‍გრიგოლ ყიფშიძე (1858-1921)

ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

kipshidze grigolმე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ჟურნალისტიკისა და ახალი საერთო ეროვნული ლიტერატურული ენის დამკვიდრების ისტორია გრიგოლ ყიფშიძეს გვერდს ვერ აუვლის. იგი ათეული წლების მანძილზე ედგა გვერდით დიდ ილია ჭავჭავაძეს ახალი ლიტერატურული ენის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში.

გრიგოლ, ანუ შინაურობაში გიგა, ყიფშიძე 1858 წლის 10 იანვარს (ძვ. სტ.) დაბადებულა გორის მაზრის სოფელ წვერში, სადაც მამამისი თევდორე იმ ხანებში მღვდლად ყოფილა გამწესებული. როგორც ყიფშიძეების საოჯახო საბუთებიდან ჩანს, მათ წინაპარს თევდორე ყიფშიძეს 1813 წელს თავი დაუხსნია თავად აბაშიძის ყმობიდან და სოფელ კაცხიდან ქართლში, სოფელ დირბში გადმოსახულებულა. ამით დასაბამი მიუცია ყიფშიძიანთ გვერის ქართლური შტოისათვის.

რვა წლისა ყოფილა პატარა გიგა, როცა ის მშობლებს მოსამზადებელ კლასში მიუბარებიათ, ხოლო შემდეგ სწავლა გაუგრძელებია თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1874 წელს ამ სასწავლებლის კურსი დაუსრულებია და თბილისის სასულიერო სემინარიაში შესულა. აქ კი მას მხოლოდ ოთხ წელიწადს მოუხდა ყოფნა. სემინარიის მაშინდელი ინსპექტორ ივანე კუვშინსკის საშინელი რეჯიმის პირობებში თავისუფლების მოყვარულ გიგას ყოფნა გასჭირვებია. სოფრომმგალობლიშვილისა და იონა მეუნარგიას ცნობებით, ეს კუშინსკი იყო თავაშვებული რუსიფიკატორი, ქართველთა მოძულე. იგი ყოველი შეგირდის გულში უჩვეულო ღალატს დაეძებდა. მისმა უმსგავსო საქციელმა და თითქმის ყოველკვირა მოსწავლეთა ჩხრეკამ და აწიოკებამ სემინარიელთა რამდენიმე ამბოხება და პროტესტი გამოიწვია, რასაც მოსდევდა მოსწავლეთაგან კუვშინსკის შეურაცხყოფა და შემდეგ მათი გარიცხვა სემინარიიდან. ერთი ამგვარი ამბოხების მსხვერპლი უკანასკნელ კურსზე მყოფი „მალხაზი, ნიჭიერი და ომახიანი მოალაპრაკე” გიგაც გამხდარა.

1877 წელს 19 წლის გიგა პეტერბურგში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. იქ უნივერსიტეტშიც კი ჩაირიცხა როგორც თავისუფალი მსმენელი, მაგრამ სწავლას დიდხანს არ შერჩენია. ოჯახური პირობებისა და უსახსრობისა გამო სამშობლოში დაბრუნდა.

1878 წლიდან გიგა მასწავლებლობას იწყებს ჯერ სოფელ წრომში და შემდეგ ახალქალაქში, სადაც მასწავლებლობდნენ აგრეთვე ცნობილი ხალხოსნები შაქრო გულისაშვილი და ნიკო ხუციშვილი. მათი მეშვეობით გიგა ყიფშიძე ხდება გორის ხალხოსანთა ჯგუფის აქტიური წევრი და კორესპონდენტი ილია ჭავჭავაძის კვირეული გაზეთი „ივერიისა” და სერგეი მესხის ყოველდღიური გაზეთი „დროებისა”.

როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, გრიგოლ ყიფშიძე სკოლას დიდხანს არ შერჩენია, მაგრამ, როგორც ამას ქვევით დავინახავთ, თავისი კალმით და საზოგადოებრივი მოღვაწეობით ის სახალხო განათლების საქმის მუდმივი მსახური იყო და აქტიური მონაწილეც ამ უბანზე წამოჭრილი აქტუალური საკითხების გარჩევა-გადაწყვეტაში. მას ახარებდა, რომ ბატონყმობიდან ახალგანავისუფლებულ გლეხთა შვილები სწავლას ესაფებოდნენ, რომ მათ თანდათან ეხსნებოდათ გონება, უფართოვდებოდათ თვალთაედვა, ეზრდებოდათ სწავლისადმი მისწრაფება და სიყვარული. გლეხის პატარა ბიჭებმა თვითონვე დაიწყეს ძახილი: „მასწავლეთ წიგნი, მასწავლეთ, მასწავლეთ წერა-კითხვაო” და როცა ერთ-ერთი სასოფლო სკოლის მუშაობის წლიურ შეჯამებას აღწერდა გრიგოლ ყიფშიძე სიყვარულით აღნიშნავდა: „ეს დაგლეჯილი გლეხის ბიჭები ისეთის გრძნობიტ ამბობდნენ ზეპირად ლექსსა, რომ ღმერთმა შეარცხვინოს იმათთან კაი რიტორები და პეეტარნი. რა ცოდნით უჩვენებდნენ ისინი გლობუსზე სხვადასხვა ადგილებს და გზებს – საამური იყო თვალისა და გულისათვის. ეგრე, ეგრე, სოფლის მასწავლებელო! იშრომე ხალხის კეთილდღეობისათვის, ჩუმად, შეუნიშნავად როგორც ფუტკარი თავის სკაში. შენ დაუვიწყარი იქნები შენს პატარა სამშობლოში. დეე, რაც უნდა ქნას მტრის გესლიანმა ენამა, შენ მაინც კიდევ იშოვი პატიოსან შრომას, შენმაიცნ კიდევ შესწირავ, განდევნილო სემინარიელო, შენს იშვიათ ენერგიას და მტკიცე სულს შენს საყვარელ ხალხს...”

1878 წლის „ივერიის” ფურცლებზე „გ. გოდორიას” ფსევდონიმით თავსდება გიგა ყიფშიძის ამგვარი კრესპონდენციების მთელი სერია ფრონის ხეობიდან და საერთოდ ქართლიდან. ამ წერილების უმთავრესი საკითხებია: ქართლის სოფელი, გლეხების ყოფა-ცხოვრება, სკოლა, სოფლის მასწავლებელთა მდგომარეობა, სახალხო განათლება და ა. შ.

ამავე ხანებში სცადა გიგამ თავისი კალამი ბელეტრისტიკაშიც. მან ზედიზედ დაბეჭდა რამდენიმე მოხდენილი ნოველა: „ერთი მიცვალებულის ბედი”, „ერთი ღამე თოვლქვეშ”, „ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ”, „ძალიან დღეობა კი იყო ი დალოცვილი” და სხვა, რომელნიც იმდროინდელი სოფლის ცხოვრების სიდუხჭირესა და ჭირ-ვარამს ასახავენ. ეს იყო გიგას სამწერლო დებიუტი, მისი გამოჩენა სამწერლო ასპარეზზე როგორც ბელეტრისტისა. მაგრამ ეს დებიუტი არც ისე ეფექტური გამოდგა. გიგა ყიფშიძის კალამი მხატვრულ პროზაში სუსტი აღმოჩნდა და მისი ქმნილებებიც ფერმკრთალი, რის გამო ისინი მალე ჩაიძირა, დაიწყებას მიეცა. ეს ავტორმაც კარგად იგრძნო და სარბიელიც სხვაგან გადაიტანა, სამშობლოს სამსახური სხვა სფეროდან გადაწყვიტა.

1879 წელს გიგა ყიფშიძე თბილისშია. ის იწყებს ახალფეხადგმული ქართული სცენის სამსახურს, ხდება 1879 წელს ჩამოყალიბებული პირველი მუდმივი ქართული დასის წევრი და რამდენიმე წლის განმავლობაში ემსახურება ქართული თეატრის განმტკიცებას, როგორც მოკარნახე და ქართული სცენის ენთუზიასტი. ის აქვე უახლოვდება დასის ცნობილ მსახიობ ქალს ბაბო კორინთელს (სოფელ ტყვიავიდან იყო) და 1882 წელს მასზე იქორწინებს. ამის შემდეგ გიგა ყიფშიძე მომეტებულად თბილისში ცხოვრობს, თანამშრომლობს ქართულ პერიოდულ პრესაში, როგორც ლიტერატორი, თეატრალი და პუბლიცისტი. ამასთან ერთად, 1882 წლიდან 1885 წლამდე მუშაობს საქმის მწარმოებლად „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში”, სადაც ამავე საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძის ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. მართლაც, როცა ილია ჭავჭავაძემ თავისი კვირეული გაზეთი „ივერია” ჯერ ყოველთვიურ ჟურნალად (1880-85) და შემდეგ ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა (1886), გიგა ყიფშიძე მისი რედაქციის მუდმივი თანამშრომელი და მარჯვენა ხელი ხდება.

ჩვენი მხცოვანი მწერალი, გიგა ყიფშიძის თითქმის თანამედროვე და მასთან დაახლოებული, თედო სახოკია გადმოგვცემს: „განსაკუთრებით კი 1886 წელს იწყება გიგა ყიფშიძის საარაკო სამწერლო მუშაობა. მას კისრად აწვა ის ჩუმი, უჩინარი, ყოველდღიური და შეუწყვეტელი ტვირთი, რომელსაც საგაზათო მუშაობა ქვიან და რომლის სიმძიმე მხოლოდ იმათ იციან, ვისაც ამგვარი შრომა გაუწევია”.

გაზეთ „ივერიის” მაშინდელი თანამშრომლები და რედაციასთან დაახლოებული პირები: იაკობ მანსვეტაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, იონა მეურნარგია და სხვები თავიანთ მოგონებებში გადმოგვცემენ, რომ გიგა ყიფშიძე ილიას დიდი ნდობით სარგებლობდა, რომ რედაქციაში ერთსა და იმავე დროს ის სტილისტურად ასწორებდა, რედაქციას უკეთებდა და დასაბეჭდად ამზადებდა უამრავ მასალას, რომლის ანაწყობის კორექტურასაც თვითონვე ასწორებდა. ამ დროიდანვეა დარჩენილი დამახასიათებელი გადმოცემაც, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი სასიქადულო ბელეტრისტი ალექსანდრე ყაზბეგი, რომელიც იქვე, რედაქციის ოთახში საოცარი სისწრაფით წერდა თავის რომანებს, იშვიათად თუ სვამდა სასვენ ნიშნებს. როცა ამ ნაკლზე მიუთითებდნენ, ის გულდამშვიდებით იტყოდა თურმე: – ეგ ჩემი საქმე არ არის, ეგ გიგას საქმეა, იმან გაკეთესო, – ...და გიგაც, რა თქმა უნდა, ენერგიულად და გულმოდგინედ განაგრძობდა „თავის საქმეს”, რომ ხვალისთვის კარგი და შინაარსიანი გაზეთი მიეწოდებინა მკითხველისათვის. დააკლდებოდა თუ არა რომელიმე ნომრისათვის მასალა, იმასაც თვითონვე დაწერდა სახელდახელოდ, ან თარგმნიდა მოთხრობას, რომ გაზეთი დროზე და შეუფერხებლივ გამოსულიყო. ყველაზე ძნელად ამოსაკითხი დედანიც გიგას უნდა წაეკითხა, რადგან ის იყო მისი ხელოვანი, ყველას „თავისებურად ჩააბულბულებდა” თურმე, რისთვისაც მას ხუმრობით რედაქციის მედავითნეს ეძახდნენ.

სოფრომ მგალობლიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ხშირად ილია გიგა ყიფშიძის რჩევითა და დასტურით იწვევდა რედაქციაში მუდმივ თანამშრომლად საუკეთესო მწერლებსა და ნიჭიერ ჯურნალისტებს, რომელთაც გიგა ყიფშიძისავე განსაზღვრის მიხედვით ენიშნებოდა რედაქციიდან თვიური გასამრჯელო და ჰონორარი.

ცნობილი ჟურნალისტი იაკობ მანსვეტაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მაშინდელი ცენზორის „სულო ბოროტს” მიერ ჯვარედინად გადახაზულ-გადმოხაზული და წითელი მელნით შეთუთხნული გაზეთის კაბადონების გამოხსნისათვის ბრძოლაში ერთადერთი ფარი და ციხესიმაგრე გიგა ყიფშიძე იყო. მხოლოდ ის უმკლავდებოდა თავისებური ხერხიანი ბრძოლებით ქართული მწერლობის ჯალათად დანიშნულ ლუკა ისარლოვის შარებსა და გულქვაობასო.

ერთი სიტყვით, გიგა ყიფშიძე „ივერიის” მარტო მდივანი ან რედაქციის გამგე როდი იყო, როგორც მაშინ ეძახდნენ, არამედ ხშირად ფაქტიური რედაქტორი, რაკი ილია ჭავჭავაძე სხვადასხვა საქმეებით დატვირთული, გაზეთისათვის ყოველდღიურად ვერ იცლიდა. ამაზე მიგვითითებენ ილიას წერილები გიგა ყიფშიძისადმი. მაგალითად,&ნბსპ; ერთ უთარიღო ბარათში ილია მიმართავს გიგას: „ბატონო გიგა! მოთხრობა წავიკითხე და არ ვარგა... თუ ფელეტონები დაგაკლდეთ, თარგმნეთ რაიმე...”

სხვა შემთხვევაში რედაქციისათვის მოუცლელი ილია ჭავჭავაძე წერს თავის საიმედო თანამშრომელს: „ბატონო გიგავ! დღეს „მედიცინსკოე ობშჩესტვოში” კრებაა ავჭალის წყლის თაობაზედ. ფრიად საინტერესოა და რომ წაბრძანდეთ ჩვენი გაზეთისათვის ანგარიში დაწერეთ, ურიგო არ ინება... ხვალ კიდევ საქალებო გიმნაზიის ზალაში მეორე კრებაა ქალებისა, ანასტასია თუმანიშვილის თავმჯდომარეობით, ამისიც რომ ვიცოდეთ რაიმე, ურიგო არ იქნება”.

გრიგოლ ყიფშიძე აქტიურად ჩაება ქართული სალიტერატურო ენის დადგენის გარშემო 90-იან წლებში ქართველ ლიტერატორთა (პეტრე მირიანაშვილი, პეტრე ჭარაია, სილოვან ხუნდაძე და სხვ.) შორის გაჩაღებულ კამათში და რამდენიმე საყუადღებო მოსაზრება გამოთქვა.

მისი აზრით, „მწერლობის დიდ კერაში განუქრობლად ღვივის ცეცხლი იმ ცით მონიჭებლუი მადლისა, რომელსაც დედა-ენა ეწოდება. მწერლობაა მისი მცველი, მისი ხმალამოღებული დარაჯი”. ამიტომ იგი დიდი ყურადღებით ეკიდება იმ მწერელებს, რომელნიც პირველად გამოდიან ასპარეზზე. ეკატერინე გაბაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ვასილ ბარნოვი, დუტუ მეგრელი, შიო არაგვისპირელი, მელანია, ეგნატე ნინოშვილი, ია ეკალაძე და კიდევ ბევრი სხვა ის მწერლებია, რომელთაც თავდაპირველად „ივერიაში” დაიწყეს ფეხის ადგმა, ამ გაზეთში გამოწრთეს და დახვეწეს თავიანთი სამწერლო ენა.

გიგა ყიფშიძე დამცველია ქართულ ენაში ერთგვარი, ერთიანი მართლწერისას. მაგრამ ვიდრე ეს დადგინდებოდეს, მისი აზრით, არაფერს უშლის ერთიმეორეს „ორისა და სამის ერთგვარი ფორმის ერთად არსებობა... ამ ფორმებს შორის ჩუმი ბრძოლა იწარმოებს, ბუნებრივი შერჩევის კანონით, გლმოდგინე რედაქორებ-კორექტორების მეოხებით, და ერთი გაიმარჯვებს მათ შორის, ხოლო დანარჩენნი განიდევნებიან უდავიდარაბოდ, თავპირდაუმტვრევლად, ყიჟინა დაუცემლადო”.

როგორც ჟურნალისტსა და ქართული გაზეთის ერთ-ერთ წამყვან მუშაკს გიგა ყიფშიძეს ყველაზე მეტად აფიქრებდა ბარბარიზმების შემოჭრა ქართულ ენაში. მისი ბრძოლა და დაუნდობელი დოსტაქრობა ამ მხრივ, როგორც სტილისტისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართულ ჟურნალისტიკაში.

გრიგოლ ყიფშიძეს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს მთელი სერია სტატიებისა, სადაც ის მკვეთრად იცავს დებულებას სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შესახებ. ჟურნალ „განათლებაში” წერს: „როგორც ვუწყით, ჩვენში უმაღლესი მთავრობის განკარგულებით პირველ დაწყებით სკოლებში საგნების სწავლება უმთავრესად ქართულ ენაზედ უნდა სწარმოებდეს. ამავე დროს სასწავლო მთავრობის წარმომადგენელნი ჩვენებურ სოფლის სკოლებში მასწავლებლად ნიშნავენ ქართული ენის უცოდინართ, – როგორც, მაგალითად,&ნბსპ; სუფსის სასწავლებელში გაუწესებიათ რუსის ქალი”.

ძალზე საინტერესოა გრიგოლ ყიფშიძის სტატია „ენა და ეროვნება”, რომელიც მან 1895 წელს დაწერა ხარკოვის უნივერსიეტის ცნობილი პროფესორი ა. პოტებნიას გარდაცვალების გამო.

ამ სტატიაში გრიგო ყიფშიძე აღნიშნავს: „უცხო ენების ცოდნის საჭიროებას, აგრეთვე თარგმანების დიდ მნიშვნელობას დედა-ენისა და მშობლიური ლიტერატურის წარმატების საქმეში. გოეთესავით, რომელიც ამბობს, ვინც უცხო ენა არ იცის, იმან არც თავისი დედა-ენა იცისო, განსვენებული პროფესორიც იმ აზრისაა, რომ უცხო ენების ცოდნა და თარგმანი უცხოე ლიტერატურის ნაწარმოებისა ფრიად საჭიროა და სასარგებლო დედაენისა და მშობლიური ლიტერატურის გაძლიერებისთვისაო...” ამით, – ავტორის აზრით, – ერთი ენა არ ისპობა მეორის მიერ. „ძველად და ახლაც, – დასძენს იგი, – გავლენა ერთი ერის ენისა მეორისაზედ უფრო ლექსიკური იყო. დამორჩილებული ერის ენაში ვრცელდებოდა ცალკე სიტყვები დამორჩილებელის ერის ენისა. მაგრამ ლექსიკა ენისა ისეთი რამ აის ენაში, რომ მკტიცე ბურჯივით უძლებს ყოველგვარ ზედმოზღვავებულ მტრის მოსევას. ყოველი უცხო სიტყვა, შეპარული ამა თუ იმ ენაში, უნდა გარდაიქმნას, გადაიცვალოს და დაექვემდებაროს მის მუხრუჭს, რომელიც არის გრამატიკა...” მისი აზრით, „ქართული ენის სისუფთავისა და კანონიერებისათვის საქმე ასოები, მარცვლები და სიტყვები კი არ არის, საქმე თვით ბუნებაა ენისა, მისი სული, მისი ბუნებრივი მიმოხვრა, მისი ზოგადი აგებულება”.

ლიტერატორთა შორის 1894 წელს ატეხილი კამათისას, რომელშიც უმთავრესი ყურადღება წვრილმანბს იექცა, გრიგოლ ყიფშიძე წერდა: „მარტოოდენ სიტყვები იგივეა ენისათვის თითქმის, რაც ქვა და ქვიშა, – აგური და ხურდა შენობისათვისო. მასალის სიკეთესაც, რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქვა ქვაა, აგური აგურია და კირს ვერ წაუვა, ხოლო ისიცა და ისიც არაფრის მაქნისია, სრულაიდ გამოუსადეგარია, ვიდრე ახროვია ერთ ადგილას და ხელი ოსტატისა არ შეხებია თვით შენობის ასაგებად”. მისი აზრით, ენის საქმეში გრამატიკა იგივე ხუროთმოძღვრებაა, რაც არქიტექტურა შენობათა აგების საქმეში, მაგრამ ენის შესწავლისათვის, მისი წარმოდგენით, ალფა და ომეგა გრამატიკა მაინც არ იყო. „შეიძლება გრამატიკა გაიზეპიროს კაცმა, – წერდა იგ, – მაგრამ ენა კი არ იცოდეს; დავითნს სხაპა-სხუპით წაიკითხაავს ზოგიერთი დიაკვანი, მაგრამ შინაარსი კი არ ესმისო”.

მშობლიური ენის დაცვისა და უმაღლესი განათლების საკითხებს ეხება აგრეთვე გრიგოლ ყიფშიძე თავის პოლემიკურ სტატიაში ნიკო ხუდადოვთან და ალექსანდრე ნანეიშვილთან. გრიგოლ ყიფშიძე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ქართველი „სტუდენტობის რიგიანი წარმომადგენელნი აღარ ადგანან თავის ქვეყნის შესახებ სამარცხვინო უმეცრების გზას...” და ეს ისეთი ნიშანია, დასძენდა ის, – რომელსაც გულის ძგერით და აღტაცებით უნდა ვეგებებოდეთ, თუ გვწამს კიდევ ჩვენი ქვეყნის ბედი და ველით მის უმჯობეს მომავალსაო. გრიგოლ ყიფშიძის მართებული აზრით, „ცოდნა და ფილოსოფიური განვითარება ერთია და აღზრდა და დადგენა ხასიათისა – მეორე. ერთი სწავლის საგანია, მეორე – აღმზრდელობისა”.

გრიგოლ ყიფშიძეს ვერ უპატიებია რუსეთსა და საზღვარგარეთ მოსწავლე ქართველი სტუდენტისათვის, როცა ის „ისმენს მსოფლიო ისტორიას მეცნიერულად და ნუთუ შეცოდებად არ უნდა ჩაეთვალოს მას ის გარემოება, რომ გადმოვიდეს აქ და ინჩიც არ იცოდეს საქართველოს ისტორიისა: (ამის მაგალითი კი რამდენია!) სირცხვილით არა სწითლდება უმაღლესად განათლებული, სრულაიდ შეცოდებად არ მიაჩნია, რომ მან არც სამშობლო ისტორია იცის და ვერც ერთს ქართულ ლექსს ვერ წაგიკითხავს ზეპირად თავის ქვეყნის პოეტების თქმულს”.

სახალხო განათლების საკითხებში გრიგოლ ყიფშიძე ნამდვილი დემოკრატიული ეროვნული განათლების მედროშედ გვევლინება. იგი ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პოლიტიკური მრწმასისა და პედაგოგიური იდეების პოპულარიზატორია. გრიგოლ ყიფშიძე იბრძვის ნაციონალური სკოლისათვის, რომელიც აღზრდის ახალგაზრდობაში „ეროვნულს მიდრეკილებას, მამულის სიყვარულსა და შეასწავლის თავის ქვეყანას და ხალხს, მის კულტურას. ამგვარი სტუდენტობა, სწავლა-აღზრდით შემთავრებული, გინდ რუსეთში გაგზავნე მერე, გინდ ჩინეთში, იგი არ დაიკარგება, ყველგან შვილია თავის ქვეყნისა. იმიტომ, რომ მას ღრმად ექნება გართხმული ფესვები სამშობლო ქვეყანაში ნაციონალრუი სკოლის შემწეობით. სულ რომ კოსმოპოლიტობა ჩასჩიჩინოთ... ის მაინც ეროვნულს დროშას არ უღალატებს”. მაგრამ, – განაგრძობს იმავე სტატიაში ავტორი, – „ვიდრე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზზის გამო, არ მომხდარა, ჩვენდა სამწუხაროდ და ჩვენი სამშობლო ქვეყნის სავალალოდ, ჩვენს სტუდენტობას, სხვაგან გაგზავნილს, ყოველგვარი შიში და ხიფათი მოელის, გადაბირებაცა, გადაგვარებაცა და გადამახინჯებაცა, როგორც კორპუსების (ლაპარაკია კადეტთა კორპუსზე – ს. ც.) დროს მოსდიოდა”.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი პუბლიცისტი რამდენიმე პრაქტიკულ ღონისძიებაზედაც მიუთითებს: „სტუდენტობა რომ მაგრად და მტკიცედ იდგეს ამ შემთხვევების წინააღმდეგ უცხოეთში, ჩვენი ფიქრით, მას უნდა ჰქოდნეს შედგენილი მჭიდრო წრე, რომელსაც თავისი საკუთარი ინტერესები ექნბა, თავისი ცხარე გულის დამწველი „სავარამო და დაწყევლილი კითხვები”, რომელთა გადაწყვეტისათვის იგი უნდა ემზადებოდეს, როგორც ეროვნების წარმომადგენელი გონიერი ჯგუფი, მის (ეოვნობის) ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი. ამ წრემ უნდა შეივსოს ის ნაკლი, რომელიც აწინდელმა გიმნაზიულმა განათლებამ მას უძღვნა: უნდა შეისწავლოს ქართული ენა, ისტოია, ლიტერატურა, მშობლიური კლასიკური და აწინდელი პოეტები, სამშობლო მხარე, რამდენადაც შეიძლებოდეს უცხო ქვეყანაში; უნდა გამოიკვლიოს საერთო პროგრამა მოქმედებისა სამშობლოს მიმართ სამსახურისათვის, მისგან წამოყენებულის პრობლემისა და არსობითი ვარამის, ასე თუ ისე გადასწყივეტად, აქ – თეორეტიკულად და აქ, – ადგილობირვ, – პრაქტიკულადაც”.

გრიგოლ ყიფშიძე ნაყოფიერი ლიტერატორი იყო. მისი კრიტიკკული ეტიუდები, გაფანტული ქართულ პერიოდულ პრესაში, მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგიდან. გაზეთ „დროებიდან” დაწყებულ ჟურნალ „იმედით” და შემდეგ „ივერიით” და „მოამბეთი” დამთავრებული, მისი კალმის უმთავრესი თემა იყო ქართული მწერლობა, თეატრი, სხვა მრავალი სადღეისო საკითხი, რომელთა გვერდის ავლა მას, როგორც გაზეთის მუშაკს არ შეეძლო.

გრიგოლ ყიფშიძე წერდა როგორც ცალკეულ კრიტიკულ ნარკვევებსა და ეტიუდებს, აგრეთვე საგაზეთო და საჟურნალო შინაურ მიმოხილვებს. 80-იანი წლების ქართველ ბელეტრისტებს შორის, უპირველეს ადგილს ის ალექსანდრე ყაზბეგს აკუთვნებს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ალექსანდრე ყაზბეგის ნაწერებში ცხოვრება იხატება სავსებით ჭეშმარიტი სახელოვნებო შემოქმედებით, კალმის ისეთი მოსმით, რომ ზოგიერთ ევროპელ მწერალ-მხატვარსაც გაუჭირდებოდაო”. გრიგოლ ყიფშიძეს მიმოხილული აქვს აგრეთვე იმ დროისათვის ახალგაზრდა ბელეტრისტების ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვათა შემოქმედების ნიმუშები და საერთო დასკვნაში აღნიშნავს, რომ, მართალია, ესენი არ არიან ისეთი მაღალნიჭიერნი და ნაყოფიერნი, როგორც ალექსანდრე ყაზბეგი, მაგრამ დასაფასებელნი არიან, რაკი ჩვენს ცხოვრებას ასურათებენ საკმაო მხატვრული სიმართლით და ჭეშმარიტის შემოქმედებითო. გრიგოლ ყიფშიძე დიდად აფასებს იმ გარემოებას, რომ ეგნატე ნინოშვილმა, შიო არაგვისპირელმა, ეკატერინე გაბაშვილმა, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ, ნიკო ლომოურმა, სოფრომ მგალობლიშვილმა, დუტუ მეგრელმა და სხვებმა „მთელი თავისი ძალ-ღონით, მთელი თავისი ნიჭით, რომელიც საკმაოდ შესამჩნევი ზომისაა, მომართეს დღევანდელი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი მდაბიო ხალხის, გაუნათლებელი სოფლელი ხალხის დასურათებასო!”

შემდეგ წლებში მას გარჩეული აქვს დავით კლდიაშვილის მოთხრობები, რომელთაც ის განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს ქართულ ლიტერატურაში. მომდევნო სტატიაში მას მიმოხილული აქვს ანასტასია ერისთავის, თომაანთ კობას (ია ეკალაძე), თ-ლის (უიარაღო) და სხვაა თხზულებანი, ლალიონის „ფირალი დავლაძე” და სხვა.

1895 წლის ჟურნალ „მოამბის” მე-10 ნომერში გრიგოლ ყიფშიძემ გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი კრიტიკული ეტიუდი „რაფიელ ერისთავი და ისი სალიტერატურო მოღვაწეობა”. ეს წერილი მიძღვნილი იყო რაფიელ ერისთავის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლის იუბილესადმი, რომელიც მას ქართველმა გადაუხადა და რომელიც „სახალხო დღესასწაულად” იქცა. გრიგოლ ყიფშიძემ, რაფიელ ერისთავის მჩქეფარე პოეზიის პირველმა გამრჩევმა, მეტად მაღალი შეფასება მისცა პოეტს.

გრიგოლ ყიფშიძე ავტორია აგრეთვე მრავალი ცალკეული წიგნის რეცენზიისა და თეატრალური ხასიათის სტატიებისა. ის, გარდა გაზეთ „ივერიისა”, ჟურნალ „მოამბეშიც” იო მიწვეული, როგორც საუკეთესო სტილისტი, დღიდან ამ ჟურნალის დაარსებისა (1893-1905). ამ ჟურნალში დაბეჭდა მან თავისი სანიმუშაო თარგმანების უმეტესობა. როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, 80-იანი წლების მანძილზე გრიგოლ ყიფშიძემ შექმნა მთელი სკოლა საუკეთესო მოქართლეთა და ქართული თარგმანის ოსტატებისა, რომელთაც (თ. სახოკია, შ. ბილანიშვილი. ალ. ნიკიტინი და სხვა) საკმაოდ გაამდიდრეს ქართული ლიტერატურა განსაკუთრებით პროზაული თარგმანებით. პირადად გრიგოლ ყიფშიძის თარგმანებში აღსანიშნავია: სენკევიჩის „ცეცხლითა და მახვილითა”, პოლ ბურჟეს „ანდრე კორნელი”, ედმონდ დე ამიჩის „კარმელა”, ფრანსულა კოპეს „იაკობელები”, მატილდა სერანოს „ამბავი სიყვარულისა”, დე-ვოგუეს „მართლმსაჯულება”, ლუიჯი კაპუნის „გათახსირებული”, ალ. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი” და სხვა.

“ღალატის” გამო უნდა ითქვას, რომ იგი თარგმნეს აგრეთვე აკაკი წერეთელმა (1905), ქართული სცენის დიდმა ოსტატმა კოტე მესხმა (1903) და ცნობილმა თეატრალმა ნიკო ავალიშვილმა (1906), მაგრამ სცნაზე მხოლოდ გიგა ყიფშიძის თარგმანმა გაიმარჯვა. როცა „ღალატის” ავტორი სტუმრებია საქართველოს და მისი პიესის უბადლო მთარგმნელს შეხვედრია დავით სარაჯიშვილის ოჯახში გამართულ ბანკეტზე, საუბრის დროს გიგასათვის უთქვამს:

– პატივცემულო გრიგოლ, ამ პიესის ორიგინალობა თქვენ გეკუთვნით, მე კი ასე მგონია, ქართულიდან რუსულ ენაზე ვთარგმნეო.

საინტერესოა, რომ უკანასკნელ ხანებში გრიგოლ ყიფშიძე მარქსის, ენგელსის, ბებელის, ლასალისა და სხვათა თარგმანებზე მუშაობდა, რომელთა დასრულება მას ვერ მოუსწრია.

გრიგოლ ყიფშიძე, კირიონთან ერთად, ავტორია ქართული სიტყვიერების თეორიისა, რომელიც პირველად 1898 წელს გამოიცა როგორც სახელმძღვანელო წიგნი ქართული გიმნაზიებისა და სკოლებისათვის. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი პირველი სიტყვიერების თეორია იყო მე-19 საუკუნის საქართველოს სინამდვილეში, ასეთი სქელტანიანი (650 გვერდი) და საკმაოდ პოპულარობამოხვეჭილი. ის რამდენჯერმე გამოიცა (1908, 1920) და პირველ ხანებში საბჭოთა სკოლასაც უწევდა სამსახურს.

გრიგოლ ყიფშიძეს ეკუთვნის აგრეთვე პირველად ჩვენს სინამდვილეში შედგენილი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი რუსულ ენაზე „პერიოდული ბეჭდვითი სიტყვა კავკასიაში” (Периодическая печать на Кавказе), რომელიც 1901 წელს გამოიცა თბილისში. ნაშრომი ორ უმთავრეს განყოფილებისაგან შედგება. პირველში მოკლედ გარკვეულია რუსული პერიოდული პრესის ისტორია კავკასიაში, მეორეში კი მოცემლუია მოკლე მიმოხილვა ქართული პერიოდული პრესისა, სადაც კონკრეტულად გაშუქებულ-დახასიათებულია: ა) საერთო-ლიტერატურული გამოცემანი: „საქართველოს გაზეთი” (1817-1820), „ქართული გაზეთი” (1821-1825), „თბილისის უწყებანი” (1830-1832), „მახარობელი” (1845), „ცისკარი” (1852-1875), „საქართველოს მოამბე” (1863), „დროება” (1866-1885), „მნათობი” (1869-1872), „კრებული” (1872-1874), „ივერია” (1877-1907), „შრომა” (1881-1883), „იმედი” (1881-1883), „კვალი” (1893-1904), „მოამბე” (1893-1905), „მოგზაური” (1901-1904) და ბ) სპეციალრიუ პერიოდული გამოცემანი: „გუთნის დედა (1861-1876), „საქართველოს სასულიერო მახარობელი” (1864-1868), „სასოფლო გაზეთი” (1868-1881), „ქართული ბიბლიოთეკა” (1883-1884), „ნობათი” (1883-1885), „თეატრი” (1885-1890), „მწყემსი” (1883-1910), „ჯეჯილი” (1890-1923) და „აკაკის კრებული” (1897-1899). გრიგოლ ყიფშიძის ეს ნაშრომი, მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა და მასში დაშვებული უსწორობისა, დღემდე ერთ-ერთ დამხმარე წყაროდ და ცნობარად ითვლება ამ დარგის ლიტერატურაში.

იშვიათია მწერალი, დიდი იქნება ის თუ პატაა, რომელსაც თავის ქმნილებათა გვირგვინად არ აღმოაჩნდეს ერთი რომელიმე თხზულება. ამგვარი გვირგვინი გრიგოლ ყიფშიძისა არის საქმის ღრმა ცოდნითა და პატრიოტული მგზნებარებით დაწერილი ილია ჭავჭავაძის ვრცელი ბიოგრაფია, რომელიც დაერთო 1814 წელს მიხეილ გედევანიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის თხულზებათა მდიდრული გამოცემის I ტომს. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ დასახელებული გამოცემის მთავარი რედაქტორი, მასალების შემრჩევი და კომენატორიც გიგა ყიფშიძე იყო. მისი მზრუნველი და მადლიანი ხელიდან არის გამოსული ეს ძვირფასი გამოცემა.

ბიოგრაფმა შეძლო საკმაოდ ფართოდ წარმოედგინა მკითხველის წინაშე ის გარემო, სადაც წარმოიშვა მომავალი პოეტი, დამაჯერებლად დაეხატა პოეტის მშობლები, და-ძმანი, მათი მთელი ოჯახი, იქ გაბატონებული ჩვეულებანი და აღზრდის წესები, პოეტის ბავშვობა, ყრმობა და ჭაბუკობა, მისი დაახლოება გლეხების ბავშვებთან და მათგან მიღებული შთაბეჭდილებანი, როგორც უმთავრესი წყარო დემოკრატიზმის ნაკადისა ილიას აზროვნებაში. საკმაოდ ძლიერი ფერებით არის მოცემული ილია თბილისში: ჰაკეს პანსიონში და გიმნაზიაში, თბილისის გავლენა მასზე და ზოგიერთი გარდატეხანი, რასაც მოსდევს პეტერბურგის უნივერსიტეტში გამგზავრება, პოეტის ცხოვრების იქაური ეპიზოდები და პირველი ლექსები.

ბიოგრაფიის შემდეგ თავებში განი გულისხმიერებითა და საკითხის ცოდნით არის გაშუქებული ილიას საქართველოში დაბრუნება, მისი სამწერლო ასპარეზზე მძლავრად და აქტიურად გამოსვლა, პირველი წერილები ქართული მწერლობის წარმომადენელთა ძველი ბანაკის წინააღმდეგ, „თერგდალეულების” გამოსვლა. ჟურნალი „საქართველოს მოამბის” დაარსება ილიას მიერ და ბრძოლა ახალი, საერთოეროვნული ლიტერატურული ენისათვის, ილიას დიდი მოთხრობების „კაცია ადამიანისა” და „გლახის ნაამბობის” გამოსვლა და მათგან შექმნილი ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.

ამის შემდეგ ავტორი აშუქებს ლიტერატურიდან ილიას დროებით ჩამოცილების მიზეზსებს, მის დაოჯახებას (1863) და სახელმწიფო სამსახურში შესვლა, რის გამო მას მთელი ათეული წლის განმავლობაში გლეხობაში უხდება ტრიალი, სწავლობს გლეხი კაცის ფსიქიკას, ყოფას, ცხოვრებასა და კრებს უამრავ მასალას ქართული მწერლობის გასამდიდრებლად; ამ პერიოდშივე გამოდის ის აქტიურად გლეხთა განთავისუფლების საკითხებზე. იცავს გლეხთა განთავისუფლებას ბატონყმობიდან მიწების გადაცემით, რისთვისაც მას უხდება სასტიკი ბრძოლა თავად-აზნაურებთან და განსაკუთრებით დიდი შეჯახება სახელგანთქმულ ქართლელ მემამულესთან, გულზვიად თავადსა და გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონთან. როგორც მისი ბიოგრაფი აღნიშნავს, – „ილიას ერტყა გარშემო ბრწყინვალე შარავანდედი ქართველთა დიდი პატრიოტისა, ეროვნული მგოსნისა, ქვეყნის მესვეურისა და მესაიდუმლესი” – და ამიტომ ის, როგორც მართალი, ყოველ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა.

ბიოგრაფიის შემდეგ თავებში გიგა ყიფშიძისათვის დამახასიათებელი, დინჯი „ტკბილქართულით”, საინტერესოდ მოთხრობილია: ილიას სახელმწიფო სამსახურიდან გამოსვლა, კვლავ თბილისში დაბრუნება, ბანკის დაარსება და მისი მნიშვნელობა და დედააზრი, კვირეული ჟურნალი „ივერიის” დაარსება, ილიას პოემების: „დიმიტრი თავდადებულის” დაბეჭდვა „ივერიაში” და „განდეგილის” წაკითხვა ართველ ლიტერატორთა და მეგობართა წრეში, ჟურნალი „ივერიის” ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთება (1886), ცენზორებთან ბრძოლა, რომელსაც მოსდევს ილიას დახასიათება, როგორც ენამზე ორატორისა, უძლეველი პოლემისტისა და უბადლო პუბლიცისტისა, რომლის მიზანი იყო ქართველი ხალხის სრული კონსოლიდაცია, მისი ერთიან, მთლიან ერად ჩამოყალიბება და ეროვნული კულტურის აყვავება.

ამიტომაც ავტოს აქვე თანმიმდევრულად აქვს გაშუქებული ილიას ღვაწლი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში”, როგორც მისი უცვლელი თავმჯდომარისა, ქართული თეატრისა და სათეატრო საზოგადოების გარშემო, სწავლა-განათლების, სოფლის მეურნეობის საკითხებზე და ა. შ. დასასრულ ავტორი აღწერს ილიას ცხოვრებას საგურამოში, მის სტუმრიანობას, რომელიც მხოლოდ ქართული კულტურის სამსასხურისა და აღორძინების მიზნით იმართებოდა.

ბიოგრაფიის ავტორი სამართლიანად ახასიათებს და გამოკვეთს ილიას პიროვნებას, როგორც „მამულიშვილობის ბურჯს”, „ეროვნულ განმანათავისუფლებელი მოძრაობის” დიდ მედროშეს და ხალხის კეთილდეობისათვის თავდადებულ მებრძოლს. აღწერს რა იგი ილიას ვერაგული მკვლელობის ზოგიერთ მომენტსაც, დასკვნაში აღნიშნავს: „ალბათ, დრო მოვა და პირუთვნელი ისტორია ყველას თავისას მიუწყავს” (გვ. 75).

დიდი ილიას ღირსეული ბიოგრაფის ეს წინათგრძნობა სავსებით გამართლდა. სულ რაღაც 30 წელიწადი დასჭირდა ისტორიის განაჩენის განხორციელებას. 1936 წელს გაზეთმა „პრავდამ” (№224) ილია ჭავჭავაძეს „საქართველოს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის უაღრესად პოპულარული საზოგადო მოღვაწე” უწოდა. დიდმა სტალინმა კი ილია ჭავჭავაძე ლევ ტოლსტოის შეადარა და თავის ერთ-ერთ საუბარში აღნიშნა: „იმიტომ ხომ არ ვერიდებით ილია ჭავჭავაძეს, რომ ის თავადთაგანი იყო? მერე და განა რომელიმე ქართველმა მწერალმა მოგვცა ისეთი ფურცლები მემამულეთა და გლეხთა ფეოდალური ურთიერთობის შესახებ, როგორიც მოგვცა ჭავჭავაძემ? მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველ მწერალთა შორის ილია ჭავჭავაძე უთუოდ დიდი ფიგურა იყო”.

პირად ცხოვრებაში გიგა ყიფშიძე უბრალო, თავმდაბალი და თავაზიანი ადამიანი იყო. სოფელში დაბადებულს და გაზრდილს უყვარდა სოფელი და მისი მეზობელი გლეხები, რომლებთანაც ის ხშირად ატარებდა დროს, როცა სოფლად ჩადიოდა. მისი შვილებისა და მახლობელთა გადმოცემით, უყვარდა გლეხებთან ხშირი საუბარი, მათთან ნადიმი, მუშაობა, ნადირობა და თევზაობა. თუ რაიმე ისეთს დაწერდა, სადაც სოფლის ცხოვრება იყო ასახული, ან გლეხთა საკითხი, პირველად გლეხებს წაუკითხავდა, იმათ მსჯავრს მოისმენდა. ენობრივადაც იქ გასინჯავდა თუ რამდენად მათთვის გასაგებად იყო დაწერილი, ან რომლიმე გაუგებარი სიტყვა ხომ არ ჰქონდა ხმარებული და სხვა. სიტყვის და საერთოდ, ქართული მეტყველბის დაუშრეტელ საუნჯედ მას ხალხი მიაჩნდა, რომლისგანაც მუდამ სწავლობდა ენასა და გამოთქმას, ანდაზებსა და იდიომებს. როცა უკანასკნელ დღეებს სოფელში ატარებდა, ის თვითონვე წერდა ერთ თავის ფელეტონში: „ქალაქის მიტოვება და დროებით სოფელში გადასახლება არც ისე სამძიმო იყო ჩემთვის. მართალია, ქალაქში გავატარე უმეტესი დრო ჩემი სიცოცხლისა, ჩემი მცირე საქმიანობისა, მაგრამ სოფელში ცხოვრებისაც ხამი არ ვიყავ. იქ დავიბადე, აღვიზარდე, პატარაობა იქ გავატარე. შემდეგაც ხშირი სტუმარი ვიყავ სოფლისა. სოფელთან კავშირს ისევე ძლიერ ვგრძნობდი, როგორც ქალაქთან.

აქ უნდა მოვიგონოთ გიგა ყიფშიძის სახელთან დაკავშირებული ერთი დამახასიათებელი შტრიხიც, რომელიც პროფესორ სიმონ ყაუხჩიშვილმა გვიამბო: საღოლაშენში გიგა ყიფშიძის, მისი ძმებისა და სხვათა ყოფილ მამულებზე ჩამოყალიბებულ საბჭოთა მეურნეობას „გიგანტი” უწოდეს. ეს სიტყვა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ ნაწილს ისე გაუგია, ვითომც გიგა ყიფშიძის საპატივცემულოდ იყო დარქმეული და ამ მეურნეობას ისინი დღესაც გიგაანთ მეურნეობას ეძახიანო.

გიგა თავის ქალაქელ მეგობართა შორისაც ასეთივე ტკბილი და თავაზიანი იყო ყოველთვის. გაზეთი „ივერიის” დახურვის (1907) შემდეგ ის იძულებული გახდა, ეკისრა ქართული სამეურნეო ბანკის ჯერ მოლარეობა და შემდეგ დირექტორობაც, რომელ თანამდებობასაც ის თითქმის 1921 წლის ივნისამდე ასრულებდა.

საბჭოთა მთავრობამ გრიგოლ ყიფშიძეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პერსონალური პენსია დაუნიშნა. სავსებით მართებულია გრიგოლ ყიფშიძის პიროვნების დასახასიათებლად თქმული თედო სახოკიას სიტყვები, რომ მას „თამამად შეეძლო ეთქვა: რამდენად ძამედვა, ვიშრომე ჩემი ხალხისათვის, ვიტანჯე მისი ტანჯვითა, ვილხინე მისი ლხენითა... და მომესწრო იმდენი ხნის ნატვრის ფრთების შესხმაც, მოვესწარ იმ სანეტარო უთსაც, როს ჩემმა სამშობლომ მონობის ბორკილები დაამსხვრია...”

ამ „სანეტარო წუთებში” გრიგოლ ყიფშიძე მხოლოდ 63 წლისა იყო, აღსავსე შრომის უნარითა და სურვილით – აქტიური მონაწილეობა მიეღო ახალი, სოციალისტური საქართველოს მშენებლობაში. მაგრამ ეს უკანასკნელი სურვილი მას არ შეუსრულდა. 1921 წლის გაზეთი „კომუნისტი” (№213) ქართველ საზოგადოებას აუწყებდა: „13 ნოემბერს უეცრად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ლიტერატორი და მწერალი გ. თ. ყიფშიძე. განსვენებული დიდი ხანი რედაქტორობდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ გამოცემებს. გრიგოლ ყიფშიძის გასვენება იკისრა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატმა”. ამ განცხადებას, თავის მხრივ, გამოეხმაურა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი და ქართველი საზოგადოება. გიგა ყიფშიძე დაკრძალულ იქნა, თავის ანდერძისამებრ იქ, სადაც მას ბავშვობა და ყრმობა გაუტარებია და სადაც ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ცხოვრობდა, ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში.