‍არსენ მამულაიშვილი (ლალიონი) (1866-1918)

mamulashvili ar40არსენ მამულაიშვილი 30 წლის განმავლობაში ერთგულად და უზადოდ ემსახურებოდა სახალხო განათლების საპატიო საქმეს როგორც მასწავლებელი, იშვიათი ზნეობის ადამიანი და ჩუმი საზოგადო მოღვაწე. ამავე დროს ის იყო ნიჭიერი ბელეტრისტი, მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „ლალიონი”.

არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი დაიბადა 1866 წლის 23 იანვარს (ძვ. სტ.) მეტად ღარიბ ოჯახში, სოფელ დეაბზუში (ოზურგეთის მაზრა). მამით ადრე დაობლებულ არსენს წერა-კითხვა მისმა უფროსმა დამ ასწავლა. ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ის მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, მხოლოდ 1885 წელს ახერხებს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში შესვლას, რომლის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ 1889 წელს დანიშნულ იქნა აზერბაიჯანში, ქ. შემახის სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად.

იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების წყალობით ახალგაზრდა არსენი იძულებული შეიქნა, მისი სურვილის წინააღმდეგ, სამშობლოს გარეთ ემსახურა, თუმცა საქმით და გრძნობით ის სამშობლოს არასოდეს მოშორებია. 1893 წელს მთავრობის განკარგულებით არსენი აგდაყვანილ იქნა ნახჭევის იმავე ტიპის სკოლის მასწავლებლად, სადაც 1897 წლამდე დაჰყო. ხელმოკლეობით, მძიმე შრომითა და მისთვის აუტანელი კლიმატური პირობების გამო ჯანგატეხილი პედაგოგი და უკვე ცნობილი მწერალი, ავტორი საუკეთესო მოთხრობისა „ფირალი დავლაძე”, მეგობრებისა და მოწინავე ქართველი საზოგადოების დახმარებით ეწყობა თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად.

ამის შემდეგ არსენს შეეძლო ნაწილობრივ მაინც ბედნიერად ეგრძნო თავი. მისი მოწოდება, – შესაძლებელი წვლილი შეეტანა ქართველთა შორის სწავლა-განათლების გავრცელებაში და საზოგადოებაში, – ნელ-ნელა ფრთებს ისხამდა, ასპარეზს იხვეჭდა და სენისაგან შეპყრობილი არსენიც თანდათან იკურნებოდა, მეტი ენერგიით ივსებოდა და გაორკეცებული მუშაობის ხალისით იჭურვებოდა.

900-იან წლებში ცნობილი სახალხო მასწავლებლის ივანე გომელაურის თანამშრომლობითა და თანაშემწეობით არსენ მაულაიშვილმა თბილისში დააარსა კერძო სკოლა-პანსიონი, რომლის მიზანი იყო სკოლის მხოლოდ ქართველი ბავშვებით დაკომპლექტება და ყველა საგნის სწავლება ქართულ ენაზე. არსენმა ეს თავისი მიზანი განახორციელა, მაგრამ დიდი ბრძოლებითა და შეხლა-შემოხლით. ცარისტულმა პოლიტიკამ შებოჭა აღნიშნული სკოლა-პანსიონის ყოველგვარი უფლებები და სამი წლის ბრძოლისა და სისტემატური შევიწროების შემდეგ ის დახურულ იქნა, ხოლო არსენი დატოვებული უადგილოდ. მხოლოდ 1906 წლის 1 აგვისტოს, სამი წლის უადგილოდ ყოფნის შემდეგ, მოხდა არსენის მასწავლებლის უფლებაში აღდგენა. იგი დიდი გაფრთხილებისა და მეთალყურეობის ქვეშ დანიშნულ იქნა თბილისში, ვერის პირველ უმაღლეს-დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. ამ სკოლას კი სიკვდილამდე აღარ მოსცილებია.

არსენ მამულაიშვილი (ლალიონი) გარდაიცვალა თბილისში 1919 წლის 18 სექტემბერს, 52 წლისა, ჯან-ღონით აღსავსე და შემოქმედებითი მუშაობის გაფურჩქვნის ასაკში. ის შესაფერისი პატივითა და თანაგრძნობით დაკრძალულ იქნა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ქართველმა მოზარდმა თაობამ დაკარგა სამაგალითო აღმზრდელი და მასწავლებელი, საზოგადოებამ – ჩუმი, უანგარო და საზოგადოებრივი საქმეებისათვის თავდადებული მუშაკი, ხოლო მთელმა საქართველომ – ნიჭიერი ბელეტრისტი, რომლისაგან კიდევ ბევრს მოელოდნენ.

იაკობ გოგებაშვილისა და გიორგი ჭალადიდელის არ იყოს, ვინც ლალიონის მოთხრობა „რაქვიანა” და „ფირალი დავლაძე” ორი ათეული წლის მანძილზე ქრესტომათიაში (ივანე გომელაურის „ქართველი მწერლები) შეიტანა და ქართველ მოზარდებს აკითხა, პოპულარული მწერლის სახელიც იმან შეუქმნა ლალიონს. მაგრამ მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უსწრებდა, რომელსაც ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში შესამჩნევი ადგილი უჭირავს.

ლალიონის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა მოთხრობა „ფირალი დავლაძის” გამოყენებით დაიწყო, რომელმაც მიიქცია ქართული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ყურადღება. ჯერ კიდევ 1896 წელს გრიგოლ ყიფშიძემ „ფირალი დავლაძე” „მშვენიერი ქართულით დაწერილ”, „ჩვენი საჭირბოროტო საგნისა” და „ახალი ტიპის დამხატველ” მოთხრობად აღიარა, ხოლო მისი ავტორი, გურული ხალხის უბადლო მესიტყვის – ეგნატე ნინოშვილის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნია.

1898 წელს კი, ჩვენმა ცნობილმა ნიჭიერმა პუბლიცისტმა, დიდი სტალინის უახლოესმა და სახელოვანმა თანამებრძოლმა ალექსანდრე წულუკიძემ თავის პირველ კრიტიკულ წერილში ლალიონის ეს პირველი ნაწარმოები გაარჩია. ალექსანდრე წულუკიძის ეს წერილი – „ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში”, რომელიც სამართლიანად არის მიჩნეული ქართული მარქსისტულ-ლენინური ლიტერატურული კრიტიკის პირველ კლასიკურ ნიმუშად, საფუძვლიანად არჩევს ლალიონის ამ მოთხრობას. იგი ახალი ქართული მხატვრული პროზის საუკეთესო მაგალითად არის აღიარებული. ალექსანდრე წულუკიძის აზრით, ლალიონის ეს თხზულება „ჩვენი ცხოვრების გულისპასუხის გამომთქმელი” და „საყურადღებო და შინაარსიანი მოვლენის აღმნიშვნელი” ნაწარმოებია.

მოთხრობის მთელი შინაარსის გადმოცემისა და პერსონაჟის ცალკეული ხასიათების ჩამოყალიბების შემდეგ კრიტიკოსი მთავარ მოქმედ პირად და იმდროინდელი „ცხოვრების ახალ ტიპად” თვლის ნიკოს, რომლის შესახებ ალექსანდრე წულუკიძე წერს: „ნიკო კაპიტალისტური წეს-წყობილების მომასწავებელია, იგი ახალი დროის მერცხალია, რომელიც ასე მშვენივრად დახატა „ფირალი დავლაძის” ავტორმა”. „ხოლო მოთხრობის მეორე მოქმედი პერსონა ივანე დავლაძე, – ამტკიცებს კრიტიკოსი, – ნაშთი ძველი დიდებისა, თუმცა კანონიერი შვილია აზნაური გიორგისა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების მოძულებული გერი”. მათი შერიგება და შეთანხმება, – ასკვნის ავტორი, – ყოვლად შეუძლებელია.

ამგვარად, ლალიონის თხზულებაში პირველად ალექსანდრე წულუკიძემ შეამჩნია ის მკვეთრი ხაზები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სინამდვილეში მიმდინარე კლასობრივ ბრძოლას საკმაო მხატვრული სიძლიერით ასახავდნენ.

„ფირალი დავლაძის” ავტორს ეკუთვნის აგრეთვე პოპულარული მოთხრობები „რაქვიანა” (1904), „მშობლები” (1902), „ეფემიას ოცნება” (1901), „დამშვიდება”, „ბეჟუკას ხვედრი”, „სამკურნალოში”, „ეს არის ჩვენი ბედნიერი დღე”, „შემთხვევა” და სხვ. ყველა ესენი მხატვრულად გამართულ, გონებამახვილურად და მკვეთრ რეალისტურ ფერებში ასახავენ ჩვენი ხალხის და, განსაკუთრებით, გურიის ცხოვრების ორ პერიოდს – 90-იანი წლებიდან 1905 წლამდე და რევოლუციის დროებითი დამარცხების შემდგომ ხანას.

მართალია, რევოლუციის ეს დროებითი დამარცხება მწვავედ იგრძნო მწერალმა, მაგრამ მას გული არ გატეხია. ის გრძნობდა, რომ ამით ხალხში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა თვითშემეცნება და უნარი მომავალი ბრძოლისა და გამარჯვებისა. თავისი მოთხრობა „შემთხვევის” ერთ-ერთ გმირს ავტორი ათქმევინებს: „მიიხედ-მოიხედე გარშემო... ახლა ყველას ეზიზღება მონური ყოფა. შეიგნეს ადამიანური უფლება, მედგრად ებრძვიან მჩაგვრელებს უკეთესი მომავლისათვის და დღეს თუ ხვალ კიდეც მიაღწევენ მიზანს”.

ეს მიზანი მიღწეულია.

გამარჯვებული მშრომელები დღეს შესაფერი პატივით იგონებენ თავიანთი წარსულის დუხჭირი ცხოვრების ამსახველსა და „უკეთესი მომავლისათვის” მებრძოლ მწერალს, მასწავლებელსა და მოქალაქეს.