‍დიმიტრი ყიფიანი (1814-1887)

ავტორი: მიხეილ კეკელიძე
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953

0042 dimiდიდი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პედაგოგი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი დაიბადა სოფელ ემრეთში, გორის მახლობლად, 1814 წლის 14 აპრილს. მისი მამა იყო იმერეთიდან გადმოსული ღარიბი აზნაურიშვილი ივანე ყიფიანი, რომელსაც ცოლად ჰყავდა სოფელ მერეთის მკვიდრი ბარბარე ფურცელაძე. დიმიტრის გარდა, ივანე ყიფიანს ჰყავდა კიდევ სამი ვაჟი: ქაიხოსრო, გიორგი და იოსები. ძმებს შორის დიმიტრი ყველაზე უმცროსი იყო. ორი წლის დიმიტრის მამა გარდაეცვალა, ხოლო როცა 7 წლისა გახდა, დედითაც დაობლდა.

დიმიტრი ყიფიანის შვილის ნიკოლოზ ყიფიანის ცნობით: „ქაიხოსრომ გაუწია თავის პატარა ძმას, ობლად დარჩენილს შვიდი წლის დიმიტრის, მამობაცა და დედობაც და უკანასკნელ დღემდინ მათ შორის ერთგული ძმობა და ნამდვილი მეგობრობა არ დარღვეულა”. ქაიხოსროს წყალობით შეძლო პატარა დიმიტრიმ სკოლაში მოწყობაც.

თავის მოგონებაში „სკოლა სულისა” დიმიტრი ყიფიანი წერს: „მე-19 საუკუნის მეოცე წლების დასაწყისში, ბავშვის სასწავლებელში მისაბარებლად ტფილისში, მის მშობლებს იმ დროს იქ არსებულ მხოლოდ ორ სასწავლებელს შუა შეეძლოთ არჩევანი. აქ, რასაკვირველია, იმაზე არ არის ლაპარაკი, თუ სად როგორ ასწავილდნენ. ამაზე ძალიან ცოტას თქმა დაგვჭრიდება: როგორც სასულიერო სემინარიაში, აგრეთვე კეთილშობილთა სასწავლებელშიაც ერთს ადგნენ: ანიდან ბანამდე უაზროთ გაზეპირებას და რაიმე დანაშაულისათვის კი ხელისგულზე სახაზავით ცემას. ეს იყო მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე.

მე ჯერ სემინარიაში მიმაბარეს, შემდეგ კი საჭირო დოკუმენტები შემიკრიბეს და კეთილშობილთა სასწავლებელში გადამიყვანეს”.

სასწავლებელმა დიმიტრი ყიფიანზე არასახარბიელო შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგში ის ამნაირად იგონებდა თავის მოწაფეობის წლებს: „გამოცდებს თავთავიანთ საგნებში თვით მასწავლებლენი ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ გარდა მანასეინისა, დემენტიევისა და არღუთინსკი-დოლგორუკოვისა, სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან მოწაფენი შეგნებით მხოლოდ სიცრუეს სწავლობდნენ.

გეოგრაფიის მასწავლებელი, მაგალითად, გამოცდის ორი კვირის წინ გაკვეთილს აძლევს მოსამზადებლად: ერთს – შვეციაზე; – არა, სჯობს, მე პორტუგალიაზე მომცეთ!” – კარგი, პორტუგალია იყოს; მეორეს – ისპანიაზე. „ჰა? რაო? შვეციაზე გინდა? შვეციაზე იყოს! მესამეს – ინგლისზე და სხვადასხვა”.

მასწავლებელთა შორის გამოირჩეოდნენ მხოლოდ ე. პ. მანასეინი, ნ. ტ. დემენტიევი და ი. ზ. არღუთინსკი-დოლგორუკოვი, რომლებიც არ მისდევდნენ კეთილშობილთა სასწავლებელში გაბატონებულ წესებს. ისინი ბავშვებს შეგნებულად ასწავლიდნენ საგნებს და ჰუმანურად ექცეოდნენ. ამიტომაც მათ დიმიტრი ყიფიანი დიდი პატივისცემით იგონებდა.

16 წლის დიმიტრიმ სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და ცოტა ხნით სამაზრო სასამართლოში დაიწყო სამსახური. როდესაც კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა (1830) ნ. დემენტიევის შუამდგომლობით სრულიად ახალგაზრდა დიმიტრი ყიფიანი მასწავლებლად მიიწვიეს. ამ გიმნაზიაში ის დაახლოებით მასწავლებლობდა ორნახევარი წლის განმავლობაში და ასწავლიდა: ქართულ და რუსულ ენებს, გეოგრაფიასა და არითმეტიკას. რასკვირველია, ის არ დაკმაყოფილებულა იმ ცოდნით, რომელიც მას კეთილშობილთა სასწავლებელმა მისცა და თავისი ნიჭისა და ენერგიის მეოხებით, სისტემატიური კითხვითა და მეცადინეობით ფართო განათლება მიიღო და ამ ცოდნას, მასწავლებლობის დროსა და შემდეგ სხვა დარგში მუშაობის დროსაც, იყენებდა ჩვენს ხალხში სწავლა-განათლების დასანერგავად.

ამ მხრივ, მეტად დამახასიათებელია ის სიტყვა, რომელიც დიმიტრი ყიფიანმა წარმოთქვა 1885 წელს სენაკის სააზნაურო სკოლაში.

“ადამიანი ისეა დაბადებული, რომ რაკი შვილ მიეცემა, სულ იმას ჰფიქრობს და იმას ზრუნავს, რა დავუტოვო, როგორ დავუმკვიდრო უზრუნველი ცხოვრებაო. ზოგი იმით იოხებს გულსა, რომ ფულებს უგროვებს, ზოგი იმით, რომ ადგილ-მამულს უმზადებს. მაგრამ წარმავალია ეს ყოველივე: ფული ადვილად დაიხარჯება, ადგილ-მამული შეიძლება სადავოდ გახდეს და სასამართლოში წაგებულ იქნას... (საჭიროა სხვა ხერხი), მაგრამ – სად არის ეს ხერხი? აქ არის ამ სახლში, ამ სასწავლებელში. რა არის მერე ეს ხერხი? ეს ხერხი არის სწავლა, – სწავლას დაჰყვება ცოდნა; და იპოვება ვინმე ჩვენში ისეთი, რომ აღრიცხვას შეიძლებდეს, გამოიანგარიშებდა რა გაჭირვებასა და განსაცდელს გადივლებს თავიდან თავისი ცოდნით?

სწავლას დაყვება მეცნიერება და მეცნიერება ის ხერხია, რომლის მოხმარებითაც შეიტყობენ და შეგვატყობინებენ, ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილს მზე და მთვარე ამა და ამ გვარად დაბნელდება და ამდენსა და ამდენს წამს შემდეგ ისევ განათდებაო. ის ხერხია მეცნიერება, რომლითაც კაცი განუზომელს ჰზომავს; განუვალს განვლის; ზღვის ღელვას – არაფრად აგდებს; მზის სინათლეს იგდებს ხელში და თავის ნებიერად ამუშავებს: ზოგს ცეცხლით, ზოგს ელექტრონის ძალით, ე. ი. ხელოვნებით ელვა-ჭექის გამოყენებით და ზოგს ცალიერით ანგარიშით...

ერთი სიტყვით: სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს. ეს დაჰყვება სწავლას და ამ სწავლისათვის არის ეს სკოლა გამართული”.

1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დიმიტრი ყიფიანი ვოლოგდაში გადაასახლეს. 1837 წელს მას საქართველოში დაბრუნების ნება დართეს და მთავრობსი დაწესებულებებში სამსახურით დიდ წარმატებას მიაღწია. იყო მეფის მოადგილის საბჭოს წევრად, ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლად, 12 წლის განმავლობაში (1852-დან 1864 წლამდე) ასრულებდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საპატიო მზრუნველის მოვალეობას, 1876-79 წლებში იყო თბილისის თავად, 1885-86 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლად და ა. შ.

ამავე დროს დიმიტრი ყიფიანი ენერგიულად იბრძოდა თვითმპყრობელობის რუსიფიკატორიული პოლიტიკის წინააღმდეგ. გულმხრუვალედ იცავდა ქართულ ენას. ქართველ ხალხსა და თავისი კალმით ჩვენი სამშობლოს წინმსვლელობას ემსახურებოდა.

მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ იმ ხალხს, რომელიც „თავის ენას გადაივიწყებს, ხალხის სახელი აღარა ჰქვიან, მნიშვნელობა და პატივი სრულიად აღარ აქვს და ქვეყნიერებაში ისე გამოწყდება, რომ იმის სახსენებელიც აღარა დარჩეს რა”. ამიტომ დიმიტრი ყიფიანი თვითმპყრობელობის დროს ყოველთვის მოითხოვდა საქართველოს სკოლებში ქართული ენის სწავლების შემოღებას და ამ წესის მტკიცედ დაცვას.

ნ. ყიფიანი გადმოგვცემს ერთ საინტერესო შემთხვევას, რომელიც კარგად გვიჩვენებს დიმიტრი ყიფიანის შეხედულებას ამ საკითხზე.

ვიღაც გენერალ ობოლენსკის სმოლნის ინსტიტუტიდან თბილისში გადმოუყვანია თავისი ორი ქალიშვილი და მიუბარებია თბილისის საქალებო ინსტიტუტში.

“ერთხელ დიმიტრი ყიფიანი იჯდა ვორონცოვთან, როდესაც ობოლენსკი შევიდა ის კაბინეტში.

– კნიაზო მიხეილ სიმონიჩ! გთხოვთ, ერთი უსიამოვნებისაგან გადაგვარჩინოთ მე და ჩემი შვილები. ქართული ენა უნდა ისწავლოთი, ეუბნებიან ინსტიტუტში და თუ არ ისწავლით, შემდგომ კლასში ვერ გადახვალთო, რადგანაც ქართული ენა სავალდებულო საგანიაო. ჩემი შვილებისათვის რა საჭიროა, ნეტავი ვიცოდე, ქართული ენა, ან რაში გამოადგებათ როდისმე!

– რას იტყვი, ჩემო დიმიტრი ივანიჩ? – მოუბრუნდა ვორონცოვი დიმიტრი ყიფიანს. დიმიტრი ყიფიანმა პირდაპირ მოახსენა:

– საქართველოს ინსტიტუტში ქართული ენა სავალდებულო საგანი უნდა იყოს ყველასათვის, კანონი ერთი უნდა იყოს ყველასათვის და ყველა კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ერთი რომ გაანთავისუფლოთ კანონის ერთი მოთხოვნილებისაგან ამა და ამ მიზეზების გამო წარმოსდგება, ახლა მეორე და მოგახსენებს, მეც განმათავისუფლეთ კანონის ამა და ამ მოთხოვნილებისაგან და ამა და ამ მიზეზითაო, მესამეც თავის მიზეზს იპოვის, მეოთხეცა და ამნაირად შორს წავალთ.

– ბრავო, ჩემო დიმიტრი ივანიჩ, ოღონდაც რომ ასეა! – დაიძახა ვორონცოვმა, – დიაღ, ძვირფასო კნიაზო, თუ საქართველოში სწავლობენ თქვენი შვილები, ქართული ენა უნდა ისწავლონ. გამოიყენებენ მერმე ქართულ ენასა თუ არა, ეს ჩვენი საქმე არ არის”.

მაგრამ ყოველთვის ასე მშვიდობიანად არ მთავრდებოდა დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი გამოსვლები, მოხუცებულობის ჟამს შეტაკება მოუხდა შავრაზმელ ეგზარქოს პავლესთან. 1886 წელს მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა თბილისის სემინარიის რექტორი რეაქციონერი და ქართველების უსაზღვრო მოძულე ჩუდეცკი. ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა: ანათემა იმ ხალხს, რომელმაც ასეთი ბოროტმოქმედი შობაო.

ქართველ ხალხში ეგზარქოსის ამ ხულიგნურმა გამოსვლამ უდიდესი მღელვარება გამოიწვია. აღშფოთებულმა დიმიტრი ყიფიანმა მას მიწერა:

“თქვენო მაღალუსამღვდელოესებავ!

განმიტევეთ შეცოდება ჩემი, უკეთუ დაუჯერებელი ხმით აღელვებული ამ შეცოდებას ჩავდივარ.

მაგრამ ეს ხმა გაწერთ წარმოთქმას შეჩვენებისა იმ ქვეყნის, რომლის მწყესვას, ვითა მღვდელთავარი და ქრისტეს წარმომადგენელი, მოწოდებული ხართ.

თუ ეს სიმართლეა, მეუფევ, თქვენი ღირსების ერთ-ერთი ხსნა იმაშია, რომ შემრცხვენელი შერცხვენილ ქვეყანას მოშორდეს”.

ამ წერილის გამო გაბოროტებულმა თვითმპყრობელობამ დიმიტრი ყიფიანი დააპატიმრა და ჩრდილოეთ კავკასიაში ქ. სტავროპოლს გადაასახლა.

ესეც არ აკმარეს და 72 წლის მოხუცი ძილის დროს რკინის ჯოხის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმეს (1887).

დიმიტრი ყიფიანის ვერაგულმა მკვლელობამ ქართველ ხალხში უდიდესი მწუხარება გამოწვია. მისი ცხედარი გადმოასვენეს თბილისში და მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

აკაკი წერეთელმა მას უძღვნა უმშვენიერესი ლექსი „განთიადი”.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა.
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა ურჩსა მტრისასა...
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს.

დიმიტრი ყიფიანი მხურვალე მონაწილეობას იღებდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მწერლობაში. იგი არის ერთ-ერთი დამაარსებელი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და მისი გამგეობის პირველი თავმჯდომარე.

დიმიტრი ყიფიანმა, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა უცხო ენები, ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის, მოელიერის, ბომარშეს, ჰიუგოსა და სხვათა თხზულებანი. დაწერილი აქვს მოთხრობები და მეცნიერულ-პუბლიცისტური წერილები. ბევრ მათგანს მნიშვნელობა ამჟამადაც არ დაუკარგავს.