‍სამსონ ყიფიანი (1855-1937)

ავტორი: ტროფიმე ხუნდაძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

kipiani samsonსამსონ გიორგის ძე ყიფიანი დაიბადა 1855 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ხორჩანაში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1880 წელს. მაშინ ახლად გახსნილი იყო ქუთაისის სააზნაურო ოთხგანყოფილებიანი სკოლა, რომელსაც ცნობილი პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა 1886 წლამდე. ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით სამსონ ყიფიანმა, რადგან ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში მაშინ ვერ მოახერხა, მასწავლებლობა ამ სკოლაში დაიწყო, სადაც მან ორი წელი დაჰყო. აქ, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ფეხს იკიდებდა ქართული მუდმივი თეატრი და აკაკის თხოვნით, სამსონ ყიფიანი მონაწილეობას იღებდა ახალჩამოყალიბებულ დასში როგორც მსახიობი. ქუთაისში სამსონ ყიფიანი ორ წელიწადს დარჩა; 1882 წელს ის ახერხებს პეტერბურგში გამგზავრებას და შედის სასულიერო აკადემიაში (იმ პერიოდში სემინარიელებისათვის აღკვეთილი იყო უნივერსიტეტში შესვლა). სამსონ ყიფიანი რუსეთში მხოლოდ ორ წელიწადს დარჩა და ავადმყოფობის გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამკრუნალოდ ესენტუკში მყოფ სამსონ ყიფიანს იაკობ გოგებაშვილი წინადადებას აძლევს, თბილისში ჩამოვიდეს და მასწავლებლობა დაიწყოს თბილისის სააზნაურო სკოლაში. ეს იყო 1884 წელს. აქ სამსონ ყიფიანი, პედაგოგიური მუშაობის გარდა, მოღვაწეობდა ქართულ სცენაზე როგორც მსახიობი და უახლოესი თანამშრომელი იყო გაზეთ „დროებისა”, სანამ ის მთავრობამ არ დახურა 1885 წელს. „დროებასა” და შემდეგ „ივერიაში” სამსონ ყიფიანი ათავსებდა კრიტიკულ, მხატვრულ, იუმორისტულ წერლებს, არჩევდა სახელმძღვანელოებს, შემდეგ სამეგრელოდან აგზავნიდა კორესპონდენციებს საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ზოგ წერილს ის სახელსა და გვარს აწერდა, სხვებს ფსევდონიმებით წერდა: ს. ყ-ნი, ს-ნი, მეგობარი, ს-ნ ყ-ნი, საფამსიფონი და სხვ.

მაგრამ სამსონ ყიფიანის ნაყოფიერი და მეტად სასარგებლო მოღვაწეობა პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე იმ დროიდან დაიწყო, როცა „წერა-კითხვის საზოგადოების” მესვეურებმა – ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე მაჩაბელმა და ნიკო ცხვედაძემ მას ძველ სენაკში განზრახული სააზნაურო სკოლის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, რაც სამსონ ყიფიანმა სიამოვნებით მიიღო.

1880-იანი წლების დასაწყისიდან ცარისტულმა ხელისუფლებამ გააძლიერა აგრესიული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ. სხვა ღონისძიებათა შორის, ქართევლი ხალხის გადასაგვარებლად, მისი კულტურის დასასუსტებლად და აღმოსაფხვრელად მთავრობამ განიზრახა მეგრელი ხალხის ჩამოშორება მთლიანი ქართული ეროვნული ორგანიზმისგან. ამ მიზნის მისაღწევად სამეგრელოს სკოლებში გააუქმა ქართული ენა და შეეცადა ეკლესიებიდანაც გაედევნა ის. ამ საქმეს სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორი ლევიცსკი ხელმძღვანელობდნენ. იანოვსკიმ აკადემიიდან გამოიწერა „ენათმეცნიერი” გრენი, რომელმაც მეგრული ანბანი შეადგინა ექვსი თვის განმავლობაში. იანოვსკიმ თვით სამეგრელოში გაიჩინა ამ მიზნისათვის აგენტები, – ეს იყო მასწავლებელი თიდა აშორდია, რომელმაც სხვა ვარიანტის მეგრული ანბანი შეადგინა და იანოვსკი-ლევიცსკის პოლიტიკის უშედეგო მქადაგებელი გახდა სამეგრელოში. მთავრობის ამ ვერაგულმა პოლიტიკამ სამეგრელოს მოსახლეობის ყველა ფენაში ღრმა აღშფოთება გამოიწვია. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” გადაწყვიტა ქუთაისის სააზნაურო სკოლასთან არსებული განყოფილების პარალელური კლასები ძველ სენაკში გაეხსნა და ამით წინააღმდეგობა გაეწია მთავრობის პოლიტიკისათვის, რამდენადაც დამტკიცებული დებულებით სააზნაურო სკოლის მოსამზადებელ განყოფილებაში ქართული ენა ისწავლებოდა და პირველ ორ წელიწადს ქართულ ენაზე მიმდინარეობდა საგნების სწავლებაც. ეს სასწავლებელი 1884 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა და მის ხელმძღვანელად, როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოების გამგეობამ სამსონ ყიფიანი დანიშნა.

სამსონ ყიფიანი ენერგიულად შეუდგა სასწავლებლის მოწყობისა და გახსნის საქმეს. სასწავლებლის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ქართველი ინტელიგენცია და ძველი სენაკის მახლობელი სოფლების მოსახლეობა. მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე სიტყვები წარმოუთქვამთ ალექსი ჭიჭინაძეს, მაშინ ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორს, ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ნ. ტ. დადიანს, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს და ბოლოს სამსონ ყიფიანს, ახლად დაარსებული სკოლის ინსპექტორს, რომელსაც დამსწრეთა ყურადღება სასწავლებლიათვის ნივთიერი სახსრების გაძლეირებაზე გაუმახვილებია. სამსონ ყიფიანის სიტყვას ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ დამსწრეთა შორის 15 წუთის განმავლობაში 530 მანეთი შეუგროვებიათ. კომისია შექმნილი ახალგახსნილი სკოლის ნივთიერი ბაზის გასაძლიერებლად, კერძოდ, სკოლისთვის საკუთარი შენობის ასაგებად ზრუნვას შეუდგა. მართლაც, მალე სამსონ ყიფიანის ენერგიული ხელმძღვანელობით ძველ სენაკში ადგილობრივი სახსრებით აშენდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ცხრა თვალისაგან შემდგარი, რომელშიც საკლასო ოთახების ბიბლიოთეკა და მასწავლებელთა ბინების გარდა, ერთი დარბაზი სცენისათვის იყო განკუთვნილი. აქ მასწავლებელთა ძალებით სისტემატურად იმართებოდა წარმოდგენები. სსწავლებელთან მოწყობილ იქნა აგრეთვე საფუტკრე, სანერგე, გაშენდა ვენახი, რომლითაც მოსწავლენი სოფლის მეურნეობას ეცნობოდნენ. მალე ძველი სენაკის სკოლამ, რომელშიც აზანურთა გარდა გლეხის შვილებსაც იღებდნენ, პოპულარობა მოპოვა სენაკისა და ზუგდიდის მაზრებში. აქ ოთხი მოსამზადებელი განყოფილების დასრულების შემდეგ ბავშვები ქუთაისის სააზნაურო პროგიმნაზიული სკოლის პირველ კლასში გადადიოდნენ უგამოცდოდ და ამრიგად, გზა ეხსნებოდათ საშუალო და უმაღლესი განათლებისაკენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააზნაურო სკოლა 1904 წლიდან გიმნაზიად გადაკეთდა. ძველი სენაკის ქართული სკოლის სასწავლო ნაწილს, ისე როგორც ქუთაისის სკოლისას, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობა ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენლები, უფრო ხშირად იაკობ გოგებაშვილი, ჩამოდიოდნენ ძველ სენაკში სკოლის დასათვალიერებლად და მითითებების უშუალოდ მისაცემად.

ძველი სენაკის სააზნაურო სკოლა ქართული კულტურის პატარა კერას წარმოადგენდა, საიდანაც ნაპერწკლები მთელ სამეგრელოს სწვდებოდა. ამ კერის შემქმნელი და ხელმძღვანელი სამსონ ყიფიანი იყო; ამიტომ სასწავლო უწყება, პირადად სახალხო სკოლათა დირექტორი ლევიცსკი ცდილობდა, სახელი გაეტეხა სამსონ ყიფიანისათვის სხვადასხვაგვარი დამაბეზღებელი წერილებით. სამსონ ყიფიანი ძველი სენაკის ქართული სკოლის გამგის თანამდებობაზე 1898 წლამდე დრჩა. ამ წელს ის გადმოვიდა ქუთაისის სააზნაურო სკოლაში, სადაც პირველად მოსამზადებელ კლასებში, შემდეგ პროგიმნაზიულ კლასებში ასწავლიდა რუსულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. 25 წელზე მეტი ხანი გაგრძელდა სამსონ ყიფიანის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქუთაისში. ქართული გიმნაზიის საქმეებიდან ირკვევა, რომ მას დამსახურებული პატივისცემა ჰქონია მოპოვებული სასწავლებლის პედაგოგებში და გიმნაზიასთან დაკავშირებული არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდებოდა მისი მონაწილეობის გარეშე, მაგალითად, ქართული გიმნაზიის რეორგანიზაციის საკითხის გადაწყვეტა 1905 და მომდევნო წლებში. ქართული გიმნაზიის მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან (თ. მთავრიშვილი, იოსებ ოცხელი, დ. ოყრეშიძე) შეადგინა და გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელოები ოთხივე მოსამზადებელი კლასისათვის – „მნათობი”, „გუთანი” და სხვა.

სამსონ ყიფიანი, მიუხედავად ხანდაზმულობისა, ახალგაზრდული ენერგიით განაგრძობდა მუშაობას საბჭოთა სკოლაშიც.

მთავრობამ და საზოგადოებამ 1923 წელს პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის სამსონ ყიფიანს იუბილე გაუმართა ქუთაისში და სათანადო პენსია დაუნიშნა.

სამსონ ყიფიანი გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია ქუთაისში.