‍ელენე ყიფიანი (1855-1890)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

0089 kipiქართული ეროვნული კულტურის განვითარებაში თავისი გარკვეული წვლილი მიუძღვის ჩვენთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ მთარგმენლსა და საზოგადო მოღვაწე ქალს ელენე ყიფიანს.

ელენე ყიფიანი, უნდა ითქვას, ყველაზე საყვარელი შვილი იყო დიდი ქართველი პატრიოტის, გამოჩენილი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანისა.

„ეს იყო ღირსეული ასული, ღირსეული მამისა, საკუთრად მისგან გაზრდილი. განუსაზღვრელი სიყვარული სამშობლოსადმი ნათლად გამოიხატებოდა მის გადაშლილ დიდ შუბლსა და გრძნობებით სავსე პირზე“. წერდა ელენე ყიფიანის შესახებ მისი თანამედროვე მწერალი, საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა.

დიმიტრი ყიფიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შვილების აღზრდას. არავითარ ხარჯს არ ერიდებოდა, ოღონდ შვილები ქვეყნის სასარგებლო ადამიანები გამოსულიყვნენ.

ელენეს და მისი ძმების – ნიკო და კოტე ყიფიანების მასწავლებლები იყვნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები ბესარიონ და ნიკო ღოღობერიძეები. დიმიტრის ოჯახში ცხოვრობდნენ ფრანგები – შარლ და ლეონტინა დიუშენები. შარლი ვაჟებს ასწავლიდა ფრანგულ ენას, ხოლო ლეონტინა – ელენეს.

დიმიტრის ტრადიციულმა ქართულმა ოჯახმა, ფართო საზოგადოებრივმა წრემ, ურთიერთობამ უცხოელ სტუმრებთან ხელი შეუწყო ელენეს გამოსვლას საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ელენე ყიფიანი გვერდში ამოუდგა მამას, რომელიც იბრძოდა იმ დროს ჩვენი თეატრის აღდგენისათვის, ჩვენი ლიტერატურისა და მწერლობის განვითარებისათვის, ჩვენი ქართული წიგნის და წერა-კითხვის გავრცელებისათვის.

აქ, დიმიტრი ყიფიანის ოჯახში შეიქმნა აზრი ქართული თეატრის განახლების შესახებ, რადგან დიმიტრის თეატრი მიაჩნდა უდიდეს აღმზრდელობით სკოლად.

ამ ოჯახში მზადდებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა რეპეტიციები და ყველა ამ წარმოდგენების აქტიური მონაწილენი იყვნენ დიმიტრის შვილები – ელენე, კოტე, ნიკოლოზი.

ელენე ყიფიანი გამოდიოდა სცენაზე. თამაშობდა ყოველნაირი ხასიათის როლს, უფრო ხშირად – „ანჩხლ ქალებს“ და „გრანდ დამებს“.

ელენე ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სცენაზე გამოსვლით და თავისი ნიჭიერი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებას. და-ძმა ელენე და კოტე ყიფიანები თამაშობდნენ მოლიერის „ძალად ექიმში“ (1879 წ.), „უჩინმაჩინის ქუდში“ (1875), სუნდუკიანცის „პეპოში“ (1878 წ.), შექსპირის „ვენეციელ ვაჭარში“ და სხვ.

ელენე ყიფიანს უთამაშია აკაკი წერეთელთან ერთად მ. გედევანიშვილის „მსხვერპლში“ მის მიერ შესრულებულ როლებს მაღალ შეფასებას აძლევდა ქართული საზოგადოება.

1873 წელს, როცა თბილისში შედგა თეატრალური დასი, ელენემ არათუ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში, არამედ ამ დასის მუდმივი წევრი გახდა.

თავისი ინიციატივით ელენემ ანასტასია თუმანიშვილთან ერთად შეადგინა პატარა წრე ქალებისა, რომლებმაც მიზნად დაისახეს უცხო ლიტერატურის ნიმუშთა თარგმნა და გამოცემა. პირველი კრებული დაიბეჭდა ელენეს დიდი მონდომებითა და ენერგიულობით 1874 წ. კრებული გამოდიოდა შემდეგი სახელწოდებით „თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა“.

ამ საქმეში, რასაკვირველია, ელენე ყიფიანი მარტო არ ყოფილა, მის ინიციატივას შემდეგში გამოეხმაურნენ მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, სერგეი მესხის მეუღლე კეკე მესხი, პოეტი ქალი ეკატერინე მიქელაძე და სხვები. კრებულის გამოცემას დიდი აღტაცებით შეხვდა ჩვენი ქართველი საზოგადოება. ქალების პირველ შესანიშნავ ნაბიჯს ოფიციალურად გამოეხმაურა სერგეი მესხი:

„...ამ წიგნის გამოსვლას ჩვენს ლიტერატურაში და ჩვენს ცხოვრებაში შესანიშნავი მოვლინებაა. ყურადღების ღირსი ის არის, რომ ეს წიგნი გადმოთარგმნილი და გამოცემულია ქართველი ქალებისაგან. როგორი სასიამოვნო არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისათვის ის გარემოება, რომ ჩვენი ქალები, რომელნიც ამ უკანასკნელ დროებაში მხოლოდ სიყვარულზე, გათხოვებაზე, ცეკვა-თამაშზე და ტანისამოსზე ფიქრობდნენ, ჰკიდებენ ხელს ისეთ საქმეს, რომელსაც უეჭველია საზოგადოებისათვის რაიმე მნიშვნელობა უნდა ექნეს. როგორ არ უნდა გიხაროდეს ჩვენ, როდესაც ჩვენში ჩნდებიან ისეთი ქალები, რომელნიც მარტო მეჯლისებში და ლოტოს თამაშში არ ეძებენ დროების გატარების საშუალებასა და სიამოვნებას“.

ამით სერგეი მესხმა ჭეშმარიტად უსურვა ქართველ ქალებს წინსვლა და გამარჯვება. ელენემ ამ კრებულში გამოაქვეყნა პირველად თავისი თარგმანები: ვიქტორ ჰიუგოს „პარიზელი ბიჭი“, როსელის „უკანასკნელი წლები“ და სხვა.

ელენე ყიფიანის დაუღალავი შრომით გამოდიოდა „ქართული ბიბლიოთეკა“, რომელმაც თითქმის ერთი წელზე მეტი იარსება. იგი მრავალი ასეთი საზოგადოებრივი საქმიანობის მოთავე და აქტიური მონაწილე იყო. ელენე ყიფიანმა დიდი ყურადღება მიაქცია ქართულ გალობას და შეეცადა გალობის ხმები ფირფიტებზე გადაეღო.

ელენე ყიფიანი იყო ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მშობელ დედასავით ფიქრობდა და ზრუნავდა მათ სწავლა-განათლებაზე, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს მატერიალურად, ამარაგებდა მათ სასწავლო ნივთებით და სხვა.

ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი დაიბადა 1855 წ. 9 მაისს სოფელ ქვიშხეთში.

ვინ არ მოუხიბლავს დიმიტრი ყიფიანის სახლს ქვიშხეთში, რომელიც მედიდურად გადაჰყურებს ქართლის გაშლილ ხეობას. ვისზე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ამ დიდ დარბაზში მდგარ შოპენის დროის წაბლისფერ როიალს, რომელზედაც უკრავდა ხოლმე ელენე „პოლონეზებს“.

ელენეს დედა ნინო ჭილაშვილი თავისი დროის ერთ-ერთი წარჩინებული ქალი იყო. მას, როგორც მაღალი საზოგადოების წარმომადგენელს, თავის მეუღლე დ. ყიფიანთან ერთად ხშირად პატიჟებდა მ. ვორონცოვი. იგი ყურადღებას იქცევდა თავისი წარმოსადეგი გარეგნობით, მაღალი კულტურით, თავდაჭერილობით და დარბაისლური სიტყვა-პასუხით.

ნინო ჭილაშვილი სასტიკი და მომთხოვნი იყო შვილების მიმართ. მათ სპარტანულად, დემოკრატიულად ზრდიდა. ასწავლიდა შრომას, უღვიძებდა პატრიოტულ გრძნობას, ერის სიყვარულს.

ელენე ცოლად გაჰყვა ოდესიდან ახლად ჩამოსულ უმაღლეს დამთავრებულ ანტონ ლორთქიფანიძეს, რის გამოც დროებით ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.

ანტონ ლორთქიფანიძე პირველი დამაარსებელი იყო ქუთაისის ბიბლიოთეკისა. მაშინ აქ, როგორც კულტურის ერთ-ერთ კერასთან, თავს იყრიდა ქუთაისის საუკეთესო ინტელიგენცია. აქედან ვრცელდებოდა არალეგალური ლიტერატურა სემინარიისა და გიმნაზიის მოწაფეთა შორის.

ანტონმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ბიბლიოთეკა ქუთაისს უანდერძა, რაც საფუძვლად დაედო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებას.

ანტონ ლორთქიფანიძე და ელენე ყიფიანი დიდად დაინტერესებულნი იყვნენ თეატრის წარმატებით. ისინი იყვნენ ქუთაისის სცენის მოყვარულთა აქტიური წევრები და ხშირად არა ერთსა და ორ სპექტაკლში იღებდნენ მონაწილეობას.

კარგად ახასიათებს ანტონ ლორთქიფანიძეს მათი ოჯახის ხშირი სტუმარი აკაკი წერეთელი:

„ჩვენი ანტონი ძალიან საყვარელი კაცია, მაცოცხლებელი, შემაქცევარი, ერთი სიტყვით, ნამდვილი დარბაისელი თავადიშვილი, კარგი ამხანაგი, კარგი მეგობარი, თავისი ხალხის მოსიყვარულე, ერის მოჭირნახულე“.

1879 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავად-აზნაურთა დამფუძნებელი კრების დადგენილების საფუძველზე დაარსდა პირველი დაწყებითი ერთკლასიანი სკოლა, რომლისთვისაც ადგილი ელენე და ანტონ ლორთქიფანიძეების ბინაში გამოიყო. პირველ ხანებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ ნიკო და დავით ღოღობერიძეები და ანა მუსხელიშვილი, ხოლო ამ უკანასკნელის ახალციხეში გადასვლის შემდეგ სკოლის მასწავლებლობა და ხელმძღვანელობა დაევალა ელენე ყიფიან-ლორთქიფანიძისას.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ მათ ოჯახში პოლიტიკურად არასაიმედო პირთა სიარული და მისვლა-მოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფის პოლიციას. იგი ოფიციალურად წერდა დიმიტრი ყიფიანს:

„დიდმა მთავარმა, მეფის მოადგილემ, ინება მიეღო ს. პეტერბურგიდან ცნობები იმისა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სასწავლებლის საბჭოში შედიან ისეთი პირები, რომელნიც ან პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი კავკასიის რევოლუციური საქმის გამო, ან მასთან ახლოს იდგნენ. ამ პირთა შორის, სხვათა შორის, აღნიშნული არიან: ანტონ ლორთქიფანიძე, მისი ცოლი ელენე და ძმა უკანასკნელის ელენე ყიფიანის... დიდი მთავრის მოადგილის ბრძანებით წარმოებული ძიების ცნობებით აღმოჩნდა, რომ 1876 წ. ანტონ ლორთქიფანიძე და მისი ცოლი იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი ქუთაისში, მავნე პოლიტიკური დასის შედგენის გამო“.

ბრძანებაში ამავე დროს აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან ჩამოთვლილნი პირნი ნათესაობრივ ურთიერთობაში იმყოფებიან დიმიტრი ყიფიანთან, უნდა დასტოვონ დაწესებულება, სანამდე მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება ძალდატანებითი ზომებიო.

დიმიტრი ყიფიანის ჩარევამ და მისმა ავტორიტეტულმა სიტყვამ იხსნა ქალიშვილი და სიძე, მაგრამ რა იცოდა დიმიტრიმ, რომ მალე თვითონ გახდებოდა რუსეთის თვითმპყრობელობის ძალმომრეობის მსხვერპლი?!

საინტერესოა გადასახლებაში მყოფი სამოცდაცამეტი წლის მოხუცი დიმიტრი ყიფიანის წერილი თავისი საყვარელი ქალიშვილისადმი.

„ჩემი გლუისა და სულის შვილო ლოლია, პასუხს რომ ელით, და არ მოგსვლიათ რა, აბა ვნახოთ, იწერები, ეგებ ღმერთმა მოგვხედოსო. ამ იმედის მოკლება სასოწარკვეთილება იქნებოდა... ხუთი იყო გამოჭენებული მტერი შენი პაპაშასი, მაგრამ ამათგან ერთი დღეს თუ ხვალ გვანებებს თავსა“.

ნაჩქარები გამოდგა დიმიტრი ყიფიანის სიხარული. ეს წერილი ჯერ კიდევ მიღებული არ ჰქონდა ელენეს, რომ საზარელი ამბავი დიმიტრი ყიფიანის ვერაგული მოკვლისა ელვის სისწრაფით მოედო საქართველოს.

დიმიტრი ყიფიანის ტრაგიკულმა სიკვდილმა აღაშფოთა ქართველი ხალხი, შეარყია მისი სულიერი სიმხნევე, რადგან საქართველოს ნამდვილი მამა „დიმიტრი თავდადებულად“ წოდებული, დიდი იმედი და კულტურული ძალა იყო თავისი ქვეყნისათვის.

ამის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, 1890 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ელენე ყიფიანიც.

1890 წელს ნოემბრის ჟურნალ-გაზეთებში „დროშა“, „ივერია“, „კვალი“ დიდი პატივით აღნიშნავდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწის, მთარგმნელის, მსახიობის ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის უდროოდ გარდაცვალებას.

გაზეთი „ივერია“ წერდა:

„წრევანდელი წელიწადი მეტად შეურიგებელი და დაუნდობელი გამოდგა. არ გვაკმარა ერთისა და ორი საუკეთესო მამულიშვილის სიკვდილი და მიწურულში გამოასალმა ამ წუთისოფელს ცნობილი და პატივცემული მოღვაწე, სამწერლო და საზოგადო ასპარეზზე, სამაგალითო ადამიანი გონიერებით, ხასიათით და სათნოებით. რა თქმა უნდა, რომ ამგვარის ადამიანის გარდაცვალებამ ყველას გული დაგვწყვიტა, ყველას გვაგრძნობინა, თუ რა გულშემატკივარი, მხნე და პატიოსანი წევრი დაჰკარგა ჩვენმა საზოგადოებამ, რომლის სამსახურს და სიყვარულს მოანდომა განსვენებულმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე.

გამოსვენებას დიდძალი ხალხი დაესწრო. ჯერ დილის ცხრა საათი არ იქნებოდა, როცა თავად ა. ნ. ლორთქიფანიძის სახლთან დიდძალმა ქალმა და კაცმა მოიყარა თავი... პანაშვიდი გადაიხადა ეპისკოპოსმა გაბრიელმა. თორმეტის ნახევარი იქნებოდა, როცა კუბო წაასვენეს ქუთაისის საკათედრო ტაძართან. კუბოს სახურავი და თვით კუბო დაფნის გვირგვინით გამოასვენეს ჩვენმა მანდილოსნებმა“.

ელენე ყიფიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერიას“ ყოველდღე მოსდიოდა სამძიმრის წერილები, დეპეშები რუსეთის და ყირიმის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტებისაგან, მოდიოდა დეპეშები ახალციხიდან, ცხინვალიდან, გორიდან.

პანაშვიდი გადახდილი იქნა თბილისში, გორში, სენაკში.

საინტერსოა ის ლიტერატურული ფაქტი, რომ ელენე ყიფიანის უანგარო პიროვნებით და მისი პატრიოტული საქმიანობით მოხიბლული ანტონ ფურცელაძე ელენეს უძღვნის ახალ ნაწარმოებს „ცისკარს“.

ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძისა დაკრძალულ იქნა ქ. ქუთაისში, წმ. გიორგის ეკლესიის გალავანში.

დასაფლავების დღეს, ქართველი საზოგადოების სახელით მოღვაწე ქალს გამოემშვიდობა ცნობილი პედაგოგი და ლიტერატორი სილოვან ხუნდაძე:

„...ადამიანო, ამას მიბაძე,
მასავით იყავ სათნო და ქველი,
თუ გსურს ცოცხალი ყველას უყვარდე,
მკვდარსაც გაფრქვიონ ცრემლები წრფელი“.

1894 წელს ელენე ყიფიანის გარდაცვალებიდან ოთხი წლის თავთან დაკავშირებით მწერალი ანასტასია თუმანიშვილი საყვედურს გამოთქვამს ქართველი საზოგადოებისადმი ელენე ყიფიანის მივიწყების გამო.

„...ჩვენში ისეთი იშვიათია საზოგადო ასპარეზზე მოღვაწეთა გამოსვლა, რომ მისი დაკარგვა ნამდვილად დიდი დანაკლისია საზოგადოებისათვის. აგერ ოთხი წელიწადი სრულდება, რაც გარდაიცვალა ერთ-ერთი ჩვენი საუკეთესო ქალთაგანი ელენე ლორთქიფანიძისა, ნეტარ ხსენებული დიმიტრი ყიფიანის ასული და აქამდის, ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი თქმულა ჩვენს ჟურნალებში.

დღეს ჩვენი ქალების მოღვაწეობა მწერლობის ასპარეზზე, თუმცა მკრთალი და ჯერჯერობით სუსტია, მაგრამ მაინც კვალი იმდენად ჩანს, რომ მომავალში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოღვაწეობა თანდათან გაძლიერდება, რამდენადაც ქალებში ჭეშმარიტი სწავლა-განათლება და ცხოვრების შეგნება ფესვს გაიდგამს“.

ელენე ყიფიანმა თავისი მოღვაწეობა მთარგმნელობით მუშაობით დაიწყო. ამ დროს შესამჩნევი გახდა ქართველ ქალთა დაინტერესება ქართულ ენაზე უცხოური ლიტერატურის თარგმნით.

1889 წელს გამოვიდა პირველი ჟურნალი „ქართული ბიბლიოთეკა“, რომლის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

„ჩვენდა სასიამოვნოდ, ჩვენში ვრცელდება კითხვის ხალისი ამა თუ იმ წარჩინებულ ოჯახებში, რომელთაგანაც მამა-პაპიდან შთამომავლობიდან შთამომავლობაზე, შეუცვლელი ანდერძით გადადის ქართული ეროვნული გრძნობა და ხალხშიც იმდენად გავრცელდა, გაიზარდა კითხვის სურვილი, სხვადასხვა მწერლობის გაცნობა, რომ ვგონებ სულ უსარგებლო და ურიგო არ იქნება ჩვენგან ამ საქმის დაწყება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთანა გამოცემას შეუძლია საზოგადოებაში, ხალხში თანდათან გაავრცელოს და გააძლიეროს კითხვის სურვილი და ხალისი“.

ეს იყო ქართველი ქალების გამოფხიზლების, ამოქმედებისა და დარაზმვის შესანიშნავი დასაწყისი.

„მამაკაცთა მოღვაწეობას მიემატა ქალების ნაღვაწიც. ეს, უეჭველია ერთიორად წინ წასწევს ჩვენს საქმეს. რას შეუძლია მამაკაცის მუშაობას სული ჩაუდგას, გაათბოს, გაასპეტაკოს და შეაგულიანოს, თუ არა დედაკაცის გვერდში ამოდგომასა და გამხნევებას“.

ჟურნალი „ქართული ბიბლიოთეკა“ სულ თერთმეტი ნომერი გამოვიდა. იარსება მხოლოდ ერთი წელიწადი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალში იბეჭდებოდა მხოლოდ ქალების ნაწარმოებები.

საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალი „ქართული ბიბლიოთეკაში“ ელენე ყიფიანი. აქ დაიბეჭდა მისი თარგმანები ფრანგულიდან: ლუიზა განიორის „მამულის სამაგალითო შვილი“, მოლიერის „პრანჭია ქალები“ და სხვა.

1885-1886 წლებში, როცა ელენე ყიფიანმა დაიწყო თავისი თარგმანების გამოქვეყნება, ჩვენში უკვე იყვნენ სახელმოხვეჭილი მთარგმნელები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთარგმნელმა ქალმა მაინც მიიქცია საზოგადოების ყურადღება, მისი უპირატესობა იმაში იყო, რომ იგი პირდაპირ ფრანგულიდან თარგმნიდა, რაც, რასაკვირველია, თარგმანს ღირსებას მატებდა.

ელენე თარგმნიდა ისეთი ხასიათის ნაწარმოებებს, რომლებიც თავის დროსა და საზოგადოების მოთხოვნილებებს უპასუხებდა. უმთავრესად თარგმნიდა პატრიოტული ხასიათის მოთხრობებს, რომლებშიც წინა პლანზე წამოყენებული იყო ეროვნული გრძნობა. მას ამ შემთხვევაში ახალგაზრდობის აღზრდა და მისი მომავალი აინტერესებდა.

თავისი თარგმანებით ელენე ყიფიანი ნამდვილად ხელს უწყობდა ახალგაზრდობაში პატრიოტული გრძნობის გაღვიძებას, ამავე დროს, ახალ თაობას აინტერესებდა და აცნობდა უცხო ხალხების ლიტერატურას. ეს კი ნამდვილად ეროვნული საქმე იყო.