის” მოუკლია მრავალფეროვანი კორესპოდენციები. მაგალითად,&ნბსპ; 1883 წლის „შრომის” ნომრებში დაბეჭილ მის წერილთა შორის აღსანიშნავია „პეტერბურგის მოსწავლე ქართველი სტუდენტობის დახასიათება” (№3), „სომხები საქართველოში” (№9), უჩინარი თვალსაჩინო” (№17), რომელიც ეხება სახალხო განათლების გავრცელებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ამ ორი ნაწილის ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებას.

პეტრე მირიანაშვილი პარიზიდანაც ცხოველ მონაწილეობას ღებულობს ქართულ პრესაში. პარიზიდან გამოგზავნილ და „დროებასთან” და „ივერიაში” დაბეჭდილ სტატიებს შორის მეტად საყურადღებოა მისი „ვიქტორ ჰიუგო”. პეტრე მირიანაშვილი პირადად „დასწრებია ერის საამაყყო მწერლის გასვენბის გრანდიოზულ პროცესიას”. წერილში საკმაოდ ვრცლად არის გაშუქებული ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედება. რედაქტორმა ივანე მაჩაბელმა ამ ვრცელ ნარკვევს ვრცელი ადგილიც დაუთმო თავის გაზეთში. ამავე პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე მისი საგულისხმო სტატიები „არიელ ენათა ჯგუფი და ქართული ენა”, „ბაბელის შენობა ჩვენი ენის ფორმების ხმარებაში”, „უცხო სიმღერების გავრცელების გამო” და სხვა მრავალი, როელთა უმეტესობა საზოგადოების ყურადღებას იმსახურებდა.

პეტრე მირიანაშვილის წერილები, სხვადასხვა ხასიათის ნარკვევები, გამოკვლევები და პოლემიკური სტატიები, „პ. მ.”, „პეტრე მირიანაშვილის”, „კლდიას” და „მოგზაურის” ხელმოწერით, დაბეჭდილია ისეთ ქართულ ორგანოებში, როგორც თავის დროზე იყო „დროება”, „ივერია”, „მწყემსი”, „შრომა”, „სახალხო გაზეთი”, „სახალხო საქმე”, „მოამბე”, „თემი”, „ცნობის ფურცელი”, „თეატრი”, „თეატრი და ცხოვრება”, „ჯეჯილი”, „ნაკადული”, „ტრიბუნა”, „ფასკუნჯი”, „ლომისი” და სხვა. მისი ამგვარი ხასიათის მარტო წერილები, თარგმანების გამოკლებით, ერთად რომ შეიკრიბოს, ალბათ, რამდენიმე ტომს შეადგენს.

1900 წელს პეტრე მირიანაშვილი, უკვე საკმაოდ დამსახურებული პედაგოგი და ცნობილი ჟურნალისტი, არჩეულ იქნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის მდივნად, ნაცვლად ალექსანდრე მიქაბერიძისა, რომელმაც თავი დაანება ამ თანამდებობას გადაღლილობის გამო. პეტრე, რომელიც გატაცებული იყო აღნიშნული საზოგადოების საგანმანათლებლო საქმიანობით, წლების მანძილზე ემსახურა მას.

1901 წელს გაზეთ „ივერიაში” „კლდიას” ფსევდონიმით ათ განყოფილებად დაბეჭდა ნარკვევი: „ცხოვრების გამოძახილი”. ნარკვევის პირველ განყოფილებაში „როგორ ვეწევით მწერლობას” ავტორი ბევრი ნაკლოვანების მამხილებელია ქარველი საზოგადოების ცხოვრებიდან; მისი აზრით, ამ ნაკლთა გამოსწორება აუცილებელია და შესაძლებელიც, თუკი საზოგადოება და მისი მწერლობა ჯეროვან დონეზე იდგომება. „მწერლობა დიდი ძალაა, – წერს ნარკვევის ავტორი, – თუ მისი წარმომადგენელი ერის ნამდვილი მოძღვარია, მის გავლილ და აწმყო ცხოვრებასთან სულიერად დაკავშირებული, მოკლედ რომ ვთქვათ, მისი ნამდვილი შვილია. ერი და მის მწერალი მხოლოდ მაშინ იცნობენ ერთმანეთის გულს, მხოლოდ მაშინ აღორძინდება მათ შორის საერთო მოქმედება, თორემ ზერელე მწერლობა, ერის თავგადასავლის უმეცარი, ხოლო აწმყო ცხოვრების ალღოაუღებელი და მწერლისაგან მარტოოდენ თავის გამოსაჩენად გამოხოხორიკებული, ერთი მეცა ვჰსთქვაო, საქმეს წინ ვერ წასწევს და მის უკან დაწევას კი ხელს შეუწყობს, თუმცა შეიძლება თვითონ მწერალმა ვერც კი იგრძნოს...”

ამ წერილში ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრძოლას მშობლიური ენის აღსადგენად. აქვეა მხილებული ისიც, თუ როგორ დაადგა გადაგვარების გზას ქართველი ინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომ ზოგიერთები მშობლიური ენის უვიცები არიან და მწერლობას იწყებენ. მაშ, დააკსვნის ავტორი, „ქართული მწერლობა, დაბალი ღობე ყოფილა, რომ მშობლიური ენის სწავლას არაფრად ვაგდებთ და საზოგადოებას ვიბრიყვებთ, გამოვდივართ რა სამწერლო ასპარეზზე მოუმზადებელნი და ქართული წიგნის უცოდინარნი, ამას, მეტი რომ არა ვთქვა, თავხედობა ჰქვია”.

ნარკვევის მომდევნო განყოფილებაში „ჩვენი ერთგვარი მოღვაწეობის ნაყოფი”, პერე მირიანაშვილი მოითხოვს მეცნიერული გამოვკლევების შექმნას საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე, მაგრამ არა მხოლოდ რუსულ ან რომელიმე უცხო ენაზე, როგორც ამას დღემდე ადგილი აქვსო, არამედ მშობლიურ ენაზე, ვინაიდან არანორმალური მოვლენაა ჩვენი ანბანის სხვისი ანბანით გაკვლევაო. აქვე მოჰყავს მაგალითები ივანე თარხნიშვილის, ალექსანდრე სუმბათაშვილისა და სხვათა, რომელნიც მხოლოდ ფიზიკურად არიან ქართველნი და არა გონებრივად და სულიერად. ასეთი ქართველობა და ღვაწლი ქართველ ხალხს ბევრს არაფერს შესძენსო. მან ამავე განყოფილებაში დასვა აგრეთვე საკითხი ძველი მწერლობის ნიმუშების, საცავში დაცული უამრავი ძველი ქართული ხელნაწერების შერჩევით გამოცემისა, რომელთა გაცნობით და გავრცელებით უთუოდ გამაგრდება დღეს დევნილი ქართველი ერის პოზიციები და ენის ცოდნაც წინ წაიწევსო.

ეხება რა ის მომდევნო განყოფილებაში ქართული ჟურნალ-გაზეთების საქმიანობას, აღნიშნავს, რომ ქართული პრესა სუსტია, „გონებისა და გრძნობის გაბედული ვარჯიში მას არ ეტყობა, არც ცხოვრების ალღო აქვს ჯერ აღებული, რომ ერმა ხან გულის პასუხი ამოიკითხოს იქ და ან ჭკუაშიც დაუჯდეს ის ახალი რამ, რასაც გონებისა და გრძნობის საზრდოდ იპოვის”. ამის მიზეზად მას ის მიაჩნია, რომ ეს პრესა უცხოურ ნიადაგზე დამყნილი და არა მშობლიურზე. ის მოითხოვს, რომ ქართული პერიოდიკაც ქართული კულტურის სინამდვილლიდან გამოდიოდეს, ანგარიშს უწევდეს ძველ კლასიკურ მწერლობას და ქართული ენის ბუნებას”.

ნარკვევის მეხუთე თავში ის ჩერდება ქართული მელპომენის გარშემო, მიუთითებს დრამატული საზოგადოების გამგეობას იმ უმთავრეს ნაკლოვანებებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში პირველსავე რიგში უნდა იქნეს გამოსწორებული. ეს არის პიესის უზადო ქართული ენით გამართვა, მსახიობთა მეტყველების დამუშავება, კოსტუმის ეროვნულობა, ისტორიული კოლორიტის დაცვა, შესაფერი დეკორაციების შექმნა და სხვა. მისი სამართლიანი აზრით, აქაც პრესა უნდა იყოს თეატრის ერთი მთავარი და თანმიმდევარი დამხმარე.

შემდეგ საკითხად სტატიაში გამოტანილია საზოგადო მოღვაწეობის სახეები. მისი აზრით, „მოღვაწეობა მარტო მწერლობა არ არის”. ამის მაგალითად ის ასახელებს ცნობილ ქართველ პედაგოგს ნიკო ცხვედაძეს. უაღრესად დიდ შეფასებას აძლევს ნიკო ცხვედაძის ამაგს ქართული გიმნაზიის შენობის აგების საქმეში, რომ მან ამ დიდი ეროვნული ღვაწლით დაიმკვიდრა უკვდავი სახელი და მარადიული ხსოვნა ერის გულში. „მას ამოქმედებდა მხოლოდ ერთი მრწამსი საქმის წარმატებისა და „დამხმარე კომიტეტის” ხელისშეწყობით კიდეც მიიყვანა ეს საშვილიშვილო საქმე იმ ზომამდე, რომ ზოგიერთ გულგატეხილ და გულძვირ ადამიანს სხვადასხვა ეჭვები გაუფანტა და ყველა ერთნაირი თანგრძნობით გამსჭვალა... ამ სასურველი ყოფადის დაახლოების თავმდები ისევ იშვიათი მხნეობაა პატივცემლუი ნიკოლოზისა, რომელსაც მას როგორც სახელწმიფო სამსახურისაგან თავისუფალს, საზრუნველი აღარაფერი დარჩენია იმის მეტი, რომ თავისი ნაამაგარი სკოლა კიდეც დაასრულოს. ეს პატარა სკოლა, ეს ჩვენი სკოლა ისეთი დიდი რამ იქნება (ლაპარაკია შენობაზე. – ს. ც.), რომ უნივერსიტეტსაც კი დაიტევს! აი, ეს შეუძლია ადამიანს, იმედით მოღვაწეს და მოწოდებულს კეტილგამზრახველის კრებულისაგან საერო საქმის გასაძღოლად”. პეტრეს ოცნება, რომელიც აგრეთვე მთელი მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ოცნებაც იყო მაშინ, მომავალმა ცხოვრებამ გაამართლა. მოყვანილი სტრიქონების ავტორმა საკუთარი თვალით ნახა და აღტყინებული გრძნობით განიცადა ქართული უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა ამ შენობაში.

შემდეგ საკითხად ავტორს გამოყოფილი აქვს მცხეთის ტაძრისა და საერთოდ ქართული მატერიალური კულტურის უდიდესი ძეგლების დაცვის საქმე, რომელიც მეტ ყურადღებას ითხოვდა იმ ხანებში, როცა უცხო და ულმობელი ძალა თავისი მსახვრალი ხელით ცდილობდა მათ აღგვასა და გაქრობას, როგორც ერის არსებობის ერთ-ერთი ურყევი საფუძვლისას.

საგულისხმოა აგრეთვე ავტორის შეხედულება ევროპაში განათლებამიღებულების უნაყოფობაზე, რომ მათი უმეტესობა ბევრს ვერაფერსა ქმნისო. ის მოითხოვდა კლასიკოსების საუკეთესო ნაწარმოებთა თარგმნას ქართულ ენაზე, მოითხოვდა აგრეთვე მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოპოვებული მიღწევებისა და ახალი აბის პოპულარიზაციას.

ნარკვევის მეცხრე განყოფლებას ავტორმა ასეთი ეპიგრაფი გაუკეთა: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. წერილი ეხება საქართველოს დედაქალაქის მაშინდელ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ ვითარებას. ავტორიიხსენებს რაფიელ ერისთავის ვოდევილის „ბიძიასთან გამოხუმრება” – ერთ-ერთი მთავარი გმირის იორამ უძრომელიძის ტიპიურ მდგომარეობას დ აღნიშნვს, რომ ქალაქი მართლაც რომ ძალზე გამოიცვალა, ეს რაფიელ ერითავის „ბიძიამაც” კი შენიშნაო, მაგრამ მხოლოდ „განცვიფრებითა”, ე. ი. სხვა, საწინააღმდეგო ღონისძიების გატარება და შექმნილი ვითარების მიზეზის შეცნობა და ანალიზი მას არ შესწევდა. იგი მოუწოდებს ქართველი ხალხის მოწინავე ნაწილს მეტი აქტიურობითა და გონივრული, წინდახედული მოქმედებით „გამოეხმაურონ ჩვენს ქალაქს”.

ამ სდღეისო ნარკვევების მიმოხილვით, ჩვენ ვფიქრობთ, საკმაოდ გავეცანით პეტრე მირიანაშვილს როგორც საზოგადო მოღვაწეს. ამ წერილებში გამჟღავნებულია, თუ რა საკითხებითა და სადღეისო საქიანობით იყო ის დაინტერესებული, თუ რითი იყო მისი პატრიოტული გრძნობა და საღი გონება შეპყრობილი, თუ რა აღელვებდა, რა აწუხებდა და რა ახარებდა მას 900-იანი წლების საქართველოს ცხოვრებაში.

როგორც აღვნიშნეთ, პეტრეს ქართულ ისტორიოგრაფიასა და ლინგვისტიკაშიც უდევს წილი. მრავალ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ნაშრომთა შორის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ მისი ერთი გამოკვლევა „რას ნიშნავს ქართველი, ივერი და სომეხი”. ამ ნაშრომში ავტორს გამოთქმული აქვს, უთუოდ ანგარიშგასაწევი არი, რომლის გაზიარება ნაწილობრივ დღესაც ხდება. მისი აზრით, „საქართველო” წარმოებული სიტყვაა, თვითონ „ქართველიც” წარმოებული სიტყვაა და ნიშნავს „ქართუს” (კაცს) ისე, როგორც ჩინელი – „ჩინ”=სს. „სწორედ ეს „ქართუ” იყო და არის ის პირვანდელი სახელი, – აღნიშნავს ის, – საიდანაც მომდინარეობს სახელწოდება „ქორთუ” და „ქართლი”, რომელიც ჩვენს ქვეყანას დარქმევია”. იგი საკმაო დაკვირვებით ხსნის და ასაბუთებს „ქორთუს„ „ქართუ” – ურართუდან წარმოშობას, რაც საუკეთესო ორიენტალისტებმა ლურსმული წარწერების ამოკითხვის დროს დაადასტურესო. მისი მტკიცებით, „ქართი” და „ქართუც წარმოსდგება სიტყვისაგან ქალდე, ქალდი, რომელიც ქართველთა წინაპრის ღმერთი ყოფილა და ქალდეველთა თემის ეპონიმიც, რასაც ის უამრავი დამაჯერებელი საბუთებით ადასტურებს.

სიტყვა „ივერია” მას გამოყავს აგრეთვე „ურართუდან”, „ურ”, რომელსაც სომხებმა „ურის” ან „ვურის” ქვეყანა უწოდეს (ვურის-ტან, ერის-ტან, ვრას-ტან), საიდანაც წარმოებულ იქნა შემდეგში ბერძნული „ივერია”. „ნამდვილი სახელწოდება ური-სა უნდა შეგვრჩენოდეს „ერში” (ერი-ური, ურ, ვერ და სხვ.).

მისივე აზრით, ასევე წარმოებული სიტყვაა „ჰაიას-ტან” (ჰა¡, ხა¡), ქართულსა და სხვა ენებში „ხაიასტან”, რომელსაც მიემატა ქართულისათვის დამახასიათებელი „მ” (მ-ხა, მ-ხი) და შემდეგ პრეფიქსი „-სო”. აქედან კი – სო-მ-ხი, ან სრულად – სომეხი. პეტრე არ იზიარებს იმ აზრს, რომ ეს სიტყვა ვითომ „სამრეთისაგან” ყოფილიყოს წარმოქმნილი. ისტორიულად ასეთი რამ არც დასტურდება და არც მეცნიერულად შეიძლება იმის გაზიარება ისე, როგორც არ შეიძლება გავიზიაროთ სიტყვათა შემთხვევითი შეხვედრა და თამაში ქართველზე, რომ ის „კართა ველის” ან „ქართა ველისაგან” არის წარმოშობილიო.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პეტრე მირიანაშვილის, როგორც პედაგოგისა და სიტყვიერების მასწავლებლის როლი ქართული სწორმეტყველების დადგენისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლაში. ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ დაწყებული რეფორმა ქართული ენისა ჯერაც არ იყო დამთავრებული, როცა ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ენის პოპულარიზატორი იაკობ გოგებაშვილი თავისი „დედა-ენითა” და „ბუნების კარით”. იაკობ გოგებაშვილს გვერდით ამოუდგნენ პედაგოგები და სახალხო მასწავლებლები, რომელთაც იკისრეს გოგებაშვილის მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე გატარება. აქ ჩვენ უნდა დავასახელოთ ნიკო ცხვედაძე, ივანე როსტომაშვილი, ანთიმოზ ჯუღელი, პეტრე ჭარაია, პეტრე მირიანაშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და სხვები, რომელთაც ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს.

პეტრე მირიანაშვილი აქტიური მონაწილეოა იმ პაექრობისა და ნამდვილად ნაყოფიერი კამათისა, რომელიც მე-19 საუკუნის 90-იან წლებში გაიშალა ქართულ პრესაში. პეტრე არ იზიარედა ზოგიერ თმოკამაათეთაგან წარმოდგენილ დებულებას, რომ საერთო ეროვნული ლიტერატურული ენა ამა თუ იმ ენის ყველა კილოკავზე უნდა იყოს თანაბრად დამყრებული ისე, რომ მის შემადენლობაში ქვეყნის ყველა კუთხემ უნდა მიიღოს მონაწილეობაო. პეტრე მირიანაშვილი იზიარებდა დებულების იმ ნაწილს, რომ ენის დახვეწა-დადუღებაში, მის გამდიდრებასა და ლიტერატურულად დამუშავებაში ქვეყნის ყველა პროვინციამ, ცხადია, უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს მონაწილეობა, მისი აზრით, თანაბარი ვერ იქნება და ამას თავისი მიზეზებიც აქვს; მეორედ, ლიტერატურული ენა ქვეყნის ერთ რომელიმე წამყვან პროვინციას უნდა ემყარეობდეს ძირითადად. ასეთ პროვინციად კი მას მიაჩნდა ქართლი.

ერთ-ერთ პოლემიკურ წერილში პეტრე მირიანაშვილი წერს, რომ „ენა და მწერლობა” (წარსულში – ს. ც.) მხოლოდ ქართლისა იყო და აიმ მწერლობის საგრამატიკო ფორმებს ქართლის (კახეთიც ქართლია) ენის ფორმები ეთანხმება. მაგრამ ეს გარემოება იმას არ ამტკიცებს, რომ სხვა თემებს წილი არ ედოთ კლასიკური ქართული ენის განვითარებაში. არა. დედა-ენა განვითარებულა და კიდევაც უნდა განვითარდეს ისეთი ადგილობრივი სიტყვის საქცევით, რომელიც დედა-ენას არ მოეძებნება. ხმათა ცვლაც იმავე დროს შეფადებულ უნდა იქნეს დედა-ენის ფონეტიკასთან. ქართლის ქართულში გრამატიკული ფორმები მტკიცეა და კლასიკურ ქართულთან შეთანხმებული, ხოლო ხმათა ცვლა უფრო მაგარი, ე. ი. დარბილება ხმებისა არ სჭარბობს”.

ცნობილი ქართველი პედაგოგი და მწერალი სილოვან ხუნდაძე, რომელსაც პრინციპული უთანხმოება ჰქონდა როგორც პეტრე მირიანაშვილთან, აგრეთვე პეტრე ჭარაიასთან ენის საკითხში, ბოლომდე საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა: ის ქართული ლიტერატურული ენის დადგენაში უპირატესობას დასავლურ კილოს აძლევდა და თავისი გრამატიკაც ამ ფონზე ჰქონდა აგებული, რომელსაც აკრიტიკებდნენ მოწინააღმდეგენი. პეტრე მირიანაშვილი ამ კრიტიკოსთა შორის ყველაზე აქტიური, ძლიერი და შეუვალი იყო. „ქართლის ქართველი კი ისევე, როგორც პარიზელი, ან მოსკოველი, თემის კილოთი ვერ ილაპარაკებსო, – წერდა პეტრე მირიანაშვილი სილოვან ხუნდაძესთან ერთ-ერთ კამათში, – წმინდა ქვემო იმერული და წმინდა გურული არა თუ უბრალო კილოა, არამედ სახიერების ისეთ მდგომარეობაშიც არიან, რომ სულ მოკლე ხანში ახალი ენები გაჩნდება, რომ მათებურად ვბეჭდოთ გაზეთები და წიგნები”.

პეტრე მირიანაშვილის აზრით, თუ სილოვან ხუნდაძის გრამატიკას დავადგებით, „იძულებული ვიქნებით მოვუსპოთ ქართლის ქართველობას ღონისძიება, რათა ლაპარაკში ზმნათა უღვლილების დროს აღარ გამოთქვას სახელ-ნაცვალი ძირი „ჰ”, რომელიც ზმნას თავს დაერვის, როგორც პიროვნების მაჩვენებელი და „ს-ანად იქცევა. თუ ზმნა იგი რბილი ხმით იწყება (გაჰყავ, ჰყავ, ჰყო; ვსწერ, სწერ, სწერს). ასე უნდა მოვიქცეთ მხოლოდ იმისათვის, რომ იმერლისი ყანრატოში საბგერალი ხმა „ჰ” აღარ მოისმის. აისათვის უნდა დავამახინჯოტ ხანდახან აზრიც, ე. ი. ორაზროვნება შევჰქმნათ (ქონია, ჰქონია; მიყო – მიჰყო, ყვავის – ჰყვავის; ცა– სცა; მოხდა – მოჰხდა) და ვიხმაროთ მრავალი სხვა ურიგო გამოთქმა”.

მისი აზრით, „ქართველ მწერალს, რა თემისაც უნდა იყოს, ქართული ერუდიცია უნდა ჰქონდეს. ცოდნა, რომელიც შეუძენია უცხო ენითა, ქართველ ხალხს ვერ გამოადგება, თუ მისი გამავრცელებელი ქართულადაც განსწავლული არ იქნა”.

პეტრე მირიანაშვილის ზოგიერთი საენათმეცნიერო და ლიტერატურულ-ფილოლოგიური მოსაზრება დღესაც, იოსებ სტალინის ფუძემდებელი საენათმეცნიერო შრომების გამოქვეყნების შემდეგაც, ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, მთელი რიგი მისი შეხეულებებისა სალიტერატურო ქართულის დადგენის სფეროში ახალმა ცხოვრებამ გაამართლა.

პეტრე მირიანაშვილი – მწერალი და მასწავლებელი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ღრმად უნერგავდა ქართველ ახალგაზრდობას მშობლიური ენის სიყვარულს. „ენის კულტურის დროშა ყველას თავს უნდა დაგვტრიალებდესო, ჰქადაგებდა ის ახალგაზრდებში, – ყველა პატივისცემით და მოწიწებით უნდა ვეპყრობოდეთ მასო... მოსწავლე-ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ დაუცხრომელი ბრძოლაა საჭირო თავისუფალი, სულიერი კულტურის დასამყარებლად”. პეტრე მირიანაშვილის ამ ქადაგებას ამაოდ არ ჩაუვლია. ის თვითონ მოესწრო თავისუფალი სულიერი კულტურის აღმავლობასა და აღორძინებას.

პეტრე მირიანაშვილი არ იყო ვიწრო პატრიოტი, შოვინისტი და სხვა ერთა მოძულე. პირიქით, ის ამიერკავკასიის ერების ძმური კავსირისა და მეგობრული ურთიერთობის მქადაგებელი იყო. მას ამ საკითხისადმი აქვს მიძღვნილი მთელი რიგი სტატიებისა, როგორიცაა მისი „ოსმალეთის სომეხთა საქმე”, „ქართველი გრიგორიანები”, „სომეხთა ინტელიგენცია და თათრობა” და სხვ.

თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლი პეტრე მირიანაშვილი ღრმა პატივს სცემდა დიდ რუს ხალხს, რომელმაც შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი ლიტერატურა და მოწინავე დემოკრატიულ-რევოლუციური ინტელიგენცია. ერთ ვრცელ სტატიაში მას მიმოხილული აქვს საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხები, სადაც გამოაქვს დოკუმენტები, რომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან იყო ქართველ ხალხში და მის მეფეებში ლტოლვა რუსეთთან დამეგობრებისაკენ, რის განხორციელება მხოლოდ ერეკლე მეორემ შეძლოო. ამის შემდეგ მას გამოკრებილი აქვს ყველა ის დადებითი მომენტი, რაც რუსეთთან ცხოვრებამ მოუტანა ქართველ ხალხს. აქვე მოყვანილი აქვს შეფასებული დავით გურამიშვილის, ბესიკის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა პოეზიის ის ნაწილი, რომელშიც ისინი უმღერიან რუსი ხალხის გმირობასა და ამაგს ქართველთა წინაშე. ხაზგასმულია აგრეთვე იმ მთავარ მომენტზე, თუ როგორ დაისვენა საქართველომ და მოიშუშა ლეკ-ოსმალთა, ირანელთა და სხვა მტაცებელთაგან მიყენებული ჭრილობები. ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ ალღოს და აღნიშნავს, რომ „მუხლმოდრეკილმა პატარა კახის საფლავის წინ ინატრა მხცოვანი გმირი სწმინდა აჩრდილის გაცოცხლება, რომ გადაეხედა ახალი ქართლისათვის და ეხილა აღსრულება თავისი ხელმწიფური სიტყვისა, რომელიც სიკვდილის ჟამს უთხრა დაობლებულ საქართველოს”.

პეტრე მირიანაშვილს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშთის განჯიდან გადმოსვენებაში. 90-იან წლებში, განჯაში სამსახურის დროს მას დაწვრილებით შეუსწავლია ეს საკითხი, დაუძებნია ბარათაშვილის საფლავი და ყველაფერი უცნობებია ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილისათვის, რომელთა თაოსნობით ეს დიდი საქმეც შესრულებულ იქნა 1893 წელს.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია პეტრე მირიანაშვილის ღვაწლი სახელგანთქმული ქართული კლასიკური ოპერის „აბესალომ და ეთერის” შექმნაში. თვითონ პეტრე აცხადებს ერთ თავის საუბარში: როგორც დედაბეერი დასვამს კრუხსა და არ მოეშვება, სანამ წიწილებს არ გამოაჩეკინებს, ისე ამ ჩემს მიერ შედგენილ ლიბრეტოზე დავსვი ჩვენი სახელოვანი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, არ მოვეშვი, თავი მოვაბეზრე. მანაც არ დაიშურა თავისი შესაძლებლობა და რასაც ხედავთ, ეს გამოვიდაო. ამავე დროს კიდევ ხაზგასასმელია მისი ღვაწლი „ქართული მუსიკალური კუულტურის წინაშეც. ზ. ჩხიკვაძესთან ერთად იგი ქართული ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელია”.

„პეტერბურგში, 1904-05 წლების სეზონზე ქართველ შემსრულებელთა ძალებითვე დაიდგა პირველად ქართულ ენაზედ პეტრე მირიანაშვილის მიერ ნათარგმნი „დემონი” (რუბინშტეინისა); მასვე აქვს ნათარგმნი ოპერა „მარგალიტის მაძიებელნი”... მოთავსებული აქვს წერილები ჩვენს პრესაში ქართული ოპერისა და ხალხური სიმღერების შესახებ”.

პეტრე მირიანაშვილი, როგორც ეს ზევითაც აღვნიშნეთ, არის მთარგმნელი რუსული, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, არაბული და სომხური ენებიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პეტრე ყველა აქ დასახელებულ ენაზე მეტ-ნაკლებად ლაპარაკობდა, წერდა და კითხულო ბდა, ის ნამდვილ პოლიგლოტად წარმოგვიდგება. მის კალამსა და გაუტეხელ შრომას ეკუთვნის კლასიკური ლიტერატურის მრავალი შედევრის ქართული თარგმანი. მან პირველმა წაიკითხა ქართველ მკითხველს გოეთეს „ფაუსტი” (1889), ჰომეროსის „აქილიანი”, „ილიადა”, „ოდისეა”, ევრიპიდეს „მედეა”, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე”, ვირგილიუსის „ენეიდა”, რენანის „ერისათვის”, მრავალი უცხოური ზღაპარი, ჰინდური და ებრაული პოემები („სიყვარული ჰიმნი”, „ქებათა-ქება”) და სხვა. ავე უნდა დავასახელოთ აგრეთვე შარლ-ბიგოს „ერი დამამული”, დაწერილი რენანის „რა აის ერის” გამო. მას დარჩა მრავალი დაუბეჭდავი მასალა, რომელთა უმეტესობა კლასიკური ლიტერატურის თარგმანებს შეიცავს.

პეტრე ავტორია აგრეთვე 15-მდე ცალკე გამოცემული წიგნისა, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს: „ამირანის ლექსი” – შეკრებილი და დაწყობილი პეტრე მირიანიშვილის მიერ ილუსტრაციებით (1913), „აბესალომ და ეთერის ლექსი”, „როსტომიანი” და სხვა 91914). „ვეფხისტყაოსანი” ხუთ სურათად (1915), „ძველი და ახალი ქართული შაირობა”, XI და XII საუკუნე (რუსთაველი, შავთელი, ჩახრუხაძე), თბილისი, 1915; „აბესალომ და ეთერი – ლიბრეტო ოპერისათვის (1918), ქართული ენის პრაქტიკული კურსი (რუსულ ენაზე გამოცემული 1951); „გახსოვდეს წერა-ლაპარაკის დროს ქართული გრამატიკის წესები” და „ქართული სიტყვიერების განარკვი დასაწყისისდან ჩვენს დრომდე”, 1929 წელს გამოცემული.

„ქართული სიტყვიერების განარკვში” ამ საშუალო ტანის წიგნში, ავტორს მოკლედ გარკვეული აქვს ქართულ სიტყვიერება დასაწყისიდან, ე. ი. უძველესი დროიდან ჩვენს, საბჭოთა პერიოდამდე. იგი მოკლედ, კონსპექტურად, მაგრამ საკმაო საბუთიანობითა და დამაჯერებლად ახერხებს დაახასიათოს: ქართველი ერის წარმოშობის საწყისები, ქართველი ტომები და მათი კილოკავები, ზეპირსიტყვიერება, ართველი ხალხის კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების პერიოდები, ქართული ანბანის შემოღება და კულტურული მოღვაწეობის ცენტრები შინ და გარეთ მე-11 საუკუნემდე. აქვეა მიმოხილული ქართული ეპოსი (ამირანი, აბესალომ და ეთერი, როსტომიანი), რისტიანობი გავრცელება საქართველოში, ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ამას მოსდევს იმდროინდელი იურიდიულისა და ისტორიული ძეგლების განხილვა, რომლის დასკვნაში ავტორი წერს: „ქართლის ცხოვრება” ისე, როგორც ურიასტანის და ელადის ისტორია, ემყარება ხალხურ თქმულებას, ზღაპრულ ამბებს და თანდათან გადადის სინამდვილის აღწერაზე, რაც დიდ ღირსებად უნდა ჩაითვალოს”.

შემდეგ მიმოხილულია ქრისტიანობისა და კერპთმსახურების მეტოქეობა საქართველოში, საერო მწერლობის დასაწყისი და ქართული წელთაღრიცხვა, რომლის შემდეგ გადმოცემულია: ხელოვნება და მწერლობა მე-10 საუკუნისა, დიდი კულტრული მოღვაწეობის ცენტრები და ცნობილი ქართველი მოღვაწეები: იოანე პეტრიწი, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. ამას მოსდევს, როგორც ბუნებრივი განვიარება, ხოტბითი პოეზია, მისი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა; გარჩევა მეხოტბე პოეტებისა (იოანე შავთელი და ჩახრუხაძე), მოსე ხონელი როგორც საერო პროზის პიონერი; ამირან-დარეჯანიანი და ხალხური თქმულება „ამირანისა”, „ვეფხისტყაოსანი”, როგორც საგმირო პოემა – მისი გმირების სულისკვეთება და მამოძრავებელი იდეალები, რომლის რეზუმედ ავტორი იძლევა ასეთ ფორმულას: „ვეფხისტყაოსანი” უკვდავია თავისი სოციალურ-პოლიტიკური იდეებით, რომელიც ავტორს განუვითარებია საოცარი დრამატული ხლართით. ვისრამიანის, აბდულმესიის, თამარიანისა და ამირან-დარეჯანიანის პარალელების ქონება ხელს არ უშლის პოემის ორიგინალობას, რომელიც გენიის იშვიათ შემოქმედებას გვიხატავს, საუკეთესო საკაცობრიო იდეალების მატარებელსო”.

შემდეგ თავებში ავტორს გაშუქებული აქვს მომდევნო საუკუნეების სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების სიდუხჭირე, მისი გავლენა მწერლობის განვითარებაზე, ახალი გეზის პოვნა პოლიტიკაში და ზრუნვა მწერლობის აღორძინებისათვის. აქ გარჩეულია თეიმურაზ პირველის, არჩილის, იოსებ თბილელისა და მათი თანამედროვე პოეტებისა და მწერლობის მოღვაწეობა და ეროვნულ-ისტორიული კილო მე-17 საუკუნეში.

ცალკე თავად, განსაკუთრებული დაკვირვებითა და ერუდიციით არის გადმოცემული ქართველი ხალხის პოლიტიკური ტრაგიზმი მე-18 საუკუნეში და დავით გურამიშვილის როგორც „ქართლის ჭირის” მემატიანე და მისი პოეტური მოტივები. აქვეა გაშუქებული ბესიკის ლირიკა, მისი პოეზიის ისტორიული და სატირული მოტივები, სულხან-საბა ორბელიანი როგორც ხელოვანი მწერალი, მისი „სიბრძნე სიცრუისა” წიგნი; პერე ლარაძე როგორც აღმადგენელი სარგის თმოგველის საგმირო მოთხრობისა „დილარიანი”.

წიგნში ფართოდ არის წარმოდგენილი მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. „მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, – წერს ავტორი, – ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. ქართველ ხალხს მოეშალა ოცდაორი საუკუნის კულტურულ-პოლიტიკური, ტუმც მრავალჯერ ბედუკუღმართი, მაგრამ მაინც თავისუფალი ეროვნული ცხოვრება”. აშუებს რა პეტრე მირიანაშვილი ამ ეროვნულ თავისუფლებას მოკლებულ ცხოვრებას, ასკვნის: „ფეოდალიზმის წყალობით დაქუცმაცებული საქართველო რუსთ ხელმწიფის ბიუროკრატიულ-პოლიციური რეჟიმის დროს გაერთიანდა, ხალხმა იგრძნო ერთობა, ერთად ცხოვრების საჭიროება, თუმც პოლიტიკურად უფლებააყრილი იყო და ბატონყმობის უღელქვეშ მშრომელი გლეხობა იზნიქებოდა”.

იგი ამ საუკუნის მწერლობას მარებულად ხსნის ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლით. ამას მოსდევს გრიგოლ ორბელიანის და ნიკოლოზ ბარათაშვილი. მათი პოეზიის ეროვნული და სოციალრუი მოივების გარკვევა. ავტორი არკვევს აგრეთვე გიორგი ერისთავის მოღვაწეობის დროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და ამ ფონზე მიმოიხილავს გიორგი ერისთავის შემოქმედებას, მის დრამატურგიას, ქართული თეატრის ისტორიას გიორგი ერისთავამდე გ. ავალიშვილისა და თეიმურაზ მეორის ღვაწლის დახასიაებით ამ სფეროში. შემდეგ ის გადადის „თერგდალეულების” დახასიათებაზე, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის” ისტორიულ მნიშვნელობაზე, ლავრენტი არდაზიანის შემოქმედების უმთავრეს მომენტებზე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ბურჟუაზიის საწყისების ამსახველზე და ა. შ.

წიგნის მომდევნო თავებში საკმაოდ ფართოდ არის გაშუქებული ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, მის სამწერლო სკოლა ლექსებისა და მოთხრობების მიხედვით, ილია როგორც ხელოვანი – ავტორი „განდეგილისა”. პოეტის იდეალი და დანიშნულება. აკაკი წერეთლის პოეზია. ისტორიული მოტივები აკაკის პოეზიაში, პოემები და ლირიკა, აკაკი, როგორც დრამატურგი. ვახტანგ ორბელიანის პოეზიის საერთო ხასიათი. გიორგი წერეთელი, როგორც საზოგადოებრივი ცხოვების მემატიანე. მისი მოთხრობების (მამიდა ასმათი, რუხი მგელი, პირველი ნაბიჯი) გარჩევა, ვახვა ფულავას მოღვაწეობა, როგორც დასაწყისი დასავლეთ საქართველოს ბურჟუაზიის ისტორიისა. რაფიელ ერისთავის გლეხური ლირიკა, – დროებით ვალდებული გლეხები და მათი უმწეო მდგომარეობა, – პირველყოფილი სოციალიზმის ნაშთი მშრომელი ხალხის ცხოვრებაში და „მამითადი” მისი მაჩვენებელი.

შემდეგ განყოფილებაში წარმოდგენილია ალექსანდრე ყაზბეგის სამწერლო მოღვაწეობა – „ელისოს”, „მოძღვარის” და „ხევისბერი გოჩას” მიხედვით; ვაჟა-ფშაველა, მისი პოეზია და პროზა, „გოგოთურ და აფშინა”, „ალუდა ქეთელაური” და „ბახტრიონი”, როგორც საგმირო პოემები. ამას მოსდევს ეგნატე ნინოშვილის, შიო არაგვისპირელის, დავით კლდიაშვილის სამერლო მოღვაწეობის გარჩევა-გაშუქება, მათი დამსახურება ქართულ ლიტერატურაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ავტორს ამავე განყოფილებაში შემოაქვს იოსებ გრიშაშვილის პოეტური შემოქმედების გარჩევაც. მისი აზრით: იოსებ გრიშაშვილის პოეზიის საფუძველია მშვენიერების ტრფობა, მზიური ღიმილი და სიცოცხლის სიხარული; პოეტს ახასიათებს აგრეთვე ფორმის ჰაეროვნება და დედაქალაქელობა; გარჩეულია მისი პოეზიის სამოქალაქო მოტივები.

შრომისა და ბრძოლის პოეტებად მას წარმოდგენილი ჰყავს იოსებ დავითაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და ალიო მაშაშვილი. მისი აზრით, ამ პოეტებს ახასიათებთ მშრომელთა ერთგულება, უსამართლობის წინაამდეგ მედგარი შებრძოლება, მუშის იდეალის სწორად გადმოცემა. ის ცალკე ჩერდება რა ალიო მაშაშვილის პოეზიაზე, წერს, რომ მისი „პოეზია არის განუწყვეტელი რევოლუციური აღტყინება, ცეცხლით და სისხლით ნაზავი, ძველი ცხოვრების გარდასაქმნელად, შრომის სუფევის დასამყარებლად და გაპოეტურება ელექტრო-ტექნიკის სასწაულმოქმედებისა, როცა სოფელი გაქალაქებას ეტანება და როცა ქარხნის ქურა და ჩაქუჩი ხმაშეწყობილად უკრავს, ხოლო მუშა მღერის: „არ მინდა ვიყო მე მონა სხვისი, ჩემი ოფლითა სხვები ვასუქო”, მაგრამ ადამიანის შემოქმედებას, მის გენიალობას წინ გადაშლია ბუნების დიადობა, მისი იდუმალობა, რომელიც გენიას ამოქმედებს არა მარტო დაჩაგრული სიმართლის აღსადგენად. დანარჩენი იდეალები სიკეთისა და სიტურფისა, რომელიც ისეთივე მამოძრავბელია გენიისა, როგორც იდეალი სიმართლისა, ნუთუ პოეზიის გარეშე დავტოვოთ? მაშინ ხომ ცალმხრივობა და ერთფეროვნება დასჩემდება პოეზიას, ხომ დაბრკოლდება გენიის გაქანება, რომელსაც ასე ესწრაფვის ალიო მაშაშვილი?”

მთელი ამ წიგნის მანძილზე პეტრე მირიანაშვილი გვევლინება ძველი და ახალი ქართული მწერლობის საუკეთესო მცოდნედ, ერუდიტ მკვლევარად, რომელსაც თითქმის თანაბრად ემორჩილება კალამი აღმოსავლეთი და დასავლეთი ლიტერატურის უმთავრესი ძეგლების შინაარსის გადმოსაცემად და მათი, შედარებით სწორი, კრიტიკული ანალიზისთვის, მართალია, იგი ყველგან თანმიმდევრული ვერ არის, ან კიდევ თანამედროვე თვალსაზრისით, მთელ რიგ შემთხვევაში სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას, მაგრამ ეს სრულიად არ უშლის ხელს, მისი შრომისა და ღვაწლის შეფასებისას ვიყოთ დადებითი შეხედულებისა. პეტრე მირიანაშვილის გულწრფელი, საქმის სიყვარულით და პატრიოტული გრძნობით გამთბარი ლიტერატურული ნაშრომები თუ ხიდი არა, ერთი მყარი ბურჯთაგანი მაინც იქნება იმ უზარმაზარი, გრანდიოზული ხიდისა, რომელსაც ახალი ეპოქა, ბედნიერი მერმისი აგებს.

საბჭოთა მთავრობამ მხცოვანი პედაგოგისა და მწერლის პეტრე მირიანაშვილის 50 წლის ეს ნაყოფიერი ღვაწლი ჯეროვნად შეაფასა. იგი ეგზომ ნაამაგარი და უანგარო შრომით დამაშვრალი, უკანასკნელ პერიოდში ფიზიკურად დაუძლურებული, უზრუნველყოფილი იყო პერსონალური პენსიითა და ნივთიერი და სულიერი დახმარებით. ფიზიკურად დაუძლურებული, მაგრამ სულით ჯანსაღი ის კვლავაც განაგრძობდა ფუსფუსს თავის სამუშაო ოთახში, წერდა, თარგმნიდა, ივლევდა. მისი საყვარელი საქმის გარშემო კალამი სიკვდილამდე არ გაუშვია. პეტრე მირიანაშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 15 აგვისტოს. დაკრძალულ იქნა ვაკის ახალ სასაფლაოზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.