‍დავით კუბლაშვილი (1860-1933)

ავტორი: ა. კანდელაკი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული III, თბილისი, 1968

kublashvili da106დავით მაქსიმეს ძე კუბლაშვილი დაიბადა 1860 წლის 3 მარტს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვემო კრიხში. დავითის მამა (ხელობით დურგალი და მიწის მუშა) შვილის დაბადებამდე სამი თვით ადრე გარდაიცვალა. დედა ეკა, სოფელ ნიკორწმინდელი გეგეშიძის ასული, მშრომელი და გონიერი ქალი იყო. ის კარგად გრძნობდა, რომ ქმრისგან დატოვებული მცირე ქონებით სამი შვილის აღზრდას ვერ შეძლებდა და იგი შვილებით მამის ოჯახს დაუბრუნდა.

რვა წლის დავითი დედამ დურგალ დათეშიძეს მიაბარა, თვითონ კი ქუთაისის ეპარქიალური კანცელარიის მდივან ი. ჩარკვიანს შინამოსამსახურედ დაუდგა. ამ ოჯახში დავით კუბლაშვილმა შეისწავლა ქართულ-რუსული წერა-კითხვა და 1872 წელს სასულიერო სასწავლებლის მოსწავლე გახდა. ამ დროს სასულიერო სასწავლებელში ბევრი მოწინავე და მაღალი ზნეობის მასწავლებელი იყო. დავითზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს: დიმიტრი ჯანაშვილმა, ესტატე ღამბაშიძემ, განსაკუთრებით კი ინსპექტორმა მიხეილ ასათიანმა. დავითმა სასწავლებელი 1879 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის მოწმობით. სასწავლებლის დამთავრებამდე, ცოტა ხნით ადრე, ინსპექტორი ასათიანი მოსწავლეებს შეეკითხა, თუ ვინ სდ აპირებდა სწავლის გაგრძელებას. როდესაც ჯერი დავითზე მიდგა, მან უპასუხა: „ობოლი ვარ, ღარიბი, არაფერი გამაჩნია, ბატონო, სადა მაქვს სწავლის გაგრძელების საშუალება, რაიმე სამსახური უნდა ვიშოვო”.

– ეგ მე შენზე ნაკლებად არ ვიცი, ეს არ კმარა საბუთად. უსათუოდ სემინარიაში უნდა წახვიდე. შენს მიზეზსაც ეშველება რამე, – უთხრა ინსპექტორმა. როდესაც სემინარიაში მისაღები გამოცდები მოახლოვდა, ასათიანმა მიიხმო დავითი, აჩუქა თხუთმეტი მანეთი და გზა დაულოცა. გარდა ამისა, გადასცა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა, რომ დავით კუბლაშვილისათვის სტიპენდია დაენიშნათ. 1879 წლის აგვისტოში დავითმა თბილისის სასულიერო სემინარიაში გამოცდები ჩააბარა და იგი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს.

1883 წლის 5 აპრილს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა დეკანოზი პავლე ჩუდეცკი, რომელსაც თანამედროვენი ახასიათებენ როგორც ჯალათს. მან გააუქმა ყოველგვარი შეღავათები და სემინარიაში სასტიკი რეჟიმი შემოიღო. იმ დროს დავითი IV კლასში იყო. ეს კლასი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა რეპრესიებს და რექტორიც მტრულად იყო განწყობილი ამ კლასისადმი.

1885 წლის 22 თებერავლს, საღამოს 10 საათზე, რექტორი ჩუდეცკი შევიდა სამეცადინო ოთახში, კითხვით გართულმა კუბლაშვილმა ვერ შენიშნა დაუპატიჟებელი სტუმრის შესვლა. რექტორმა მას მაშინ მიუსწრო, როცა კითხულობდა ჟურნალს, რომელშიც მოთავსებული იყო ნეკრასოვის ვრცელი ბიოგრაფია... დავით კუბლაშვილი 1885 წლის 27 თებერვალს სემინარიიდან გარიცხეს „მგლის ბილეთით”.

დავით კუბლაშვილი ორი წელი ეძებდა სამსახურს, ბოლოს მოეწყო გორში კერძო მასწავლებლად. 1889 წელს დავითმა მუშაობა დაიწყო ბათუმში როტშილდის კანტორაში. ქარხანაში დაახლოებით 2000 კაცი მუშაობდა, მუშაობის პირობები მძიმე იყო. უფროსებისა და ნოქრების უმრავლესობა კი უდიერად იქცეოდა... განსაკუთრებით უდიერობით გამოირჩეოდა დავითის პირადი უფროსი, ბერძენი კონდორე, მაგრამ იყვნენ ფაქიზი გრძნობის ადამიანებიც – ძმები ბესარიონ და გერონტი კალანდაძეები, რომლებმაც დავითს გააცნეს ეგნატე ინგოროყვა (ნინოშვილი). ეგნატეს ინიციატივით დავით კუბლაშვილი და ზოგიერთი სხვა მოწინავე ამახანაგი ჩაეწერა ბიბლიოთეკაში, აწყობდნენ გასაუბრებას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

დავითი და ეგნატე მალე დამეგობრდნენ. ერთი წლის შემდეგ ეგნატე ზესტაფონში გადავიდა. დავითთან ეგნატეს საკმაოდ ვრცელი მიმოწერა ჰქონდა.

თუ რა მაღალ შეფასებას აძლევდა ეგნატე დავითის ადამიანურ თვისებებს, ამას ადასტურებს მისი წერილები დავითისადმი.

1896 წელს ციებისაგან დაძაბუნებულმა დავით კუბლაშვილმა სამუდამოდ დატოვა ბათუმი და ჩავიდა სოფელ ნიკორწმინდაში, სადაც მაშინ არც ერთი კულტურული დაწესებულება არ არსებობდა. მან 150 მანეთად იყიდა პატარა სახლი, დადგა იჯარით აღებულ მიწაზე, გააკეთა ორი გრძელი მერხი, მოუყარა თავი თხუთმეტამდე ბავშვს და გახსნა სკოლა. მეორე წელს მოსწავლეთა რიცხვმა იმდენად იმატა, რომ სწავლა ორცვლიანი გახდა. მოსახლეობამ იგრძნო, რომ დავითი თავს არ იზოგავდა, რათა მათი შვილებისათვის სწავლა-განათლება და ზნეობრივი აღზრდა მიეცა, რითაც მათი დიდი ნდობა დ პატივისცემა დაიმსახურა. დავით კუბლაშვილის კერძო სკოლამ იარსება ექვსი წელი. 1902 წელს სამრევლო სკოლების ზედამხედველმა წინადადება მისცა დავითს თავისი სკოლა მათი სისტემისათვის დაექვემდებარებინა. მან თანხმობა განუცხადა და დავითი დანიშნეს სამრევლო სკოლის მასწავლებლად.

დავით კუბლაშვილი იაკობ გოგებაშვილის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მოსწავლეებს, რასკვირველია, მისი ხელმძღვანელობით ასწავლიდა. 1904 წელს შემოწმებაზე მოსულმა ზედამხედველმა ვასილევმა დაუწუნა იაკობ გოგებაშვილის რუსული ენის ცნობილი სახელმძღვანელო და შესთავაზა კორხანიდის ქრესტომათიის შემოღება. დავითი მას იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების უპირატესობას უმტკიცებდა. ამჯერად მათი შეკამათება იმით დამთავრდა, რომ დავითმა გადაწყვიტა შემდეგშიც არჩეული გზით ევლო. მალე ვასილევი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს და მას მოსალოდნელი უსიამოვნება ასცდა. ვასილევის ადგილზე დანიშნეს დავითის ყოფილი მასწავლებელი სემინარიაში, ცნობილი ქართველი პედაგოგი თედო ჟორდანია. მან კარგად იცოდა, რომ დავითი მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის დიდი ენთუზიასტი იყო, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს და მოსწავლეებს ღრმა პატივისცემას უნერგავდა მათი ავტორისადმი.

სამრევლო სკოლაც დავითის საკუთარ სახლში იყო მოთავსებული. სკოლაში კი მოსწავლეების რიცხვი ყოველწლიურად მატულობდა. აუცილებელი იყო სკოლის შენობის აგება.

დავით კუბლაშვილმა თავისი ხარჯით დაიქირავა მუშები, მოაჭრევინა 30 ძირი ხე, დაამზადა მასალა და მიზიდა სკოლის ასაშენებლად. ამ საქმისათვის მან 10 თვის ხელფასი დახარჯა და საზოგადოებას აცნობა: „სკოლის აგებისათვის საჭირო მთელი მასალა დავამზადე და გწირავთ თქვენ უსასყიდლოდ, ოღონდ თქვენ ქვის შენობა გააკეთეთ”. ხალხი დათანხმდა და დავითის უშუალო ხელმძღვანელობით 1912 წელს ააშენეს ნიკორწმინდის სასკოლო შენობა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ შენობაში გაიხსნა შვიდწლიანი სკოლა, ხოლო 1934 წელს კი – საშუალო სკოლა. საშუალო სკოლისათვის ახალი შენობის აგების შემდეგ, 1940 წელს ძველ სასკოლო შენობაში მოათავსდა საავადმყოფო.

დავით კუბლაშვილის დიდ საზოგადოებრივ ღვაწლად უნდა ჩაითვალოს 1914 წელს სოფელ ნიკორწმინდის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გახსნა. ამ სკოლამ მეტად დიდი საგანმანათლებლო როლი შეასრულა რაჭველი ღარიბი გლეხის შვილების სწავლა-აღზრდის საქმეში.

დავით კუბლაშვილის ინიციატივით სოფელ ნიკორწმინდა გაიხსნა კოოპერატივი „ყაირათი”. მან შეისწავლა ბუღალტერია და, სანამ ახალი კადრები არ გამოზარდა, 10-12 წლის განმავლობაში უნარიანად უძღვებოდა მას. კოოპერატივის ხელმძღვანელიც ხალხის თხოვნით თვითონვე იყო.

დავითის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე სამკითხველოს გახსნა 1916 წელს ქ. შ. წ.-კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დახმარებით, დავითმა სამკითხველოს შეწირა 300-მდე წიგნი და გამოუწერა ორი პერიოდული გამოცემა. გახსნის დღიდან შვიდი წლის განმავლობაში დავით იყო მისი უფასო გამგე, ხაზინადარი, გამგეობის თავმჯდომარე და მზრუნველი. მის სახელთანაა დაკავშირებული სოფელ ნიკორწმინდაში საფოსტო განყოფილების დაარსებაც.

დავითი იყო აგრეთვე კალმოსანიც. ის თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან.

ცხოვრების მკაცრმა პირობებმა უდროოდ გატეხა დავითი. 1930 წელს მან მიატოვა სოფელ ნიკორწმინდის შვიდწლიანი სკოლა, რომლის გამგე იყო და პენსიაზე გავიდა.

1923 წელს რაჭის სამაზრო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დავით კუბლაშვილს იუბილე გადაუხადეს ონში.

დავით კუბლაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 10 მარტს.