‍ბათლომე ხუციშვილი (1860-1923)

ავტორი: ა. ჩხენკელი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული II, თბილისი, 1955

khutsishvili ba73პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ბათლომე ზაქარიას ძე ხუციშვილი სოფელ კახის ხუციშვილების გვარის ერთ-ერთი შტოდან წარმოსდგება. იგი მიეკუთვნება მე-19 საუკუნის საინგილოს მოღვაწეთა ბრწყინვალე თაობას. „ხუციშვილი ბათო ცნობილია მთლს მაზრაში, როგორც მეგვარტომეთა ჭირისუფალი, მოენე და დამცველი. იგი ცნობილია საპედაგოგიო მწერლობაშიც. მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო ერთხანს იხმარებოდა მთელ ამიერკავკასიის დაწყებით სკოლებში”.

ბათლომე ზაქარიას ძე ხუციშვილი დაიბადა 1860 წელს სოფელ კახში, ინგილო გლეხის ოჯახში. ბათლომეს მამა ზაქარაია ხუციშვილი წყნარი, უსიტყვო კაცი ყოფილა ოჯახის თავი და გამძღოლი ბათლომეს დედა ნუზლუ ყოფილა, მტკიცებ ნებისყოფის, მხნე და თადარიგიანი ქალი. წერა-კითხვა იმ დროს საინგილოში ცოტამ იცოდა, მაგრამ ბათლომეს დედა ნუზლუ განთქმული ყოფილა სოფელში ანგარიშის ცოდნით, ძალიან მარჯვედ აწრაოებდა თურმე კენჭებზე არითმეტიკის ოთხსავე მოქმედებას. ამის გამო მას ხშირად ეძახდნენ მეზობლებში, როდესაც სჭირდებოდათ ვაჭრებისათვის ღვინის, აბრეშუმის პარკის, თხილის თუ სხვა რაიმეს მიყიდვა. საერთოდ, იმ დროს სწავლა საინგილოში დიდ პატივში არ ყოფილა, მაგრამ ბათლომეს დედას მოუნდომებია თავისი ვაჟებისათვის ესწავლებინა. ამ მიზნით, მას სამივე ვაჟი მიუბარებია კახის ვაჟთა ორკლასიან სასწავლებელში. ეს ორკლასიანი სასწავლებელი იმ დროს ახალგახსნილი ყოფილა კახში. ბათლომეს ძმებს დიდი ხალისი არ გამოუჩენიათ სწავლაში, თვითონ კი კარგად დაუმთავრებია კახის ორკლასიანი სასწავლებელი და სხვა ინგილო ახალგაზრდებთან ერთად ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში გაუგზავნიათ. ამ სასწავლებელში ინგილო ბავშვებს არ მოსწონებიათ მასწავლებლების მოქცევა და გადაუწყვეტიათ გაქცევა. ამ მიზნით, ოთხი ბიჭი უკვე გადამხტარა ღამით სასწავლებლის ეზოს მაღალი გალავნიდან და გაპარულა კახში, ხოლო ბათლომესათვის კი ღამის დარაჯს წაუვლია ფეხში ხელი და არ გაუშვია.

ძალაუნებურად დარჩენილა ბათლომე ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, შეჩვევია იაურ გარემოს და პირველი მოსწავლის სახელით დაუმთავრებია იგი. ამის შემდეგ ბათლომე შესულა გორის სამასწავლებლო სემინარიაში და მისი კურსიც დაუმთავრებია პირველ მოსწავლედ (პირველი გამოშვება). იგი ითვლებოდა საუკეთესო მოსწავლედ განსაკუთრებით მათემატიკაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ ბათლომე ხუციშვილი გაგზავნეს მასწავლებლად დარუბანდში, შემდეგ აღბულაღში და დუშეთში. მხოლოდ 1893 წელს მოახერხა ბათლომე ხუციშვილმა თავის მშობლიურ სოფელ კახში მასწავლებლად მოწყობა, სადაც მან 18 წელი იმუშავა.

საინგილოში იმ დროს ძალიან მტკიცედ იყო დაცული ძველი ადათ-ჩვეულება. ქალი მამაკაცთან ხმას ვერ ამოიღებდა, სუფრასთან ვერ დაჯდებოდა, ქალი ოჯახში შვილად არ ითვლებოდა. ბათლომე ხუციშვილი, სხვა იმდროინდელ ინგილო მოღვაწეებთან ერთად, ყოველმხრივ ებრძოდა ამ ჩვეულებას, ყოველთვის დაურიდებლად არღვევდა ამ ადათს და არღვევინებდა სხვებსაც. არა მარტო კახში, არამედ ინგილოთა სხვა სოფლებშიც. ბათლომე კარგად იცნობდა კახის ინგილოთა ოჯახებს, მათ შემადგენლობას და ავლა-დიდებას. იგი ხშირად დადიოდა ამ ოჯახებში, დაუწყებდა გამოკითხვას და იმდენს იზამდა, რომ ქალსაც კი ამოაღებინებდა ხმას, თუმცა ხანში შესულებს მხოლოდ, ახალგაზრდებზე კი არავითარი ძალა არ სჭრიდა.

“საუცხოვო დარწმუნების ნიჭი ჰქონდა ბათლომეს, გასაოცარი მჭერმეტყველი იყო”, – ამბობენ მისი თანამედროვე ინგილოები კახიდან. ამ მჭერმეტყველების საშუალებით მან არა ერთი ინგილო გამოიყვანა სინათლეზე და ასწავლა ცხოვრება. ნამდვილი მამა იყო ბათლომე სოფლისათვის. არზრუმ ბიზასთან (ასე ეძახდნენ ბათლომეს ლეკები და მუღალები) მთელი სოფლის მოსახლეობა მოდიოდა რჩევა-დარიგებისათვის, რაიმე დავის გამოსარკვვად, საჩივრის არზის დასაწერად, მოდიოდნენ ახლო-მახლო სოფლებიდანაც არა მარტო ინგილოები, არამედ ლეკები და მუღალებიც. კვირაობით წირვის შემდეგ ეკლესიის ეზოში დიდი მუხის ქვეშ რომ შეიკრიბებოდნენ სოფლელები, თითქმის ყოვლი ინგილო ცდილობდა, თავისი ჭირ-ვარამი ეამბნა, თავისი გაჭირვება გაეზიარებია ბათლომესათვის. ბათლომეც უსმენდა მათ თავისებური სიდინჯით და ცილობდა რაიმე გზის გამონახვას, რჩევა-დარიგების მიცემას, დახმარების აღმოჩენას. ჭირსა და ლხინში ბათლომე ყველგან პირველი, ყველგან დამხმარე იყო ინგილო ხალხისა. მისი სიტყვა ხმალივით სჭირდა და გადამწყვეტი იყო. „ბევრი დავა და უთანხმოება ჩაუქრია მას, ბევრჯერ აუცილებია სოფლისათვის აწიოკება გამძვინვარებულ ლეკებისაგან”, – ამბობენ ბათლომეზე კახის თანამედროვე ინგილოები. მისი წარმოსადეგი გარეგნობა, დარბაისლური ყოფაქცევა, რიხიანი ხმა, ნათელი და საღი გონება ძალაუნებურად რიდს იწვევდა ყველაში.

უნდა ითქვას, რომ ბათლომე ხუციშვილი არა მარტო ინგილოებისათვის იყო საყვარელი და პატივსაცემი, არამედ ასევე პოპულარული იყო იგი სხვა, არაქართველი მცხოვრებლებისათვის. ამიტომ, როდესაც რაიმე დავა ჩამოვარდებოდა ინგილოებსა და ლეკებს შორის, ერთნიცა და მეორენიც ბათლომეს მიმართავდნენ ხოლმე. ასეთი დავა კი არც ისე იშვიათი იყო იმ დროს. ზოგჯერ სულ უბრალო შემთხვევა იყო საკმარისი. მაგალითად,&ნბსპ; ინგილოს თავის ეზოში რომ ღორი გაეჩინა, მაჰმადიან მცხოვრებთ შეეძლოთ შეურაცხყოფად მიეღოთ და ჩხუბი აეტეხათ. ერთხელ, რაღაც უთანხმოების გამო ლეკებსა და ინგილოებს შორის ორმოცამდე თავით ფეხებამდე შეიარაღებული ინგილო მიადგდა ბათლომეს ჭიშკარზე და თხოვა, წაყოლოდა მათ ლეკების ასაკლებად. ბათომემ შეიყვანა ისინი ეზოში, დაუწყო დამშვიდება, გამოკითხა დაწვრილებით ყველაფერი, თანდათან დააშოშმინა აღელვებული ხალხი, დააჯინა თალრსი და გაუწყო პურ-მარილი. ბევრი ელაპარაკა, ბევრნაირი რჩევა-დარიგება მისცა მათ და შემდეგ დაპირდა, რომ თვითონ წავიდოდა მოსალაპარაკებლად და მოაგვარებდა ამ საკითხს. ამით მან მიაღწია იმას, რომ უმრავლესობას ჩამოართვა იარაღი და შეინახა მარანში, დანარჩენები კი გაისტუმრა შინ.

ბათლომე თვითონ აღელვებული იყო მომხდარი ამბით და ცხენი მოითხოვა წასასვლელად, მაგრამ ვერ მოასწრო შეჯდომა, რომ ქუჩიდან ხმაური შემოესმა. ბათლომემ იფიქრა, რომ ინგილოები უკან დაბრუნდნენო, მაგრამ გამოირკვა, რომ ახლა იმავე ამბით აღელვებული ლეკები მოსულიყვნენ ბათლომესთან და თხოვდნენ წაყოლოდა მათ ინგილოებთან. ათასნაირ დავაში ინგილოებსა და ლეკებს შორის ბათლომეს ისე ხშირად შეუსრულებია ნამდვილი მსაჯულის როლი და ისე განთქმული ჰქონდა სამართლიანი კაცის სახელი, რომ აღელვებული ლეკები დარწმუნებული იყვნენ, ბათლომე მათ გაამართლებდა. ეს კარგად ადასტურებს ბათლომეს გამჭრიახობას, კეთილშობილებასა და ობიეტურობას.

ბათლომე ხუციშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლის კედლებით არ შემოიფარგლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სკოლის კედლებში დაწყებული მუშაობა ბათლომეს ოჯახში გრძელდებოდა. სკოლიდან დაბრუნებულ ბათლომეს საღამოობით თხუთმეტი-ოცი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ინგილო ესტუმრებოდა ყოველდღიურად. ბათლომე დააჯენდა მათ თალარში, გრძელი მაგიდის ირგვლივ, ასწავლიდა წერა-კითხვას, უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, უამბობდა ქვეყნის ამბებს, იგავ-რაკებს, ჭკუის სავარჯიშო და სხვა გასართობ ამბებს, გლეხები ღამით გვიანამდე რჩებოდნენ ბათლომეს ოჯახში და შემდეგ უაღრესად ნასიამოვნები მიდიოდნენ სახლებში.

ბათლომე ხუციშვილი მორწმუნე არ იყო. მღვდლისა და ეკლესიის არაფერი სწამდა, მაგრამ ეკლესიაში ყოველკვირას მიდიოდა და იქ, საყდრის ეზოში, წირვის შემდეგ, იფნების ჩრდილში შეკრებილ ხალხს თავისებური მჭერმეტყველებით უამბობდა „დუნიის” ამბებს და ეხმარებოდა სახალხო საკითხების გადაწყვეტაში.

არა მარტო გაჭირვებაში იყო ბათლომე ხუციშვილი ინგილო ხალხის მოამაგე, დამხმარე, ასევე საჭირო იყო იგი მათთვის ლხინშიაც. სოფელ კახსა და მის ახლომახლო სოფლებში ისე ლხინი არ გაიმართებოდა, რომ იქ ბათლომე არ ყოფილიყო.

ბათლომე ხუციშვილი მაღალი მორალის ადამიანი იყო. ერთი მისი შორეული ნათესავი ქალი გაყვა ცოლად აზერბაიჯანელს, ბაქოს ნავთის მრეწველს, რომელსაც მის გარდა სამი ცოლი ჰყავდა. ქალი რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოსულა კახში მდიდრულად მორთული და ბათლომეს ოჯახს სწვევია. ბათლომე მას მწყრალად შეხვედრია და უთქვამს: „მე მერჩივნა შენ მენახე ხიდის ყურზე სამათხოვროდ ხელგაწვდილი, ვიდრე ახლა გხედავ ასე ძვირფას სამკაულებით მორთულსო”.

ბათლომე ხუციშვილი ხეხილის საუკეთესო მცოდნე და ახალი ჯიშების გამოყვანის ნამდვილი ოსტატი იყო. დაიწყო თუ არა კახში მასწავლებლობა, ბათლომე ხუციშვილმა უარი განაცხადა მამის მემკვიდრეობაზე, თავისი შრომით აიშენა სახლი და გააშენა საუცხოო ხეხილის ბაღი ვენახით. ეს ბაღი არა მარტო იმით იყო შესანიშნავი, რომ ყოველი ხე მისი ხელით იყო დარგული, არამედ იმითაც, რომ აქ მრავალ ისეთ ხეხილს შეხდებოდით, რომელიც სხვაგან არ იყო საინგილოში. ბათლომე ამ ბაღს თვითონ უვლიდა: რწყავდა, სხლავდა, ამყნობდა. ან ბაღის ქება შორს იყო გავადნილი. მრავალი ინგილო გლეხი მოდიოდა მის სანახავად და მეხილეობის შესასწავლად. საინგილოში საერთოდ კარგი ხილი იცის, მაგრამ ბათლომეს ხილი განსაკუთრებით იყო განთქმული. მან დაამყნო და გამოიყვანა განსაკუთრებული ჯიშის ატამი, რომლის თითო ცალი ნახევარ კილომდე იწონიდა. როდესაც შემოდგომაზე ამ ატამს უგზავნიდა შვილებს რუსეთში, ყველა განცვიფრებაში მოდიოდა და არავის სჯეროდა, რომ ეს ნამდვილი ატამი იყო. ბათლომე მრავალნაირ ცდებს აწარმოებდა ხეხილზე და ხშირად გასაოცარ შედეგებს აღწევდა. ერთხელ მან ტყის ვაშლზე დაამყნო გარგარი და გამოვიდა რაღაც უცნაური (ნახევრად ვაშლი, ნახევრად გარგარი), ძალიან დიდი და გემრიელი ნაყოფი ხე იმდენს ისხამდა, რომ ტოტები ვერ იმაგრებდა და სარების შეყენება სჭირდებოდა, რომ არ ჩამომტვრეულიყო.

ბათლომე ხუციშვილი მათემატიკის საუკეთესო მცოდნე იყო. როგორც მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო კარგა ხანს იხმარებოდა ამირკავკასიის სკოლებში, ხოლო მის გაკვეთილებს არითმეტიკაში, მის ნათელ, თვალსაჩინო ახსნას მართლაც რომ არაფერი სჯობდაო. მისი ცხრა შვილიდან, რომელთაც მან უმაღლესი განათლება მიაღებინა, ორი გამოჩენილი ფიზიკოსი იყო. ბათლომემ შეასწავლა თავდაპირველად თავის შვილებს რუსული ენა, რაც მან ზედმიწევნით იცოდა. მაგრამ თუ ზაფხულში იგი შვილების აღზრდასა და ბაღ-ვენახის მოვლას ანდომებდა დროს, ზამთარში, როდესაც შვილებს თბილისსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გაისტუმრებდა სასწავლებლად, მარტოდმარტო დარჩენილი მოხუცი მთელ დროსა და ენერგიას თავისი სოფლელების საქმეებს, მათ ჭირ-ვარამს, მათ განათლება-გათვითცნობიერებას ახმარდა. მას დაუშრეტელი ხალისი და ენერგია ჰქონდა.

ბათლომე ხუციშვილი მთელ თავის სიცოცხლეში იყო წევრი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა. აგრეთვე იგი სისტემატურად წერდა წერილებს და ათავსებდა „ქურმუხელასა” და „მოსულის” ფსევდონიმებით ჟურნალ-გაზეთებში (“ივერია”, „ცნობის ფურცელი”, „Обзор”) საინგილოს ყოფა-ცხოვრების შესახებ. ბათლომე ხუციშვილის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობიტ ჩამოყალიბდა კახში დრამატული წრე. ამ წრეში მონაწილეობას იღებდნენ საინგილოს იმდროინდელი სხვა საზოგადო მოღვაწებიც (ს. ყლოშვილი, ზ. ედილაშვილი, ივანიცკები, ბაირამაშვილები და სხვები). ეს წრე ხშირად დგამდა წარმოდგენებს და შემოსულ ფულს უგზავნიდა ღარიბ ინგილო სტუდენტებსა და მოსწავლეებს რუსეთისა და საქართველოს ქალაქებში.

ასეთი დაუღალავი ენერგიისა და მოღვაწეობის შედეგად, რომელიც გაიღო ინგილო ხალხის 900-იანი წლების მოღვაწეთა ბრწყინვალე თაობამ (დიმიტრი ჯანაშვილი, ბათლომე ხუციშვილი, სოფიო ყულოშვილი, აბელ ბაირამაშვილი, მიხეილ ყულოშვილი და სხვები) შეიქმნა საინგილოში მომყოლი თაობის საკმაოდ დიდი ფენა ინტელიგენტ ახალგაზრდობისა. საკმარისია დავასახელოთ ბათლომეს ცხრა შვილი, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს. ასეთივე განათლებული ოჯახები იყო გამახარაშვილებისა, ჯანაშვილებისა, ივანიცკების, ბაირამაშვილებისა, ყულოშვილბისა, პაპიაშვილებისა და სხვა.

1917 წელს, როდესაც აზერბაიჯანში მუსავატელები გაბატონდნე და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო ინგილო ხალის ამოწყვეტა, ბათლომე ხუციშვილი, როგორც თავისი ხალხის მოჭირნახულე, გულშემატკივარი ვერ შეურიგდა ამ ამბავს და ამის გამო მუსავატელების რისხვა დაიმსახურა. იგი იძულებული იყო გასცლოდა საინგილოს საზღვრებს. საყვარელი კუთხის – საინგილოს დაკარგვამ გატეხა იგი წელში და ლოგინად ჩააგდო. მან რამდენიმე წელს იავადმყოფა და გარდაიცვალა ლაგოდეხის მახლობლად სოფელ ცოდნისკარში 1923 წელს.

ასე დასრულდა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელმაც მთლი თავისი ცოდნა და დაუშრეტელი ენერგია შესწირა ინგილო ხალხის გათვითცნობიერებასა და ინგილო ახალგაზრდობის აღზრდას.