‍ალექსანდრე მგელაძე (1864-1932)

ავტორი: გივი ნიორაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

mgeladze aleqsandreრევოლუციამდელი ქართული სკოლის სახალხო მასწავლებელთა რიგს ეკუთვნოდა ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ემსახურებოდა ქართველი ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის რთულ, მაგრამ საპატიო საქმეს.

ალექსანდრე მგელაძე დაიბადა 1864 წელს სოფელ ბახვში (ოზურგეთის მაზრა), ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ამავე სოფელში მიიღო, რის შემდეგ სწავლა განაგრძო გორის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1885 წელს დაამთავრა წარჩინებულის ყოფაქცევითა და კარგი აკადემიური წარმატებით. აღნიშნული სემინარიის დამთავრებით ალექსანდრე მგელაძეს მიენიჭა „დაწყებითი სახალხო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება”.

გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1885 წლის 1 აგვისტოს ალექსანდრე მგელაძე დაინიშნა მასწავლებლად სოფელ დვაბზუს (ოზურგეთის მაზრა) სასწავლებელში. აქედან ის 1889 წლის 15 იანვარს გადაიყვანეს სოფელ ხვარბეთის (ოზურგეთის მაზრა) სკოლაში, 1892 წლის 20 იანვარს კი – სოფელ ბახვის სასწავლებელში. მშობლიურ სოფელში ალექსანდრე მგელაძემ ექვსი წელი იმასწავლებლა. ეს ის პერიოდია, როცა მოწინავე მასწავლებლობა აქტიურად ებმება რევოლუციურ საქმიანობაში. ალექსანდრე მგელაძეც ცხოვლად ეხმაურებოდა ახალი ცხოვრების დაწყების ვითარებას, არც შეუმჩნეველი არ რჩებოდათ შავრაზმელ დირექტორ-ინსპექტორებს.

„ამ მიზეზით მოაცილეს ის გურიას და „მოსარჯულებლად” აჭარაში სოფელ ხულოში გადაიყვანეს”, სადაც ამ დროს არსებობდა ორკლასიანი სასწავლებელი. აქ ალექსანდრე მგელაძე დაინიშნა ამ სკოლის ზედამხედველად 1898 წლის 15 იანვარს. აქ მან იმუშავა 1901 წლის იანვრამდე.

„ვეც აქ დაიმალა მისი არასაიმედო” საქმიანობა და გამოაძევეს კიდეც აქედან, საიდანაც ის გადმოვიდა ქალაქ ბათუმში, დაიწყო მეცადინეობა კერძო მოწაფეებთან და იმავე დროს საკვირაო სკოლაში მუშებთან”.

1903 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე მგელაძე მასწავლებლად დაინიშნა იმ სკოლაში, რომელსაც ის ემსახურებოდა სიკვდილამდე. 1920 წლამდე ეს იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ბათუმის ქართული დაწყებითი სკოლა, რომელიც 1881 წლის 23 მარტს გაიხსნა. 1921 წლიდან მხცოვანი პედაგოგის გარდაცვალებამდე (1932) აქ არსებობდა რვაწლიანი შრომის სკოლა, შემდეგ ოთხწლიანი შრომის სკოლა და ბოლოს, 1930 წლიდან შვიდწლედი.

ალექსანდრე მგელაძე ისევე, როგორც ყველა მაშინდელმა პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებელმა თავის თავზე გამოსცადა რეაქციული სასწავლო ხელისუფლების მთელი სისასტიკე. ამის ნათელსაყოფად საინტერესოა ერთი ეპიზოდი, რომელსაც ალექსანდრე მგელაძე იგონებს ბათუმის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ სკოლაში მუშაობის პერიოდიდან. ის წერს:

„დავარდა ხმა, რომ ბათომის სკოლების დასათვალიერებლად კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ზავადსკი მოდისო. ის ისეთი ვეშაპი კაცი ყო, რომ მის წინაშე თრთოდა და ძრწოდა მისი უწყების ყოველი მოსამსახურე. მაშინდელი მიმდინარეობის მიხედვით, მეფის მთავრობა საქართველოში მასწავლებელთა დასათრგუნავად განსაკუთრებით მწატე ჩინოვნიკებს ჰგზავნიდა. ბათომში ზავადსკიმ... სლავინსკი გამოგზავნა... ესეც ერთი... ქართველთ მოძულე, გაიძვერა, მელა კაცი”.

ამის შემდეგ ალექსანდრე მგელაძე აღწერს სლავინსკის მისვლას ბათუმის ქართულ სკოლაში. როცა გაცოფებულმა სლავინსკი ყველა ჯგუფი შემოიარა, სკოლის გამგე-მასწავლებელს ივლიანე გოგოლაშვილს მიმართა სასტიკი საყვედურებით იმის გამო, რომ სკოლაში ქართულად ასწავლიან. მოთმინებიდან გამოსულმა ივლიანე გოგოლაშვილმა სლავინსკის მიმართა:

„...რა გახდა! ჩვენ გვყავს გამგეობა. ის არის ტფილისში. ეს მშვენივრად თქვენც იცით. იცნობთ მშვენივრად გამგეობის თავმჯდომარეს ილია ჭავჭავაძეს. ჩვენ გამგეობის მიერ გამოგზავნილი ინსტრუქციით ვმუშაობთ, იმის გარეშე, რაც უნდა მცირედი მომთხოვოთ, მაინც არ შევასრულებ. თუ არ მოგწონთ ჩვენი მუშაობა, მოსთხოვეთ ჩვენს გამგეობას, რომელიც თქვენი კანცელარიის პირდაპირ არის ტფილისში და ის აგებს პასუხს”.

ასეთი შებრძოლებანი ქართველ მაწავლებლობასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ხშირი მოვლენა იყო.

ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებლები და მათ შორის, ალექსანდრე მგელაძეც აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას არსებული წყობილებით. მათმა ასეთმა განწყობილებამ გამოხატულება ჰპოვა 1905 წლის რევოლუციურ დღეებში. როგორც ცნობილია, საერთო რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებას ბათუმში თავისი გამოხმაურება ჰქონდა მოსწავლეთა შორის. რევოლუციურად განწყობილმა მასწავლებლობამ გაფიცვა გამოაცხადა. ამ გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებლებიც. „ბათუმის სკოლის საარქივო მასალებში დაცულია ბათუმის სკოლის მასწავლებლის ივლიანე გოგოლაშვილის, ალექსანდრე მგელაძისა და ბარნაბ გელაზანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც მიმართულია ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარისადმი, რათა ამ უკანასკნელმა აცნობოს საზოგადოების გამგეობას, რომ ჩვენ ბათუმის სკოლის მასწავლებლები ვუერთდებით ქუთაისის გუბერნიის და ბათუმის ოლქის სახალხო სკოლების მასწავლბელთა დადგეილებას სწავლის შეწყვეტის შესახებ, სანამ ახლანდელი პირობები არ შეიცვლება. ბათუმის სკოლის მასწავლებელთა ეს განცხადება გამგეობას ეცნობა.

საზოგადოების სკოლაში შექმნილი ვითარების გამო გამგეობამ ქუთაისის სახალხო სკოლის დირექტორს აცნობა, რომ «в виду брожения умов среди учащихся в г. Батуми» და აგრეთვე ყვავილის გაჩენის გამო, საზოგადოებამ გადაწყვიტა სწავლა შეაჩეროს ხელსაყრელ დრომდე”.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გამეფებულმა რეაქციამ დიდად შეაფერხა სკოლებში მუშაობა. ალექსანდრე მგელაძე იგონებს: „რეაქცია მძვინვარებს, ბათუმი და მისი არემარე საალყო წესების ქვეშ თრთის. ბინდის შემდეგ სახლიდან გარეთ გამოხედვა სახიფათოა. არ იცი, ვინ და რა დროს შემოგეჭრება ოჯახში და რა იარაღის მსხვერპლი გახდები – ხანჯლის თუ დამბაჩის... საალყო წესებმა ცხოვრების მაჯისცემა შეწყვიტა... სკოლებში სწავლა კარგახნობით შეჩერებულია. არავინ იცის, როდის განახლდება”.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ბათუმის ქართულ სკოლაში რამდენიმე ხნის შემდეგ სწავლა განახლდა. ამ ხანებში სკოლა დაუთვალიერებია დავით კარიჭაშვილს, რომელიც ასკვნის, რომ მასწავლებელთა ენერგიული მუშაობის შედეგად სურათი კატასტროფული არ არისო. ამ სკოლაში ალექსანდრე მგელაძე ასწავლიდა II განყოფილებაში რუსულ ენასა და ანგარიშს, ხოლო მესამე და მეოთხე განყოფილებაში – ქართულ ენას, სამშობლოს აღწერასა და ბუნებისმეტყველებას.

პირველი მსოფლიო იმპერიალისტური ომის დაწყების გამო ბათუმის სკოლაში სწავლა შეწყდა და ალექსანდრე მგელაძე დროებით თავის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა.

1915 წლის სექტემბერში, როცა ბათუმის სკოლამ კვლავ განაახლა მუშაობა, სკოლის გამგედ დაინიშნა ალექსანდრე მგელაძე. ამ დროიდან სიკვდილამდე ის ამ სკოლის გამგედ ითვლებოდა.

1920 წელს ალექსანდრე მგელაძისაგან, როგორც „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სკოლის ხელმძღვანელისაგან, ბათუმის ქართული სკოლა სათანადო აქტით გადაიბარა ქალაქი მმართველობამ.

პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ალექსანდრე მგელაძეს ბევრი უმუშავია ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე. ეს სახელმძღვანელოები, რომლეიც დაცულია მის პირად არქივში, გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს თავისი შინაარსითა და შედგენის პრინციპებით. შევჩერდეთ ამ სახელმძღვანელოებზე.

საანბანო წიგნები. ხელნაწერებში ოთხი რვეულია, რომლებშიც ალექსანდრე მგელაძე იძლევა ცდას საკუთარი საანბანო წიგნის შედგენისას. ჩვენი აზრით, ამათგან ყველაზე ძველი უნდა იყოს რვეული სათაურით «„ლამპარი”, პირველი ნაწილი, ქართული ანბანი. შედგენილი ა. მგელაძის მიერ». წიგნის სიძველეს მისი ლექსიკური მასალაც ამტკიცებს (ჯვარი, საყდარი). ამის შემდეგი უნდა იყოს საანბანო რვეული სათაურით „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი. მცირეწლოვანთათვის”. შემდეგ საანბანო რვეულს სათაურად აქვს „პირველი ბიჯი”, ხოლო უკანასკნელ რვეულს, რომელსაც „კოკორი” ეწოდება, ასეთი თავფურცელი აქვს: ალ. მგელაძე. „კოკორი”. ქართული ან-ბანი და პირველი საკითხავი წიგნი I ჯგუფისათვის, ქ. ბათომი, 1931 წ.”.

გარდა საანბანო წიგნების, ალექსანდრე მგელაძის ხელნაწერებში ინახება ხუთი საერთო რვეული, ამათგან ოთხი რვეული უჭირავს ანბანის შემდეგ საკითხავ მასალას. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს საანბანო რვეული „ლამპრის” დამთავრების შემდეგ გასავლელი მასალა.

დასასრულ უნდა აღინიშოს ალექსანდრე მგელაძისა და (სავარუდოდ – ევგენი) მამფორიას მიერ 1924 წელს შედგენილი ხელნაწერი ნაშრომის შესასებ, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ლექსიკური გაკვეთილები ქართული ენის შესასწავლათ, არაქართული სკოლებისთვის, წელიწადი პირველი, შედგენილი ალ. მგელაძისა და ბ-ნ მამფორიას მიერ, ბათომი, 1924 წ.”.

პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ალექსანდრე მგელაძე თანამშრომლობდა ქართულ იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში”, სადაც იგი ალ. ბლიკვაძის ფსევდონიმით ხშირად ათავსებდა სახუმარო სცენებს, ლექსებსა და შარადებს სხვადასხვა საჭირობოროტო საკითხებზე. მის პირად არქივში შენახულია ორი სხვადასხვა ზომის რვეული (ერთი 56-გვერდიანი, მეორე – 16-გვერდიანი), რომელშიც მოთავსებულია მისი იუმორისტული შემოქმედების 44 ნიმუში.

ალექსანდრე მგელაძის არქივში აგრეთვე 1905 წელს გურიაში გავრცელებული ლექსი, რომელშიც გამასხარავებული არიან გურიის აზნაურობა და მეფის მოხელეები.

1925 წლის 7 ივნისს 61 წლის პედაგოგს, ალექსანდრე მგელაძეს ბათუმის მშრომელებმა გადაუხადეს პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. იუბილარს მრავალი მისალოცი დეპეშა მოუვიდა. იუბილარმა თავის სიტყვაში მოსწავლე-ახალგაზრდობას ასე მიმართა: „მე მუდამ ბედნიერად ვთვლიდი ჩემს თავს იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობა თქვენთან იყო დაკავშირებული... და დღეს, როცა ჩემდა პატივსაცემად მოზღვავებულ ამ ჩემს საყვარელ ახალგაზრდობას ვხედავ, ჩემი ბედნიერება გაათასკეცებულია... მე ვერ შევძელი ჩემი ვალი მომეხადა, მაგრამ გისურვებთ თქვენ ცხოვრებაში ვალმოუხდელი არ დარჩენილიყოთ”.

პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1925 წლის 6 ივნისს დადგენილებით ბათუმის პირველი საფეხურის მეორე ქართულ სკოლას ეწოდა ალექსანდრე მგელაძის სახელი.

ალექსანდრე მგელაძის იუბილეს ჩატარება აღნიშნა «Учительская газета», გაზეთ „კომუნისტისა” და აჭარის მწერალთა გაზეთის „ლიტერატურული ტრიბუნის” ფურცლებზე.

ვალმოხდილი პედაგოგი გარდაიცვალა ქალაქ ბათუმში 1932 წელს.