‍არისტო ქუთათელაძე (1850-1912)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

qutateladze ar60არისტო ქუთათელაძე არის მთელი რიგი სახელმძღვანელოებისა და მეცნიერულ-პოპულარული წერილების ავტორი და საუკეთესო პრაქტიკოსი-პედაგოგი. იმ დიდი ზრუნვის შედეგად, რასაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იჩენდა იგი სწავლა-აღზრდის საქმეში, საზოგადოების დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული.

სამართლიანად წერდა ჟურნალი „განათლება” არისტო ქუთათელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ „ყველა მისი ნამოწაფარი, ნაცნობი და მეგობარი სიამოვნებით იგონებს განსვენებულს და გულწრფელად სტირიან მის უდროოდ გარდაცვალებას. მართლაც განსვენბულმა არისტომ თავისი ხანგრძლივი მუშაობით საპედაგოგო ასპარეზზე, როგორც ქართული ენის მასწავლებელმა, დიდი ამაგი დასდო ახალგაზრდობას იმით, რომ მან შეაყვარა მოწაფეებს მშობლიური ღვიძლი ენა და სამშობლოს ისტორია”.

არისტო ვასილის ძე ქუთათელაძე დაიბადა 1850 წელს დაბა ხონში. წერა-კითხვა იმერეთში ცნობილ სიმონ კუტი-ფირცხალავას შინაურ სკოლაში შეისწავლა. ბავშვობაში დიდ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში შევიდა და წარჩინებით დაასრულა აღმოსავლური ენების ფაკულტეტი და ამის შემდეგ პედაგოგიურ მუშაობას შეუდგა.

არისტო ქუთათელაძემ სამსახური პირველად დაიწყო გოის საოსტატო სემინარიაში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. აქ მან თავი გამოიჩინა როგორც ჰუმანურმა აღმზრდელმა და თავისი საგნის საუკეთესო მცოდნემ. არისტო ქუთათელაძე ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა მოსწავლეთა კულტურულ-ლიტერატურული ხასიათის საქმიანობაას და მათ როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებასაც ხშირად უწევდა.

ცნობილი ქართველი პედაგოგის ალ. ნათაძის მოგონებიდან ირკვევა, რომ 1881 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეებმა, როდესაც ხელნაწერი ჟურნალის „რიჟრაჟის” დაარსება განიზრახეს, წინასწარ დირექტორ სემიონოვსა და არისტო ქუთათელაძეს უთხრეს. სემიონოვი კმაყოფილი შეხვედრია ამ წამოწყებას, „ხოლო არისტო ქუთათელაძეს ისე გაუხარდა ეს ამბავი, რომ იმ წამსვე თუმნიანი ამოგვიყაჭა”.

1882-83 წლებში არისტო ქუთათელაძე ხონის სამასწავლებლო სემინარიაში ასწავლიდა. მან აქაც ჩინებულად დააყენა ქართული ენის, ლიტერატურისა და სიტყვიერების სწავლება. ქართული ენის პროგრამა სემინარიაში ვრცელი იყო და ამ სემინარიიდან ქართული ენის კარგი მცოდნე მასწავლებლები გამოდიოდნენ. 1884 წელს, როცა ხონის სემინარიაში მოწაფეების აჯანყება მოხდა მაშინდელი დირექტორის სოკოლოვის რეჟიის გამო, განსვენებული არისტო სულ დაითხოვეს სამსახურიდან”.

ხონიდან არისტო ქუთათელაძე მიიწვიეს თბილისის&ნბსპ; ქართლუ (სათავადაზნაურო) გიმნაზიაში. აქ მან მასწავლებლობა დაიწყო 1885 წელს და განუწყვეტლივ 1906 წლამდე განაგრძობდა მუშაობას. არისტო ქუთათელაძეს ამავე დროს გაკვეთლები ჰქონია თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. გ. ტყეშელაშვილი თავის მოგონებებში „ექვსი წელიწადი თბილისის სასულიერო სემინარიაში – 18841890” აღნიშნავს, რომ ინსტიტუტში სემინარიელების მიღებას ძლიერ უწყობდა ხელს ამ სასწავლებლის მასწავლებელი არისტო ქუთათელაძე, აკაკის დიდი მეგობარი.

მასწავლებლობასთან ერთად არისტო ქუთათელაძე მხურვალე მონაწილეობას იღებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს, ადგენდა და ბეჭდავდა სასკოლო სახელმძღვანელოებს და ყოველმხრივ ცდილობდა, შეძლებისდაგვარად თავისი წვლილ იშეეტანა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

არისტო ქუთათელაძე გარდაიცვალა 1912 წელს ქ. თბილისში.

მე-19 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში და მე-20 საუკუნის პირველ ათეულ წლებში, მიუხედავად იმისა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას”, „ბუნების კარს” და რუსკოე სკოვოს” დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭდილი და ჩვენი ახალგაზრდობის მთელი თაობები იზრდებოდნენ მათზე. მაინც ხშირი იყო ცდები შეექმნათ ახალი სახელმძღვანელოები. ამ ახალ ავტორებს შორის უფრო ნაყოფიერი არისტო ქუთათელაძე იყო. მის კალამს ეკუთვნის „პირველდაწყებითი ქართული გრამატიკა” (1888), „წყარო. სახელმძღვანელო მოსამზადებელი კლასებისათვის” (1891), „ქართული ზმნების კლასიფიკაცია” (1897), „წყარო. სახელმძღვანელო მოსამზადებელი კლასებისათვის, ნაწილი II” (1898), „საზოგადო გეოგრაფია” (1908) და სხვ.

თითოეული მათგანის რამდენიმე გამოცემა არსებობს. მათ ახლავს წინასიტყვაობანი და მეთოდური ხასიათის წერილები, რომლებიც გვაცნობს ავტორის შეხედულებებს სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხებზე და მეთოდურ ხერხებზე.

ამ წიგნებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წყაროს” პირველი ნაწილი – ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი.

ამ სახელმძღვანელოს 1908 წლის გამოცემას ბოლოში დართული აქვს ავტორის წერილი „წინასიტყვაობის ამგიერ”, რომელშიც არისტო ქუთათელაძეს კარგად აქვს გააზრებული მოთხოვნილება, რომ „ბავშვს ჯერ უნდა გააცნო ის საგანი, რომელიც&ნბსპ; მისი გონებისათვის ადვილი მისაწვდომია და მერე უფრო ძნელი ცნებისკენ გადაიყვანო. ...ამის მიხედვით იგი უნდა გაეცნოს, თუ რა შენობებია ეზოში ა რის მაქნისია თვითოეული მათგანი, რა ცხოველებია თავლაში, ბოსელში, ბაკში, რა მოვალეობა აწევს თითოეულს მათგანს კისერზე ან რა დამოკიდებულება აქვს მათთან პატრონს. ...რ ბავშვმა თავისი ოჯახი, ეზო, მინდორი, ყანა, ტყე, სოფელი, ქვეყანა კარგად გაითვალისწინოს და თავის ერის მისწრაფების ნამდვილი შვილი გახდეს, საჭიროა თავის ერის პოეზია ზედმიწევნიტ იცოდნეს როგორც ხალხური, ისე მწერლობითი და არ დაემსგავსოს უხეიროდ გადმორგულს ეგზოტიურ მცენარეს.

ყველა ამას პასუხს აძლევს ჩვენი წიგნი მოლედ და დახასიათებით, სხვადასხვა გარემოებაში.

ერთი სიტყვით, წიგნის მიზანია [გვიჩვენოს – მ. კ.] ადამიანის ბრძოლა ბუნებასთან და გამარჯვება ბუნებაზე ჭკუის, ცოდნის, გამოცდილების, დაკვირვების და განუწყვეტელი შრომის მეშვეობით”.

მართლაც, წიგნში მასალები ისეა შერჩეულ-დალაგებული, რომ ბავშვი, განსაკუთრებით სოფლელი ბავშვი, სავსებით ბუნებრივად გადადის ნაცნობიდან უცნობზე, ადვილიდან უფრო რთულზე, ახლობელიდან შორეულზე და თანაც ღრმად იმსჭვალება იმ გრძნობით, რომ ადაიანი თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგად ბუნებას იმორჩილებს და ყოვლგვარ დაბრკოლებას გადალახავს.

„წყაროს” პირველი ნაწილისათვის (ანბანის შემდეგ საკითხავი განყოფილება) მასალები აებულია ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან, ცნობილი ქართველი მწერლების სულხან-საბა ორბელიანის, აკაკის, ვაჟას, იროდიონ ვდოშვილის, შიო მღვიმელის, თედო რაზიკაშვილის, ი. დავითაშვილის თხზულებებიდან, აგრეთვე წარმოდგენილია ფრანგულიდან თარგმნილი ზოგიერთი ნიმუში (კეთილი მზე, ვინ გვაცხოვრებს, მასწავლებელი ავად არის და სხვ.) და თვით სახელმძღვანელოს ავტორის მიერ გადმოკეთებული და ორიგინალური რამდენიმე მასალა. ეს მასალები ბავშვს აცნობენ ცხოველთა სამყაროს, წელიწადის დროებს, ბუნების მოვლენებს, შრომის ზოგიერთ პროცესს და სოფლის ცხოვრებას.

ქალაქის ცხოვრებისა და მრეწველობის შესახებ კი სახელმძღვანელოში თითქმის არავითარი მასალა არაა წარმოდგენილი რაც სახელმძღვანელოს ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად უნდა ჩაითვალოს.

„წყარო”, თვით ავტორის განცხადებით, სხვა ანალოგიური სახელმძღვანელოებისაგან განსხვავდება იმით, რომ მასში არაა „სასაუბრო გაკვეთილები”. „ჩვენს წიგნში არ არის სასაუბრო, მხოლოდ გვაქვს სურათები სსაუბროს მაგიერ. რატომ? – იკითხავთ. ჩვენის აზრით, ეს ნაწილი, დღეს მაინც, საჭირო აღარ არის: წინეთ, როცა სხვა საშვალება არ იყო, სრულიად კანონიერად ითვლებოდა სასაუბროს მოთასება სახელმძღვანელოში, მაგრამ დღეს ისეა წინ წასული თვითშეგნება და მწიგნობრობა, რომ მასწავლებელს ყოველთვის შეუძლიან იქონიოს ან სკოლის დახმარებით და ან საზოგადოების ხარჯზე მიუცილებელი არა ერთი თხზულება, ურომლოდ რიგიანად სწავლება ყოვლად მოუხერხებელია.

მშრალი ფატების გადაცემა არ კმარა: მზამზარეულმა მასალამ მასწავლებელიც გამოაყერყეტა და მოსწავლეც, როგორც მასწავლებელს, ისე მოზარდს ეძლვა ყოველმხრივ დაღეჭილი და გადაღეჭილი მასალა, ბავშვმა, უნდა-არ უნდა, უნდა იკითხოს და ყლაპოს კიდეც, რადგან სხვა გზა არ დარჩენია. აქედან ის დასკვნა გამოდის, რომ არც მასწავლებლის და არც მოსწავლის გონება აღარ ვითარდება, აღარ ვაჯიშობს, არ თვითმოქმედებს, არ თვითცნობიერდება, არ ეშლება გონების ჰორიზონტი და, მაშასადამე, ისი გონება წინსვლის მაგიერ, დგება, ჩლუნგდება. არასოდეს უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ნამდვილი მასწავლებლობა, შინ იქნება თუ გარეთ, განუწყვეტელი თვითგანვითარებაა და, თუ ეს დაიცვა მასწავლებელმა, მასალას, რამდენიც უნდა, იმდენს იშოვის.

...სირცხვილია, დღეს სოფლის მასწავლებელს და, საზოგადოდ, პირველდაწყებით სკოლას არ ჰქონდეს სკოლაში ბოტანიკისა და ზოოლოგიის სრული ატლასი და ყოველგვარი სასკოლო სურათი, კედელზე ჩამორიგებული. კიდევ მეტი. კედლის სურათი უსათუდო უნდა იყოს, თორემ წიგნის შავ სურათებით ბავშვი ყველა საგანს ნათლად ვერ წარმოიდგენს. ჩვენც დავიცავთ ეს წესი, სადაც შესაძლებელი იყო, – მაგალითად წიგნში თითქმის არ არის მცენარეები” (მცენარეების სურათი. – მ. კ.).

აქედან ჩანს, რომ არისტო ქუთათელაძე წინააღმდეგია სახელმძღვანელოებში მზამზარეული სახით იქნას შეტანილი ისეთი „სასაუბრო”, რომელზეც მასწავლებელიც და მოსწავლეებიც შაბლონურ კითხვა-პასუხს იძლევიან. ამიტომ „წყაროში” სასაუბროს ნაცვლად (სურათები მოთავსებულია 29, 30, 31, 32 გვერდებზე და ანბანის შემდეგ საკითხავი ნაწილის 25-26 გვერდებზე, აგრეთვე 37, 44, 52, 66, 78 გვერდებზე). რასაკვირველია, საუბრები, რომლებიც ამ სურათების ირგვლივ უნდა ჩატარდეს, ემსხურება მოსწავლის ლექსიკის გამდიდრებას, მისი გონებრივი ჰორიზონტის გაფართოებას და ბავშვის ცოდნის გაღრმავებას. ამდენად, არისტო ქუთათელაძე „სასაუბროს” პრინციპულად მოწინააღმდეგ კი არ არის, არამედ მოითხოვს ამ საკითხში მასწავლებელს მეტი თავისუფლება ჰქონდეს და შაბლონური გზით სიარულს თავი დააღწიოს, რათა ის ნამდვილი შემოქმედი მასწავლებლის როლში გამოვიდეს.

თავისებური შეხედულება აქვს გამოთქმული არისტო ქუთათელაძეს წერის შესახებაც. როდის და რრი ასოები უნდა შევასწავლოთ ბავშვებს? მისი აზრით, ასო-ბგერის შესწავლას თან სდევს ასოს წერის სწავლებაც სტამბური სახით. ამით აიხსნება, რომ საანბანო პერიოდში ასოს კითხვის შესწავლას თან არ ახლავს ხელნაწერი ასოს ნიმუში. იგი მიუთითებს: „რაკი ბავშვმა გარკვევით ისწავლა სტამბური ასოების წერა და წაკითხვა ისე, რომ ასოებს ერთმანეთში აღარ ურევს, მაშინვე, ჩვენის აზრით, ნუსხური წერა უნდა დავაწყებინოთ. რა საჭიროება გვიწვევს დღეს, სტამბურ ასოებით ვწეროთ, როცა ნუსხური ანბანი ხელთა გვაქვს? (არისტო ქუთათელაძე ტერმინის „ნუსხურის” სახით გულისხმობს მხედრულ ხელნაწერ ასოებს – მ. კ.) ეგ მოვლენა მხოლოდ ქართულ სკოლებშია გაბატონებული. გვახსოვს, ქართულ გიმნაზიაში წესად იყო, პირველ კლასამდე. ესე იგი, ოთხ წელიწადს, ეწერა ბავშვს სტამბური ასოებით, პირველი კლასიდან კი იწყებდნენ ნუსხურს (მხედრული ხელნაწერი ასოებით წერას – მ. კ.), მაგრამ ამას წინ აღუდგა ცხოვრება: ბავშვმა, რაკი ანბანის კითხვა ისწავლა, მაშინვე უბის წიგნი გაიჩინა და შიგ თავისთვის საინტერესო ამბავს და ლექსებს წერდა თავისებურ ნუსხურით. თუ ბავშვმა, ოთხი წლის განმავლობაში, თავისებურად გადამახინჯებული ნუსხურით წერა, მისი გამობრუნება შემდეგში ერთობ ძნელია”. შემდგ იგი დასძენს: „თუმცა წინეთაც იმ აზრის ვიყავით, ადრე დაგვეწყო ნუსხური, მაგრამ ზემოდ მოყვანილმა ფაქტმა კიდევ უფრო აგვაჩქარა და ეს იყო მიზეზი, რომ მეორე განყოფილებიდანვე (ჩვენ ვასწავლიდით ამ განყოფილებიდან) დავაწყებინეთ ბავშსვ ნუსხურის წერა ორხაზიან რვეულში და ჩვენი მოსაზრება კეთილად დაგვირგვინდა: მეოთხე განყოფილებაში საზოგადოდ კარგად წერდნენ და ზოგიც სამაგალითოდ”.

არისტო ქუთათელაძის „წყაროს” შედარება იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენასთან” იმას ადასტურებს, რომ ქუთათელაძე ძირითადად იაკობ გოგებაშვილის პოზიციებზე იდგა, თუმცა ზოგ რამეში განსხვავებაც მნიშვნელოვანი იყო მათ შორის. მაგალითად საკითხი, თუ რომელი ასოს წერა უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ადრე და რომლისა – გვიან, ე. ი. როგორ დავალაგოთ „ანბანის” წიგნში ასოები ისე, რომ ჯერ მოხაზულობით უფრო ადვილი ასო შევასწავლოთ ბავშვებს და შემდეგ – მოხაზულობით უფრო ძნელი, რაც გაადვილებდა წერის შესწავლის პროცესს, უფრო მართებულადაა გადაჭრილი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში” და ამიტომაც, ბუნებრივი, სკოლებში მას უაღერესად ფართო გამოყენება ჰქონდა.

არისტო ქუთათელაძის „წყაროს” ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ზოგიერთი ასოს შესწავლისათვის მის მიერ მოცემული სურათი გამოყენებულია ახლანდელ „დედა ენაშიც”. უდავოდ მისაღებია არისტო უთათელაძის აზრი, რომ საანბანო წიგნში ფერადი სურათები იბეჭდებოდეს, რადგან ბავშვებზე ასეთი სურათები მეტ გავლენას ახდენს და საგანს მათ უფრო ცხოვლად წარმოუდგენს.

არისტო ქუთათელაძის „წყაროს” მეორე წიგნი პირველი ნაწილის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენდა. ამ წიგნსაც გააჩნდა თავისი ღირსება-ნაკლოვანებანი, მაგრამ ობიექტურად ის თავის დროზე არ შეფასებულა. რეცენზენტები მასში უვარგისს უფრო ამჩნევდნენ, იწუნებდნენ მასალების შერჩევას, ენას და ა. შ. ამ საყვედურებიდან უფრო სწორი იყო ის, რაც სახელმძღვანელოს ენას შეეხებოდა.

საერთოდ კი, „წყაროს” მეორე ნაწილი იმ პრინციპზეა აგებული, როგორზეც იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი”. მასში უხვადაა წარმოდგენილი ს. ს. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ლომოურის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვათა რჩეული მოთხრობები და ლექსები. არის პატარ-პატარა სტატიები ცხოველებზე, ფრინველებზე, ბუნების მოვლენებზე, ისტორიულ პირებზე, მოცემულია ცნობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და ქალაქებზე.

რასაკვირველია, „წყარო” ყოველმხრივ გამართულ სახელმძღვანელოს არ წარმოადგენდა, მაგრამ მას გარკვეული ღირსებაც უდავოდ გააჩნდა. მის შეფასებაში უფრო ობიეტური იყო დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი.

მართლაც იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც „დედა ენისა” და „ბუნების კარის” პარალელურად გამოდიოდა და რომელთა ავტორები გულწრფელად იყვნენ დაინტერესებულნი სარგებლობა მოეტანათ ჩვენი სკოლისა და ბავშვებისათვის, ჰქონდათ თავ-თავისი ღირსება, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, დაუშვებელია მათი დავიწყება, რადგან მათ, მათ შორის „წყარომაც”, თავისი წვლილი შეიტანეს სახელმძღვანელო წიგნების განვითარების საქმეში.

1900 წელს არისტო ქუთათელაძემ გამოსცა „კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან” (ნაკვეთი I და II). წინასიტყვაობაში ავტორი წერს: „განვიზრახეთ რა „კონსპექტის” გამოცემა, ჩვენ სახეში გვქონდა შეგვემსუბუქებინა ახალ-მოზარდისათვის გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიც ის არის დღეს ჩავარდნილი სამშობლო ისტორიის შესწავლის დროს: მას არ აქვს დაბალი კლასებისათვის ისეთი მოკლე სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიიდან, საიდანაც ადვილად შეეძლოს იპიზოდურად შეისწავლოს ჩვენი წარსული.

იქნება ეს „კონსპექტიც” ვერ აკმაყოფილებს სრულიად ჩვენს განზრახვას, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რა სიჩქარით არის შედგენილი – ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო&ნბსპ; წინამდებარე წიგნაკი, მკითხველი აღარ დაგვემდურება ერთობ და ნაკლსაც გვაპატივებს ამჟამად”.

ორივე ნაკვეთში გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. წიგნი პოპულარული ენით არის დაწერილი და ღირსებასთან ერთად შეიცავს ნაკლოვანებებსაც, რაც გამოწვეული იყო საერთოდ მაშინდელი ჩვენი ისტორიოგრაფიის განვითარების დონით. ეს ეხება როგორც ქრონოლოგიის სიზუსტეს, ისე ისტორიულ მოვლენათა შეფასებასაც.

ავტორი ძირითადად ემყარება „ქართლის ცხოვრებას”, მაგრამ ამავე დროს მთელი რიგი ფაქტები გაშუქებული აქვს მეცნიერებაში მოპოვებული ახალი ცნობების საფუძველზე. მაგალითად „კონსპექტის” (I ნაკვეთი) 21-22 გვერდზე განხილულია ქართული ანბანის წარმოშობის ისტორია და გატარებულია აზრი, რომ ქართული მხედრული ანბანი განვითარებულია ქართული ასომთავრული ანბანისაგან. „ჯერ გაჩენილა ხუცური ასომთავრული ანბანი, რომელიც&ნბსპ; შემდეგ ნუსხა-ხუცურად გადაქცეულა და ნუსხა-ხუცური კი მხედრულად შეცვლილა დროთა განმავლობაში”. მოსწავლეთათვის გასაგებად არის წიგნში დახასიათებული დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ VI ცხოვრება. თითოეული ეპოქის ისტორიასთან ერთად წიგნი იძლევა საქართველოს კულტურული განვითარების მოკლე მიმოხილვას.

არისტო ქუთათელაძის „კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან”, რომელიც&ნბსპ; უმცროსი კლასების მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი, თავის დროზე უდავოდ სასარგებლო წიგნი იყო.

რამდენიმე სიტყვით უნდა შევჩერდეთ არისტო ქუთათელაძის „პირველდაყებით ქართულ გრამატიკაზე”, რომელიც&ნბსპ; ოტხჯერ გამოიცა. მეცნიერული თვალსაზრისით, ეს წიგნი, რასაკვირველია, მოძველებულია, მაგრამ მეთოდურად იგი დღემდე ინარჩუნებს ინტერესს. ამ წიგნის მესამე გამოცემის პირველ ნაწილში განხილულია სინტაქსის საკითხები, ხოლო მეორეში – ეტიმოლოგია (მორფოლოგია). წიგნს დართული აქვს განამრტება, „დარიგება”.

ავტორი ასეთი წესით ურჩევს მასწავლებლებს გრამატიკის სწავლებას: „გამატიკის სწავლების დროს, მასწავლებლის პირველი და უმთავრესი მოვალეობაა, ყოველი კანონი, რომელიც&ნბსპ; კი ამ სახელმძღვანელოშია მოყვანილი, პრაქტიკულად მაგალითებიდან გააცნოს მოსწავლეს... მაგალითად როდესაც ჩვენ ვუხსნით მოსწავლეს, თუ რა არის საგანი, ჩვენ სახეში ის გვაქვს, თუ როგორ იაღწიოს მოსწავლემ იქამდის, რომ რასაც ჰხედავს ან გონებაში წარმოიდგენს, თქვენის შემწეობით, ყველას იმას საგანი დაარქვას... თუკი მოსწავლე დაასახელებს ყველაფერს, რასაც ჰხედავს კლასის ოთახში, ეზოში და მის შემდეგ, ცაში და მერე თქვენივე კითხვების შემწეობით, იმასაც, თუ რასაც ვერ ჰხედავს ან არ შეუძლიან შეჰხედოს, ...მაშინ თქვენთვის მხოლოდ ერთი-ღა დარჩენილა კანონი განუმარტოთ, – დაასკვნის ავტორი.

გრამატიკული წესებისა და კანონების შესწავლის ის გზა, რომელსაც არისტო ქუთათელაძე გვირჩევს, ამჟამადაც ერთ-ერთ სწორ გზად ითვლება გრამატიკის პირველდაწყებითი შესწავლისას. საერთოდ, „დარიგებაში” მოცემული მეთოდური მითითებანი ამჟღავნებს არისტო ქუთათელაძის ღრმა პედაგოგიურ ცოდნასა და ოსტატობას.

„პირველდაწყებითი ქართული გრამატიკის” მეორე გამოცემას (1889) ვრცელი რეცენზია უძღვნა ცნობილმა პედაგოგმა სილოვან ხუნდაძემ. რეცენზენტი არისტო ქუთათელაძეს, სხვათა შორის, უსაყვედურებს: „ავტორი შიშობს, ვაითუ, მასწავლებლი ძველებურ წესს მიჰყვა და „აქედან აქამდის”-ით იხელმძღვანელა ჩემი გრამატიკის კანონების გადაცემაშიო... და მთელი თორმეტი გვერდი სწავლების გადაცემის მეთოდის ახსნისათვის მოუნდომებია. ჩვენის აზრით, ამისთანა წინასიტყვაობა დღეს მეტია”. ამასთან სილოვან ხუნდაძე ავტორს აძლევს მთელ რიგ საყურადღებო შენიშვნებს, რომელთაგან ერთი „ჰოე” ბგერის საკითხს ეხება, ხოლო მეორე პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელების ბრუნებას.

არისტო ქუთათელაძე სილოვან ხუნდაძეს უპასუხა „ივერიის” იმავე წლის ნომრებში. თავისი მეთოდური წერილის შესახებ არისტო ქუთათელაძე სავსებით მართებულად შენიშნავს: „საუბედუროდ, არათუ „პაწია შეგირდს”, მასწავლებელსაც ბევრს ვხედავთ დღეს იმისთანას, რომ სწორედ ისე უნიშვნენ გასაკვეთს მოსწავლეებს, როგორც ჩვენ ოვიხსენიეთ წინასიტყვაობაში. ...აი, ამ გარემოებით ვხელმძღვანელობდით ჩვენს წინასიტყვაობაშიც, რომ „12 გვერდი სწავლები გარდაცემის მეთოდის ახსნას მოვანდომეთო”. ამას გარდა, სხვებიც არიან ისეთნი, რომელთაც პედაგოგირუი სასწავლებელი არ გაუთავებიათ და უნდათ კი თავიანთ ყმაწვილებს ასწავლონ, მაგრამ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ესეც არ უნდა დავივიწყოთო.

არისტო ქუთათელაძეს, გარდა ზემოდასახელებული წიგნებისა, ეკუთვნის სახელმძღვანელო „საზოგადო გეოგრაფია” (ნაწილი I, 1908) და მთელი რიგი წერილებისა, რომლებიც ქართულ ჟუნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ლიკორწმინდა” („მოამბე”, 1894, №7), „არხეოლოგიური მოგზაურობა” („კვალი”, 1897, №15), „სოფელ მარტყოფი და ხელთუქმნელ ღვთაების ეკლესია” („კვალი”, 1897, №31) და სხვა.

არისტო ქუთათელაძე საუკეთესო მცოდნე იყო ჩვენი წარსულისა და, სხვათა შორის, ძველი ქართული სიმღერა-გალობისა, რომელიც მას ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი იმერეთში ცნობილ სვიმონ კუტ-ფირცხალავას „სკოლაში” სწავლის პერიოდში. კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე 1905 წლის „მოგზაურში” წერდა: „ქართულ მუსიკას აქვს თავისი კანონები ხმათა შეწყობის და მათ შორის, განწყობილებისათვის, მაგრამ ზოგიერთ უცხოელთ და ჩვენებსაც დაუწყიათ წერა ზეპირი მუსიკისა, რომელშიაც არ არის დაცული ის კანონი, ურომლისოდ სიმღერა კარგავს სინამდვილეს და იმცირებს ღირსებას. ვამბობ, ქართული მუსიკა მდიდარია რაოდენობით და მრავალგვარ კილოებით, მაგრამ ეს სიმდიდრე მთლად ვერ ჩავიგდეთ ხელში, რადგანაც ხმარება მათი მცირდება და თითქმის ისპობა. ამ გარემოებას მოულოდნელმა შემთხვევამ გაუღიმა. ჩვენს მოღვაწეს ბ-ნ არისტო ქუთათელაძეს ზედმიწევნით ცნოდნია ზეპირი ძველი საგალობლები. მას უსწავლია ცნობილ მგალობლის სიმონ კუტისაგან ხონში და დამაწერინა ნოტებზე 551 ცალი საგალობლები, რომელნიც სავსეა მელოდიური სიტკბოებით, მეტადრე ჭრელები და წარდგომები, დიდებულად შედგენილი ძველი მგალობლების მიერ. დიდი მადლობის ღირსია ბ-ნი ქუთათელაძე, რომელმაც უსასყიდლოდ შესძინა ეს ძვირფასი განძი ქართულ მუსიკას და დაკარგვას ააშორა”.

არისტო ქუთათელაძის პედაგოგიური მემკვდირეობის უფრო ღრმად შესწავლა აუცილებელია საქართველოში სახალხო განათლების ისტორიის ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად და გასაშუქებლად.