‍მიხეილ ყიფიანი (1846-1916)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

kipiani mikheili1916მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოში საკმაოდ ფართოდ იწყებს გავრცელებას ხალხოსნური მოძრაობა. ჩვენი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომელიც უმაღლეს განათლებას რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ინსტიტუტში იღებდა, განიცდიდა გამოჩენილი რუსი რევოლუციონერ-დეოკრატების ზეგავლენას და პროგრესული იდეებით აღჭურვილი ხალხის საკეთილდღეოდ იწყებდა მოღვაწეობას.

1861 წლის მანიფესტმა ბატონყმობის გაუქმების შესახებ გლეხებს მხოლოდ უმიწოდ განთავისუფლება მოუტანა და ეკონომიკურად ისევ მებატონეთა კლანჭებში მოაქცია. ეს გარემოება რუსეთის მოწინავე საზოგადოებრიობაში დიდ დრტვინვას იწვევდა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ აშკარა საბრძოლველად ნიადაგს ამზადებდა. განსაკუთრებით ფართო გასაქანი მიიღო ხალხოსნურმა მოძრაობამ, რომლის მონაწილეთა წინააღმდეგაც მეფის მთავრობა სასტიკ რეპრესიებს, ციხესა და გადასახლებას მიმართავად.

მთელ რიგ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც რევოლუციონერთა წინააღმდეგ მოეწყო, ბევრი ქართველი სტუდენტი და ინტელიგენტი იღებდა მონაწილეობას. მათი მეოხებით ხალხოსნურ მოძრაობას საქართველოშიც ჩაეყარა საფუძველი.

ცნობილი მწერალი და პედაგოგი სოფრომ მგალობლიშვილი ამ საკითხს ეხება თავის საინტერესო მოგონებაში და წერს: „1872 წლიდან უკვე ეწყობა ქ. ტფილისში აქა-იქ კრებები, ესწრებიან მოსწავლე-ახალგაზრდანი, კითხულობენ სხვათა შორის, არალეგალურ წიგნებს. სასწავლებლებში ფუძნდება საიდუმლო ბიბლიოთეკებში, სადაც ინახება „სოვრემენნიკი”, „ველიკორუსი”, დობროლუბოვი, პისარევი, ისტორიული წიგნები, განსაკუთრებით საფრანგეთის რევოლუციისა, ლასალი, პრუდონი და სხვ. ვინაიდან გვაკლდა განვითარება, შესწავლა ისტორიისა, სოციალური მეცნიერებისა, მიზნად დავისახეთ თვითგანვითარება და შემდეგ ხალხში გასვლა ასქადაგებლად მონარქიული წეს-წყობილების წინააღმდეგ. რუსეთიდან ჩვენში ჩამოვიდნენ გამორიცხული ქართველი სტუდენტები, რომელიც ინტელიგენციაში ავრცელებდნენ ახალ აზრებსა”.

ასეთ მოღვაწეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დიიტრი ყიფიანის ძმისშვილს, პედაგოგ მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე ყიფიანს. იგი იყო საქართველოში ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი მასწავლებელი და ხალხისათვის უაღრესად თავდადებული პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა.

მიხეილ ყიფიანი დაიბადა სოფელ ქვიშხეთში 1846 წელს. ბავშვობაში დიდ ნიჭსა და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა.

საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შევიდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც იგი ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1875 წელს სამსახური დაიწყო ქუთაისში და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში.

დასავლეთ საქართველოში ხალხოსნების მუშაობის შესახებ საიდუმლოდ მიღებული ცნობების საფუძველზე ჟანდარმთა შტაბს-კაპიტანი ხრისტოფოროვი თავის მოხსენებაში (1876 წლის სექტემბერი) აღნიშნავდა: „აღნიშნულმა საზოგადოებამ დაიწყო არსებობა საექიმო აკადემიის სტუდენტის ისიდორე ქიქოძის პეტერბურგიდან და ტფილისიდან შარშან მიხეილ ყიფიანის ჩამოსვლის შემდეგ.

...23 მაისს, 1876 წელს, ქუთაისში ვარლამ გაბიჩვაძის ბინაზე შეიკრიბნენ სათათბიროდ: მიხეილ ყიფიანი, ილიკო ბახტაძე, ვარლამ გაბიჩვაძე, ნათაძე (მასწავლებელი), ანტონ ლორთქიფანიძე და ოლღა ყიფიანი.

...20 ივლისს მიხეილ ყიფიანი იაგორა იოსელიანის ხელით წერილებს უგზავნის გორში სოფრომ მგალობლიშვილს, დათ. ფურცელაძეს, ვას. დეკანოზიშვილს და სტუდენტ რომანოზ ფავლენიშვილს. წერილებში მიხეილ ყიფიანი ამხანაგებს თხოვს მუშაობის გაძლიერებას”.

როგორც ამ საიდუმლო მოხსენებიდან ჩანს, მიხეილ ყიფიანი, ეგნატე იოსელიანთან და ისიდორე ქიქოძესთან ერთად, ყოფილა ხალხოსნური მოძრაობის მთავარი ხელმძღვანელთაგანი.

1876 წლის მეორე ნახევარში სხვა ხალხოსნებთან ერთად მიხეილ ყიფიანი დააპატიმრეს და გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში, შემდეგ კი ორენბურგში.

სასჯელის მოხდის შემდეგ მიხეილ ყიფიანი 1881 წელს გაათავისუფლეს და ნება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

იმავე წელს მან მასწავლებლობა დაიწყო თბილისის მეორე გიმნაზიაში. ამ დროს გორის სამასწავლებლო სემინარიაში განთავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ადგილი (ამ საგანს ასწავლიდა ცნობილი ქართველი პედაგოგი არისტო ქუთათელაძე, რომელიც ხონში გადავიდა სამუშაოდ).

მიხეილ ყიფიანმა განთავისუფლებულ ადგილზე დანიშვნის შესახებ სათანადო თხოვნით მიმართა გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორს დ. სემიონოვს, რომელმაც ამის შესახებ შუამდგმლობა გაუგავნა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს.

მზრუნველმა თბილისის გუბერნატორს საიდუმლო ცნობები მოთხოვა მიხეილ ყიფიანის შესახებ და 1881 წლის 22 სექტემბერს ასეთი პასუხი მიიღო:

“საგუბერნიო სამამრთველოს საქმეებიდან ჩანს, რომ სანკტ- პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი უმაღლესი განკარგულებით, რომელიც გაიცა 1878 წელს, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში დანაშაულებრივი პროპაგანდისათვის, გადასახლებულ იქნა პირველად აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებაში, მისდამი დაქვემდებარებული მხარის ერთ-ერთ ადგილზე საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ ორენბურგის მხარეში. მაგრამ უმაღლესი განკარგულებით 1880 წელს ის, მიხეილ ყიფიანი, განთავისუფლებულ იქნა პოლიციის ზედამხედველობიდან. აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით და ნება მიეცა ქ. თბილისში დაბრუნებისა”, ამიტომ „ხომ არ ცნობთ თქვენ, ზემოაღნიშნული ცნობების საფუძველზე სარისკოდ მიანდოთ ქართული ენის მასწავლებლობა მიხეილ ყიფიანს, ისიც სამასწავლებლო ინსტიტუტში”.

ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს სეიონოვს მიწერა: „მე არ შემიძლია შესაძლებლად ვცნო მისი, ყიფიანის, დანიშვნა ქართული ენის მასწავლებლად თქვენდამი რწმუნებულ სამასწავლებლო სემინარიაში”.

მაგრამ სემიონოვი მიხეილ ყიფიანის პოლიტიკურმა წარსულმა ვერ შეაშინა და დაჟინებით მოითხოვა მისი მასწავლებლად დანიშვნა და მზრუნველს მიწერა:

“მე პირადად მივიღე თბილისის მეორე გიმნაზიის ბ-ნ დირექტორისააგნ საუკეთესო შეფასება ყიფიანის წინანდელი მუშაობის შესახებ აღნიშნულ გიმნაზიაში, სადაც ის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ ითვლებოდა, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაშ ჩემდამი რწმუნებულ სემინარიაში სამსახურით მან შეძლო დაემსახურებინა სიმპათია ამხანაგებისა და მოსწავლეებისა... და რომ ყიფიანი ნამდვილად გრძნობს პედაგოგიური მუშაობისადმი მისწრაფებას”.

ამასთან ერთად სემიონოვმა თვითონ იკისრა სრული პასუხისმგებლონა მიხეილ ყიფიანის მომავალი საქმიაობის შესახებ.

განმეორებითმა შუამდგომლობამ გაჭრა და მიხეილ ყიფიანი 1881 წლის ოქტომბრიდან უკვე ოფიციალურად დაინიშნა ამიერ-კავკასიის (გორის) სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ზედმიწევნით განათლებულს, ქართული ლიტერატურის შესანიშნავ მცოდნეს, სათნო ბუნებისა და ენერგიით სავსე მიხეილ ყიფიანს მოსაწვლეთა და პედაგოგთა დიდი პატივისცემა და სიყვარული დაუმსახურებია. მისი გაკვეთილები მოსწავლეთა აღტაცებას იწვევდა და ცოდნასთან ერთად მათ სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარულს ასწავლიდა.

სოფრომ მგალობლიშვილი თავის მოგონებაში წერს: „მაშინდელი სემინარიის დირექტორი დიდი ლიბერალი იყო. ქართული ენის მასწავლებელი სრული თავისუფლებით სარგებლობდა.

მიხეილ ყიფიანმა თავისი ლაპარაკით, მჭევრმეტყველებით გაიტაცა მოწაფენი. იგი გადიოდა ქართული ლიტერატურის ისტორიას. მოწაფეები ამზადებდნენ რეფერატებს სხვადასხვა ისტორიულ ხანაზე, მწერლობაზე. ყიფიანის ხელმძღვანელობით კითხულობდნენ წიგნებს, იღებდნენ მონაწილეობას ქართულ წარმოდგენაში.

მოწაფენი დაიარებოდნენ ოჯახებში: ყიფიანთან, კერესელიძესთან, ჩემთან. შემდოგომის მიწურულიდან გაზაფხულამდე გორს ჩამოდიოდნენ სოფლებიდან ამხანაგები. ამ დროს ოჯახებში იმართებოდა საღამოები. იყო სჯა-ბაასი თანამედროვე და წარსულ ლიტერატურაზე, საქართველოს ისტორიიდან შესანიშნავ ეპოქებზე, რუსეთის სოციალ-რევოლუციონურ მოძრაობაზე და სხვა. აი, ამ წრეში აღიზარდნენ ჩვენი დიდებული პოეტები ლუკა და ნიკო რაზიკაშვილები, თეოფილე ხუსკივაძე, ალექსანდრე ნათაძე, ნიკო ლეონიძე, საბა ციმაკურიძე, რომელთაც თავი ისახელეს ცხოვრებაში მწერლობით და საზოგადო მოღვაწეობით”.

სამასწავლებლო სემინარიაში მასწავლებლობასთან ერთად მიხეილ ყიფიანი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა გორის ქალთა პროგიმნაზიაშიც. მას აქაც დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა დაუმსახურებია მოსწავლეთა შორის.

ცნობილი მწერალი ქალი ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, რომელიც დასახელებულ პროგიმნაზიაში სწავლობდა, იგონებს მიხეილ ყიფიანის მიერ გაკვეთილებზე ახსნილ ილია ჭავჭავაძის ლექსებს და წერს: „ვისმენდი ამ მომაჯადოებელ სიტყვებს ძვირფასი მასწავლებლის, მიხეილ ყიფიანისა და ნიკო ლომოურის გაკვეთილებზე და ვგრძნობდი, ჩემთან ერთად მღელვარებდა მრავალ ათასთა გული”.

მაგრამ დიდხანს არ დასცალდა მიხეილ ყიფიანს პედაგოგიურ დარგში მოღვაწეობა. 1883 წლის 4 მარტს მას მე-3 კლასში გაკვეთილი შეაწყვეტინეს და რევოლუციური მუშაობისათვის დააპატიმრეს.

სხვა ქართველებთან ერთად ის გადაასახლეს ქ. უსტკამენოგორსკში. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან გაემგზავრა მისი ცოლ-შვილიც. იმ დროს ციმბირში სასჯელს ბევრი ქართველი იხდიდა (გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე ნანეიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, ივანე ჯაბადარი, ნიკოლოზ ჩიკოიძე და სხვა), რომლებთანაც მიხეილ ყიფიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

1887 წელს მიხეილ ყიფიანი გაათავისუფლეს, და ის სამშობლოში ჩამოვიდა.

მიხეილ ყიფიანი გარდაიცვალა სოფელ ქვიშხეთში 1916 წლის 10 დეკემბერს.